reportiori.ge - გია ბურჯანაძე – „ლიმონას“, იგივე ილო დევდარიანის შესახებ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:07
პრეს-დაიჯესტი
გია ბურჯანაძე – „ლიმონას“, იგივე ილო დევდარიანის შესახებ!
ავტორი:
16 აპრილი, 2015. 11:06


მსახიობი გია ბურჯანაძე, იგივე ლიმონა (ილო დევდარიანი) მხატვრული ფილმიდან „თეთრი ბაირაღები" („საბრალდებო დასკვნა") დღევანდელ კრიმინალურ სიტუაციაზე, სასჯელაღსრულების სისტემასა და სამართლიანობის აღდგენაზე გვესაუბრება.

 

- ბატონო გია, გიგა ორთქიფანიძემ თქვენი რომელი თვისების გამო მიგიწვიათ ქურდი ლიმონას როლზე?


- მას ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ როლი, რომელსაც ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა, შემდეგ მე მეთამაშა. მოკლედ, ლიმონას როლი თეატრში მეღვინეთუხუცესმა შეასრულა, ხოლო - კინოში - მე, და პირიქით - გიორგი პირველი კინოში მეღვინეთუხუცესმა განასახიერა, თეატრში - მე.


- ფილმის მიხედვით, როგორი იყო კომუნისტების დროინდელი ციხე? შეადარეთ სააკაშვილის მიერ შექმნილ ციხის სიტუაციას.

 

- კინოში ნაჩვენები ციხე მწერლის შემოქმედების ნაყოფია და, რეალურად, მსოფლიოში არ არსებობს. ასეთ ციხეში, თუნდაც, 6 თვით, სიამოვნებით ჩავჯდებოდი ისეთ კარგ ადამიანებთან ერთად, რომლებიც კინოში არიან წარმოდგენილნი. სამ გმირს ამ ფილმიდან რეალურადაც ვიცნობდი - ზაზა ნაკაშიძეს, იგივე ნოდარ დუმბაძეს, როსტომ ამილახვარს, იგივე როსტომ ბარათაშვილს, რომელიც ჩემი მეგობრების პაატა და ნუკრი ბარათაშვილების მამა იყო. ასევე ლიმონას - კაკო დევდარიანს, რომლის პროტოტიპიც რეალურ ცხოვრებაში ჩემი მეგობრის მამა გახლდათ (მოკლეს 1963 წელს. „ტირგანაც" რეალური გმირი იყო, მაგრამ მის ბიოგრაფიაზე არსებობს რამდენიმე ვერსია).


ილო დევდარიანს არც ისეთი რბილი ხასიათი ჰქონდა, როგორსაც კინოში ვხედავთ, სერიოზული კაცი იყო, არც ისეთი თბილი და მოსიყვარულე. ნოდარ დუმბაძე მასზე წერს, „მჟავე" ხასიათი ჰქონდაო, მაგრამ ისეთი „მჟავე" ხასიათი, მტრისას. ვიცნობდი მის მეუღლესაც, ციალა დეიდას - საწყალი, ისიც გარდაიცვალა.


ახლა, კონკრეტულად, ციხეზე მოგახსენებთ. კომუნისტების პერიოდის ციხე ზუსტად ისეთივეა, როგორიც დღევანდელი. რაც შეეხება სააკაშვილის პერიოდის ციხეს, ის სულ სხვა რამ იყო... სააკაშვილის სისტემამ ადამიანებს არამარტო თავისუფლება აღუკვეთა, არამედ საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებად აქცია. ართმევდნენ ქონებას, შემდეგ - ღირსებას. ვინც არ ემორჩილებოდა, კლავდნენ. საკმარისია სერგო თეთრაძის მაგალითი, ამიტომ ვამბობ - რაც სააკაშვილმა შექმნა, სასჯელაღსრულების სისტემა კი არა, სადამსჯელო ორგანიზაცია იყო. სსრ კავშირის დროს მძიმე დანაშაულისთვის პატიმრებს ციხეებში - „ბელი ლებედში" ან „ჩორნი დელფინში" ამწესებდნენ. იქ მათ მართლაც არაადამიანურად ექცეოდნენ, აწამებდნენ, მაგრამ ღირსებასა და პატივს არ ჰყრიდნენ. მაგალითად, მერაბ კოსტავა ვერ გატეხეს. სააკაშვილის სასჯელაღსრულების სისტემას რუსეთში არსებულ ამ ციხეებს ვერც შევადარებ.


