reportiori.ge - ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე: ვიმეორებ, რომ არა ვახტანგ გომელაური, შალვას ჩაცხრილავდნენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:03
პრეს-დაიჯესტი
ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე: ვიმეორებ, რომ არა ვახტანგ გომელაური, შალვას ჩაცხრილავდნენ!
ავტორი:
17 აპრილი, 2015. 12:44


 

„გამოდის, რომ შსს-მ ეს განცხადება ექსპერტიზის დასკვნამდე გააკეთა... წინასწარ რატომ გამოაცხადეს შალვა აბულაძე თბილისში ჩადენილი მკვლელობის ავტორად?"


ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძესთან დაკავშირებით მრავალი კითხვის ნიშანი დარჩა და დღემდე მათზე პასუხი არავის გაუცია. აბულაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ადვოკატის, ავთანდილ ჩუბინიძის მიერ გავრცელებულ ახსნა-განმარტებაში აცხადებს, რომ მას ეს ყველაფერი მოუწყვეს, პოლიციელები, ბორჯომში გიორგი მახარაშვილი და თბილისში ბექა მარგიშვილი სხვამ მოკლა, ორივე პოლიციელი ერთსა და ამავე, „გლოკის" ტიპის იარაღით არიან მოკლულნი, რომელიც მას ბორჯომში აყვანის ოპერაციისას, თავშესაფარში ჩაუდეს.


მოკლედ, გამოდის, რომ პოლიციამ აბულაძეს „გლოკი", დანაშაულის უტყუარი მტკიცებულება, ჩაუდო და ამით ორი მკვლელობა „შესტენა". აბულაძე ასახელებს მისი დაჭერის მოსურნესაც - ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს, რომელიც, აბულაძის თქმით, მთელ ამ პროცესს პოლიციის მეშვეობით აკონტროლებდა. თუმცა, აქ ერთი ფაქტორი ნამდვილად არ მეტყველებს მის სასარგებლოდ. როცა ბორჯომში პოლიციელი გიორგი მახარაშვილი მოკლეს და მეორე, გიორგი ბერუაშვილი გადარჩა, სწორედ ბერუაშვილის ჩვენების საფუძველზე გამოცხადდა ძებნა შალვა აბულაძეზე და მასზე სამართლებრივი დევნაც იანვარში დაიწყო. თუ მამუკა ხაზარაძეს ან ნებისმიერს, შალვა აბულაძის გაწირვა, მისი დიდი ხნით ციხეში გასტუმრება ჰქონდა განზრახული, ამისთვის ბორჯომში მოკლული და დაჭრილი პოლიციელების ფაქტი არ იკმარებდა? აბულაძეს ხომ ამ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, გარანტირებული ჰქონდა სამუდამო პატიმრობა და ეს სამართლებრივად ბევრს არაფერს ცვლის?  რაღაც ვერ ჯდება ლოგიკაში ის ვერსია, რომ ეს მეორე მკვლელობა იმიტომ მოხდა, რომ შალვა აბულაძე ციხეში გაესტუმრებინათ. საერთოდ, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთი ან მეორე დანაშაული იყო შეკვეთილი მკვლელობა მხოლოდ იმიტომ, რომ აბულაძე ხანგრძლივად გაეშვათ ციხეში, არადა, აბულაძე სწორედ ამას აცხადებს.


თუ პოლიციას აბულაძის „გასროკვა" ჰქონდა განზრახული, მაშინ, დავუშვათ, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებას ჩაუდებდნენ, ჩადებაც არ არის საჭირო, დააკავებდნენ, მერე მისი თითების ანაბეჭდებს გადაიტანდნენ ნარკოტიკებით სავსე პაკეტზე, რისი დიდი გამოცდილებაც აქვს ჩვენს პოლიციას და აბულაძეს ნამდვილად გაუჭირდებოდა იმის დამტკიცება, მისი თითების ანაბეჭდი როგორ მოხვდა პაკეტზე და რომ ის ნარკოტიკი მას არ ეკუთვნის. მორჩა, აბულაძეს ნარკოტიკების შეძენა-გადატანა-შენახვის და ნარკორეალიზატორობის ბრალდებით მინიმუმ, 20-25 წლით გაუშვებდნენ ციხეში.


თუ მამუკა ხაზარაძეს შალვა აბულაძის თავიდან მოშორება უნდოდა პოლიციის მეშვეობით, რასაც აბულაძე აცხადებს, მისთვის უფრო იოლი არ იქნებოდა, თავად შალვა აბულაძის მკვლელობა შეეკვეთა და ორი უდანაშაულო პოლიციელი არ მოეკლათ?


