პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამას იაშარ უსუპოვს ეჭვი ეპარება სასამართლოს გადაწყვეტილებაში ექსპერტ ლევან ჩაჩუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ცხედრების ექსჰუმაციას ითხოვს:
- ამ ბიჭის მამა რომ არ ვყოფილიყავი, რომელიც ასე უმოწყალოდ მოკლეს და შემდეგ ექპერტიზის დასკვნა გაუყალბეს, მაშინაც კი უკმაყოფილებას გამოვხატავდი ექსპერტ ლევან ჩაჩუას ციხიდან გათავისუფლების გამო. ვიდეოფირებში ყველგან ჩანს, რომ ზურაბ ჟვანიასაც და ჩემს შვილსაც სხეულზე დაზიანებები ეტყობათ. მოსამართლემაც საკუთარი თვალით ნახა ის ფირები და არ ვიცი, რატომ არ მიიჩნია სიმართლედ ის, რაც თავისი თვალით ნახა? ვიმეორებ - ფირზე ჩანს დაზიანებები, რაც ჩაჩუამ განზრახ არ შეამჩნია. ჩემდა გააკვირად, მოსამართლემ ჩაჩუას მოსაზრებები გაიზიარა და არა მოწმეთა ჩვენებები. მიზეზი არ ვიცი.
- რას ამბობენ მოლები, რომლებმაც სასამართლოს დაუდასტურეს, რომ ცხედარს დაზიანებები ჰქონდა?
- სასამართლოს მიმართ უნდობლობა გაუჩნდათ, თქვეს, რომ დღევანდელი სასამართლო ფორმალური ორგანიზაციაა, როცა უნდათ, ადამიანს დამნაშავედ სცნობენ, როცა მოესურვებათ - არა. ათასი მოწმე მიუყვანო, მაინც იმას იტყვიან, რაც დავალებული აქვთ.
- მოსამართლემ არ დაუჯერა მათ, ვინც თქვა, რომ გვამებს დაზიანებები ჰქონდათ, არ გამოიკვლია, რატომ ამბობდნენ ეს ადამიანები, რმ გვამებს ჰქონდა დაზიანება. დაუჯერა სიყალბეს. სასამართლოსადმი რწმენა დამეკარგა.
- ბატონო იაშარ, როგორ გგონიათ, რატომ დაიწყო ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მაშინ, როდესაც პროკურატურას არ ჰქონდა ძირითადი მტკიცებულება - ექსჰუმაციის შედეგად დადებული დასკვნა?
- საქმეც მაგაშია, სამედიცინო დასკვნა არ ედოთ და პროცესი რატომ დაიწყეს? გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ ჩემი აზრი მაქვს - ჩაჩუა მანამდე არ უნდა მიეცათ პასუხისგებაში, სანამ ეს დასკვნა არ ექნებოდათ. გამოუცდელობას დავაბრალო თუ არაპროფესიონალიზმს, არ ვიცი. პროცესის დაწყება იყო არასწორი და შედეგიც არასწორი მიიღეს. ჩაჩუას ზუსტად ამის იმედი ჰქონდა, სასამართლო პროცესზე მითხრა კიდეც - აქ არ დავრჩები, გამოვალ და ყველაფერზე მერე ვილაპარაკოთო. იცოდა, რომ არ დაიჭერდნენ. ზუსტად მახსოვს, რაც მითხრა.
- შეგხვდათ ლევან ჩაჩუა?
- რა აზრი აქვს ჩაჩუასთან შეხვედრას. სიმართლე მაშინ არ აღიარა, როდესაც სასამართლოში იყო და ახლა იტყვის სიმართლეს? ჩაჩუა ტყუის და რა მაქვს მასთან სალაპარაკო. იმ დაზიანებებზე, რომელიც რაულის გვამს გლეხებმა შეამჩნიეს, ისევ იტყვის, არაფერი არ იყოო და ამის მოსასმენად შევხვდე? ჩაჩუა დაკვეთას ასრულებდა და იმიტომ ვერ დაინახა დაზიანებები. მართალია, მამაჩემი ექიმი არ არის, მაგრამ იმის გარჩევა კი შეეძლო, რაულს დაზიანებები ჰქონდა თუ უბედური შემთხვევისგან გარდაიცვალა. ახლა ის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაოგნებულია. ყველაზე მეტად ჩვენ ვიყავით დაინტერესებული მიზეზის დადგენით, ეს იყო მკვლელობა და ჩაჩუა რას იტყვის, არ მაინტერესებს, როდესაც გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა, შეგნებულად არ წავედი, გული რაღაცას მიგრძნობდა და ისიც ვიცოდი, ჩაჩუას თუ გაამართლებდნენ, თავს ვერ შევიკავებდი და კონფლიქტი მომივიდოდა, ამიტომაც განაჩენი ტელევიზიით მოვისმინე.
