reportiori.ge - ამერიკის სავაჭრო პალატის საბჭოს წევრი „რუსთავი 2“-ს ადანაშაულებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:19
მედია
ამერიკის სავაჭრო პალატის საბჭოს წევრი „რუსთავი 2“-ს ადანაშაულებს
ავტორი:
20 აპრილი, 2015. 13:18


ამერიკის სავაჭრო პალატის საბჭოს წევრი ტედ ჯონასი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა მასთან ინტერვიუს არაოფიციალური ნაწილი გამოიყენა. საუბარია ორი დღის წინ „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ტედ ჯონასი ამბობს, რომ „1996 წლის შემდეგ საქართველოში ასეთი ცუდი ბიზნესგარემო არ ყოფილა".


ამასთან დაკავშირებით, ამერიკის სავაჭრო პალატის საბჭოს წევრი საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" აფიქსირებს, სადაც ის იურისტ და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ზაზა ბიბილაშვილთან პოლემიკაში შედის.


„ბოდიშს მოგახსენებთ, მეგობრებო, რომ ამ ინტერვიუსთან დაკავშირებულ საკითხს ნათელი მოვფინე. აი, როგორი განმარტება გავაკეთე დღეს ფადი ასლის გვერდზე:


1) აფსუს! უნდა ვაღიარო, რომ არ ვიცოდი, იმ მომენტში ინტერვიუს თუ იწერდნენ (ინტერვიუ სხვა საკითხს ეხებოდა), და როდესაც ვთქვი „ბიზნესგარემო", ვიგულისხმე ეკონომიკური ზრდის დონე და აქტიურობა და არა ბიზნესის საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ბაზა (რომლებიც ბევრად უარეს დღეში იყო 90-იანი წლების ბოლოს). მიუხედავად ამისა, თუკი გავითვალისწინებთ ეკონომიკური ზრდისა და აქტიურობის დღევანდელ დაბალ დონეს, დიახაც, ასეთი ცუდი მდგომარეობა 1996 წლის შემდეგ არ მინახავს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ბიზნესში.


2) გადაიკითხე მათ მიერ მოტანილი ციტატა ინტერვიუდან (იგივეა, რაც ფირზე). რასაკვირველია, მათ გამოიყენეს ის ნაწილი, რომელშიც მე ვაკრიტიკებ მთავრობის პოლიტიკას (თუ მის ნაკლებობას), თუმცა მანამდე მე ფართოდ მიმოვიხილე ფონი და ვთქვი, რომ საქმე გვაქვს ცუდ რეგიონულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რაც გამოწვეულია მთავრობის კონტროლის მიღმა მყოფი ფაქტორებით - ნავთობის დაბალი ფასები, რაც საზიანოა რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის; სანქციები, რომლებიც კიდევ უფრო აფერხებს რუსეთის ეკონომიკას, უკრაინის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ომითა და არასტაბილურობით.

სომხეთის ეკონომიკას ძირს ექაჩება რუსეთის ეკონომიკა. ყოველივე ეს ამცირებს ექსპორტს, რამაც გამოიწვია  რუსეთიდან და უკრაინიდან ფულადი გადმორიცხვების მკვეთრი ვარდნა (ჯამში 20 პროცენტით ყველა წყაროდან). შემდეგ ვთქვი, რომ ასეთ ცუდ სისტემურ გარემოში მთავრობა ახორციელებს არასწორ სტრატეგიებს - კერძოდ, აკანონებს ძალიან ბევრ რეგულაციას და დაბრკოლებას ბიზნესისთვის. ნაცვლად ამისა, მათ უნდა აღმოფხვრან ბიზნესის წინაშე მდგარი დაბრკოლებები და შეამცირონ გადასახადები, ანუ ის, რაც წაახალისებს ბიზნესსაქმიანობას ცუდ ეკონომიკურ პირობებში. გარდა ამისა, მათ ხელი უნდა შეუწყონ ზრდას ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა და ლოგისტიკური ცენტრების საქმიანობა, რისთვისაც უნდა შემოიღონ საგადასახადო ლგოტები და დაუღალავად იშრომონ მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ბარიერების აღმოფხვრაზე. ასე რომ, დიახ, მე ვთქვი, რომ მთავრობა არასწორად მოქმედებს, ხოლო ის, რასაც აკეთებს სწორად, არასაკმარისია, თუმცა, გარდა ამისა, ვთქვი ისიც, რომ ზოგადად ცუდი ბიზნესგარემო (ზრდის დაბალი დონე) გამოწვეულია ფაქტორებით, რომელთა უმრავლესობაც მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება. ეს განვმარტე, რათა ნათელი იყოს, ზუსტად რა ვთქვი!


