reportiori.ge - გიორგი ლორთქიფანიძე: იდეოლოგია და სიცარიელე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:01
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გიორგი ლორთქიფანიძე: იდეოლოგია და სიცარიელე
13 აპრილი, 2015. 15:31


შედარებით მარტივით დავიწყებ - ჩვენი (კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების  ერთობას ვგულისხმობ) ერთი საერთო, თუმცა ზედაპირული შთაბეჭდილებით; ანუ იმით, თუ რასაც დაგვაჩვია დრომ, მოსწრებამ, განგებამ და ჩამოყალიბებულმა კულტურულმა გარემომ.




ჯერ წარმოიდგინეთ იდილიური და უმარტივესი სურათი - როგორ ჩართავს რომელიმე ტიპიურ საღამოს სამსახურიდან სახლში დაბრუნებული დაქანცული კაცი (დავუშვათ, რომ უმუშევარი არაა) ტელევიზორს. შემდეგ დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რა დახვდება, დაამშვიდებს და გამოუკეთებს მას გუნება-განწყობილებას, მოესალბუნება მის დაღლილ თვალებსა და დამაშვრალ სულს?




ზერელე პასუხი უმარტივესია: მას დახვდება სწორედ ის ინფორმაციული ნიაღვარი, რომელიც ასე უხვად მოედინება ჩვენთვის სანუკვარი ცისფერი ეკრანებიდან. მაგრამ ისიც ხომ საკითხავია, თუ რა ძირითადი კომპონენტებისგან შედგება ის მღვრიე ნაკადი, რომელმაც იდეალურ შემთხვევაში უნდა გაგვამხნევოს და გაგვაძლიეროს ხვალინდელი ბედნიერი დღის მოლოდინში?




მოდით, დროებით გამოვრიცხოთ ამ ნაკადიდან კონცერტები, სპორტული სანახაობები და სხვა მსგავსი "ტრამპა-ცუმპა" - შესაძლოა, ხშირად უხარისხო და უგემოვნო, მაგრამ ესოდენ აუცილებელი ხალხის ჭრელი მასისთვის. ხელში შეგვრჩება საინფორმაციო გადაცემები და ნაირნაირი თოქ-შოუები თავის პოლიტოლოგიური ინტერვიუებით, წამყვანების ინტრიგნული ჩაკითხვებით, პასუხის არშესმენის მათივე ფანტასტიური უნარით, რესპონდენტებთან საჭირბოროტო თემებზე ზედმეტად ემოციური და წყვეტილი საუბრებით და... თუმცა, რა სჯობს ინტელექტუალური დასვენების ამ სახეობას ძილის წინ?




მაგრამ აქ - სტოპ!




საღლიცინოდ და ადრენალინის გამოსაყოფად, შესაძლოა, ეს ყველაფერი მართლაც წაგვადგეს, მაგრამ წამით - სარეკლამო პაუზაში მაინც - დავფიქრდეთ: მართლა კი მიდის პატიოსანი საუბარი ამ თოქ-შოუებში ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე? აქტუალურ საკითხებზე - კი ბატონო, მიდის ხოლმე. ბოლო-ბოლო, იმას, თუ რა არის საზოგადოებისთვის აქტუალური და რა კიდევ არც ისე - მსგავსად ყოველდღიური "ახალი ამბების" დღის წესრიგისა - მართლაც თავად ადგენს და განსაზღვრავს ქართული მედია მთელ თავის მშვენებაში (თავის მესვეურებითურთ, პოპულარულ წამყვანებიანად, მრავალნაცად და მრავლისმნახველ კალმოსან ჟურნალისტებთან და გამოუცდელ რეპორტიორ-ოპერატორებთან ერთად და ა.შ.). ზემოხსენებული დაღლილი კაცი ამ სანახაობებით  ზოგჯერ თავსაც შეიქცევს და მათ გულსაც გადააყოლებს, მაგრამ შეძლებს კი ვინმე ამ საუბრების შედეგად გადაჭრილი ერთი სერიოზული პრობლემის დასახელებას მაინც? მართალი გითხრათ, მინდა და ვერ ვიხსენებ... აი, ლაზღანდარობაში და გაწევ-გამოწევაში გარდამავალ "კონსტრუქციულ დისკუსიებს" კი რამდენსაც გინდა - განსაკუთრებით პარასკევობით! როგორც წესი, მორიგი მტკივნეული პრობლემის გადაჭრის ნათელი გზების დადგენას შეურაცხყოფათა ფინალური კასკადი ცვლის ხოლმე და... ბოლოს კი კრება რჩება მხიარული, ხოლო პოლემიკა დაუმთავრებელი. ეს ამგვარი თოქ-შოუების ტიპიური სცენარი გახლავთ.




