reportiori.ge - გიორგი გამცემლიძის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:12
პრეს-დაიჯესტი
გიორგი გამცემლიძის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
ავტორი:
15 აპრილი, 2015. 17:17



სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას, რომელიც სასამართლომ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, გირაოს სანაცვლოდ, ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა, გამორიცხული არ არის, ახალი ბრალი წარუდგინონ, ამჯერად გამცემლიძის საქმესთან დაკავშირებით.


ლაზარია, ბიუროში გადაყვანამდე, გამომძიებლად მუშაობდა, გიორგი გამცემლიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. გიორგი გამცემლიძე 2008 წლის 8 მაისს თბილისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა მოკლა. აბუაშვილის მიმართ საქმე თავიდან სისხლის სამართლის 114  მუხლით აღიძრა, რაც დამნაშავის დაკავებისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას გულისხმობს. შემდეგ კვალიფიკაცია შეიცვალა და საბოლოოდ აბუაშვილი 116 მუხლით-გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის გაასამართლეს. გამცემლიძის საქმემ საქართველოს სამივე ინსტანცია მოიარა, ბოლოს ის სტრასბურგის სასამართლომაც განიხილა, რომელმაც აღნიშნული საქმის ხელახალი გამოძება მოითხოვა.


როგორც „პრაიმტაიმს" 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის დედამ ექსკლუზიურად განუცხადა, ლაზარია პროკურატურაში ცოტა ხნის წინ დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, გამოძიება გამცემლიძის საქმესთან დაკავშირებით, ნივთმტკიცების დაკარგვის ფაქტით დაინტერესდა.


გულიკო გამცემლიძე:


- ჩემი შვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი როსტომ ლაზარია დაკითხეს და მიმდინარეობს მოკვლევა ნივთმტკიცების დაკარგვაზე, საქმე გარკვევის პროცესშია.


ლაზარიამ დამიკარგა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჩემი შვილის სათვალე. ამაზე მაშინვე შევიტანე გენერალურ ინსპექციაში განცხადება. ლაზარიასთვის ამის გამო ან საყვედური უნდა გამოეცხადებინათ, ან მოეხსნათ თანამდებობიდან.


მან ახლა დაკითხვაზე განაცხადა, რომ სათვალე ექსპერტიზის ბიუროში დაიკარგა და ამაზე საყვედური მიიღო. მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ სწორედ იმ პერიოდში, როცა მას საყვედური უნდა მიეღო, ლაზარია დააწინაურეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს.


ლაზარიას, რომელიც ჩემი შვილის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა, პირდაპირ ვადებ ხელს იმაშიც, რომ მან არათუ დაკარგა ნივთმტკიცება, არამედ გააყალბა საქმე. ლაზარიამ თვე-ნახევარში „გამოიძია" ჩემი შვილის საქმე. მის მიერ დაკითხული ორი პოლიციელის ჩვენება, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მკვლელობის შემდეგ მივიდნენ, კარნახითაა დაწერილი, ზუსტად ერთნაირი ჩვენებები აქვთ დაწერილი. ამ ორი პოლიციელის შემდეგ კიდევ ორი პოლიციელი, რომლებიც ასევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, გამომძიებელმა დავით ძნელაშვილმა დაკითხა და მათი ჩვენებებიც ასევე ზუსტად ერთნაირია, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენებები მათაც კარნახით დააწერინეს" , - ამბობს გამცემლიძე.


გიორგი გამცემლიძის დედას კითხვები აქვს ვაჟა ფანჩულიძესთანაც, რომელიც ახლა საავტომობილო გზების დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს, 2008 წელს კი თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი იყო.


„კითხვები მაქვს ვაჟა ფანჩულიძესთანაც, იმიტომ რომ ერთადერთი რეალური მოწმე ჩემი შვილის საქმეში ოთარ თენეიშვილი, რომელიც არასაიმედო მოწმედ მიიჩნიეს, მან დაკითხა. დაკითხვა იქვე, მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მოხდა. თენეიშვილი ამბობს, რომ მისი დაკითხვა არც უნდოდათ და მან თავად იაქტიურა, რომ დაეკითხათ.


აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ სასამართლოზე მას დამატებით კითხვები დაუსვეს, სადაც ისაუბრა, რომ დაინახა, როგორ დააგდეს იარაღი ავტოფარეხის სახურავზე და ა.შ. ამის შემდეგ მას ჰკითხეს, რატომ არ თქვა ეს ყველაფერი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში, რაზეც განაცხადა, რომ იმ დროს მისთვის ეს კითხვები არ დაუსვამთ და რაც ჰკითხეს, იმაზე უპასუხა", - ამბობს გამცემლიძე.


„მათ სურდათ, თენეიშვილი ამოეგდოთ როგორმე საქმიდან, რადგან თენეიშვილი ამტკიცებდა, რომ მკვლელობა ეზოში არ მომხდარა და გიორგი გადმოვარდნილია სახურავიდან. მაშინდელ პროკურატურას კი შემთხვევის ადგილის გაყალბება სურდა. ამტკიცებდნენ, რომ მკვლელობა ეზოში მოხდა. ეს იმიტომ, რომ გამართლება ჰქონოდა პოლიციელის მხრიდან იარაღის სროლის ფაქტს, ამისთვის მათ ბნელი ადგილი სჭირდებოდათ. გარეთ, ქუჩა ყველამ ვიცით, რომ განათებულია, ამტკიცებდნენ, რომ ეზოში ბნელოდა. თუმცა თენეიშვილი იმასაც ამბობს, რომ რეალურად ეზოც განათებული იყო, ასე რომ, პოლიციელ აბუაშვილს, რომელმაც გიორგის ესროლა, იარაღი არც ეზოში უნდა ამოეღო", - ამბობს გულიკო გამცემლიძე.