„ალია" ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად შალვა აბულაძის ადვოკატს, არჩილ ჩუბინიძეს ესაუბრა:


- ბატონო არჩილ, შალვა აბულაძე ცალსახად უარყოფს პოლიციელთა მკვლელობებს და მიანიშნებს, რომ ისინი თავად პოლიციამ დახოცა და აცხადებს, რომ ეს ორი მკვლელობა  შეტენეს", ანუ პოლიციამ თავად შეუკვეთა ეს მკვლელობები ჩემს „გასაჭედადო". ძალიან მძიმე და უსაფუძვლო ბრალდება ხომ არ არის პოლიციისთვის?


- დიახ, შალვა აბულაძე ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო მოწყობილი. მას ამის სათქმელად ბევრი მიზეზი აქვს და მათ შესახებ ყველამ იცის - მამუკა ხაზარაძე ებრძოდა აბულაძეს სწორედ პოლიციის მეშვეობით. ბორჯომშიც და თბილისშიც ორივე პოლიციელი „გლოკის" სისტემის პისტოლეტიდანაა მოკლული, „გლოკით" კი სწორედ პოლიციაა შეიარაღებული.

 

- გასაგებია, მაგრამ, თუ პოლიციის შეკვეთილია ეს მკვლელობებიც და მკვლელიც პოლიციელია, სწორედ რომ „გლოკის" პისტოლეტს არ გამოიყენებდნენ, პოლიციას კვალის ასარევად არ გაუჭირდებოდა სხვა, ნებისმიერი ტიპის იარაღის შოვნა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ თუ მოინდომე, შავ ბაზარზე, იარაღს კი არა, ატომურ ბომბსაც კი იშოვი, „გლოკის" შოვნა აბულაძეს დიდად არ გაუჭირდებოდა.


- კი, საგულისხმო არგუმენტია, მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს არ გააკეთეს და „გლოკი" გამოიყენეს, ანუ კვალი დატოვეს. რატომ უნდა ვიფიქროთ მაინცდამაინც, რომ, თუ ეს დანაშაულები მართლა პოლიციის დაგეგმილი და ჩადენილია, ძალიან წინდახედული და დიდი გონების ადამიანი იყო ამის დამგეგმავი? რამდენი დანაშაულია ჩადენილი, რომლის დროსაც, მის დამგეგმავსა თუ შემსრულებელს, ელემენტარული შეცდომები დაუშვიათ? ზოგს დანაშაულის ადგილას პასპორტი დარჩენია, ზოგს კი დანაშაულს იარაღი - დანა თუ პისტოლეტი. უარესი შემთხვევებიც ყოფილა და ნუ ვიტყვით, რომ პოლიციელის მიერ პოლიციელთა „გლოკით" დახოცვა შეუძლებელი იყო. რაც შეეხება შალვაც აბულაძის მიერ „გლოკის" შეძენას, კი, რომ მოენდომებინა, ამას, ალბათ, მოახერხებდა, მაგრამ ეს არაფერში სჭირდებოდა.


- კარგით, ყველაფერი ხდება, მაგრამ ამ ვერსიას ვერ გავიზიარებ, რა ვქნა, ბევრად უფრო გონიერი ხალხი მეგულება პოლიციაში. დავუშვათ, ეს ყველაფერი მოუწყვეს შალვა აბულაძეს. კი მაგრამ, მის ციხეში ჩასასმელად და სამუდამო პატიმრობის მისასჯელად, ბორჯომში მომხდარი დანაშაული არ იკმარებდა? აბულაძეს ბრალი ხომ ჯერ კიდევ იანვარში, პოლიციელ გიორგი მახარაშვილის მკვლელობისთვის წაუყენეს და მეორემ, დაჭრილმა და გადარჩენილმა მისმა მეწყვილემ, გიორგი ბერუაშვილმა თავდამსხმელში აბულაძე ამოიცნო და მისი ჩვენების საფუძველზე გამოცხადდა მასზე ძებნა. აბულაძეს სამუდამო პატიმრობა ისედაც ემუქრებოდა და თბილისში მოკლული პოლიციელი ბექა მარგიშვილი რატომღა გაიმეტეს? ამ მეორე მკვლელობით ბრალი მაინც არ დაუმძიმდებოდა აბულაძეს. მოკლედ, ბექა მარგიშვილის მკვლელობის მოტივი არ არსებობს.