- ბატონო იაშარ, რატომ არ ითხოვთ ექსჰუმაციას ან თუ გაქვთ ინფორმაცია ექსჰუმაციის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით?
- მინდა, რაც შეიძლება მალე ჩატარდეს ექსჰუმაცია, ბევრი რამ გაირკვევა და ყველაფერს წერტილი დაესმება. დროის გაწელვა და გაჭიანურება საქმეს მხოლოდ ვნებს. ხომ ხედავთ, გააჭიანურეს იური ვაზაგაშვილის საქმე და ბოლოს რა მივიღეთ? აჭიანურებენ ეროსი კიწმარიშვილის საქმეს და ახლა ხარძიანის მკვლელობის გამოძიებასაც გააჭიანურებენ. ამიტომ გამოძიებას ვთხოვ, თუ შესაძლებელია, სასწრაფოდ გაითხაროს პრემიერისა და ჩემი შვილის საფლავები, ჩატარდეს ექსჰუმაცია, დადგინდეს სიმართლე! თუმცა, ისიც ვიცი, რომ ამ ყველაფერს სათანადო მომზადება სჭირდება. ამაში ჩართულები იქნებიან როგორც ჩვენი, ისე უცხოელი ექსპერტები. პროცესი ღია იქნება, საჯარო, რომ არაფერი დაიმალოს, იწარმოებს გადაღება. ვიცი, რომ ზურაც და რაულიც მოკლულები არიან, ექსჰუმაცია ამას მხოლოდ დაამტკიცებს. შემდეგ სასამართლომ კეთილი უნდა ინებოს და უარყოს თავისი გადაწყვეტილება, ისევ დაიჭირონ ჩაჩუა და ათქმევინონ სიმართლე. სხვა გზა არ არსებობს. ბევრი რამ გამოიკვეთება და ვეღარ იტყვიან, მტკიცებულება არ გვაქვსო. სასამართლომ თავის ავტორიტეტზე უნდა იფიქროს.
- ექსჰუმაციის გაჭიანურების ძირითად მიზეზად რას ასახელებენ?
- უცხოელ ექსპერტებთან მიდის მოლაპარაკება, ეს დაკავშირებულია საკმაოდ დიდ თანხებთან. ამასთანავე, საუბარია ქვეყნების შერჩევაზე, საიდან მოიწვიონ ისინი. ბევრი ქვეყანა ამერიკის გავლენის ქვეშ არის, მათ ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ, ამიტომ გამოძიება სიფრთხილეს იჩენს. ამერიკა ყველანაირად შეეცდება, რომ მის მიერ დადებული „ეფ-ბი-აი"-ს დასკვნა ყველანაირად დაიცვას, თუმცა, არც ისეთი რამ უწერიათ, რომ ნაციონალების წისქვილზე წყალს ასხამდეს. იქ პირდაპირ წერია, ბინაში CO-ს სასიკვდილო დოზა არ იყო და რაც იყო, არც იმას შეეძლო ადამიანი ცუდად გაეხადაო. მეტი რაღა უნდა დაეწერათ?! ცუდი ის არის, რომ „ეფ-ბი-აი" დაეყრდნო იმ მასალებს, რაც ამათ დაახვედრეს - უფრო ზუსტად, „ეფ-ბი-აიმ" იმაზე იმუშავა, რაც ზურაბ ადეიშვილის ექსპერტებმა გადასცეს.
- ბატონო იაშარ, ექსპერტიზის ბიუროში შინაგან ორგანოებს ორი წლის განმავლობაში ინახავენ. ზურაბ ჟვანიასა და თქვენი ვაჟის ორგანიზმიდან აღებული მასალები კიდევ არსებობს?
- ორგანოები შენახული იყო, ხელი მოვაწერეთ და საზღვარგარეთ ექსპერტიზაზე ისე გაიგზავნა. პასუხები არ ჩანს. ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ექსპერტები ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ არიან. გამოძიება ამიტომაც ფრთხილობს, რომ ექსჰუმაციაში მონაწილე ექსპერტები სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ.
- მასალები ამერიკაში გაიგზავნა?
- არა, ამერიკაში გაგზავნას აზრი არა აქვს. სხვაგან წაიღეს. ჯერჯერობით პასუხი არ მოსულა და იმასაც ვხვდები, რატომ - როგორც ჩანს, ისინიც ამერიკის ზეგავლენის ქვეშ არიან!