შეიძლება შემომედავონ, რომ შოუ-ბიზნესისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ტრადიციული მედია, ძირითად, გართობის საშუალებაა და საჯარო პოლემიკის მეშვეობით ჭეშმარიტების მოძიება ან სამართლიანობის დამყარება მედიის ფუნქცია სულაც არ არის. თუმცა, მე ჯერ კიდევ მახსოვს დრო (ასაკის გამო), როდესაც, მაგალითად, ცენტრალურ პრესაში დაბეჭდილი წერილი ან სტატია (ნუ, ავტორსაც გააჩნდა) მართლაც ხელშესახებ და სავსებით რეალურ გავლენას ახდენდა როგორც დასმული საკითხის არსის გასიგრძეგანებაზე, ისე კონკრეტული ადამიანების ბედზეც - ხშირად მაშინდელ სასამართლოზე მეტადაც კი. კარგი იყო ეს თუ ცუდი, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. რაც შეეხება ამ ჩვენს ცოდვით სავსე თოქ-შოუებს - არც გართობის მხრივ აქვთ კარგად საქმე. თითქმის სულ ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე დრომოჭმული სიტყვები, ერთი და იგივე მრავალგზის გადაღეჭილი თემები... ევროპა, ამერიკა, ბიძინა, მიშა, ლგბტ, პოლიცია, სამღვდელოება, "თეთრი დათვი" რუსეთი, სამართლიანობა (რომელიც ფეხებზე ჰკიდიათ)... მერე ისევ სამართლიანობა, მიშა, ბიძინა, ამერიკა, ევროპა, ლგბტ, მტარვალი რუსეთი, აფხაზეთი ჩვენია, სამაჩაბლო ჩვენია... წლობით იღეჭება, იღეჭება და ვერ დაიღეჭა ეს "ანტიდეპრესიული ჟვაჩკა". და დავდივართ ტელემაყურებლები - ანუ საქართველოს მოსახლეობა - ამ უსასრულო წრეზე, სხვა რა გზაა!




ჰო, არ დამავიწყდეს - განსახილველ თემებს ამ ბოლო დროს ლარის კურსზე "ზრუნვა" დაემატა, ოღონდ ეს კურსი ამ ზრუნვას მინცდამაინც ვერ ამჩნევს.


ამასობაში კი იქმნება (ან უკვე შეიქმნა) დიდი და ზოგადეროვნული საზოგადოებრივი შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყნის მესვეურებსაც და მოსახლეობასაც სინამდვილეში არაფერი აინტერესებთ და აღელვებთ საკუთარი ჯიბის გარდა. და ისიც ინერციით - მხოლოდ იმის გამო, რომ პირად ჯიბეზე ზრუნვა არა მარტო იოლად გასაგებია, არამედ უაღრესად მისაბაძიცაა - თუკი მართლაც იმ განვითარებულ საზოგადოებაში შესასვლელი ბილეთის მოპოვებას ესწრაფვი, რომლის სიკეთეებზე აგერ მეოთხედი საუკუნეა ყურები გვაქვს გამოჭედილი. ერთი სიტყვით, "ელიტა" თავისთვის, ხალხი თავისთვის. ან თუ გნებავთ - სახელმწიფო თავისთვის, ბანკები თავისთვის, პარტიები და ბიუროკრატია თავისთვის, ჩვენ კი თავისთვის - არც ერთობლივი მომავალი, აღარც შორს მიმავალი გეგმები, აღარც რაღაც საერთო იდეალები - ისეთები, რომლის წყალობით ერი მართლა განვითარებულ ერად ყალიბდება, ხოლო მისი კუთვნილი სახელმწიფო კი განვითარებულ სახელმწიფოდ. დღეს ამ იდეალების მაგივრობას ისევ ცნობილი სიმულიაკრები წევენ: აფხაზეთი, ოსეთი, რუსეთი, მაკეინი, პუტინი, დემოკრატია, არჩევნები, ჯარი, პოლიცია... მაყურებელთა უმეტესობას კი ამ მანტრების ხშირად გამეორების გამო რეფლექტორული მთქნარება ეწყება ხოლმე. უბრალოდ ძილი ერევათ, რამეთუ რეალობაში, ეკრანს მიღმა, სახეზეა სრული ამორფულობა და უიმედობა. და რატომაა გასაკვირი ან მოულოდნელი, ასეთ საზოგადოებაში მართლაც უკურნებელი და მზარდი ნიჰილიზმი სუფევდეს?