- ეს უკვე ცოტა გაურკვეველი საკითხებია. ჩემთვის ძნელია იმის განსაზღვრა, რას ფიქრობს ბოროტი ადამიანი, როცა ის რაღაც დანაშაულს გეგმავს. მოგეხსენებათ, ერთი მკვლელობის შემდეგ გარკვეული პერიოდი გავიდა, თვე-ნახევარი, მაგრამ დიდი ინტენსივობით არ მიმდინარეობდა შალვა აბულაძის ძებნა-დაკავების ოპერაცია. აი, მეორე მკვლელობის შემდეგ კი, მთელი პოლიცია, თავის სპეცტექნიკითა და სხვა სპეცსაშუალებებით, ჩაერთო მის ძებნა-დაკავების ოპერაციაში, მთელ საქართველოს შალვა აბულაძის მეტი სალაპარაკო არაფერი ჰქონდა და საზოგადოება პოლიციისგან მოითხოვდა პოლიციელთა სერიული მკვლელის დაუყოვნებლივ დაკავებას. ხელისუფლებამ ღირსების საქმედ მიიჩნია მისი სასწრაფოდ დაჭერა და საქმე იქამდეც კი მივიდა, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც კი გააკეთა შალვას შესახებ განცხადება, როცა მის მიმართ პოლიციას ნულოვანი ტოლერანტობისკენ მოუწოდა, როცა ჯერ გარკვეულიც კი არ იყო, დამნაშავე იყო თუ არა ის.


კი, სამუდამო პატიმრობისთვის ერთი მუხლი, ერთი პოლიციელის მკვლელობაც საკმარისი იყო, მაგრამ, სავარაუდოდ, მეორე პოლიციელის მკვლელობა იმისთვის იყო საჭირო, რომ საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოეწვიათ, შესაბამისად, საზოგადოებას მოეხდინა ზეწოლა ხელისუფლებაზე და მთელი სამართალდამცავი სტრუქტურები, უზარმაზარი რესურსით, ჩართულიყვნენ შალვა აბულაძის ძებნა-დაკავების ოპერაციაში. გარდა ამისა, სწორედ მეორე მკვლელობის შემდეგ წარმოჩინდა შალვა სერიულ მკვლელად, ერთგვარ ურჩხულად, რომელიც დადის ქუჩაში და სრულიად უდანაშაულო პოლიციელებს ხოცავს. თბილისში განხორციელებული მკვლელობის შემდეგ კი ამ მიზანს მიაღწიეს. სავარაუდოდ, ასე იყო ყველაფერი.


- ექსპერტიზით უკვე დადასტურებულია, რომ ეს ორივე მკვლელობა ერთი და იგივე იარაღით, „გლოკით" არის ჩადენილი?


- კი, საქმეში რაც ექსპერტიზის დასკვნები ვნახე, იქ მითითებულია, რომ მკვლელობა ერთი და იგივე იარაღით არის ჩადენილი და ეს იარაღი ის „გლოკია", რომელიც შალვას სამალავიდან ამოიღეს, უკეთ, მას ჩაუდეს და მერე „იპოვეს". აქ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას მინდა მივაქციო ყურადღება.


ვარკეთილში პოლიციელი ბექა მარგიშვილი 4 აპრილს მოკლეს, მეორე დღეს, 5 აპრილს შსს უკვე განცხადებას აკეთებს, რომ ბორჯომსა და თბილისში პოლიციელები შალვა აბულაძემ დახოცა. ეს განცხადება გაკეთდა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე - ორივე მკვლელობა ერთი და იგივე იარაღით, „გლოკით" არის ჩადენილიო. მე მოგახსენეთ, რომ ექსპერტიზის დასკვნები ვნახე და იქ არც 4 და არც 5 აპრილით დათარიღებული ექსპერტიზა იმის თაობაზე, რომ ბორჯომსა და თბილისში მომხდარი მკვლელობები ერთი და იგივე იარაღით არის ჩადენილი, არ მინახავს. გამოდის, რომ შსს-მ ეს განცხადება ექსპერტიზის დასკვნამდე გააკეთა. კი, შემდგომში ეს დადასტურდა, მაგრამ წინასწარ რატომ გამოაცხადეს შალვა აბულაძე თბილისში ჩადენილი მკვლელობის ავტორად?


