reportiori.ge - საფრთხის შემცველი რეგიონები საქართველოში - რომელ რეგიონში რა საფრთხემ შეიძლება „იფეთქოს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:01
პრეს-დაიჯესტი
საფრთხის შემცველი რეგიონები საქართველოში - რომელ რეგიონში რა საფრთხემ შეიძლება „იფეთქოს“
ავტორი:
20 აპრილი, 2015. 13:01


პანკისიდან სირიაში  ორი ახალგაზრდის გადასვლის შემდეგ პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა პროცესის ორგანიზატორის ვინაობის გარკვევა დაიწყო. ოპოზიციის ნაწილმა ნაციონალების კვალს „მიაგნო", ნაწილმა ხელისუფლების სისუსტეს მიაწერა. პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის საპასუხოდ განმარტება გააკეთა, აღნიშულ პრობლემას მსოფლიო ებრძვის და გამონაკლისი საქართველო ვერ გახდებაო: „პანკისიდან სირიაში გადასული 2-3 ადამიანის გამო სკანდალს ნუ შექმნით. „ისლამური სახელმწიფო" არის მთელი მსოფლიოს თავის ტკივილი - მსოფლიო ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, როგორ უნდა აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში. ეს არის პრობლემა, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს, და საქართველო არ არის გამონაკლისი. ჩვენ ვართ გამონაკლისი იმ კუთხით, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია წასული. შეგახსენებთ, რომ პანკისის 100-ზე მეტი მკვიდრი ხელისუფლებაში ჩვენს მოსვლამდე გავიდა სირიაში, ჩვენი მთავრობის პირობებში კი სულ რამდენიმე ახალგაზრდა გადაადგილდა თურქეთის მიმართულებით, საიდანაც, ალბათ, გადავიდნენ სირიაში - 2, 3 ან 4, 5 ადამიანი შეიძლება იყოს".


ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი შენიშვნა, რომელსაც ხელისუფლება პანკისის ხეობასთან დაკავშირებით იმსახურებს, ეს ხეობაში ისლამური ფუნდამენტალიზმის საფუძვლების მოსპობის არასაკმარისი მცდელობაა...


არეშიძის განცხადებით, საფრთხეებს, პანკისის ხეობის გარდა, სხვა  რეგიონებიც შეიცავენ. ერთადერთ „ნათელ წერტილად"  ექსპერტი იმერეთს ასახელებს, სადაც საფრთხის დონე მინიმალურია...


მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- ფუნდამენტალიზმის კუთხით საქართველოში სამი მთავარი პრობლემური რეგიონია: კახეთის რაიონი, პანკისის ხეობა; ქვემო ქართლი, ძირითადად გარდაბნისა და მარნეულის რეგიონები და რაჭა. ეს არის რეგიონები, სადაც ყველაზე ძლიერია რელიგიური ფუნდამენტალიზმის განწყობები. ამას მოწმობს ისიც, რომ სწორედ ამ სამი რეგიონიდან არიანძირითადად  ერაყსა და სირიაში ისლამური ფრონტის რიგებში. შესაბამისად, დაღუპულთა რაოდენობაც სწორედ ამ რეგიონებიდან გროვდება.


- ვინ შეიძლება გააღვივოს ეს საფრთხეები ან რა გზებით?


- ვინ შეიძლება გამოიყენოს ეს თემები - თავად კითხვა შეეხება ყველა იმ საფრთხესა და გამოწვევას, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს. შეიძლება ოდნავ კომიკურად ჟღერდეს, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ საქართველოს რეგიონებს და მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს რომ გადავხედოთ, გაირკვევა, რომ ყველაზე ნაკლები საფრთხე იმერეთის რეგიონისთვის არსებობს. ერთადერთი გამონაკლისია იმერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც სამხრეთ ოსეთს ესაზღვრება. დანარჩენ რეგიონებში საფრთხეები ბევრად უფრო მაღალია, რაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. არსებობს ისეთი ფუნდამენტური საფრთხეები, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების დროს ჩაეყარა, მაგალითად, საქართველოს მთიანეთის დეპოპულაცია. ეს არის სერიოზული საფრთხე, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებების რეაგირება ბოლო დრომდე არ იყო ადეკვატური.


- ახლა რა შეიცვალა?