მიკვირს, როცა ამბობენ, მიშა ან ვანო ხომ არ აუპატიურებდნენო... საკონცენტრაციო ბანაკებში არც ჰიტლერი ან, თუნდაც, ეჟოვი აწამებდნენ ხალხს პირადად, მაგრამ აწამებდნენ მათ მიერ შექმნილი ზონდერბრიგადები და სისტემა! ამიტომ, ხმამაღლა ვამბობ - სააკაშვილის შექმნილი ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს! ვერ გამიგია, ამდენი საშინელების ჩამდენ ადამიანებს, რატომ უნდა ერქვათ ხალხის რჩეულები?


აბა, ნიურნბერგის პროცესი არ ჩატარებულიყო და არ გამომჟღავნებულიყო ნაცისტების დანაშაულები, რა მოხდებოდა. გერმანიაში ნეოფაშისტები ახლაც არიან, მაგრამ თავიანთი მისწრაფებების ხმამაღლა გაჟღერების ეშინიათ, იციან, რომ კანონით აკრძალულია და დაისჯებიან. ამათ რატომ არ ვსჯით, ხელს ვინ აფარებს?


- ზაზა ნაკაშიძეც უდანაშაულოდ იჯდა ციხეში...


- ყველა დროის ციხეში იჯდა უამრავი უდანაშაულო ზაზა ნაკაშიძე. ბევრმა ქვეყანამ ამიტომაც გამოაცხადა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. ყოფილა შემთხვევები, ადამიანი სიკვდილით დაუსჯიათ, ხოლო წლების შემდეგ დაუდგენიათ, რომ უდანაშაულო ყოფილა. მომხრე ვარ, დამნაშავეებს 25 წელი მიუსაჯონ, თუნდაც - უვადო პატიმრობა და არა სიკვდილით დასჯა! შეიძლება, მოხდეს სასწაული და მძიმე დამნაშავედ მიჩნეული ადამიანი გამართლდეს. ყოფილა ამის მაგალითები. თანამედროვე მსოფლიოში სიკვდილით დასჯა სულ რამდენიმე სახელმწიფოშია - ამერიკასა და ჩრდილო კორეაში.


- გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კრიმინალი გაიზარდა...


- დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც კრიმინალებს ხელს აფარებს, თვითონ სჩადის კრიმინალს. ერთ დღეს რომ გავგიჟდე, ქუჩაში გავიდე და ვიღაც გავლახო, ხომ დამიჭერენ - მაგრამ რა ნამუსით უნდა დამიჭირონ, როცა ხელისუფლებაში ჰყავთ ის ადამიანები, რომლებსაც მსგავსი დანაშულები აქვთ ჩადენილი?! ერთსა და იმვე დანაშაულს არასახელმწიფოებრივად რატომ უდგები, რატომ იწვევ ანარქიას? დღევანდელმა ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობა თუ არ დასაჯა, დანაშაულები ისევ გაგრძელდება. როგორ შევეგუოთ იმას, რომ დამნაშავენი, რომლებიც ჩემი და თქვენი ჯიბიდან ხელფასს იღებენ, თავისუფლად დადიან და იმ უბნის კაფეებში სხედან, რომელსაც გამუდმებით აძაგებდნენ. არ გახსოვთ, სააკაშვილი რომ ყვიროდა, ქვეყანა ვერა-ვაკიდან იმართებოდაო - მიპასუხეთ, ამ ვერა-ვაკეზე ახლა რატომ გიჟდებით, მაინცდამაინც აქ რომ გინდათ ყველას სახლების აშენება და ამ უბნის კაფეებში ჯდომა?!


