reportiori.ge - სოსო მანჯავიძე: ერთადერთი გამოსავალია – დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები ყველა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან, მათ შორის რუსეთთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:42
პრეს-დაიჯესტი
სოსო მანჯავიძე: ერთადერთი გამოსავალია – დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები ყველა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან, მათ შორის რუსეთთან
ავტორი:
22 აპრილი, 2015. 14:14


გვესაუბრება საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე:


- სოსო, ბოლო დროს საგარეო და საშინაო საფრთხეებზე საუბარი მთავარ თემად იქცა. ისლამური სახელმწიფო ქრისტიანობას თავზე აზის და ხმის ამომღები არავინაა. რა საფრთხეების წინაშე დგას ქართული სახელმწიფო?


- პირველ რიგში, ვთქვათ, ახლობელ აღმოსავლეთში რა ხდება  - საქმე გვაქვს გლობალურ ცვლილებებთან, რომლის ათვლის წერტილი ტუნისის რევოლუციიდან იწყება. შემდეგ, ტალღამ ლიბიაში, ეგვიპტეში, სირიისკენ გადაინაცვლა. მანამდე პროცესი  ერაყში ვითარდებოდა, საუბარია ერაყის ერთიანი სახელმწიფოს დაშლაზე. ამავე დროს, პროცესები ვითარდებოდა იემენში. ყველგან, ეს პროცესები, სამ რამესთან დაკავშირებული იყო:  საერო ხელისუფლებების ცვლასთან, მეორე _ შიიტებსა და სუნიტებს შორის ისტორიულ დაპირისპირებასთან, მესამე _  ისრაელის სახელმწიფოსთან მიმართებაში, სხვადასხვა აგრესიული გრადაციებით, პოზიციონირებასთან. ყველა ამ პროცესში მთავარ საგარეო პოლიტიკურ ფაქტორს აშშ წარმოადგენდა, რომელიც, ამ რეგიონში,  ე.წ. არაბულ გაზაფხულს და რეჟიმების ცვლას მიესალმებოდა. უფრო მეტიც, ტუნისის, ლიბიის და შემდეგ სირიის პროცესებში, აღარაფერს ვამბობ ერაყზე, პირდაპირ იყო ჩართული. შემდეგ, ამაში, ჩართული აღმოჩნდა რუსეთი და ირიბად ჩინეთი. რუსეთის ჩართულობა, განსაკუთრებით, სირიაში, როდესაც პუტინის მიერ პირდაპირ იქნა ულტიმატუმი წაყენებული, რომ იგი დამასკოს ნებისმიერ ფასად არ დათმობდა, გარკვეულწილად, სირიის რეჟიმის ცვლილების საკითხზე ზეწოლა შეაჩერა. ერთი მხრივ, ამ რეგიონის სირთულე უნდა გვესმოდეს, მეორე მხრივ, რა პროცესის მოწმე გავხდით და რას დაუდეს სათავე იმ გეო-პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესების გამოხატვის ამბიციურ აღქმებში არიან. ეს უმძიმესი პროცესია, რომელმაც, შეიძლება, სავალოლო შედეგებამდე  მიგვიყვანოს. პირდაპირ ვთქვათ, ეს პროცესი უკვე მართული აღარაა და რა შედეგებში გადმოიღვრება, არავინ იცის. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ პროცესს მართავენ და  ევრაზიის ამ უზარმაზარ სივრცეებში მილიარდობით ადამიანის ურთიერთდაპირისპირებით და შემდეგ არბიტრის როლში გამოსვლით, მას ასუსტებენ. მათი, მაგალითად, აშშ-ს პოლიტიკური წონა, იზრდება. ცხადია, არსებობს ასეთი მოსაზრება, კისინჯერი ხშირად ამბობს, რომ  ისრაელმა იმის გამო, რომ მას შესაბამისი გეო-პოლიტიკური პარამეტრები არ აქვს, ახლა, ბუფერული ზონები მაქსიმალურად უნდა გაიფართოვოს და  პოლიტიკური ძალები უფრო დაასუსტოს და მეტი არაბები დახოცოს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო გლობალური გახდა და დაპატარავდა, სხვადასხვა ფორმებით შურისგება და ასეთი პროცესების ინიცირებისთვის პასუხისმგებლობა ძალიან სწრაფად დგება, მაშინ ჩვენ მსოფლიო პოლიტიკური ელიტის კრიზისზე უნდა ვილაპარაკოთ, რასაც, იგივე, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ბარბაროსობა ადასტურებს. ჩვენ, სახეზეა, სუნიტური ფუნდამენტალიზმის კონსოლიდაცია, მისი ყველაზე უფრო რადიკალური ფრთის გარშემო.


