reportiori.ge - ენვერ ანდღულაძე: გავიგონე, როგორ გადაულაპარაკეს სპეცრაზმელებმა ერთმანეთს – ის კაცი არ სუნთქავს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:14
პრეს-დაიჯესტი
ენვერ ანდღულაძე: გავიგონე, როგორ გადაულაპარაკეს სპეცრაზმელებმა ერთმანეთს – ის კაცი არ სუნთქავს!
ავტორი:
15 აპრილი, 2015. 15:34



თავისუფლების მოედანზე არსებული ერთ-ერთი ჯიხურის სახურავზე სააკაშვილის რეჟიმმა 26 მაისს მოკლული ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ცხედრები შემოდო და საზოგადოებას უტიფრად ამცნო, თითქოს ისინი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპნენ. თუმცა, გამოჩნდა მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ სულიკო ასათიანი ჯიხურის სახურავზე კი არა, მის გვერდით, ხელებშეკრული და ასტფალტზე პირქვეჩამხობილი მოკვდა. ლანჩხუთელი ენვერ ანდღულაძე „ასვალ-დასავალს" ექსკლუზიურად ესაუბრება.


- ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში ვცხოვრობ, ამჟამად 67 წლის გახლავართ. ჩემს მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად სააკაშვილის რეჟიმს თავიდანვე დავუპირისპირდი. არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, თუმცა, ყველა ძალას თანავუგრძნობდი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა და ამ მიზნით დედაქალაქშიც სისტემატურად ჩამოვდიოდი.


- 2011 წლის 26 მაისის აქციაზე რა გადაგხდათ თავს?


- მას მერე, რაც გაზეთ „აჭარის" რედაქციასთან ბათუმის სპეცრაზმმა დაგვარბია, 21 მაისს ბათუმში, ერას მოედანზე, დავიწყეთ ხალხმრავალი აქცია. 23 მაისს საღამოს რაიონის მოსახლეობასთან ერთად ორგანიზეულად დავიძარით თბილისისკენ და ტელევიზიასთან მიმდინარე აქციას შევუერთდით. 26 მაისის ღამეს მსვლელობით გავემართეთ პარლამენტისკენ. ძალიან ბევრნი ვიყავით. ამის მიუხედავად, ძალოვნებმა მომიტინგეთა ალყაში მოქცევა შეძლეს, თანაც ისე, რომ გასასვლელიც არ დაგვიტოვეს. როცა სიტუაცია დაიძაბა. ახალგაზრდებმა პიონერთა სასახლესთან რკინის ღობეზე აცოცება და ეზოში გადასვლა დაიწყეს. ჩემი ხნის ხალხი ამას ვერ ახერხებდა, ამიტომ მსვლელობას იქამდე მივყვებოდი, ვიდრე სპეცრაზმელებმა დაუნდობელი ცემა და ხელებზე პლასტმასის ბორკილების დადება არ დაგვიწყეს. მეც ამგვარად დამატყვევეს და უხეში ძალის გამოყენებით მიმათრიეს მეტრო „თავისუფლების მოედანთან", სადაც ხელებშეკრული ადამიანები ლამის გროვებად ეყარნენ ასფალტზე.


- რაიმე ტრავმა ხომ არ მოუყენებიათ?


- შეგახსენებთ, რომ თავსხმა წვიმა მოდიოდა და პირდაპირ წყლის ნაკადში ვიწექით. გარშემო კვნესისა და მოთქმის გულისშემძვრელი ხმები ისმოდა, ზოგი დასისხლიანებული იყო, ზოგს ტანსაცმელი ჰქონდა შემოგლეჯილი... ეს საშინელი პლასტმასის ხელბორკილებიც, რაც უფრო მეტად ვინძრეოდი, მით უფრო მეჭირებოდა და სისხლს მიჩერებდა. ვცადე, გამერკვია, როდემდე გაგრძელდებოდა ეს ტანჯვა, თავი წამოვწიე და ერთმა უღმერთომ მარცხენა წარბზე გამეტებით დამარტყა ხელკეტი. წარბიდან სისხლი წამსკდა და მოგვიანებით, ამის გამო გლაუკომა ჩამომიყალიბდა, თანაც ცალ თვალში მხედველობა დავკარგე! ამ მდგომარეობაში კარგა ხანს ვიყავით. ამის მიუხედავად, მაინც მოვახერხე გარშემომყოფი ადამიანები შემეთვალიერებინა. აი, მაშინ შევამჩნიე ჩემგან დაახლოებით მეტრნახევარში ასფალტზე პირქვედამხობილი, უკან ხელებშეკრული, გასისხლიანებული, ტანსაცმელშემოფლეთილი მამაკაცი და გავიფიქრე, ალბათ, გონება აქვს დაკარგული, რადგან, გადმობრუნებასაც ვერ ახერხებს-მეთქი. კარგად დამამახსოვრდა მისი ჭაღარა თმა და ნაკვთები, რისი დანახვაც მოვასწარი.


