ბატონო ნორლანდ! საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის "აღიარებას", რომელიც პოლიტიკური (და არამარტო პოლიტიკური) იდიოტიზმის კლასიკური მაგალითია, შეფასება უნდა მისცეს არა მარტო საზოგადოებამ, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებმა!
ბატონო ელჩო, ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას შეერთებული შტატებისადმი, პირადად თქვენდამი და ბოდიში გვინდა მოგიხადოთ იმისთვის, რომ იძულებული ვართ, მოგმართოთ ერთი უხერხული შეკითხვით.
2011 წლის 26 მაისის ცნობილი მოვლენებიდან 26 თვის შემდეგ, ხელისუფლების ზენიტიდან მიმავალმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, „გულახდილად" მოეთხრო რუსთაველის პროსპექტზე მოწყობილი სასტიკი დარბევის შესახებ. ბატონი სააკაშვილისგან, რომლის ბოლოდროინდელი ქცევა პოლიტიკურ აგონიას ემსგავსება, არაფერია მოულოდნელი, მაგრამ შეუძლებელია მშვიდად შეხვდე მის განცხადებას, რომ „26 მაისს, ჩვენს შსს-ში, ამერიკული FBI-ს ჯგუფი იჯდა და მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს თვალყურს ადევნებდა. მან დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი კანონიერი იყო"...
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა იყო კანონიერი? ასათიანისა და კვინტრაძის მკვლელობა, ასობით ადამიანის ცემა და შეურაცხყოფა თუ ჟურნალისტების (ერთ-ერთი მათგანი, ბატონი გიორგი მამაცაშვილი ჩვენი ჰოლდინგის ხელმძღვანელია) რეზინის ტყვიებით დაცხრილვა? თუ ღმერთი გწამთ, უთხარით საზოგადოებას, ეს მიიჩნია მსოფლიოში საქვეყნოდ ცნობილმა და ლეგენდარულმა FBI-მ კანონიერად? რასთან გვაქვს საქმე, საქვეყნოდ გაკოტრებული პოლიტიკოსის ბოდვასთან თუ სამწუხარო რეალობასთან, რომელიც ჩვენს ყველაზე დიდ მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსთაველის პროსპექტზე მოწყობილი „სასაკლაოს" თანაზიარს ხდის?!
პრეზიდენტ სააკაშვილის „აღიარება" ნებსით თუ უნებლიედ, გამოიწვევს ამერიკული სახელმწიფოს დისკრედიტაციას, ანტიამერიკანიზმის ვირუსის გავრცელებას და საზოგადოების დაფიქრებას - სისტემური ხომ არ იყო ავღანეთში, ერაყში, გუანტანამოს ციხეში მომხდარი ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული?
ბატონო ნორლანდ! საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის "აღიარებას", რომელიც პოლიტიკური (და არამარტო პოლიტიკური) იდიოტიზმის კლასიკური მაგალითია, შეფასება უნდა მისცეს არა მარტო საზოგადოებამ, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებმა!
ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება ჩვენი მოქალაქეების სურვილი, საერთაშორისო სტრუქტურები ჩაერთონ 26 მაისის მოვლენების გამოძიებაში იმის გასარკვევად, მონაწილეობდნენ თუ არა ამ ამაზრზენი დანაშაულის ორგანიზებაში უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურები.
ჩვენთვის ფრიად საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციოზისგან პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების შეფასება.
ბატონო ნორლანდ, ეგებ არ გადადოთ ამის გაკეთება...
P.S. მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა ქართველებიც ანტიჰიტლერული კოალიციის წევრთა შორის იყვნენ, სტალინის რეჟიმს ერთი პოლიტიკური პლაკატი ჰქონდა. ეს მოწოდება, ორიგინალის ენაზე, ასე ჟღერს: „БОЛТУН - НАХОДКА ДЛЯ ВРАГА!" სააკაშვილის ყბედობაც ჩვენი საერთო მტრისთვის მიძღვნილი საჩუქარი ხომ არ არის?!