- სოსო, როგორ წარმოიქმნა ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რა იდეოლოგიას ეფუძნება იგი?


- მისი მებრძოლთა, ძირითადი, ბირთვი სწორედ, დამასკოს რეჟიმის წინააღმდეგ დაფინანსებული ე.წ. ოპოზიციაა. ეს ის მებრძოლებია რომლებიც ასადის რეჟიმს დღემდე ებრძვის და დასავლეთის ფართო მხარდაჭერით სარგებლობს.


ახლო აღმოსავლეთი, ყოველთვის, დაპირისპირების ბუდე იყო, პანდორას ყუთი სრულიად დაუფიქრებლად, საკითხის უცოდინრად გაიხსნა. ამ პანდორას ყუთიდან ჩვენ უამრავი უბედურება მივიღეთ, რომელიც უფრო და უფრო მძაფრდება. არავინ იცის, ამ პროცესს, როგორ მოუაროს. ამ რადიკალური დაჯგუფებისკენ უფრო და უფრო მეტი ფული, იარაღი, მოხალისე მიედინება. ისლამის დროშის ქვეშ მებრძოლი რადიკალიზმი უფრო და უფრო მეტად ხდება მიზიდულობის ცენტრი. მოდით ასე ვთქვათ, მთელ ახლობელ აღმოსავლეთში ისლამური ხალიფატის აჩრდილი დადის. ისლამურ სამყაროში რომელიც ოკეანეა და ძალიან მრავალფეროვანია, ყოველთვის იყო იდეა ხალიფატის აღდგენის  და ისლამური სამყაროს ერთიანი ხალიფატის ქვეშ გაერთიანების, როგორც ოთხი მართალი ხალიფას დროს იყო. ხალიფატის სიმბოლიკას თუ შევხედავთ, ზუსტად ის წარწერებია, ზუსტად იმ ფორმას იცმევდნენ, რაც ახლა აქვთ. ანუ, რემინისცენციები იქედან ამოაქვთ და ეს ძალიან მიმზიდველია. უნდა გვესმოდეს, რომ სხვა, მათი გაგებით არამუსლიმი, სრულფასოვან ადამიანად არ ითვლება. ამ იდეოლოგიის საძირკველი ესაა. აქედან გამომდინარეა, ის შედეგები რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ რა გავაკეთოთ ამ ვითარებაში. იმიტომ, რომ ეს პირდაპირ გვესაზღვრება. ყველამ ვნახეთ, ჩეჩნეთში გადაღებულივიდეო, როცა ორმა რადიკალმა ბოევიკმა ყველა მებრძოლ დაჯგუფებას მოუწოდა იგილს შეჰფიცონ. ეს უკვე ჩვენი საზღვარია. ჩვენგან - აჭარიდან და პანკისიდან საომრად 200-მდე ადამიანია  წასული, ზოგი 500-ს ამბობს, ზუსტი რიცხვი არავინ იცის. აქედან გამომდინარეობს საფრთხეებიც, ეს უკვე ნათლად ჩანს. უნდა გვესმოდს, რომ ის საზღვრები, რომელიც დაწესებული გვაქვს, ამ ორგანიზაციისთვის, აბსოლუტურად, არაფერს წარმოადგენს. ანუ, ისინი კავკასიას, აზერბაიჯანს, საქართველოს სხვა კუთხით უყურებენ ისე, როგორც შუააზიას, ავღანეთს და ა.შ. ანუ, ეს მათთვის ერთიანი რეგიონია, სადაც რადიკალურმა ისლამმა უნდა გაიმარჯვოს.


