reportiori.ge - ექსპერტის სკანდალური აღიარება - ზურაბ ჟვანიას სხეულში კარბოქსინ-ჰემოგლობინის სასიკვდილო დოზა არ ყოფილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:00
პრეს-დაიჯესტი
ექსპერტის სკანდალური აღიარება - ზურაბ ჟვანიას სხეულში კარბოქსინ-ჰემოგლობინის სასიკვდილო დოზა არ ყოფილა
ავტორი:
16 აპრილი, 2015. 16:20


დამთავრდეს გამოძიება და ყველაფერს გაეცემა პასუხი


რამდენიმე კვირის წინ საქალაქო სასამართლომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა გაამართლა, მას პროკურატურა გარდაცვლილთა გვამებზე არსებული სავარაუდო დაზიანებების არაზუსტ აღწერასა და სამედიცინო ექსპერტიზის გაყალბებას ედავებოდა, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის ბრალდება და ჩიჩუა უდანაშაულოდ ცნო.


პრემიერ-მინისტრის საქმეში არის კიდევ ერთი ექსპერტი, რომელიც პროკურატურამ ხელახალი გამოძიების დროს დაკითხა, ჩვენება საქმეში დევს, თუმცა ის ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. საუბარია ჟვანიას საქმის ერთერთ ექსპერტზე მარიამ ავალიძეზე, რომელმაც ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის სისხლში კარბოქსინ-ჰემოგლობინზე, მაშინ მარიამ ავალიძემ ჟურნალისტებს კვლევის შედეგები რეკორდულ დროში ნახევარ საათში აცნობა, პრემიერ-მინისტრის საქმეზე განცხადება, სახელმწიფო ექსპერტმა, როგორც ოფიციალურმა პირმა, ვანო მერაბიშვილის შემდეგ გააკეთა. ექსპერტი ნახშირბადმონოქსიდით, იგივე ცეოთი, მოწამვლის შესახებ საუბრობდა და გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ამყარებდა. პრემიერ-მინისტრისა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების დღეს ექსპერტიზის ბიუროს, ბიო-ჰემატოლოგიური განყოფილების უფროსმა მედიასთან კომენტარი შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის პრესსამსახურის უფროსის, გურამ დონაძის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ გააკეთა. ექსპერტ მარიამ ავალიძის ინტერვიუ ჟვანიას ოჯახისთვის და ახლობლებისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა. „დაბნეული ექსპერტი" - ამ სათაურით მოხვდა მარიამ ავალიძის განცხადება ჟურნალისტ ვახო კომახიძის ფილმში „ტყვიის გარეშე". მარიამ ავალიძეს ამ შეფასებებისთვის და მის წინააღმდეგ მაშინ გაკეთებული განცხადებებისთვის არ უპასუხია. სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს წამყვანი სპეციალისტი დუმილს 10 წლის შემდეგ არღვევს და პირველად „პრაიმტაიმთან" სენსაციურ განცხადებას აკეთებს. მარიამ ავალიძე აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას ორგანიზმში კარბოქსინ-ჰემოგლობინის დონე ლეტალური რაოდენობის არ ყოფილა. ის ამბობს, რომ მაშინ ჟურნალისტებთან ზოგადი კლინიკური ანალიზი გააკეთა, რაცა საზოგადოების მხრიდან არასწორად იქნა აღქმული. ჩვენთან საუბარში ექსპერტი კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მარიამ ავალიძის თქმით, მის მიერ დადებული ლაბორატორიული კვლევები ფედერალური ბიუროს მიერ შეერთებულ შტატებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებისგან განსხვავდება.


მარინა ავალიძე დღემდე მუშაობს ლევან სამხარაულის ბიოჰემატოლოგიურ ლაბორატორიაში და ამ დარგის წამყვანი სპეციალისტია. ის დასთან ერთად თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობს. ექსპერტს სახლში ვესტუმრეთ და პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმის დეტალებზე საუბარი ვთხოვეთ. ავალიძე კატეგორიულად არ საუბრობს მის მიერ ჟვანიას საქმეზე მიცემული ახალი ჩვენების დეტალებზე.

 

- ქალბატონო მარიამ, როგორც ვიცით, პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ფაქტზე განახლებული გამოძიების მიერ დაიკითხეთ პროკურატურაში...


- მე ამ თემაზე არ ვისაუბრებ. მიმართეთ საგამოძიებო ორგანოს და იქიდან მიიღეთ ინფორმაცია.


- შეგიძლიათ, გაიხსენოთ 2005 წლის 3 თებერვალი. ის დღე, როცა თქვენ ჟურნალისტებთან გააკეთეთ ძალიან დაბნეული და ბუნდოვანი განცხადება? რით იყო ეს გამოწვეული?


- ამოჭრეს რაღაც-რაღაცები. რაც საჭირო იყო, ის არ გაუშვეს.


- ვინ ამოჭრა?


- არ ვიცი, ვერ გეტყვით.


- რატომ მოგიწიათ მაშინ მაინცდამაინც თქვენ კომენტარის გაკეთება და ისიც ასე ნაჩქარევად?


- ვის უნდა გაეკეთებინა, აბა? მე ჩავატარე კვლევები და გავაკეთე კომენტარი. და რა ვთქვი მე იქ ისეთი?


- როგორ, თქვენ ხომ ისაუბრეთ სისხლში ცეოს პროცენტულ რაოდენობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პრემიერის ორგანიზმში აღმოჩნდა?