არც იური ვაზაგაშვილს, არც ბესო ხარძიანს ვაჟკაცობა არ აკლდათ, რომ დამნაშავეებს პირადად გასწორებოდნენ, მაგრამ სახელმწიფოს მოსთხოვეს სამართლის აღსრულება და ამას შეეწირნენ კიდეც. 52 ათასი საქმეა შემოსული და ვერ ავუდივართო, 52 საქმე მაჩვენე, რომელზეც სამართალი აღასრულე!


- „თეთრი ბაირაღების" ერთ-ერთი გმირი სახელმწიფო თანხების გაფლანგვაზე ზის...

 

- ახლა ჯოკია ბოდიკია და ვიღაც გამგებელი დაიჭირეს, მაგრამ მთავარი სულ სხვაა - როცა 1 500 ლარი ხელფასი, პლუს სამჯერ მეტი დანამატი არ გყოფნის და კიდევ იპარავ (მაშინ, როდესაც პენსია 150 ლარია), უნდა წახვიდე! არ გინდა 1 500 ლარზე მუშაობა? წადი, შენს ადგილზე სხვა მოვა! თეატრში 800 ლარი რომ მაქვს ხელფასი, ან უნდა შევეგუო, ან უნდა წავიდე. მოსაპარი აქ არაფერია და, თუ მაინც მოვიპარე, არ უნდა დამსაჯო? უნდა დამსაჯო, მაგრამ რატომ არ სჯი ნაციონალებს, რომლებიც წლების განმავლობაში ბიუჯეტში ხელებს აფათურებდნენ? აი, ეს არის უსამართლობა. ხომ წარმოგიდგენიათ, ერთი პოლიტპატიმრის საქმე, რომელმაც სამართლიანობის აღდგენა ითხოვა და დოკუმენტაცია წარადგინა, ისევ იმ პროკურორს დააწერეს, რომელმაც ის დაიჭირა.

 

- „თეთრ ბაირაღებში" ცალკე გამოკვეთილია ქართველი დედის სახე, რომელზედაც დღეს შეურაცხმყოფელ ტექსტებს წერენ ახალგაზრდა მწერლები.


- დღევანდელი ახალგაზრდა მამაკაცების 60 პროცენტი მარტო საკუთარ დედებზე და კეთილებზე იგნება, ჯერ თავიანთ ლექსიკას მიხედონ და მერე ილაპარაკონ. ის მწერლებიც იმიტომაც არსებობენ, რომ არსებობენ ასეთი გაფუჭებული ლექსიკის ადამიანები! რადგან ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ, ყველას მივმართავ - ერთმანეთის მიმართ ძალიან „გავცივდით", ამიტომ გირჩევთ, იკითხეთ მისი ნაწარმოებები, ურთიერთობების დარეგულირებაში ნამდვილად დაგვეხმარება.


- ბოლო პერიოდში ციხეში თუ შესულხართ?

 

- ორჯერ ვარ დაპატიმრებული, ადმინისტრაციული წესით დამსაჯეს.


- ეთანხმებით გამოთქმას, რომ ციხე შიგნიდან ტყდება?

 

- ეს ანდაზა პენიტენციალურ სისტემაზე არ არის, ციხე-სიმაგრეზეა, რომელსაც იცავენ და მათში მოღალატე აღმოჩნდება. რასაც, ზოგადად, ციხე ჰქვია, ის არ ტყდება, უბრალოდ, ფეთქდება! სსრ კავშირის დროს ციხეებში ბუნტები ხდებოდა, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმა პატიმრები ისე დაჩაგრა, ერთი ბუნტიც არ მოუწყვიათ - ვითომ ორთაჭალაში იყო ბუნტი, მაგრამ ისიც ამათივე პროვოცირებული!


ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016