reportiori.ge - რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის ზეობის ხანაში კახაბერ ნაკანი და რატომ უმტყუნა ნერვებმა დაპატიმრების შემდეგ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:08
პრეს-დაიჯესტი
რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის ზეობის ხანაში კახაბერ ნაკანი და რატომ უმტყუნა ნერვებმა დაპატიმრების შემდეგ?
ავტორი:
20 აპრილი, 2015. 17:31


ნაკანი, ეტყობა, უცნობისა" და გია მაისაშვილის ცოდვებმა შეაწუხა, პირველი გულით დაავადდა, სულ ცოტა ხნის წინ გაიკეთა მეორე ოპერაცია, ხოლო მეორეს, მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველოსთან რეზინის ტყვიები ესროლეს თავში, ავთვისებიანი სიმსივნე განუვითარდა"


16 აპრილს თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა უფროსმა, კახაბერ ნაკანმა გლდანის საპყრობილეში ვენები გადაიჭრა. შეგახსენებთ, რომ ნაკანი, 7 სპეცრაზმელი და კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ფირცხალავა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, ანუ ზურაბ ვაზაგაშვილისა და მისი მეგობრების ჩაცხრილვის საქმეზე დააპატიმრეს. მისი ადვოკატის, კახა შონიას თქმით, ციხის თანამშრომლებმა ოპერატიულად იმოქმედეს და ნაკანი გადაარჩინეს, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს: „ნაკანი დიდი ხანია, უშედეგოდ ითხოვს გლდანის №8 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას. მას ეკუთვნის, როგორც ყოფილ სამართალდამცველს. ნაკანმა მიმართა როგორც სახალხო დამცველს, ასევე სამინისტროს, თუმცა მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვშიშობ, რომ კახა ნაკანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს".


ეს იყო ვენების გადაჭრის პირველი ვერსია. თუმცა, როგორც მოგვიანებით სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, კახი კახიშვილმა განაცხადა, თვითმკვლელობის ერთ-ერთი მოტივი ირაკლი ფირცხალავას პოლიტიკური მხარდაჭერა იყო:


„წინასაგამოძიებო შემოწმების დროს მოპოვებულია დოკუმენტი, სადაც თვითდაზიანების საფუძვლად ნაკანი აცხადებს პროტესტს იმის გამო, რომ სპეცრაზმელები არიან დაკავებული და ყველაზე მთავარი, ის უცხადებს თანადგომას ირაკლი ფირცხალავას, ანუ ძირითადად დაზიანების საფუძვლად აცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას ირაკლი ფირცხალავას მიმართ".


ამის შემდეგ ნაკანის ადვოკატი ისევ ძველ ჩვენებას აწვება და ვარაუდობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ყოფილ სპეცრაზმელზე გარკვეული ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც მან თვითმკვლელობა სცადა. თუმცა შონია უკან დასახევ გზასაც იტოვებს და აცხადებს, შეიძლება ზეწოლა არც იყოს, ჯერჯერობით ამას ვერ ვადასტურებო. მოკლედ, როგორც ამბობენ, კახაბერ ნაკანს 14 ჭრილობა აქვს მიყენებული და ეს ხან მატროსოვის ციხეში გადაყვანას უკავშირდება, ხან კიდევ ირაკლი ფირცხალავას მიმართ მხარდაჭერას.


საინტერესოა, რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის ზეობის ხანაში კახაბერ ნაკანი და რატომ უმტყუნა ნერვებმა დაპატიმრების შემდეგ? იქნებ არც მატროსოვის ციხეში გადაყვანა უნდა, არც ირაკლი ფირცხალავას უცხადებს „სოლიდარობას" და უბრალოდ, გია მაისაშვილის ავადმყოფობამ შეუწუხა სინდისი, რომელიც ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ ონკოლოგიურ კლინიკაში წევს და სიკვდილს ებრძვის? „ქრონიკას" კარგად ინფორმირებულმა წყარომ ამ თემაზე მნიშვნელოვანი ფაქტები გაუმხილა. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება ობიექტური მიზეზის გამო. თუმცა, რადგანაც ბოლო დღეებია ნაკანის თვითმკვლელობის მცდელობის ამბავი ერთ-ერთ სკანდალურ თემად იქცა, ამ ინფორმაციას ვაქვეყნებთ. მოკლედ, წყარო გვიყვება: კახაბერ ნაკანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით ოპოზიციის აქციების დარბევის დროს. ის მონაწილეობდა აქციის მონაწილეთა გატაცებაში, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ანგარიშსწორებაში:


„2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში გამოჩენილი „გმირობისთვის" ვანო მერაბიშვილისგან მიღებული აქვს პრემია 8 ათასი ლარი და საჩუქრად „ჩზ"-ს ტიპის იარაღი. 2009 წლის აქციებში მომიტინგეების გატაცების, 15 ივნისის მიტინგის სასტიკად დარბევის გამო მიღებული აქვს პრემია 15 ათასი ლარი. თბილისის პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დროს, როდესაც „უცნობი" (გია გაჩეჩილაძე) გადახტა პოლიციის შენობის ეზოში, კახა ნაკანი და მისი სპეცრაზმელები ესროდნენ პოლიტიკოსებს დამიზნებით თავში პლასტმასის ტყვიებს, რა დროსაც მძიმედ დაშავდნენ პოლიტიკოსები. სწორედ ამ დროს დაშავდა გია მაისაშვილიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გადაიტანა. 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაში შეტანილი განსაკუთრებული „წვლილისთვის" კახაბერ ნაკანს მიღებული აქვს პრემია 13 ათასი ლარი. გარდა ამისა, ყოველი აქციის დარბევის შემდეგ მას რეგულარულად გზავნიდნენ დასასვენებლად საფრანგეთში და ესპანეთის კურორტებზე. მოკლედ, ნაკანი წინა ხელისუფლების „ლუბიმჩიკი" იყო, ხშირად მთვრალი დადიოდა ქალაქის ქუჩებში მანქანით და კაციშვილი ხმას ვერ სცემდა. წესით, ახლა ასეთ გულჩვილობას არ უნდა იჩენდეს, მაგრამ, ეტყობა, „უცნობისა" და გია მაისაშვილის ცოდვებმა შეაწუხა, პირველი გულით დაავადდა, სულ ცოტა ხნის წინ გაიკეთა მეორე ოპერაცია, ხოლო მეორეს, მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველოსთან რეზინის ტყვიები ესროლეს თავში, ავთვისებიანი სიმსივნე განუვითარდა".


თავის მხრივ, ირაკლი ფირცხალავა კახაბერ ნაკანს ციხიდან ამხნევებს და მოუწოდებს, თავი შეიკავოს უკიდურესი პროტესტისგან:


„მინდა მოვუწოდო, კახაბერ ნაკანს და ჩემს სხვა თანამებრძოლებს,  გულშემატკივრებს, სამშობლოსა და პროფესიაზე შეყვარებულ გულანთებულ პოლიციელებს, თავი შეიკავონ უკიდურესი პროტესტის გამოვლინებისგან. გახსოვდეთ, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო და რჩება, ბრძოლა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი მოწინააღმდეგეა დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელშიც გაერთიანებული არიან კრიმინალური ავტორიტეტები, მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, მთავრობის კაბინეტის წევრები და მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებების უპირობო აღმსრულებლები და საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომელმაც აქამდე გაუგონარი, კრიმინალური ქმედება, სისხლის სამართლის საქმეში „მოწმეების ჩადება" განახორციელა. მიუხედავად ამ მძიმე ზეწოლისა, მსურს, მოგიწოდოთ, აღიჭურვოთ მოთმინებით, ნუ აუხდენთ ოცნებას ამ „პატარა კაცუნებს". ჩვენ არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან, ზუსტად ამ პრინციპის გამო ჩვენ ჩავბარდით მართლმსაჯულებას და უდანაშაულობის დაგიმტკიცებთ სასამართლო პროცესზე! მინდა ყველა დავარწმუნოთ, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა სასამართლო სისტემასა და მოწმეებზე, ჩვენ და ჩვენმა ადვოკატებმა უკვე მოვიძიეთ ის მტკიცებულებები, რომელიც არათუ ამტკიცებს ჩვენს უდანაშაულობას, არამედ ამხელს კრიმინალური სინდიკატის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს გამოძიების მიმდინარეობის დროს. ყოველთვის გახსოვდეთ, სახლში გელოდებიან მშობლები, შვილები, მეუღლეები, რომლებიც გმირულად იტანენ ჩვენთან დროებით განშორებას და ჩვენი მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმები უარყოფითად აისახება მათს ისედაც დათრგუნულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩვენი საქმე სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ უსამართლო ბრძოლაში!" რომ არა მშვიდობიანი მიტინგების დარბევის ფოტო და ვიდეომასალა, რომ არა უამრავი დაავადებული და დასახიჩრებული ადამიანი, რომ არა მაღაზიების ჭერზე შემოდებული გვამები, აუცილებლად ვიფიქრებდით, რომ ჩვენ ვცდებით და რაღაცებს ვაზვიადებთ.


არადა, ამდენი ფაქტისა თუ სამხილის შემდეგ ამ ადამიანებს კიდევ ჰყოფნით თავხედობა, აკეთონ მაღალფარდოვანი მოწოდებები და განაცხადონ, რომ მათი საქმე სამართლიანია. ირაკლი ფირცხალავა ამბობს, ნუ აუხდენთ ოცნებას „პატარა კაცუნებს", ნუ გადაიჭრით ვენებსო.


თუმცა როგორც ჩვენ ვიცით, „პატარა კაცუნები" არბევდნენ მიტინგებს, ცხრილავდნენ უდანაშაულო ადამიანებს, მალავდნენ გვამებს, სვამდნენ სისხლს, მაგრამ, როგორც კი პასუხისმგებლობის დრო უდგებათ, ეგრევე იწყებენ ტირილს, იჭრიან ვენებს და წერენ ყალბი პათეტიკით გაჟღენთილ მოწოდებებს. ვერაფერს ვიზამთ, ასე იყო, ასეა დღესაც და ასე იქნება მომავალშიც - მხოლოდ „პატარა კაცუნას" შეუძლია, დაასახიჩროს ადამიანი, მოკლას, მაღაზიის ჭერზე შემოდოს გვამები და სადაც სისხლი დაღვარა, იმ ადგილზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩაატაროს!

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016