საბოლოოდ კი, ხმაურიანი ტელეწარმოდგენის დასასრულისთვის თითქმის ჩაძინებულ იმ დაღლის კაცს, შერჩება ოდენ გახუნებული ნახევრადსიმართლეების გაცვეთილი დასტა - რაც, გარეკანს რომ მოფხიკავ, იგივე ტოტალური სიცრუის "რბილი" ნაირსახეობაა და არაფერი მეტი. მოკლედ, როგორც ხალხში იციან თქმა, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი. აქაც შემომედავება ვინმე, ობიექტურად მძიმე ვითარებაა და მეტა რა უნდა ქნანო? მაგრამ - თუ მაინცდამაინც, და ვითარება მართლაც გამოუვალია - ამ ტყუილის თქმასაც ხომ რაღაც მოფიქრება, რაღაც ოსტატობა, ნიჭი, რაღაც სიახლე და მრავალფეროვნება უნდა...




ან იქნებ მე ვცდები - და არ უნდა? საერთოდ, იქნებ არავის აღარაფერი აღარ უნდა და ტყუილად ვირჯები? აღარაა მოთხოვნილება და დაიღალა ხალხი?




არაა, სამწუხაროდ, გამორიცხული.




რა თქმა უნდა, ღრმა და პროვინციულ ჭაობში უმწეოდ "ფაფხური" დღეს მხოლოდ ჩვენი პატარა სააქართველოს მიერ დამსახურებული პრივილეგია როდი გახლავთ.  ბევრი სხვა ქვეყანაც ასეა, მრავალი კი უარესადაც კი. ნუ, რაკიღა ჩვენ მაინც პოსტსაბჭოთა სივრცეს ვეკუთვნით, ჩვენი ხვედრიც და სპეციფიკაც ცოტა განსხვავებულია - გარკვეულწილად ჩვენი ამგვარი ყოფა გამოწვეულია იდეოლოგიური ველის იმ ტოტალური მოწმენდით, რომელიც განხორციელდა ყოფილ სსრკ-ში გასული სააუკუნის 90-იან წლებში (თუმცა, თუ ჩავყვებით, ამის საწინდარი საბჭოთა კავშირში, ალბათ, 70-იანი წლების ბოლოდან შეინიშნებოდა) და რომლის ხილული შედეგი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ათობით სათამაშო (სამაგიეროდ, ლეგალური) დემოკრატიული ყაიდის "პოლიტიკური პარტიის" წარმოქმნაში გამოიხატა.




ახლა კი საკითხს ოდნავ სხვა კუთხით დავაკვირდეთ. გვქონდა (ან გვაქვს კი დღეს) რაიმე სხვა გზა, სხვა არჩევანი, ვიდრე დღევანდელ უღიმღამო სინამდვილეში უწყვეტად გარდამავალი ჩვენივე უსამართლო წარსული იყო? იყო კი ჩვენზე რაიმე დამოკიდებული საერთოდ? და თუ არა, მაშინდელი პამპულები ამჟამინდელ პამპულებად ხომ არ დავრჩით - ოღონდ სხვა პერანგში?




ვფიქრობ, ეს ძალზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა თოქ-შოუებში წამყვანებიც და რესპოდენტებიც მას ცეცხლივით გაურბიან ხოლმე. განა არ ესმით რაშია საქმე, არც ისეთი მიამიტები არიან - არ ესმოდეთ, მაგრამ "დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს" უნდა მიაწვნენ, დამქირავებლები მათ ხელფასს, პირველ რიგში, ამ ცნებების კარგად შეფუთვაში უხდიან - ჰოდა, რა ქნან? აბა, ოდნავ ზევით საყოველთაო "ჯიბის ინტერესზე" ტყუილად კი არ მიწერია...




ჩვენ კი - ვისაც მხედველობა და ისტორიის შეგრძნება ჯერ არ დაგვიკარგავს - ვხედავთ, რომ "დემოკრატიულად" მოწმენდილ იდეოლოგიურ ველში ახალი ნერგების გადარგვა ერთობ რთული, თუმცა ფრიად სასარგებლო პროცესია. დღეის გადასახედიდან ბედისწერამ კაცობრიობას სულ რამდენიმე მიმზიდეველი იდეოლოგიური მოდელი მოუვლინა. ძალზე უხეშად (მე განზრახ ვუტრირებ და ვამარტივებ საკითხს), ესაა ყოფილი საბჭოთა მოდელი (თავისი ნაირსახეობებით), დასავლურ-ლიბერალური მოდელი და ჩინური მოდელი. ცხადია, აქ ამ მოდელების წვრილად განხილვას არ და ვერ შევუდგები (ეს ძალიან ვრცელი თემაა) და მხოლოდ მათ ძირითად კომპონენტზე შევაჩერებ - ისიც ძალზე პუნქტირულად - თქვენს ყურადღებას.




