ყველას დაგვწყვიტა გული, გული, რომელიც სიყვარულით სავსე გრაალის თასია. როდესაც სააქაოდან უდროოდ და მოულოდნელად მიდის ადამიანი, უნებურად გიპყრობს ფიქრები, რომ არავის აწყენინებ, არაფერზე ინაღვლებ, ყველა გეყვარება… ნაკლებად მახსენდება შემთხვევა, როდესაც უეცრად გარდაცვლილ ახალგაზრდა ადამიანს ამდენი დაწყვეტილი გულის ასხმა წაეღოს თან… აღდგომის წინა საღამოს კოტე თოლორდავას გარდაცვალებამ საქართველო საერთო სევდით მოიცვა. შოკირებული კოლეგები ერთმანეთთან აზუსტებდნენ ინფორმაციას, სოციალური ქსელი მსახიობის ღიმილიანმა ფოტოებმა ააჭრელა – კოტე თოლორდავა გარდაიცვალა… ეს ძლიერი ენერგეტიკის, გამორჩეული ტემბრისა და თბილად სევდიანი თვალების მქონე ნიჭიერი მსახიობი თურმე ამბობდა, ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს, 35 წელზე მეტს ვერ ვიცხოვრებო. ამას აქ წინათგრძნობას ვეძახით. გული უგრძნობდა. მოსკოვში ფილმის გადაღებაზე წასული უკან ჩამოასვენეს… მერე ერთმა რუსულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, გარდაცვლილი კოტეს სასტუმროს ნომერში ერთჯერადი შპრიცი და თეთრი ფხვნილი იპოვესო. ისევ აჭრელდა სოციალური ქსელი. ამოიღეს კოტეს ძველი ინტერვიუ, სადაც ამბობს – მე ნარკომანი ვარო. ვახტანგ რჩეულიშვილმა დაწერა: კოტე თოლორდავა კაიფში „გაიპარაო“… საშინელებაა… უბედნიერესი ოჯახი ერთ წუთში დაიღუპა. 35 წლის კაცის ნარკომანობა უკვე სამარცხვინოა – იმდენი ჭკუა კი უნდა გქონდეს, რომ შენს თავს აღარ ეკუთვნი მარტო. მანამდე „კორო“ დავკარგეთ – ლევან კორინთელი, ახალი ქართული კინოს ნამდვილი ლოკომოტივი. ნარკომანიის წინაშე ყველა უძლურები ვართ. მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეიძლება ამ სენთან ბრძოლა. ყველა უნდა ჩავებათ ამ ბრძოლაში და ეს პოსტიც ჩემი პირველი ნაბიჯია“. ვახტანგის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა – თავის ოჯახს მიხედოს, გარდაცვლილისთვის პატივი მაინც ეცა, მისამძიმრებაც არ სცოდნია და უამრავი მსგავსი რამ. ნარკომანიის თემაზე სააგენტოებზე დადებულ „ნიუსებს“ გარდაცვლილი მსახიობის ცოლი, განო მელითაურიც გამოეხმაურა: „დიდი მადლობა ამხელა თანადგომისთვის ჟურნალისტებო! ძალიან გთხოვთ მაცადოთ მეუღლის ჩამოსვენება და დაკრძალვა, ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ არაკომპეტენტური განცხადებებისგან. არაეთიკურად მიმაჩნია ამ თემით მანიპულირება, მით უმეტეს, რომ არსებობს 15 წლის ბუკა, 6 წლის ტასო, 3 წლის თარაში და ბავშვი, რომელიც მიზის მუცელში. იმედია, ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და მაცდით დავიტირო ადამიანი, რომელიც სამყაროს მერჩივნა“.
მძიმე თემაა, ტაბუდადებულიც. დათო ოძელაშვილი, დათო იაშვილი – იაშკა, ლევან კორინთელი – კორო, ირაკლი ჩარკვიანი… ადამიანები, რომლებმაც თავიანთი უდროო წასვლით გული დაგვწყვიტეს. ახლა კოტე… ჩვენთან ხმამაღლა ნარკომანიაზე არავინ საუბრობს და ეს ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული: სოციალურ, სამოქალაქო, კონფინდენციალურობის მომენტთან. უცხოეთში ნარკოტიკებით გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებზე ფილმებს იღებენ, რომ მსგავსი რამ არ ჩაიდინონ…
ნიკუშა შენგელაია:
– ოფიციალურად უნდა დადგინდეს – ადამიანი ნარკოტიკით გარდაიცვალა თუ არა. ისე ძნელი სათქმელია. ჩვენთან არ სურთ ამაზე საუბრით მიცვალებულს შეურაცხყოფა მიაყენონ. არადა, ნარკოტიკმა მთელი თაობა წაიყვანა. ეს იმხელა პრობლემაა ყველაფერს წვდება – სოციალურ სფეროს, ფსიქოლოგიურს. როცა პრობლემაა ამაზე ხმამაღლა უნდა ილაპარაკო.