- ახლა იქმნება სოციალურ-ეკონომიკური აღორძინების კანონი და შესაბამისი კონცეფცია. იმიტომ რომ მთიანეთის დეპოპულაცია ხდება, ძალიან ხშირი შემთხვევებია, როდესაც იქ ვკარგავთ ტერიტორიებს სხვადასხვა რაოდენობით. ხშირ შემთხვევაში ეს ხდება რუსეთის მიერ საზღვრის ხელოვნურად გადმოწევით, სწორედ იმიტომ რომ ადგილობრივი ტერიტორია თავისუფალია და საზოგადოებისთვის ამ ფაქტების შესახებ უცნობი რჩება, ზოგ შემთხვევაში კი ჩვენი მოსაზღვრეები გადმოდიან. მაგალითად, მეცხვარეებისთვის სახლებს აშენებენ საქართველოს ტერიტორიაზე, თავდაპირველად დროებით რჩებიან ამ სახლებში, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი აცხადებენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა. ასეთი შემთხვევა იყო, მაგალითად, დუშეთის რაიონში. ეს რაც შეეხება მთიან რეგიონებს. არსებობს, ასევე, საზღვრის პრობლემა, რომელიც სეროზული საფრთხეა. საქართველოს საზღვარი სამ მეზობელ ხელისუფლებასთან არის დემარკირებული. ცალკე საფრთხეს წარმოადგენს სეპარატიზმი, რომელიც თავისთავად ეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მათ გარდა, იგივე პრობლემაა ჯავახეთშიც. მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთში სპარატისტული განწყობები მინიმუმამდეა დაყვანილი, ხშირ შემთხვევაში მესამე ქვეყნის მიერ, რუსეთს ვგულისხმობ, ხელოვნურად ხდება სეპარატიზმის გაღვივება. არანაკლებ საშიში და პრობლემურია მიგრაციის საკითხიც, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ბევრი ადამიანი ტოვებს და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა უპატრონოდ რჩება. შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. ბუნებრივია, ყველა ეს საფრთხე დღეს არ გაჩენილა, აქამდეც იყო მუდმივად. მეტიც, ზოგიერთ საფრთხეს საუკუნოვანი „ტრადიციაც" კი აქვს, მაგრამ საფრთხეების ხარისხს გააჩნია. სახელმწიფოს მოვალეობაა, შეამციროს მსგავსი ტიპის საფრთხეები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სუბიექტური საფრთხე, ზოგიერთ შემთხვევაში - ობიექტური.


- მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება მუშაობს ამ საფრთხეების ხარისხის შემცირებაზე?

 

- სხვადასხვა დროს ხელისუფლებები ახერხებდნენ ამ საფრთხეების შემცირებას, მაგრამ პრობლემა ადრეც და ახლაც არის ის, რომ საფრთხეებით დაინტერესებული ქვეყნები ყოველთვის ახერხებდნენ სათავისოდ ამ საფრთხეების კატასტროფაში გადაზრდას, როგორც მაგალითად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში მოხდა. ხელისუფლებებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიდგომა, რომ საფრთხეები მინიმალურ დონეზე დაიყვანონ.


- რამდენად კატასტროფულია პანკისიდან სირიაში  მოსწავლეების გადასვლის ფაქტი? პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პანკისიდან სირიაში გადასული 2-3 ადამიანის გამო სკანდალი არ უნდა შეიქმნას...


- რა თქმა უნდა, არ უნდა შეფასდეს ეს, როგორც კატასტროფა. მაგალითად, მე ხელთ მაქვს ფაქტები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ, მაგალითად, გერმანიიდან 80-მდე ახალგაზრდა გოგონაა წასული სირიასა და ერაყში. ამ შემთხვევაში საუბარია 15 წლიდან 20 წლამდე გოგოებზე, მოჯახედების ცოლებზე. ამ ოთხმოცი გოგონადან დაახლოებით 10-15%-ია მუსლიმანური წარმოშობის, დანარჩენი ყველა ეთნიკური გერმანელია. ასეთივე მდგომარეობაა საფრანგეთშიც და ბრიტანეთშიც. ძალიან რთულია ამ პროცესის საზღვარზე მუდმივი კონტროლი. ამიტომ ვერ გავამტყუნებ ვერც მესაზღვრეებს და ვერც ძალოვნებს. მე ხელისუფლებას ვამტყუნებ და ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმის საფუძველი თვითონ უნდა მოსპოს ხეობაში. ბუნებრივია, საზღვარზე ყველას დაჭერა ძალიან რთული და, პრინციპში, წარმოუდგენელიცაა.

 

 

 

ხათუნა მგალობლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016