1) საბჭოთა იდეოლოგიური მოდელი (კომუნიზმი, ხალხთა მეგობრობა, ძალის გამოყენებით განხვავებული მონაცემების მქონე ადამიანების მოთხოვნილებათა მეტნაკლებად გათანაბრება, სოციალური გარანტიები და ა.შ.) - მიუხედავად უამრავი თეორიული და წმინდა ადამიანური უპირატესობებისა - გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე დამარცხდა. საბოლოო ჯამში მისი კრახის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ამ მოდელში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა საშუალო ადამიანის ძველთაგანვე ეგოისტურ და მტაცებლურ ბუნებას, გენეტიკურ ფაქტორებს, რეალურ ეკონომიკურ კონკურენციას - ამის გამო ის გაცვდა და დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე უიღბლო და არამწარმოებლურ პაროდიად იქცა. თუმცა, ჩემი აზრით, ამ მოდელს დღესაც გააჩნია საკმარისი იდეალისტური და ჰუმანისტური პოტენციალი, რამეთუ ის სარგებლობს გარკვეული - ხშირად შეფარული - მხარდაჭერით საერთაშორისო სოციუმის იმ არეალში, სადაც ე.წ. "ოქროს მილიარდს" არაფერი ესაქმება და ამიტომ სინამდვილეში არავინ უწყის, საბოლოოა ეს დამარცხება თუ არა. იმავდროულად, უნდა ვაღიაროთ, რომ კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე ეს მოდელი მარგინალიზებულია. კაცმა რომ სთქვას, მის გაცოცხლებასა და თავიდან ამოქმედებას ახალი სტალინი სჭირდება (პირობითად). ახალი სტალინი კი ჰაერიდან ვერ გაჩნდება, რადგან მისი "გამეორების" წინაპირობები ზემოთ ხსენებულ იდეოლოგიურ ველში შექმნილი არ არის იმ მარტივი მიზესის გამო, რომ სოციოლოგიურ ლაბორატორიებში შესაბამისი და ბუნებრივად განახლებადი ჯიშის ნერგი ჯერ არ გამოუყვანიათ. ამიტომ დიალექტიკოს კომუნისტებს - მიუხედავად მთელი მათი სულსწრაფობისა - მოცდა მოუწევთ. არც ისაა გასაკვირი, რომ სტალინის ღვაწლის უარმყოფელმა ახალმა "დემოკრატიულმა" რუსეთმა თავის ხალხს, 90-იანი წლების კონტრრევოლუციის ფარგლებში, კომუნიზმზე უკეთესი ახალი ვერაფერი შესთავაზა და ეს იქიდანაც კი ჩანს, რომ ელცინის ხელისუფლებამ თავის დროზე იოლი გზა აირჩია და რუსეთის კონსტიტუციაში წამყვანი სახელმწიფო იდეოლოგიის რაღაც ფორმით ხსენება საერთოდ აკრძალა. მაშინ ასეთი "დეიდეოლოგიზაცია" მიღწევად ჩაითვალა. მით უმეტეს, რომ ყველაფერი ისედაც ახალგამოჩეკილი "ლიბერალების" ხელში იყო და მათ კონკურენტები არ სჭირდებოდათ. მაგრამ საზოგადოების იდეოლოგიიდან დაცლამ უკუჩვენებაც იცის: შედეგად რუსეთში (სხვათა შორის, ისევე როგორც საქართველოში) თანდათანობით შეიქმნა იდეოლოგიური ვაკუუმი, ბუნება კი, საზოგადოდ, ვერანაირ ვაკუუმს ვერ იტანს. ამიტომ ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ ივსება ეს ვაკუუმი სხვადასხვა ფრიად საეჭვო ღირებულების მქონე იდეებისა და ძალების მიერ, რომელთა განხილვა აქ მეტისმეტად შორს წაგვიყვანდა.