ზაალ ჩიქობავა:
– ჩვენი პროფესია ბევრი სტრესითაა დატვირთული. ზოგჯერ მსახიობის ორგანიზმი ვერ უძლებს გადატვირთულ გრაფიკს და სამწუხაროდ ასე ფატალურად მთავრდება. ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე ჩვენ რაღაც საშუალებები გვჭირდება სტრესის მოსახნელად, ვიღაცას ეს ფანტაზიაში ეხმარება. ამაზე არ ვსაუბრობთ, რადგან ეს აკრძალული ხილია. ჩვენთან რომ დაშვებული იყოს ნარკოტიკი, ამ თემაზე საუბარშიც თამამები ვიქნებოდით. კოტე ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. თავისუფალ თეატრში 20 წლის წინ ერთად ვთამაშობდით. პატარა იყო. მას შემდეგ თავისი განსაკუთრებულობითა და ნიჭიერებით გამოირჩეოდა.
დავით კოვზირიძე:
– კომუნისტური გადმონაშთია ის, რომ ჩვენთან ნარკოტიკები აკრძალულია და სირცხვილად ითვლება. ნარკოტიკის მომხმარებელი ანტისახელმწიფოებრივ ელემენტად ითვლებოდა. გვგონია, რომ ეს ადამიანები კეთროვანები არიან. ზოგი რითი იღუპება, ზოგი – რითი, ამაში სირცხვილი არაფერია. როგორც ღორივით ათი ლიტრი ღვინის დალევა არ ითვლება (ერთ დალევაზე) სირცხვილად, ისე არ უნდა ითვლებოდეს მარიხუანას მოწევა სირცხვილად. ეს ადამიანი თვითონ ამბობდა, რომ მომხმარებელი იყო. ალბათ, მივეჩვევით, რომ პრიმიტიულ ტყუილებს აღარ ვიტყვით და ვიტყვით იმას, რაც მოხდა.
ნუცა კუხიანიძე:
– ჩვენ ქვეყანაში ბევრი თემაა ტაბუდადებული. ადამიანებს თავიანთი პრობლემების საზოგადოებასთან გაზიარება არ სიამოვნებთ. არის თემები, რომელიც ყველას ეხება, მთელ საზოგადოებას. ამაზე ხმამაღლა თუ არ ვისაუბრეთ, საზოგადოება თავის ობიქტურ აზრს ვერ ჩამოაყალიბებს. მაგრამ ჩვენ ხომ საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდით? ნარკომანია საზოგადო პრობლემაა. ვერ მივხვდი რატომ მოჰყვა ვახოს პოსტს ამხელა უსიამოვნება. ზუსტად ვიცი, მისი დამოკიდებულება ნარკოტიკთან. იგივე პრობლემა ჰქონდა ვახოს თავის თავზეც და შვილზეც. არა მგონია, როდესაც პრობლემა ასე ახლოს გეხება სუბიექტურად უდგებოდე.
კოროც ნარკოტიკით გარდაიცვალა და იაშკაც. ქვეყნის დონეზე ადის ეს პრობლემა. მიდგომა არის, რომ ესენი ავადმყოფები არიან. მე ასე არ ვფიქრობ. ქვეყანა ხელს უნდა გიწყობდეს, რომ შენ სფეროში წინსვლა გქონდეს. როდესაც ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ გაგაჩნია, ძალიან ადვილია მიმართო ნარკოტიკს. ყველანაირმა ომმა ჩვენ თავზე გადაიარა. კორო აფხაზეთის და თბილისის ომებში იბრძოდა. ბავშვობის მეგობრები მკვდარი ჰყავს. თვალწინ ეხოცებოდა ხალხი. ეს ხომ სტრესია?!
ირაკლი საღინაძე:
– სანამ ეს თემა კრიმინალიზებულია, ტაბუდადებული იქნება. არც ერთ ადამიანს არ სიამოვნებს, რომ მას კრიმინალი უწოდონ. დეკრიმინალიზაცია აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მახინჯი სტერეოტიპისგან გავთავისუფლდეთ. როდესაც ადამიანები იმალებიან, პრობლემაც გაცილებით მეტია. არსებობს სისტემის, საზოგადოებრივი აზრის შიში, უამრავი სხვა შიშები, რომლებიც ამ ადამიანების გარიყვას იწვევს.
კოტე – ბაბულიკა
„ჩემი ცოლის დაქალებში“ დიტოს როლზე კასტინგის მენეჯერმა აარჩია. მეორეხარისხოვან როლად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ბაბულიკამ ისე გაქაჩა, რომ როლი გაიზარდა.
