reportiori.ge - სკანდალური სია – როგორ იღებდა და აცილებდა საქართველოდან „კანონიერ ქურდებს“ სააკაშვილის ხელისუფლება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:35
პრეს-დაიჯესტი
სკანდალური სია – როგორ იღებდა და აცილებდა საქართველოდან „კანონიერ ქურდებს“ სააკაშვილის ხელისუფლება!
ავტორი:
13 აპრილი, 2015. 02:06

 

 

არჩილ თალაკვაძე: ეს არ არის ერთადერთი მაგალითი, როგორ ხდებოდა კრიმინალურ ავტორიტეტებთან წინა ხელისუფლების თანამშრომლობა!

 


ამა წლის 7 აპრილს, სამშაბათს, „რუსთავი-2"-ის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ პავლე კუბლაშვილს ქაღალდები აუფრიალა და უთხრა - თქვენ რომ „კანონიერ ქურდებთან" გარიგებასა და საქართველოდან მათ გაპარებას გვწამებთ, აგერ მაქვს სია, თქვენი მმართველობის დროს როგორ მოხდა 12 „კანონიერი ქურდის" საზღვარზე გადაცილებაო.


იმ დღეს „რუსთავი-2"-ის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამ სკანდალური სიის ჩაკითხვისაგან, რატომღაც თავი შეიკავა, რის შემდეგაც ჩვენ არჩილ თალაკვაძეს დავუკავშირდით, ინტერვიუ ჩამოვართვით და ის სკანდალური სიაც მოვიპოვეთ, რომლის ბოლომდე გასაჯაროებისგან მან პირდაპირ ტელეეთერში თავი შეიკავა.


მაშ ასე:


„კანონიერი ქურდი" ფრიდონ ს. - საქართველოში, თბილისის აეროპორტში შემოვიდა 2008 წლის 5 აპრილს და იმავე დღეს, ასევე თბილისის აეროპორტიდან, საქართველო დატოვა.


„კანონიერი ქურდი" გიორგი ე. - საქართველოში, თბილისის აერპორტში  შემოვიდა 2008 წლის 18 თებერვალს და იმვე დღეს თბილისის აეროპორტიდანვე გავიდა ქვეყნიდან.


„კანონიერი ქურდი" გოჩა კ. - საქართველოში, ბათუმის აეროპორტში ჩამოფრინდა 2011 წლის 6 აპრილს და იმავე დღეს ქვეყანა დატოვა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით.


„კანონიერი ქურდი" რამაზ წ. - საქართველოში, თბილისის აეროპორტში შემოვიდა 2011 წლის 10 დეკემბერს და იმავე დღეს საქართველო დატოვა სარფის საბაჟო0გამშვები პუნქტის გავლით.


„კანონიერი ქურდი" ამირან ე. - საქართველოში, თბილისის აეროპორტში შემოვიდა 2009 წლის 29 ოქტომბერს და მეორე დღეს - 30 ოქტომბერს - სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა.


„კანონიერი ქურდი" ავთანდილ ხ. - საქართველოში, თბილისის აეროპორტში შემოვიდა 2008 წლის 29 თებერვალს და იმავე დღეს, თბილისის აეროპორტიდანვე საქართველო დატოვა.


„კანონიერი ქურდი" ბესიკ ა. - საქართველოში 2009 წლის 25 ივნისს სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდა და მეორე დღეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ქვეყანა დატოვა.


„კანონიერი ქურდი" ამირან გ. - საქართველოში, თბილისის აეროპორტში შემოვიდა 2010 წლის 12 ივნისს და ორი დღის შემდეგ - 14 ივნისს - ქვეყანა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან დატოვა.


„კანონიერი ქურდი" კოსტა ბ. - საქართველოში, თბილისის აეროპორტში შემოვიდა 2 სექტემბერს და მეორე დღეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ქვეყანა დატოვა.


„კანონიერი ქურდი" კობა ა. - 2009 წლის 26 თებერვალს საქართველოში შემოვიდა ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან და მეორე დღეს „წითელი ხიდით" ქვეყნიდან გავიდა.


„კანონიერი ქურდი" ანთიმოზ ქ. - საქართველოში, თბილისის აეროპორტში, შემოვიდა 2009 წლის 28 მაისს და მეორე ღდეს, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გ ავლით ქვეყანა დატოვა.


„კანონიერი ქურდი" სულხან თ. - საქართველოში, თბილისის აეროპორტში შემოვიდა 2012 წლის 17 იანვარს და მეორე დღეს გავიდა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან.


როგორც ხედავთ, ძვირფასო მკითხველო, „კანონიერი ქურდები" სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქვეყანაში შემოდიოდნენ და იმავე ან მეორე დღეს ქვეყანას ტოვებდნენ.


გასაოცარია, როგორ ხდებოდა ასეთი რამ, როცა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლი - „ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა" - სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირ ავალდებულებს, რომ ნებისმიერი „კანონიერი ქურდი", რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგამს ფეხს, მაშინვე დააპატიმრონ და სასამართლოს გადასცენ.


როგორ ფიქრობთ, საქართველოში „შემოსულ კანონიერ ქურდებს" სააკაშვილის ხელისუფლება ქვეყნის დატოვების უფლებას რაიმე ანგარების ან დაინტერესების გარეშე აძლევდა.


ეს ყოვლად გამორიცხულია!