2)  დასავლური ლიბერალური მოდელი (თავისუფალი კონკურენცია, ადამიანთა საბაზისო უფლებების დაცვა - მათი ჩამონათვალიდან სოციალურ უფლებათა ამოღების ფასად ("სკანდინავური" ტიპის გამონაკლისები "არ ითვლება" და ამ იდეოლოგიის საწინააღმდეგოა) - დღეს, მართალია, გამარჯვებულია, მაგრამ ამ გამარჯვებამ იმდენი განხეთქილება შეიტანა მსოფლიოში - ევროპის ისლამიზაციის დაწყებიდან გაუთავებელ "ფერად რევოლუციებამდე", იმდენად უძლური აღმოჩნდა მსოფლიო სიღატაკის დაძლევის საქმეში, იმდენად ნაყოფიერია "ამა ქვეყნის ძლიერთათვის" ე.წ. "ლუზერების" ხარჯზე, ისე გაზარდა გლობალური ცივილიზაციური კონფლიქტის საფრთხე, რომ ლამის "ცივი ომის" ხანა მოანატროს მსოფლიოს... მისი ძლიერი მხარე სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში ლიდერობაა, მაგრამ ცხოვრება მხოლოდ ინოვაციებისგან არ შედგება (თუმცა, მათ გარეშეც ვერაფერი გამოდის). ამიტომ, კაცმა არ იცის, როდის შეფასდება "ლიბერალ-დემოკრატების" გამარჯვება "პიროსის გამარჯვებად" და როდის და რა ფორმით მოუწევს ე.წ. "მოწინავე კაცობრიობას" დამუხრუჭება მათ მიერ არჩეულ გზაზე. ფუკუიამას "ისტორიის დასრულების" თეორიამ რომ არ გაამართლა და ისტორია მაინც გაგრძელდა, ეს თვით ფუკუიამამაც კი აღიარა.


3) ჩინური (კონვერგენტული) მოდელი გარკვეული სიმბიოზია პირველი ორისა (კომპარტიის ერთპიროვნული მმართველობის შეხამება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან), რომელიც ჯერჯერობით ამართლებს. დღეს ჩინეთი - გიგანტური წარმატებული ქვეყანაა უდიდესი გლობალური პერსპექტივებით. თემას ოდნავ გადავუხვევ და შევნიშნავ, რომ ჩინური მოდელის წარმატების საფუძველში ის საკრალურ-პოლიტიკური მოტივიც ძევს, რომ ჩინეთის პარტიულ ხელმძღვანელობას თავის დროზე ეყო იმის ჭკუა და შორსმჭვრეტელობა, რათა ჯეროვნად შეეფასებინა მემკვიდრეობითობის სახელმწიფო მნიშვნელობა და ხელი არ ეხლო მაოს დაბალზამირებული ცხედრისთვის, მიუხედავად ყველა იმ ექსცესისა, რომელსაც კი ადგილი ჰქონია სახალხო ჩინეთში მაოს მმართველობის დროს.


რაც შეეხება საქართველოს - ჩვენი ზომის პრობლემურ ქვეყანას, ალბათ, განსაკუთრებული პრეტენზიები რაღაც ახალი მსოფლიო იდეოლოგიის შექმნაზე არ უნდა გააჩნდეს (თუმცა, პიროვნულ დონეზე გამორიცხული არაფერია). ამას კი სინანულით დავუმატებდი, რომ ჩვენში დღესდღეობით არც ერთი მოდელი არ მუშაობს და სწორედ ამის შედეგებს ვიმკით როგორც ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში, ისე ზემოთხსენებულ "მგზნებარე" თოქ-შოუებში. რეალობაში ჩვენ დასავლურ-ლიბერალური მოდელის ერთი "მოჩანჩალე" ეპიგონის როლით ვკმაყოფილდებით. მას მერე, რაც დამარცხებული კომუნიზმი ჯერ დამარცხებულმა ნაციონალიზმმა, შემდგომ კი "გამარჯვებულმა" დემოკრატიამ შეცვალეს, რაიმე ნაყოფიერი, ეროვნულად შეფერადებული იდეოლოგია ჩვენში ფაქტობრივად არ არსებობს.