ირაკლი საღინაძე:
– მოდერნიზებული ძველი ბიჭების შემოყვანით შევეცადეთ კიდევ ერთი სოციალური ველი მოგვეცვა. კოტე პროფესიონალი იყო. ფართო მასებმა კი ის ჩვენი სერიალით გაიცნო.
ეკა მჟავანაძე:
– კოტე ნანახი მყავდა სპექტაკლში „ტანგო ნაბიჭვართან“, სადაც რამდენიმე როლს სხვადასხვა ქალ პერსონაჟთან ერთად თამაშობდა. ხუთივე გმირს არაჩვეულებრივად თამაშობდა. მომეწონა. პირველივე შესაძლებლობა როგორც კი მომეცა, რომ ამ კაცს თავისი სიტყვა კარგად ეთქვა, ეს იყო „ვგიკის“ სტუდენტთან ედუარდ ოგანესიანთან, რომელიც საკურსო ფილმს იღებდა და მას კოტე მივუყვანე. მაშინვე დაამტკიცეს. მერე იყო დიტოს როლი. კოტე მის თაობაში ერთ-ერთი ნიჭიერი კაცი იყო, რომელსაც ბევრის გაკეთება შეეძლო. სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. სხვათა შორის, ბოლო 5-6 წელიწადში ბევრი რამ გააკეთა. ხალხს შეუყვარდა და უცებ გახდა სახალხო მსახიობი. ყველას უყვარდა, თაყვანისმცემლების ზღვა ჰყავდა. ეს მხოლოდ ნიჭს შეუძლია.
სანდრო კაკულია:
– ჩვენი ნაცნობობა 2005 წელს დაიწყო, ის რუსთაველის სარდაფში ჩემს პიესაზე დადგმულ სპექტაკლში „ფანჯარაში“ თამაშობდა. იაშკა თამაშობდა მთავარ როლს. კოტე მისი დუბლი იყო. ვიხსენებდი, ორივე ერთნაირად გარდაიცვალა-მეთქი. ორივე გადაღებაზე იყო წასული და ორივე ჩამოასვენეს. მერე შევხვდი სერიალის გადაღებაზე, რადგან მსახიობი არ ვარ, რაღაცებს მასწავლიდა. მრავალმხრივი ნიჭი ჰქონდა, განათლებული იყო. ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონდა, ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული. ძალიან კეთილი და რაფინირებულ-ინტელექტუალური ადამიანი იყო. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი თემაა ტაბუდადებული, მგონია, რომ ეს სახელმწიფოსთვის ნიშანი იყოს, რომ რაღაც შესაცვლელია. სჯობს იმის ნაცვლად, რომ კოტეს გარდაცვალების მიზეზები არკვიონ, ადამიანები კოტეს ოჯახის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. ეს ოჯახი მალე ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. კოტე აცხოვრებდა ამ ოჯახს. განო სამ შვილთან ერთად მარტო აღმოჩნდა.
გაკოების მხიარული ოჯახი
განო და კოტე სამი წლის წინ ჩავწერე. ჩვენ გაკოების ოჯახი ვართო, საკუთარი სახელები გააერთიანეს. ასე იყვნენ გაერთიანებული. მალე მესამე შვილი შეეძინებათ. კოტეს პირველი ქორწინებიდან (მარიამ ჯოლოგუასთან)15 წლის ვაჟი ჰყავს.
განო მელითაური:
– ჩემზე რვა წლით უფროსია და შვილს ამიტომ მეძახის. ჩვენს გაცნობას მოგიყვებით. ორივე მივედით ერთი ფილმის გახმოვანებაზე. ერთადერთი, რაც დამამახსოვრდა იყო ის, რომ კიბეზე რომ ჩამოვდიოდი კოტემ რევერანსი გამიკეთა. მერე „მზეში“ შევხვდით, ისევ გახმოვანებაზე, გორგოლაჭებიანი სკამით მაგორავა და მითხრა, ბავშვობაში დამაბრუნეო. მერე გახმოვანების კაბინაში ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს. უფრო სწორად, მე ჩავკიდე, რომ გავიცანი, მივხვდი, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილი. არც ერთი არ ვართ დალაგებული, ორივეს ძალიან რთული ხასიათი გვაქვს. მსოფლმხედველობით, გემოვნებით – ყველაფრით ვეწყობით. ამ ადამიანის გარეშე ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე. ბავშვობიდან ვწერ ტანკებს, მოკლე ლექსებს. ბევრი მათგანი ტრიალზეა. ერთხელ კოტემ მითხრა, შენ ჩემს ხელის გულზე ტრიალებ და სულ ასე იქნებაო.
კოტე თოლორდავა:
– განო კიდევ ყოველთვის მეუბნება – „სულ“ არ არსებობსო. ამიტომ ვპასუხობ – მაშინ კაცმა არ იცის, რა იქნება-მეთქი...
თამარ გონგაძე
გაზეთი „პრაიმტაიმი“