- რა გამოსავალი არსებობს?

- ჩვენ გვაქვს საგარეო საფრთხეები ყველა მხრიდან და შიდა არეულობა უმწვავესი საგარეო გეო-პოლიტიკური საფრთხეების ფონზე. მაგრამ არ არსებობს ვითარება საიდანაც გამოსავალი არაა თუ, რა თქმა უნდა, ადამიანი გონივრულად მიუდგება. ეს მდგომარეობა, ჩვენს გარშემო, თავის თავში, გარკვეულ, შანსებს ატარებს.


- რას გულისხმობთ?

 

- მოგახსენებთ. დღეს, ეს უმძიმესი ვითარება, შეიძლება, თავის გადასარჩენად და ჩვენი პოზიციების გასაძლიერებლადაც კი გამოვიყენოთ. პრობლემა ყველას აქვს, მათ შორის, რუსეთსაც. ძალიან რთული იქნება საფრთხის თავიდან აცილება, როცა ჩრდილო-კავკასიელი მებრძოლები იგილს დაუკავშირდებიან და დაკავშირებულნიც არიან. აქ არის ჩვენი შანსი რუსეთთან ვითანამშრომლოთ. რუსეთთან ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებული უნდა იყოს  დროებით შეთანხმებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სამხედრო შენაერთები დაპირისპირებაში არ შევლენ  რუსეთის მიერ აღიარებულ ტერიტორიებთან. ეს დროებითი უნდა იყოს. ამ მხრივ, რუსეთთან თანამშრომლობა, აბსოლუტურად, არ დააზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ ის რაც გვაქვს, გავძლიერდეთ და კანონიერი უფლებები მერე აღვიდგინოთ. თუ არ გავძლიერდებით, იმასაც დავკარგავთ, რაც გვაქვს. იგივე უნდა გავაკეთოთ თურქეთთან და, საერთოდ ყველა სახელმწიფოსთან, ვინც გარშემოა. მათ ამ პრობლემის გადაჭრაში მივეხმარებით, სამაგიეროდ, მათ უნდა მოგვცენ ტექნიკური, საინფორმაციო, ფინანსური დახმარება იმისათვის, რომ ჩავატაროთ რეფორმები, ჩამოვაყალიბოთ სერიოზული რეზერვი, მოვამზადოთ ჩვენი მოსახლეობა საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ანუ ეფექტური თავდაცვის სიტემა შევქმნათ. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ არავის არ ვესხმით, ანუ ჩვენი გაძლიერებული არმიით, რეზერვით, სპეცსამსახურებით ვიცავთ ჩვენივე ტერიტორიას და ამით ვიცავთ მათ ინტერესებს. ეს უნდა იყოს ფორმულა. ანუ, ჩვენს მიერ ჩვენი პერიმეტრის დაცვა, ამ შემთხვევაში,  აწყობს აზერბაიჯანს, გამომდინარე იქედან, რომ მას სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველო როგორც ტრანზიტული დერეფანი. იგივე სჭირდება თურქეთს. რუსეთს საქართველო სჭირდება იმ თვალსაზრისით, რათა ჩრდილო-კავკასია კვლავ არ აფეთქდეს. სომხეთს, ამ შემთხვევაში, თუ რუსეთს მოველაპარაკებით, მისგან განსხვავებული პოლიტიკა არ ექნება. აქედან გამომდინარე, ამ თანამშრომლობის პირობებში, ჩვენს ყოფილ ავტონომიებთან მიმართებაში, პოლიტიკურად მოვიგებთ, კულტურული პოლიტიკის განხორციელებაზე გადავალთ და იმ აპარტეიდულ რეჟიმს რომელიც აფხაზეთში  და ცხინვალში დამყარდა, ნელ-ნელა აღმაფრენას შევუკვეცავთ, ვაიძულებთ, რომ გალში კვლავ ქართული ენის სწავლება დაუშვან და ასევე, დევნილების დაბრუნებას დავიწყებთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ, რუსეთთან, ასეთი ტიპის მოლაპარაკებებს დავიწყებთ.