საზოგადოდ, ნებისმიერი ღირსეული ხელისუფლების თვითდაცვითი ინსტინქტის თვალსაზრისით, იდეოლოგიური ფაქტორის დაკნინება უდიდესი, ზოგჯერ ფატალური შეცდომა შეიძლება გახდეს. ასე მაგალითად, 80-იანი წლების "საბჭოთა კომუნისტებს" (რომლებიც შემდგომ იოლად გარდაიქმნენ "პოსტსაბჭოთა დემოკრატებად") არაფრით არ სურდათ იმის შეგნება და გაგება, რომ სტალინიზმთან ბრძოლის დროშით გამართული ქვეყნის დეიდეოლოგიზაცია არის მითი, ლეგენდა შექმნილი იმისთვის, რომ ძველი იდეოლოგია რაღაც ახლით ჩანაცვლებულიყო. მაგრამ თუ ეს "ახალი" სინამდვილეში არ გაქვს (ან გაქვს, მაგრამ მიზეზთა გამო ხეირიანად ვერ იყენებ), მაშინ გარეგნულად ყველაზე მძლავრი სახელმწიფოც კი განწირულია - მისი მოსახლეობა სწრაფად ეფლობა უიმედობის ჭაობში, რადგან მაღალი მიზნის უქონლობის პირობებში მის ძველებურად არსებობას აზრი ეკარგება. 90-იანების პოსტსაბჭოთა პერტურბაციებით უთუოდ მავანმა (ვისაც ხელი მიუწვდებოდა) ისარგებლა და მოიგო, გამდიდრდა კიდეც, მაგრამ ქვეყანამ (ერთიანად - როგორც კავშირმა, და რესპუბლიკებმა ცალ-ცალკე) და საბჭოთა ხალხმა (რასაც მაშინ უწოდებდნენ) მთლიანობაში რომ წააგეს, ეს ალბათ, საკამათო არც არის. არადა, ფაქტია, რომ ქართულმა მმართველმა "ელიტამ" ანტიკომუნისტური გადატრიალების შემდეგაც ვერაფერი პოზიტიური ვერ შესთავაზა ჩვენ ხალხს (ექსტრემისტული რადიკალ-ნაციონალიზმი ასეთ პოზიტივად ვერ ჩაითვლება - ეგ ყოველთვის უფრო გარე პროვოკატორების მიერ შემოგდებული იარაღი და აზრთა წყობაა და არა შიდა წარმოების იდეოლოგია, თუმცა, ჩვენ ჩვენი ავანტიურისტები არასოდეს გვაკლდა). ეს უმწეობა, სხვათაშორის, დიდ ხელოვნებაშიც გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ წარსულის უარყოფა და აწმყოს კრიტიკა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე დაგმობილის სანაცვლოდ რაღაც რეალურისა და უკეთესის შემოთავაზება. მაგალითისთვის, გადავხედოთ, თუნდაც, ქართული კინოს ისტორიას. უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში დაიდგა ორი მაინც მართლაც რომ დიდებული, მასშტაბური და იმავდროულად უაღრესად იდეოლოგიზირებული სურათი: "მონანიება" და "ცისფერი მთები". ამ სურათების ხილვა ესთეტურ სიამოვნებას დღესაც მანიჭებს - ნიჭი დიდი ძალაა! - მაგრამ რა შემოგვთავაზეს ამ ფილმებმა დაგმობილი წარსულის სანაცვლოდ? მხოლოდ სენტენცია, რომ, თურმე, გზას თუ ტაძრისკენ არ მივყავართ, ასეთი გზა საჭირო არაა, ნაღვლიანი "ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი" და გრენლანდია, რომლის გატანა - როგორც ეს ნაწინასწარმეტყველიც იყო - ვერანაირი საზოგადოებრივი წყობის დროს და ვერანაირი რევოლუციის შედეგად მაინც ვერ ხერხდება. ვფიქრობ, ახალი პოზიტიური იდეალების შესაქმნელად ეს შედევრები იმთავითვე არ იყო გამიზნული, სხვა კი ჩვენმა ეპოქამ ვერა და ვერ შვა.



რაც შეეხება ზემოხსენებულ დასავლურ-ლიბერალურ მოდელს, მისი განხორციელების მცდელობა საქართველოში ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა. ის წააწყდა მოსალოდნელ, მაგრამ თითქმის გადაულახავ დაბრკოლებებს - ძირითადად მუდმივმოქმედი გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო... ნაწილობრივ, თავად დასავლეთის მიზეზითაც, რომელმაც შესანიშნავად გამოიყენა
"ომში დამარცხებული ქვეყნის" სინდრომი და მთლიანად დაეუფლა საქართველოს საგარეოპოლიტიკურ სადავეებს - გრენლანდიის გატანა ამისთვის საჭირო არ გახდა, რამეთუ ერთადერთ მთავარ იდეოლოგიად ღატაკ და მშიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი კონფორმიზმი თავისთავად ყალიბდება ხოლმე. დასავლეთმა (პირველ რიგში აშშ-მ) ახალ, "დემოკრატიულ" საქართველოს მხოლოდ ანტირუსული ბრძოლის ინსტრუმენტის სავალალო ფუნქცია მიანიჭა. სხვანაირად დასავლეთს პოსტსაბჭოთა სივრცის "დალაგება", სამწუხაროდ, ვერ წარმოუდგენია (ეს უკრაინაშიც გამოჩნდა) და ამიტომ ის - ყალბი მეგობრული ღიმილით ნიღაბამოფარებულ სახეზე - ძალზე ხშირად გვაიძულებს საერთოდ არ გავუწიოთ არანაირი ანგარიში ჩვენს  სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს. მან იმდენი კი მოახერხა, რომ ჩვენი ტოლერანტი "მედასავლეეთები" (რომელთაც უზურპირებული აქვთ არსებული პოლიტიკური  - და ნაწილობრივ მედიური - გარემო და მცირეოდენი ძღვენის ფასად შესანიშნავად ერგებიან დამკვეთების ნებასა და ეგუებიან "ლიბერალური ფაშიზმის" ნებაყოფლობით მონობას) სიამოვნებით ასრულებენ ზოგიერთი საელჩოს ნებისმიერ დაკვეთას, თუმცა ჩვენი "დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების" ამ "ჭინთვების" რაიმე სერიოზული იდეოლოგემის როლში წარმოდგენა უბრალოდ სასაცილო იქნებოდა.


