reportiori.ge - (არა)მოდელირებული ტრაგედია, ანუ იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა ზეციურ საქართველოში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:34
პრეს-დაიჯესტი
(არა)მოდელირებული ტრაგედია, ანუ იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა ზეციურ საქართველოში
ავტორი:
13 აპრილი, 2015. 02:02

 


- გამარჯობა, იური, აი, მეც მოვედი შენთან.

 

- ბესო, შენ ხარ, ბიჭო?! შენ აქ რა გინდა? როგორ გაბედე აქ მოსვლა? მ ხომ შენ იქ დაგტოვე, ბიჭებთან ერთად, რომ ჩემი დაწყებული საქმე ბოლომდე მიგეყვანათ? აქ რა უფლებით მოხვედი, ძმაო?!

 

- რა ვქნა, იური, მეც იმათ გამომისტუმრეს აქ, ვინც შენ. რა ვქნა, არც მე დამაცალეს, ძმაო. ესენი, ალბათ, შენი ბიჭები არიან, არა?

 

- კი, ეს ჩემი ზვიადია, ეს ჩემი ზურაა. ხომ ხედავ, გვერდიდან არ მშორდებიან, მონატრებიათ მამა, მაგრამ თვალებში ვერ ვუყურებ ბიჭო, ისე მოვედი, რომ ზურას თავის მკვლელების დასჯის ამბავიც ვერ მოვუტანე.

 

- ზურას მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 კაცია დაჭერილი და კიდევ გრძელდება საქმე. სხვებსაც დაიჭერენ, ალბათ. ნეტავი, შენ მოსწრებოდი ამ ამბავს, ჩემო იური!

 

- ზურა, გაიგე მამა? ის ნაძირლები დაუჭერიათ, აგერ, ბესომ მოიტანა ამბავი. ბესო, თავზე რა გჭირს, ბიჭო, რა ჭრილობა გაქვს?

 

- მეც, შენი ზურიკოსავით, საკონტროლო გასროლით მომკლეს, იური. ჩემი სახლის სადარბაზოსთან მესროლეს. შენ ხომ შენი შვილების საფლავზე აგაფეთქეს და მე ჩემს შვილებთან სახლში ასვლა არ მაცალეს, ძმაო.

 

- ვახ, გადავირიე, ბიჭო! შენ ნამდვილად არ გელოდებოდი აქ, ბესო. არავის არ ველოდებოდი, საერთოდ, მეგონა, ჩემი წამოსვლით მაინც დამთავრდებოდა ყველაფერი, მეგონა, ჩემი სიკვდილი მაინც გამოაფხიზლებდა ქვეყანას.


- ეჰ, არ მოხდა ასე, ჩემო ძმაო! ხომ ხედავთ, ვინც ამდენი წლები გვდევნიდა, გვატერორებდა, ოჯახებს გვიწიოკებდა, შვილებს გვიხოცავდა, ისევ ლაღად გრძნობენ თავს საქართველოში, გამკითხავი და პასუხის მომთხოვნი არავინ ჰყავთ, ჩვენ კი, აგერ ერთად ვიკრიბებით ნელ-ნელა. იმის მეშინია, იური, სხვებიც არ მოვიდნენ აქ, ჩვენთან. ჩვენი ბიჭებიც არ გამოუშვან აქეთ.


- ჩემო ბესო, ხომ ვამბობდით ყველანი, თუ სამართლიანობა არ აღდგა და დამნაშავეები ხელისუფლებამ კანონის ძალით არ დასაჯა, მაშინ გამწარებული ხალხი ნაციონალებს დაერევა და ქუჩებში დაუწყებს ანგარიშსწორებასო? ახლა ხედავ, რა ხდება? პირიქით ხდება, ბიჭო, ყველაფერი - აქეთ დაგვდევენ და გვხოცავენ!

 

- ჩემი და შენი მკვლელობაც ერთადერთ რამეს ემსახურება, იური - იმ ხალხს, ვინც სამართლიანობისათვის იბრძვის, აშინებენ, ეუბნებიან, თქვენ ითხოვთ ჩვენს დასჯას? თქვენ გინდათ, ჩვენს მიერ წართმეული ქონებები დაიბრუნოთ და ჩვენს მიერ შელახული უფლებები აღადგინოთ? ყველას დაგხოცავთ, ვაზაგაშვილივით და ხარძიანივით მოგივათ ყველასო! გესმის? ბრძოლაზე უნდათ, რომ ხელი ააღებინონ ჩვენნაირ ხალხს. მეშინია, ეს მართლა არ გამოუვიდეთ იმ ნაძირლებს.