- პროცენტებსა და ციფრებზე არ მისაუბრია. ზუსტად არ იცით, ეტყობა, და ეგ არის პრობლემა. მე ვთქვი, რომ იქ აღმოჩნდა რაღაც წინასწარი მონაცემებით და შემდგომ დადგინდება-მეთქი.


- დღესაც იგივეს ფიქრობთ, რაც 10 წლის წინათ თქვით?


- იცით, რა არის? იმ კვლევით მასალაში, რაც წარმოგვიდგინეს და რაც გამოვიკვლიეთ, იყო კარბოქსინ-ჰემოგლობინის ის რაოდენობა, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ. სხვათა შორის, ფედერალურმა ბიურომ რომ გადაამოწმა იგივე მასალა, რომელიც იქნა წაღებული, უფრო დიდი რაოდენობით ნახა კარბოქსინ-ჰემოგლობინი, ვიდრე აქ ჩვენ.


- შეიძლება ეს გაყალბებულიყო?


- ჩვენთან ყველანაირი სტანდარტი იყო დაცული. ყველა მასალა, რაც ამოვიღეთ, ხელმოწერით იქნა დადასტურებული, რაც ჩვენგან წაიღეს. დანარჩენი კი არ ვიცი, იქ რა და როგორ იყო.


- თქვენ რატომ გაასაჯაროეთ ასე სწრაფად ეს ინფორმაცია? კვლევებს ხომ რაღაც დრო სჭირდებოდა?


- იმ მონაცემებით, რაც მე მქონდა, ნახევარ საათში დგინდება, არის თუ არა სისხლში კარბოქსინ-ჰემოგლობინი. მე ეს ვთქვი მხოლოდ, რომ ეს იქნა აღმოჩენილი. რაოდენობა და პროცენტები მე არ მითქვამს, ეს იმის ბრალია, რომ რაღაც-რაღაცები მოხდა. ამიტომ იყო, რომ ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა ჩემს განცხადებას.


- ანუ თქვენ არ გისაუბრიათ პროცენტულ რაოდენობაზე რაც ჟვანიას ორგანიზმში იყო?


- არა მე არ მითქვამს. მე ვისაუბრე, უბრალოდ, კლინიკურ სურათზე სისხლში კარბოქსინ-ჰემოგლობინის. დასაშვებ ნორმებზე, უბრალოდ, ზოგადად ვისაუბრე. მე არ მითქვამს და არ მიხსენებია სასიკვდილო დოზა. რა უფლება მქონდა, მეთქვა.


- სასიკვდილო დოზა არ ყოფილა?


- არა, არ ყოფილა და არც მე მითქვამს.


- თუ გახსოვთ, ვინ გთხოვათ,გამოსულიყავით და კომენტარი გაგეკეთებინათ?


- არ ვიცი, არ მახსოვს.


მართალია, მარიამ ავალიძემ თავად ვერ ან არ გაიხსნა, როგორ მოხვდა კამერებთან, მაგრამ, სანამ ქალბატონ მარიამს შევხვდებოდით, მისი და ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ბუნდოვანი განცხადებები სიჩქარით იყო გამოწვეული. კერძოდ კი, მარიამ ავალიძის დის ინფორმაციით, ექსპერტს აიძულებდნენ ჟურნალისტებთან გასვლას. თუმცა, ვინ აიძულებდა, ეს დალი ავალიძისთვისაც უცნობია.


- ქალბატონო დალი, არ ფიქრობთ, რომ თქვენი დის მიერ გაკეთებული კომენტარი ბუნდოვანი იყო?


- იქ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ჩქარა, ჩაქრა... აბა, გაატანეთ ახლა საზღვარგარეთ და როდის მოვა პასუხები... აქ კი, ჩქარა, ჩქარა და აი, მაგიტომაც იყო. მე სხვა არაფერი ვიცი. დამთავრდეს გამოძიება და ყველაფერს გაეცემა პასუხი.  


ვინ ახდენდა ზეწოლას ექსპერტზე და რატომ უარყოფს დღეს მარიამ ავალიძე 10 წლის წინათ გაკეთებული განცხადების შინაარსს და რატომ ფიქრობს, რომ მისი ინტერვიუ ჟურნალისტების მიერაა დამახინჯებული. ამ კითხვებს პასუხს, სავარაუდოდ, პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება გასცემს. სადაც ნათელი მოეფინება სახელმწიფო ექსპერტის მიერ გამოთქმულ ეჭვებს მისი სიტყვების დამახინჯებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ ფედერალური ბიუროს დასკვნას, რომელშიც თბილისის ლაბორატორიისგან განსხვავებული მონაცემები დაფიქსირდა და ჟვანიას სისხლში გაზრდილი იყო კარბოქსინ-ჰემოგლობინის პროცენტული რაოდენობა, თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ ეს კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ „ეფბიაის" ორაზროვან დასკვნას. ამ დასკვნაში, ერთი მხრივ, საქართველოს მაშინდელი მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებენ, მეორე მხრივ კი, საბურთალოს კონსპირაციულ ბინაში მათივე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, დადგინდა, რომ პრემიერ-მინისტრისა და გუბერნატორის მოადგილე ნახშირბად-მონოქსიდით არ უნდა გარდაცვლილიყვნენ, რადგანაც ოთახში ჟანგბადის რაოდენობა 20 პროცენტიდან 18 პროცენტამდე დაეცა, რაც ლეტალურ შედეგს ვერ გამოიწვევდა - სიკვდილს 10 პროცენტის ქვევით დაცემა იწვევს.

 

ირაკლი მამალაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016