თან არ იკითხავთ, რას გვახვევენ თავზე ეს "მეგობარი" დამკვეთები? ლუის ნავაროსა და მისი "ძმადნაფიცების" მიერ შემუშავებულ სისტემას, რომლის ძირითადი ელემენტი თურმე ოპერეტული ორპარტიული დემოკრატია უნდა გახდეს. ზეამოცანა კი საქართველოში იმგვარი ორპარტიული "დემოკრატიის" დამყარებაა, რომლის ფარგლებში ორი ერთმანეთის მონაცვლე პროამერიკული პარტია დრო-დრო მშვიდობიანად ჩააჩოჩებს ხოლმე "ოპონენტს" ქვეყნის სათავეში. ამ გეგმით ჩვენ გვეყოლება ორი ლამის "ტყუპისცალი" სახელისუფლებო პარტია და ორივე პროამერიკული... და მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი? სხვაგვარად მოფიქრალნი? რომელი სერიოზული "იდეოლოგია" შეძლებს ამ პოლიტიკური შულერობის გამართლებას?  ნუთუ ეს იმიტირებული თაღლითობა ერსა და ქვეყანას გამოადგება? არ დაიჯეროთ!


რადგან აქ ირიბად მომავალი იდეოლოგიის შერჩევაზე მიდის საუბარი, რელიგიის როლზეც მომიწევს ორიოდე სიტყვის თქმა (საქართველოს შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლური კონფესია იგულისხმება). პოსტსაბჭოთა კლერიკალიზმის თანდათანობითი აღზევება და ეკლესიის პოლიტიკურ მიზნებში გამოყენების ცოდვილი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუმცა ეკლესია მართლაც გვევლინება ხელისუფლების სოლიდური დასაყრდენის როლში, ამ როლის სიძლიერე და დამაჯერებლობა უფრო მეტად განისაზღვრება არა იდეალური, არამედ სავსებით მატერიალური, მიწიერი ფაქტორებით, სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის ღია მხარდაჭერით და ა.შ. იმავდროულად და ზემოთქმულის გათვალისწინებით, რელიგიის მიერ იდეოლოგიური ვაკუუმის შევსება მაინც ობიექტურ შეზღუდვებს აწყდება და ეს სრულიად ბუნებრივიცაა - თუ, რასაკვირველია, სამომავლოდ ჩვენ და ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს საერო სახელმწიფოში მოუწევთ ცხოვრება და არა თეოკრატიულში. ამიტომ ამ ბუნებრივ შეზღუდვას ანგარიშს უნდა უწევდეს ნებისმიერი ხელისუფლება იმისდა მიუხედავად თუ რამდენი ტაძარი აიგება ქვეყანაში რაიკომის შენობის სანაცვლოდ. საერო ხელისუფლების რელიგიასთან ურთიერთობის პრობლემა საკმარისად რთული, ტევადი და სათუთი თემაა, რომლის განხილვა ნამდვილად აღემატება ამ წერილის ფორმატს, თუმცა, ამ პატარა თხზულების ძირითადი პათოსი მაინც უცვლელი რჩება - დღეს საქართველოს ეფექტიანი იდეოლოგია არ გააჩნია და პიარ-დიქტატურებისა და სახელმწიფო მართვის ჩამოყალიბებული კულუარულ-ოლიგარქიული სტილის პირობებში, მის დაბადებას მაინცდამაინც არ უნდა ველოდეთ, რამეთუ ამ მხრივ ჩვენთან გაცილებით მეტი ხელისშემშლელი ფაქტორი მოქმედებს, ვიდრე ხელისშემწყობი. არადა, ასეთი იდეოლოგიის ელემენტების შექმნა არათუ მისასალმებელი - აუცილებელიც კი არის.