ვისაც ჰგონია, რომ შანსი არ გვაქვს, ძალიან ცდება. შანსი გვაქვს, ოღონდ არა იმ მიდგომით, რაც აქამდე გვქონდა. მარტივად ვიტყვი, საქართველოში სტრატეგიული კვლევითი ცენტრი საერთოდ არ გვაქვს, რაც ჩვენი მენტალური არხეინობის გამოხატულება, რეალობის ფუნქციის დაქვეითების შედეგია. ანუ, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ჰყავთ მრჩეველი. ანუ, ჩვენ, რეალურ ვითარებასთან დაკავშირებით, ადეკვატური მიდგომები არ გვაქვს იმიტომ, რომ ის მოედნები არ არის შექმნილი, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს, რეალობის აღქმაში შეუწყობდა ხელს. სახელმწიფო ჩინოვნიკი ვერ შეიმუშავებს სახელმწიფოს სტრატეგიას, მას სულ სხვა ფუნქციები აქვს. ჩვენს პარლამენტში ყველამ ვიცით რაც ხდება. მაგალითისთვის ავიღოთ, როცა იძახიან, რომ ევროკავშირი არის მიზანი. როგორ შეიძლება მიზანი  ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანება იყოს, ეს ხომ სისულელეა. მიზანი კი არა საშუალებაა, რათა შენი ეროვნული ინტერესები განხორციელდეს. როგორ გგონიათ ევროკავშირში რომ შევალთ უკეთეს დღეში აღმოვჩნდებით?

- ევროკავშირს, დღეს, საკმაოდ ძლიერი ქვეყნები ტოვებენ. ჩვენ, მართლაც, რისი იმედი გვაქვს?

 

- დიახ, ტოვებენ იქედან გამომდინარე, რომ ევროკავშირს  ნიველირებული საკანონმდებლო და ეკონომიკური მართვის მოდელიაქვს, რომელიც განვითარებული და ჩამორჩენილი ქვეყნების კავშირის წევრებს, თანაბარ პირობებში აყენებს, რაც, ჩამორჩენილ ქვეყანას, არავითარ შანს არ უტოვებს განვითარებულს დაეწიოს. ჩვენ, ისედაც მოვალეები ვართ. რაც მოხდა ევროკავშირში - ბულგარეთთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან დაკავშირებით, ვნახეთ. ევროკავშირი ქვეყნებთან, საერთოდ, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებსაც არ დებს. ამ ეტაპზე, იქ შესვლა ქვეყნის ჩამორჩენილობას განაპირობებს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი როგორც სუპერ-სისტემა, თვითონ, მდგრადი არაა. მისი წევრები მას პანტა-პუნტით ტოვებენ  და შეიძლება, მალე, როგორც სისტემა,  გეო-პოლიტიკურ ძალთა ბალანსის ცვლილების შედეგად დაიშალოს.


ახლა, ჩვენ, გაყურსული ვართ ისე როგორც კურდღელი გაიყურსება ბალახში იქნებ ვერ შემამჩნიონო,როცა მის თავს ზემოთ არწივებს შენიშნავს. აი, ეს პოლიტიკა გვაქვს. ბოლოს შეგვამჩნევენ. შემჩნეულებიც ვართ, უბრალოდ არწივები ეჩხუბებიან ერთმანეთს და გვგონია, რომ ვერ შეგვამჩნიეს. ახლა კურდღლის მდგომარეობიდან უნდა გარდავიქმნათ და სხვა მდგომარეობაში გადავიდეთ.


- ეს არხეინობა მართლაც დაგვღუპავს. დღეს ისლამური სახელმწიფო აცხადებს, რუსეთს გავანადგურებო.  მას თუ გაანადგურებენ, ჩვენ დაგვინდობენ?