3) და ბოლოს, სტატიის ტექსტში ნათქვამია, რომ მე ვაკრიტიკებ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. სინამდვილეში მე კონკრეტულად ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგ არავითარი კრიტიკა არ გამომითქვამს - მე მხოლოდ ვახსენე სიტყვა „მთავრობა". საქმე ის არის, რომ ეკონომიკური გუნდის ზოგი წევრი მართლაც კარგია (კერძოდ, გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ბიზნესის საკითხები და ძალ-ღონეს არ იშურებს ამ მხრივ). ბიზნესსაზოგადოებას ჰქონდა მოლაპარაკებები გახარიასა და კვირიკაშვილთან (ეკონომიკის მინისტრი), რომლებიც ეხებოდა კომპრომისებს ერთ-ერთ ყველაზე ცუდ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ოდესმე შექმნილა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში - კერძოდ, ლაპარაკია შეზღუდვებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მფლობელობაზე უცხოელთათვის და ხელისუფლების მიერ მიღებულ შემზღუდველ სავიზო პოლიტიკაზე. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ამ კომპრომისებს აფერხებენ ან სულაც აქარწყლებენ მთავრობის სხვა სტრუქტურები/პირები და/ან ზოგიერთი პარლამენტარი. ასე რომ, გახარიას შესახებ კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ მთავრობა მთლიანობაში არასწორი მიმართულებით მიდის. გამოიყენა რა ცალკე მდგომი, კონტექსტიდან ამოღებული ციტატა მას შემდეგ, რაც ინტერვიუ დასრულდა, „რუსთავი 2"-მა, რასაკვირველია, ამჯობინა, არ გამოეყენებინა ამ „არაოფიციალური" საუბრის დანარჩენი ნაწილი, რომელშიც მე ვთქვი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებდა დაძალებასა და ზეწოლას ბიზნესზე და რომ, სხვა თუ არაფერი, ასეთი სახის მოქმედება მე ამ ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად არ შემიმჩნევია. ასე რომ, აი, ეს არის სრული სურათი", - წერს ტედ ჯონასი ბიბილაშვილის „facebook"-პოსტის კომენტარების ველში, სადაც ბიბილაშვილმა „რუსთავი 2"-ის მასალა გაიზიარა.

ამასთან, ჯონასი მიიჩნევს, რომ არაოფიციალური საუბრის ნაწილი ინტერვიუში არ უნდა შესულიყო. ამასთან, იგი ინტერესდება, რომ თუკი ჟურნალისტი „არაოფიციალური" საუბრის ციტირებას აპირებდა, რატომ არ შეიტანა მან ინტერვიუში მეორე ნაწილიც. მისივე განცხადებით, იგი პასუხს აგებს იმაზე, რაც თქვა.


„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრმა განაცხადა, რომ 1996 წლის შემდეგ საქართველოში ასეთი ცუდი ბიზნესგარემო არ ყოფილა.


„მე საქართველოში 20 წელია, ვიმყოფები და ვმუშაობ, 1996 წლის შემდეგ საქართველოში ასეთი ცუდი ბიზნესგარემო არ ყოფილა", - ტელეკომპანიის ცნობით, ეს განცხადება „კურიერთან" საუბრისას ამერიკის სავაჭრო პალატის ბორდის წევრმა ტედ ჯონასმა გააკეთა.


ტელეკომპანიის ცნობითვე, ჯონასი ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს აკრიტიკებს და რჩევებს აძლევს.


„ბიზნესგარემოს პრობლემა მაკროეკონომიკური პრობლემაა. ამ ვითარებაში ეკონომიკის კუთხით მთავრობამ უკეთესი მმართველობა უნდა აჩვენოს და დიდი რეგულაციები არ უნდა დააკისროს ბიზნესს. ახლა ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. სახელმწიფომ სტრატეგიული პროექტებისთვის მეტი უნდა გააკეთოს. რაც ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოსვლას და სამუშაო ადგილების შექმნას", -  ციტირებს „რუსთავი 2".





(წყარო: exclusivenews.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016