- ეს ჩვენივე მოყვანილი ხელისუფლების ბრალია, ბესო. იმის ბრალია, ასე რომ გააჯეჯილეს ის ნაძირლები და კიდევ ხელს აფარებენ, კიდევ უფრთხილდებიან. აქ სანდრო და ბუტა გავიცანი, ბიჭო, ჩემმა ზურიკომ გამაცნო. შენი იმედი გვქონდა, იური ძიაო, გვეგონა, კარგ ამბებს მაინც მოგვიტანდიო!.. რა ვუთხრა, ბიჭო, რით ვანუგეშო ეს ბავშვები. ახლა, შენც რომ აქ დაგინახავენ, სულ დაეკარგებათ ყველაფრის იმედი!


- აქედანაც უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა, იური, ძმაო, აქედანაც შევძლებთ ბევრ რამეს, იმას მაინც გავაკეთებთ, რომ მაგ ნაძირლებს მშვიდ ძილს არ ვაღირსებთ, ღამე დავესიზმრებით და დღისით მოველანდებით. იქ ჩვენი ბიჭები მაგრად დგანან, არ შეეშვებიან ბრძოლას, ყველას ვერ დახოცავენ, ყველას ვერ მოერევიან.

 

შენი მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი ჰყავთ დაჭერილი, ვიღაც სოსანაშვილი. პროკურატურა ამბობს, მაგან დაამონტაჟა ბომბი ზურას საფლავზეო.


- ვინა, სოსანაშვილი? არ გადამრიო, ბიჭო? ვიცნობდი მაგას. ხშირად ვხვდებოდი სოფელში, ზურიკოს საფლავთანაც ბევრჯერ შემხვედრია. მაგის ხელით გამიმეტეს? მაგის ხელით გამწირეს?

 

- მაგ სოსანაშვილის ბავშვის ნათლია, იცი, ვინ ყოფილა? უდესიანი - ჩემი მთავარი მტერი, ვინც ყველაფერი წამართვა, ვინც დამიჭირა და ციხეში მაწამებდა.


- ყველას ყველაფერი მოეკითხება, ბესო, არავის არაფერი შერჩება, მე მჯერა ამის. ღმერთის სამართლის მჯერა, ბიჭო. შენც ხომ გჯერა? ის მთავარი ნაძირალა, ახლა უკრაინაში რომ ნავარდობს, ყველაზე მწარედ აგებს პასუხს.

 

- ეგ არის დღესაც ყველა უბედურების სათავე. დარწმუნებული ვარ, ჩემი და შენი აქ გამოშვებაც მაგის თავში მომწიფდა და მოიხარშა. იმაზე მწყდება გული, რომ აქაც ვერ შევხვდები მაგ გარეწარს.

 

- ჰო, მაგას აქ, ჩვენთან რა უნდა, აქ ვინ მოუშვებს მაგას, მაგისთვის სულ სხვა ადგილას იხარშება კუპრი, ჩემო ბესო! ბიჭებიც - ზურაც, სანდროც, ბუტაც - მაგას იძახიან, მაგან მოგვკლაო, მაგის გამო ვართ აქაო!


ოჰ, ბესო, როგორ მინდა, რომ აქ არ გხედავდე, ბიჭო! წადი, ძმაო, წადი აქედან, წადი, საიდანაც მოხვედი, წადი, გეხვეწები, მომშორდი, დამტოვე, ბიჭო, მარტო ჩემს შვილებთან, რა იქნება, რომ წახვიდე?


- ეჰ, ნეტავი შემეძლოს, ჩემო იური, უკან დაბრუნება? რა კარგი იქნება, ბიჭო, მართლა რომ შემეძლოს. შენც თან წაგიყვანდი, ზურასაც, ბუტასაც, სანდროსაც წავიყვანდი, მაგრამ...


აქ ვიყოთ, ერთად ვიყოთ, ძმაო. ამ ბავშვებს მივხედოთ და ვუპატრონოთ. ისინი ვინ არიან, იქით რომ ჩანან? აჰ, სანდრო და ირინა ყოფილან.


- გესმის, ბესო, რას ყვირიან სანდრო და ირინა? გესმის, რას გადასძახიან საქართველოს? ზურა, ზვიად, სადა ხართ, მამა? ბუტას დაუძახეთ და ჩვენც შევუერთდეთ სანდროს და ირინას ხმას, ჩვენც გადავძახოთ აქედან საქართველოს. აბა, ჰე, ბესო, დავჭექოთ:


- აღადგინეთ სამართალი!


- აღადგინეთ სამართალი!


- აღადგინეთ სამართალი!


- აღადგინეთ სამართალი!


- დასაჯეთ მკვლელები!


- დასაჯეთ მკვლელები!


- დასაჯეთ მკვლელები!


- ეჰე ჰეიიიი, გესმით ჩვენი?


- აღადგინეთ სამართალი!

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016