გამცემლიძის ინფორმაციით, თენეიშვილის დამუშავებას აქტიურად ცდილობდნენ, რომ მას სასურველი ჩვენება მიეცა. რესპონდენტი აღნიშნულში მისი შვილის საქმის პროკურორს ჯონი მაჭარაშვილს ადანაშაულებს და „პრაიმტაიმთან" საუბარში ერთ-ერთი სასამართლო სხდომიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს იხსენებს.


„ერთ-ერთ სხდომაზე თენეიშვილმა პირდაპირ მიმართა მაჭარაშვილს, განა თქვენ არ მითხარით, რომ ეს ასე უნდა ვთქვა?


მაჭარაშვილი ერთხელ მაკდონალდსში შემხვდა შვილებთან ერთად, სადაც გიორგის ბავშვი მყავდა მიყვანილი. ლუკმა ყელში გაეჩხირა, რომ დამინახა", - ამბობს გამცემლიძე.


გულიკო გამცემლიძემ „პრაიმტაიმთან" მოსამართლეებზეც ისაუბრა. გარდაცვლილის დედა იხსენებს, რომ სასამართლო პროცესების განმავლობაში ერთადერთი ადამიანი ვისგანაც თანაგრძნობას ხედავდა, პირველი ინსტანციის მოსამართლე ეკა გაბრიჩიძე იყო, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად გაბრიჩიძე იმას აკეთებდა, რასაც ავალებდნენ. საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად კი კონკრეტული ფაქტის შესახებ გვიყვება:


„ვგრძნობდი, რომ გაბრიჩიძე ადამიანურად შეწუხებული იყო, უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა. პირველი სასამართლოს შემდეგ ინტერვიუ მივეცი, მაშინ ეკა გაბრიჩიძემ დაურეკა ჩემს ადვოკატს და უთხრა: „დიდი მადლობა, რომ არ მახსენეთ, თქვენ იცით, რომ მე სხვა შესაძლებლობა არ მაქვს",- თქვა, რომ ვერაფერს შეცვლიდა, იმიტომ რომ ასეთი სისტემა იყო. სხვათა შორის ლევან ბაჩიაშვილია მისი მეუღლე, რომელიც ახალაიას საქმის პროკურორია, თავდაპირველად გამიკვირდა ეს რომ შევიტყვე, შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გაბრიჩიძეს ნამდვილად ჰქონდა ჩემ მიმართ თანაგრძნობა", - ამბობს გამცემლიძე.


გულიკო გამცემლიძე დარწმუნებულია, რომ მის შვილს განზრახ ესროლეს და პოლიციელ აბუაშვილს ტყვია შემთხვევით არ გავარდნია.


„აბუაშვილი, რომელმაც ჩემს შვილს ესროლა, პირველად ადგილზე დავით ჩხოტუამ დაკითხა, სადაც ჩხოტუას უთხრა, რომ გიორგის იცნობდა. ჩხოტუა დღეს ამბობს, რომ ეს მართლაც უთხრა აბუაშვილმა, მაგრამ განმარტავს, რომ ეს ნაცნობობა გამომდინარეობს იქიდან, რომ გიორგის სწრაფი სიარული უყვარდა და აქედან ჰყავდა შემჩნეული აბუაშვილს.


მე კი მაქვს ძველი ჩანაწერი, სადაც ჩხოტუა მეუბნება, რომ აბუაშვილი ადასტურებს გიორგისთან ნაცნობობას, რომელსაც მეგობრულ ნაცნობობას ვერ დაარქმევ, რაღაც პირადული ჰქონდათო ამბობს. საერთოდ გიორგი არ იყო კონფლიქტური, აბუაშვილზე კი პოლიციაში ამბობენ, რომ იმპულსური იყო. ასე რომ, მას, ალბათ, ჰქონდა რაღაც პირადული გიორგისთან", -  ამბობს გულიკო გამცემლიძე.


2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის გახმაურებული საქმე, როგორც აღმოჩნდა, ნაკლებად ახსოვს მაშინდელი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელს და ახლა უკვე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ვაჟა ფანჩულიძეს. „პრაიმტაიმმა" მასთან ინტერვიუს ჩაწერა სცადა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განგვიცხადეს, მას ამ საქმეში ნაკლები ჩართულობის გამო დეტალები არ ახსოვს.


„როგორც ვიცი ძალიან მცირედით იყო ჩართული ამ საქმეში. მას არ სურს ამ საკითხზე საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ბევრი წლის წინ... არ არის გასაკვირი, რომ არ ახსოვს კარგად. ის უკვე აღარ მუშაობს იმ უწყებაში და შესაბამისად, არ შეუძლია, რომ პასუხი გაგცეთ.


- რას ნიშნავს ნაკლები შემხებლობა ჰქონდა?


- არ ვიცი, ჰქონდა გარკვეული შემხებლობა, მაგრამ მნიშვნელოვანი არა. შეგიძლიათ იმასთან გაარკვიოთ, ვინც ახლა არის ჩართული ამ საქმეში, ბატონი ვაჟა რამდენად იყო ჩართული ამას რა მნიშვნელობა აქვს ვერ ვხვდები", - განაცხადა თეა გოცაძემ.


თამარ ივანიაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016