- ბატონო იაშარ, რაღაც პერიოდი ზურაბ ჟვანიას საფლავთან დაცვა იდგა. თქვენი ვაჟის საფლავთან უცხო პირები არ შეგიმჩნევიათ? საზოგადოებაში ეჭვია გაჩენილი, რომ შესაძლებელია დიდუბის პანთეონში ზურაბ ჟვანია არც განისვენებდეს.
- საფლავთან არ შემიმჩნევია, მაგრამ, სანამ რაულს დავკრძალავდით, ჩვენთან თელავის პოლიციის წარმომადგენლები ტრიალებდნენ. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რა უნდოდათ პოლიციის უფროსსა და მის თანამშრომლებს ჩემს ეზოსა და სახლში, თანაც გვიანობამდე. ვფიქრობ, დავალება ჰქონდათ, ყველაფერი ეკონტროლებინათ და რაიმე საეჭვო რომ შეემჩნიათ, სადღაც დაერეკათ. რაულის დაკრძალვის შემდეგ მწუხარე ვიყავი, ყურადღებას ვერაფერს ვაქცევდი, თანაც, თავიდან მაინც მეგონა, რომ მართლაც გაზით გაიგუდნენ. მერე დავრწმუნდი, რომ მოკლულები იყვნენ. რაც შეეხება ზურას ნეშტის საფლავში არარსებობას - ზუსტად ამიტომ არის ექსჰუმაცია საჭირო, რომ დადგინდეს ყველაფერი, არის თუ არა ნეშტი საერთოდ, და თუ არის, ვისია? თუ მართლაც ზურაბ ჟვანიასი არ აღმოჩნდა, ესე იგი, გადამალეს და ეს იქნება უკვე ასი პროცენტით დადასტურებული მკვლელობა. ნაციონალური მოძრაობის ბოროტებას საბოლოოდ ჩამოეხსნება ფარდა.
- ბატონო იაშარ, ჟვანიასა და თქვენი შვილის საქმეში ბრალდებულები არიან პროკურორები მამუკა გვარამია და როსტომ ლაზარია. ასევე კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია. როგორ ფიქრობთ, ექსჰუმაციამდე აზრი აქვს მათ სასამართლო პროცესებს, დაუმტკიცდებათ დანაშაული?
- ხარშილაძემ და ძაძამიამ მიატოვეს თავიანთი დასაცავი ობიექტი, დაარღვიეს კანონი და სხვა თუ არაფერზე, ამაზე მაინც უნდა აგონ პასუხი. ესენიც თუ გაათავისუფლეს, მაშინ საერთოდ აზრი არა აქვს სასამართლოების ჩატარებას, რადგან ჩავთვლი, რომ ის ისევ ნაციონალების ზეგავლენის ქვეშაა.
- ზურაბ ჟვანიას ძმას ხვდებით?
- ხშირად. გამომძიებელს ვურეკავთ, ყველაფრის საქმის კურსში ვართ. მაგრამ ეს საქმე ვინაიდან ექსჰუმაცია ძალიან სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, ერთ და ორ ადამიანზე არ არის დამოკიდებული, პროკურატურის დონეზე არ წყდება. თუმცა, მოვუწოდებ, რაც შეიძლება, დაჩქარდეს პრემიერისა და ჩემი შვილის საფლავის ექსჰუმაციის პროცესი.
- როგორ ფიქრობთ, კვალი სააკაშვილთან მიდის და პროკურატურა ექსჰუმაციას ამიტომ აჭიანურებს?
- კვალი ისედაც სააკაშვილთან მიდის. ახლა უკრაინაში ასე რომ აქტიურობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობაა და მეტი არაფერი. ყველაფერს აკეთებს, რომ არავინ შეეხოს და ამერიკის თვალშიც პოლიტიკურად აქტიური და საჭირო იყოს. ეს არის მხოლოდ თავდაცვა. სხვა გამოსავალი არა აქვს, უნდა იაქტიუროს, მაგრამ როდემდე? ხმამაღლა ვამბობ - ეს მკვლელობა სააკაშვილის გარეშე არ მოხდებოდა, თუ მოხდებოდა, აქამდე გახსნიდნენ, ან ვიღაცას ძალით აღიარებინებდნენ. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. ამ წლების განმავლობაში სააკაშვილი ერთხელაც არ შემხვედრია, ზურაბ ჟვანიას საფლავზე ორმოცამდე გამოჩნდებოდა ხოლმე, ხოლო, როცა ოჯახი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს იყო მკვლელობა, აღარც მათ მიეკარა!
ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"