- ამ მდგომარეობაში როდემდე იყავით?


- ვიდრე ძალოვნებმა მანქანები მოიყვანეს და სამმართველოში ჩვენს ეტაპირებას შეუდგნენ. როცა ჩემამდე მოაღწიეს, გავიგონე, როგორ გადაულაპარაკა ერთმა სპეცრაზმელმა მეორეს - ის კაცი არ სუნთქავს, მგონი, არც არის ცოცხალიო... მე წამომაყენეს და ამ ზედახორაში მანქანაში ჩამტენეს. ის მამაკაცი კი , იქ დარჩა და გულში ჩამყვა - ნეტავ თუ გადარჩა ან რა ბედი ეწია-მეთქი. მანქანაში ჩასმამდე პირადი ნივთები, მათ შორის, საფულეები და ტელეფონები წაგვართვეს და პოლიციის სამმართველოში მიგვიყვანეს. იქ უარესი ჯოჯოხეთი დაგვხვდა. ერთად შეგვყარეს უამრავი ადამიანი და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებასაც არგვაძლევდნენ, როცა ვითხოვდით, ჯალათები დაგვცინოდნენ, მანდვე მოისაქმეთო. ზოგმა, მართლაც, ტაჯვას ვერ გაუძლო და ჩაისველა, ამიტომ აუტანელი სუნი იდგა. ის ღამე საკნებში გაგვატარებინეს. დასაჯდომი ადგილი ჭირდა და რიგრიგობით ვსხდებოდით. დილით, საბუთებს რომ გვიბრუნებდნენ, რაღაც დოკუმენტზე ხელი მომაწერინეს და ერთმა ოფიცერმა ცინიკურად მითხრა, 400-ლარიანი ჯარიმა მოგივა სახლშიო.

 

- ბატონო ენვერ, როდის მიხვდით, რომ თქვენს გვერდით, ასფალტზე, გარდაცვლილი სულიკო ასათიანი იწვა?


- გათავისუფლებისთანავე თბილისში მყოფ ნათესავთან მივედი და რამდენიმე დღე დავრჩი, ვიდრე ელემენტარულად მოვჯობინდებოდი. მეორე დღეს ტელევიზიით შევიტყვე, რომ ადამიანები დაღუპულან... მერე უკვე გაზეთებშიც დაწერეს, გარდაცვლილთა ვინაობაც გაირკვა და ასაკიც, სურათებიც აჩვენეს და სწორედ მაშინ აღვიდგინე, რომ ერთი მათგანი სულიკო ასათიანი იყო. მეორე გარდაცვლილი, ნიკა კვინტრაძე - ასაკითაც ბევრად უმცროსი იყო და ეჭვი თითქმის არ გამჩენია, რომ იმ ღამით სულიკო ასათიანი, შეიძლება ითქვას, ჩემს გვერდით გარდაიცვალა...გარდაცვლილი, რა თქმა უნდა, ჯიხურის სახურავზე ვერ ავიდოდა.

 

- თქვენმა მონათხრობმა, შესაძლოა, სულიკო ასათიანის სიკვდილის გარემოებას ნათელი მოჰფინოს... მზად ხართ, საჭიროების შემთხვევაში ეს ყოველივე სათანადო ოფიციალურ დაკითხვაზეც გაიმეოროთ?


- რა თქმა უნდა, მზად ვარ, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება, ვხედავ, რომ ის ადამიანები, ვინც სამართლიანობისთვის იბრძოდნენ, დაცულები არ არიან. ზოგ მათგანს ქუჩაში კლავენ კიდეც. უკან დახევას არ ვაპირებ, რაც თავად ვიხილე და გავიგონე, ძალოვნებსაც აუცილებლად დაწვრილებით მოვუყვები, მაგრამ ვიღაცამ უნდა იზრუნოს, რომ ნაცების მხრიდან ანგარიშსწორებისგან დამიცვას!

 

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016