დიახ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ „კანონიერი ქურდებისაგან", ქრთამის სახით, ან დიდძალ თანხებს იღებდა, ანდა მათთან პოლიტიკურ გარიგებაში შედიოდა და კრიმინალურ სამყაროს საკუთარი პარტიული თუ სახელისუფლო მიზნებისთვის იყენებდა!


ასე რომ, ძვირფასო მკითხველო, დღეს ნაციონალების კვეხნა-ბაქიობა, ჩვენ „კანონიერ ქურდებს" დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ და კრიმინალური სამყარო დავამარცხეთო, ოდენ პოლიტიკური დემაგოგიაა - ფუყე და გამომპალი დემაგოგია.



***

ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან.


- ბატონო არჩილ, როგორ ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს „კანონიერი ქურდების" საქართველოში შემოსვლა და გასვლა და ვინ უზრუნველყოფდა საქართველოდან მათ გაცილებას?

 

- უკვე რამდენიმე თვეა, ოპოზიციისაგან კამპანიური ხასიათის ბრალდებებს ვისმენთ, თითქოს, ჩვენი ხელისუფლება გარიგებულია კრიმინალურ ავტორიტეტებთან და მათ, თუკი ისინი საქართველოში ჩამოვლენ, ქვეყნიდან ფარულად აცილებს.


ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა ასე უაპელაციოდ, მხოლოდ იმისთვის, რომ „პარტია მოითხოვს ამას", სცადო ქვეყნის, შენი პოლიციის, მესაზღვრეების და სახელმწიფოს დისკრედიტაცია. ბოლო მომენტამდე თავს ვიკავებდით ოპონენტებთან ამ დისკუსიაში შესვლაზე, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ, ჟურნალისტებს მოგაწოდოთ მტკიცებულებები, რომ 2006-2012 წლებში, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ახლა ჩვენსკენ უსირცხვილოდ იშვერენ ხელს, თავად აცილებდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს საზღვრიდან, იმის ნაცვლად, რომ ისინი დაეკავებინათ. ასეთი მინიმუმ 12 ფაქტი გვაქვს გამოვლენილი!


ეს არ არის ერთადერთი მაგალითი, როგორ ხდებოდა კრიმინალურ ავტორიტეტებთან წინა ხელისუფლების თანამშრომლობა! არის სხვა მაგალითები და მტკიცებულებებიც, რომლებსაც მომავალში დავასახელებ!


- რა პასუხი გაქვთ ნაციონალების ბრალდებებზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება „კანონიერ ქურდებს" მფარველობს და ამით არის გამოწვეული ქვეყანაში კრიმინალის ზრდა?

 

- ამ აბსურდულ ბრალდებებზე ჩვენი პასუხი არის იმ ძებნილი ე.წ. „კანონიერი ქურდების" დაკავება, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან და ბოლო ასეთი მაგალითი მედიით რამდენიმე კვირის წინათ გაშუქდა, როდესაც საზღვრის გადმოკვეთისას დავაკავეთ ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდი", რომელიც დღეს პატიმრობაშია.


დიახ, ჩვენი პასუხი არის ბრძოლა დანაშაულებრივ სამყაროსთან და ამის მაგალითია, თუნდაც, რამაზ დევაძის დაკავება, რომელზეც დიდი კამპანია წამოიწყეს ოპოზიციონერებმა, თითქოს ის პოლიციამ ქვეყნიდან გააცილა. თუ გააცილა, რატომ იმყოფება ის დღეს პატიმრობაში?


ასევე პოლიციის დისკრედიტაციისთვის წამოიწყეს კამპანია სამეგრელოში ოჯახის დაყაჩაღების და მამაკაცის დაუთოების ფაქტის გამოყენებით, მაგრამ დღეს, როცა ეს დანაშაული მოკლე დროში გავხსენით, დამნაშავე დაკავებულია, ხოლო გატაცებული ნივთები ამოღებული - ვეღარ ვხედავთ მათ აღტაცებას პოლიციის წარმატების გამო.


ასეთი მაგალითი ბევრია. ჩვენი უწყება არის ყველა მოქალაქის დამცველი, თუნდაც, ეს იყოს ყველაზე მატყუარა ოპოზიციონერი. დღეს საქართველოს ჰყავს დეპოლიტიზებული პოლიცია, რომელიც თითოეულ ადამიანს იცავს, მიუხედავად მისი შეხედულებებისა.


- არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ქვეყანაში კრიმინალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდეს და რამდენად დგას პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე?

 

- ამის არავითარი საფრთხე არ არსებობს. კრიმინალური ფონის დამძიმება, შეიძლება მოხდეს რომელიმე ადამიანის ფანტაზიაში, მის განცხადებებში, რომელიმე ტელეეთერში ან გაზეთის ფურცლებზე - მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში, კრიმინალთან ბრძოლა მიმდინარეობს ყოველგვარი კომპრომისის გარეშე და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. არცერთი სახელმწიფო მსოფლიოში არ არის სრულად დაზღვეული და თავისუფალი კრიმინალისგან, ბუნებრივია, არც საქართველო - თუმცა, არის ქვეყნები, რომელთაც აქვთ პრეტენზია, ჰყავდეთ ძლიერი პოლიცია, ჰქონდეთ ძლიერი პროკურატურა, სასმართლო და ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტები - დღეს საქართველოსწორედ იმ ქვეყნებს შორისაა!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016