ქართული საზოგადოება (უფრო სწორად, მისი მეწინავე და მოაზროვნე ნაწილი) დღეს რეალურად რთული ამოცანის წინაშე დგას: როგორმე - თუნდაც, ეშმაკობითა და მოხერხებით - მეტნაკლებად მშვიდობიანად გაიყვანოს გემი სახელად "საქართველო" დემოკრატიულ სცილასა და ტოტალიტარულ ქარიბდას შორის. ამისთვის კი მოყირჭებული თოქ-შოუებით საკუთარი თავის გამოკვებვა საკმარისი არაა. ქვეყანას რაღაც ცოცხალი, მართლაც ინოვაციური იდეოლოგია სჭირდება, რამეთუ იდეოლოგიური ინოვაციები სწორედ რომ ტექნოლოგიური ინოვაციების წინაპირობაა - და არა პირუკუ. სამეცნიერო, ტექნოლოგიური, სამრეწველო სიახლეების გარეშე კი ქვეყანა ოცდამეერთე საუკუნეში ნორმალურად ვერ განვითარდება, ვერც კი იარსებებს ღირსეულად, როგორც ეს თანამედროვე ერს ეკადრება და შეშვენის. ინოვაციათა ჩამონათვალში კი საპატიო ადგილი უნდა დაეთმოს იდეურ და კულტურულ ინოვაციებს: ახალ ბეჭდვით გამოცემებს, ტელეარხებსა და საინფორმაციო ინტერნეტ-საიტებს - სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ, პერსპექტულ და მობილურ პუბლიცისტურ ჯგუფებს, რომელთაც ნათლად წარმოუდგენია თუ რისთვის არსებობენ და რას ემსახურებიან (დღეს ასე არაა, ყველგან აჯაბსანდალია). სახელმწიფომ ხელი უნდა აიღოს ცრუ და დრომოჭმულ "დეიდეოლოგიზაციაზე" და მეტად (თუმცა, რა თქმა უნდა, გააზრებულად და ჭკვიანურად) ერეოდეს კულტურულ პოლიტიკაში, გაარჩიოს ერთმანეთისგან შავი და თეთრი, მოყვარე და მტერი, გარკვეული ხარჯიც გაწიოს ამისთვის - სხვანაირად წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. ხოლო თავად იდეოლოგის - და მით უფრო პროპაგანდისტის - მთავარი მოვალეობა უნდა გახდეს მომხრეთა ოდენობის რადიკალურად გაზრდა და არა "ორჯერ ორი ოთხის" მტკიცება ცინიკოსების ერთი და იგივე ვიწრო წრისათვის, თანაც ისეთებისა, რომლებიც რაიმე ახალ მტკიცებულებებს საერთოდ არ საჭიროებენ.



და არც ის უნდა გვავიწყდებოდეს, რომ არა იმდენად მიზანი აპირობებს იდეოლოგიის ფორმებს, როგორც სათანადო ფორმის იდეოლოგია განსაზღვრავს სამომავლო მიზნებს - ვითარც საზოგადოებრივი ცხოვრების არსსა და აზრს.


მაგრამ ამისთვის ქვეყანაში რეალურად უნდა გაჩნდეს ასეთი იდეოლოგიის (ან მისი ელემენტების მაინც) შემუშავების სურვილი. დღევანდედელ "ელიტას" ან ესმის ეს, ან არა - უფრო არა. არადა, სწორედ გაგების ამ ხარისხში ვლინდება თუ რას ვაკვირდებით ყველანი ერთად: ახალი და ჭეშმარიტი ელიტის თანდათანობით დაბადებასა თუ მორიგ ისტორიულ ფანდს, ფარსს, ანუ იმ მტაცებლურ-ეგოცენტრიკული ფსევდოელიტის მორიგ აყვავებას, რომლის მსგავსებმა დღემდე უკვე არაერთხელ დააკნინეს საქართველო, არაერთხელ ჩიხში შეიყვანეს და კინაღამ დაღუპეს იგი.


ამიტომ - თუ ღირსეული ქვეყნის შექმნა და შენარჩუნება ჯერ კიდევ გვსურს - უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ნამდვილი (და არა იმიტირებული) იდეოლოგია ქვეყანას მართლაც სჭირდება. სიტყვა "ნამდვილი" ამ შემთხვევაში გულისხმობს არა იმპორტირებულ ღირებულებათა ჩვენს ნიადაგზე მექანიკურად გადმოტანას, არამედ შემოქმედებით შრომასა და ამ შრომის შედეგად ისეთი გააზრებული გეგმის შედგენას, რომელიც გამოადგება რომელიღაც მომავალ ხელისუფლებას თუნდაც იმისთვის, რათა  კრიტიკულ ვითარებაში მან საკუთარი უთქმელობითა და უნიათობით მთელი ქვეყანა უცაბედად თავის ეგოისტურ-კომპრადორულ კომპლექსებს არ გადააყოლოს.




 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016