ესეც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც მიზანმიმართულ ქმედებასთან გვაქვს საქმე პოლიციის მხრიდან. თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიცია შეიცვალა ამ ხელისუფლების დროს? დამნაშავე ელემენტებით იყო სავსე და დღესაც არის, წინა რეჟიმის დროინდელი არაერთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციელი მუშაობს ამ სტრუქტურაში, მათი გვარ-სახელები მედიით ქვეყნდება და ეს ყველაზე უკეთ იმ ხალხმა იცის, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდა და დღეს ამაოდ მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავეთა, მათ შორის, პოლიციელთა დასჯას. ერთადერთი, მინისტრები იცვლებიან, მაგრამ სისტემა იგივე რჩება. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ სწორედ მინისტრ ვახტანგ გომელაურის უშუალო დამსახურებაა, რომ შალვა აბულაძის დაკავების ოპერაცია უსისხლოდ დასრულდა. ეჭვი მაქვს, რომ ამ სპეცოპერაციის მონაწილე გარკვეულ ძალებს სურდათ, ისიც ისეთივე სისხლიან სპექტაკლად ექციათ, როგორიც სააკაშვილის დროს მრავლად გვინახავს.


ამას მაფიქრებინებს, შალვა აბულაძე  რომ იმალებოდა, იმ შენობის კედელზე ავტომატის არაერთი ნატყვიარი, ავტომატის ჯერია მიშვებული და სავარაუდოდ, ერთი იარაღიდან. ვფიქრობ, აყვანის სპეცოპერაციისას ეს ვიღაცამ საგანგებოდ გააკეთა, შესაძლოა, იმისთვის, რომ იქნებ შალვასაც საპასუხო ცეცხლი გაეხსნა და მერე ადგილზე ჩაცხრილავდნენ. თუმცა, შალვა არც სროლას აპირებდა და არც სხვაგვარ წინააღმდეგობას, ის ჩაბარდა პოლიციას. ამ ფაქტს, სამალავის კედელზე ნატყვიარებს, გავარკვევთ, ძალიან საინტერესოა, რატომ გააკეთეს ეს, ვინ გასცა ბრძანება. ვიმეორებ,  რომ არა ვახტანგ გომელაური, შალვას ჩაცხრილავდნენ. აი, ეს შეიცვალა სასიკეთოდ, ამას ვერ უარვყოფ - ხალხის საჩვენებელ დახვრეტებს ბოლო მოეღო.

 

- თქვენ ერთ-ერთ კომენტარში განაცხადეთ, რომ შალვა აბულაძე არც ერთი მკვლელობისას დანაშაულის ადგილას არ ყოფილა. ჰყავს მოწმეები, რომ ამ დროს მართლა სხვაგან იყო? ეს მისთვის უკვე უტყუარი ალიბი იქნება იმის დასამტკიცებლად, რომ მკვლელობებს ვერანაირად ვერ ჩაიდენდა.


- ამასთან დაკავშირებით ვერ და არ ვისაუბრებ. თუმცა, ერთი რამე მინდა ვთქვა, თუ მე ახლა მარტო ვარ სახლში და ამის მოწმე არ მყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ახლა სირიაში ვარ და ხალხს ვხოცავ.


- გასაგებია, მაგრამ თუ მოწმე ან მოწმეებიც დაადასტურებენ, რომ თქვენ თბილისში იმყოფებოდით, როცა სირიაში ხალხს ხოცავდნენ, ეს უკვე ალიბი, ანუ თქვენი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებაა. ჰყავს ასეთი მოწმეები შალვა აბულაძეს?

 

- მოწმეები გვყავს თუ არ გვყავს, ამ ეტაპზე დაცვის ტაქტიკიდან არ გავახმაურებთ, რადგან მერე, შესაძლოა, ჩვენი მოწმეები ნარკომანები აღმოჩნდნენ, ან მამედოვივით ნარკორეალიზატორი, ანდა სხვაგვარი ზეწოლა მოხდება მათზე. თუ იმას ვამბობთ, რომ შალვა აბულაძეს მამუკა ხაზარაძე და გავლენიანი პოლიციელები ებრძვიან, ეს ყველაფერი მოსალოდნელია.


- ანუ გყავთ მოწმეები, ბატონო არჩილ, მგონი, მაინც გათქმევინეთ.

 

- მოდით, ასე ვიტყვი - ამ ეტაპზე არც უარვყოფ და არც დავადასტურებ ამ მოწმეთა არსებობას.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016