ორგანიზაცია „პოზიცია“ სკანდალურ დოკუმენტებს გაასაჯაროებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დოკუმენტები, ცესკოს ფარულ გარიგებებს ასახავს.
რომელი „ნაციონალების“ ორგანიზაციები ფიგურირებენ კონკურსებში? რა თანხები გასცა მათზე ცესკომ?
„ალიას“ ორგანიზაციის თავმჯდომარე, გურამ ადამაშვილი ესაუბრა:
– „პოზიცია“, თავისი მუშაობის მიმართულებებიდან გამომდინარე, აგრძელებს სამოქალაქო სექტორის მონიტორინგს. ცესკოს საკითხის ერთ მიმართულებაზე ადრეც ვისაუბრეთ. ის, რაზეც ქვემოთ ვილაპარაკებ, არის მორიგი კვლევა. ინფორმაცია საგულისყუროა.
ჩვენი კვლევებიდან დადგინდა, რომ 2010 წლიდან 2014 წლამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოცხადებული საკონკურსო გრანტების 80% გაცემულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. კერძოდ:
1. თეა თუთბერიძე – „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ (ზურაბ ხარატიშვილი, ყოფილი დეპუტატი „ნაციონალებიდან“ ამ ორგანიზაციამ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე). დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ფონდი – ეფლი“, რომელსაც 2013 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 24 140 ლარი;
2. გიგა ნასარიძე – „ნაციონალური მოძრაობის წევრი“. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ახალი ხედვა საქართველო“, რომელსაც 2011-2012 წლებში 3 პროექტის ფარგლებში, გრანტის სახით, მიღებული აქვს 124 525 ლარი.
3. შმაგი ჩოხელი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, „კმარას“ წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, რომელსაც 2012-2013 წელს 2 პროექტის ფარგლებში, გრანტის სახით, მიღებული აქვს 29 930 ლარი.
4. გიორგი მესხელი – „ნაციონალური მოძრაობის წევრი“, ამირან მესხელის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ძმა. მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“, რომელსაც 2014 წელს, გრანტის სახით, მიღებული აქვს 50 970 ლარი.
5. თამარ კინწურაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი; 1) საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, რომელიც ლევან თარხნიშვილმა წარადგინა; 2) საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი; 3) გიგა ბოკერიას – უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“, რომელსაც 2 პროექტის ფარგლებში 2014 წელს, გრანტის სახით, მიღებული აქვს 101 165 ლარი.
6. ანა თარხნიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის _ ლევან თარხნიშვილის ცოლი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ბი-სი-ჯი კვლევა“, რომელსაც 2013 წელს, გრანტის სახით, მიღებული აქვს 59 200 ლარი.
7. ბესიკ დონაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ისნის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება“. ორგანიზაციის გამგეობის წევრია ლაშა მელაძე, რომელიც 2014 წლამდე იყო საბურთალოს რაიონის გამგეობაში, სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი.
8. ნანა ბღარაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სააკაშვილის კანდიდატი ცესკოს წევრობის თანამდებობაზე, დღემდე მუშაობს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა სამართლებრივი არჩევნები“, რომელსაც 2013 წელს 2 პროექტის ფარგლებში, გრანტის სახით, მიღებული აქვს 69 923 ლარი.
9. ლეილა სულეიმანოვა – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“, რომელსაც 3 პროექტის ფარგლებში 2014 წელს, გრანტის სახით, მიღებული აქვს 69 843 ლარი.
10. ლევან გაბრიჩიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დაარსებული აქვს 2 ორგანიზაცია: 1) „ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნები“; 2) „ევროპულ დემოკრატიული ცენტრი“, რომელსაც 2013 წელს 4 პროექტის ფარგლებში, გრანტის სახით, მიღებული აქვს 95 101 ლარი.
– 2012 წლამდე, გასაგებია, მაგრამ როგორ ხდებოდა ამ ორგანიზაციების დაფინანსება 2012 წლის მერე, ვინ უწყობდათ მათ ხელს ამაში? ყველამ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკურად „უპატრონო“ ორგანიზაციებს არავინ არ აფინანსებს.
– ცესკოში დღეს თითქმის სულ ის კადრები არიან, რომლებიც „ნაციონალების“ დროს მუშაობდნენ. ადგილებზე არიან დარჩენილები ის ადამიანები, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ საგრანტო საკითხებზე. დღეს რომ „ნაციონალების“ დეპუტატია, ლევან თარხნიშვილი, მისი დროინდელი კადრებითაა სავსე ცესკო დღესაც.
– რას ემსახურებოდა ის პროექტები?
– როგორც ოფიციალურ დოკუმენტებშია ნაჩვენები, სარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ფინანსდებოდნენ ეს ორგანიზაციები, მაგრამ რამდენად ხმარდებოდა სარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ეგ კიდევ საკითხავი და გამოძიების საგანია.
– რას უპირებთ ამ მონაცემებს?
– მივმართავ სამართალდამცავ უწყებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და დაიწყონ მოკვლევა საარჩევნო სისტემების განვითარებისა და სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით.
– გასულ თვეში საუბრობდით ცესკოს თანამშრომლებზე, რომლებსაც პარალელურად დაარსებული აქვთ ორგანიზაციები და საგრანტო კონკურსებში მათივე ორგანიზაციები იმარჯვებენ. მაშინაც სამართალდამცავ უწყებებს მიმართეთ. რა ბედი ეწია ამ საქმეებს?
– ეს ადამიანები, სამწუხაროდ, დღეს ისევ ადგილებზე არიან, თუმცა ველოდებით რეაგირებას.
„ალია“ ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტს დაუკავშირდა. დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან დანგაძე გურამ ადამაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საქმის კურსში ჩავაყენეთ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ უკვე გქონდათ სტატია და, ალბათ, იგივე საკითხზე სვამთ კითხვას. თუმცა მაინც გეტყვით, რომ ეს პროცესი – გრანტების გაცემა, არის აბსოლუტურად გამჭვირვალე; საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი გასცემს გრანტებს. კომისია, რომელიც გამოავლენს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს, დაკომპლექტებულია პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. ყველაფერი საჯაროა, შესაბამისად, შეგიძლიათ, მიმართოთ გრანტების გამცემს და 2010 წლიდან ნებისმიერი ინფორმაცია გამოითხოვოთ“. – გვითხრა დანგაძემ.
დიანა ლიპარტელიანი
გაზეთი „ალია“