სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში სულიერ შვილებს მიმართა და მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, იეზიდნო, ქისტნო, ასირიელნი, სხვანო ყოველნო, ჩვენ ხატად და მსგავსად ღვთისა ვართ შექმნილნი და თითოეული ჩვენგანის სულშია ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც დღეს ღაღადებს, - ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე! მართლაც, ყველასთვის აღსდგა ქრისტე, ყველა ადამიანს შეუძლია შეცვლა და ფერისცვალება, რადგან, როგორც წმ. ირინეოს ლიონელი ბრძანებს, ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია", - მიმართა უწმინდესმა მრევლს.
პატრიარქი სულიერ შვილებს მოუწოდა, მადლობდნენ უფალს, რადგან იგი სიხაურლით შეუძღვა მრევლს აღდგომის ნავთსაყუდელში.
„მაშ, ვმადლობდეთ უფალს, რომელიც სიხარულით შეგვიძღვა თავისი აღდგომის ნავთსაყუდელში, ვმადლობდეთ ყოველნი, რომელთაც კეთილად განვვლეთ სარბიელი მარხვისა. ვმადლობდეთ ისინიც, რომელნიც უძლურ ვიქმენით ამგვარი ღვაწლისა" (სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი). ამიერიდან ნუღარავინ სძრწის და ეშინის, ჭეშმარიტი სიყვარული და მარადიული სიცოცხლე დაუბრუნდა კაცობრიობას. იხარებს ადამის მოდგმა და მთელი სამყარო!", - აღნიშნა პატრიარქმა.