- თავისთავად ცხადია, თუ რუსეთის განადგურებაზეა ლაპარაკი, ამ შემთხვევაში, ჩვენ და სომხები მოყოლილი ვართ.  ისინი არც მუსლიმებს არ ინდობენ. ისლამის დროშით იბრძვიან რადიკალური ძალები, რომელთაც უნდათ ისლამურ სამყაროზე ამ რესურსებზე, უზარმაზარ მასივზე კონტროლის დამყარება, თავისი ატომური იარაღით. მუსლიმი 2 მილიარდამდეა. თან ქსელია შექმნილი, კონტაქტებია.  რადიკალებს, ამოუწურავი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსები აქვთ. ამ დროს, ჩვენ, სრული სისულელეებით ვართ დაკავებული ნაცვლად იმისა, რომ ყველა ძალასთან  ახლა კონტაქტსვეძებდეთ, ვააქტიურებდეთ შიდა რესურს და ვაკეთებდეთ იმას, რაზეც ვსაუბრობდით. ზოგი ძალიან სერიოზული ადამიანის სტრატეგიაა, არაფერი ვაკეთოთ. ამბობენ, ჩვენ არაორგანიზებულნი რომ ვართ, ეს თურმე, ჩვენი მენტალური თავისებურებაა, რომელიც ხანდახან სასარგებლოაო. ასე არაა, ეს მენტალური თვისება კი არა გამოტვინებულობა, უგუნურებაა. ასეთი მიდგომები დამღუპველია. ხომ ვნახეთ, რა მოხდა ეგვიპტეში, სირიაში, ლიბიაში. ლიბია, ერთ დროს აყვავებული ქვეყანა, დღეს დანგრეულია, ხუთ ნაწილადაა დაშლილი, არავინ იცის რამდენი ადამიანი დაიღუპა. ერაყში 2 მილიონი კაცია დაღუპული. სირიაში არავინ იცის რამდენია დაღუპული, გინდაც ავღანეთში. ეს სულ ჩვენი სამეზობლოა. უკრაინა ავიღოთ. იქ, რაც მოხდებოდა სამი-ოთხი წლის წინ ვთქვი თქვენს გაზეთში, ეს გეო-პოლიტიკური კანონზომიერებებია.


- სოსო, საშინაო საფრთხეებსაც შევეხოთ, პოლიტიკაში ექსტრემალური დაჯგუფებები გამოჩდნენ, ზოგი ენის მოჭრით იმუქრება, ზოგი რით. რა ხდება, „ნაციონალების" ეპოქაზე უარესი ხომ არ გველის?


- არის აბსოლუტური უკულტურობა. ადამიანი საჯარო სივრცეში რომ ილანძღება, იმუქრება, იფურთხება და ის კვლავ საჯარო სივრცეში რჩება, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას ტვინში ფილტრაციის სისტემა გაფუჭებული აქვს. არსებობს ცენზურა, რომელსაც საზოგადოება აწესებს. იმ ცენზურის პატივისცემა თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს. თუ ადამიანი კულტურის ცენზურას არღვევს, მაშინ იგი მიუღებელი ხდება და საზოგადოება მას ოსტრაკიზმს უწყობს. ადამიანები რომლებიც ლანძღვით, გინებით, აგრესიით, ცილისწამებით და ათასი საგმირო საქმეებით არიან განთქმულნი, ჩანან ავანსცენაზე და ამ დროს საზოგადოება დუმს, აქ პრობლემა საზოგადოებაშია. როგორ შეიძლება, საერთოდ, ასეთი ტიპის შოუები, გამოცემები და საინფორმაციო საშუალებები არსებობდეს? ეს ხომ ნიშნავს, რომ დავიღუპეთ, ცენზურა აღარ გვაქვს, ვეღარ ვარჩევთ ავს და კარგს, დონეებში აღრევა გვაქვს. ვინც უფრო მეტად იყვირებს და დაიმუქრება საჯარო სივრცეში, უფრო მოწონთ. შე მამაცხონებულო, თუ რაღაცის გაკეთება გინდა შეიძლება, აცხადებდე ამის გაკეთება მინდაო, ვის უცხადებ? ხალხი შეიძლება ასეთ ადამიანს სერიოზულად აღიქვამდეს - ხედავ, რა კარგად დაიმუქრაო? თუ რამის გაკეთება გინდა, გააკეთე, რას იმუქრები? მულტფილმი გამახსენდა - „პეპინო მიდის ბანკის გასაძარცვად", მთელმა ქალაქმა რომ იცის, პეპინო ბანკის გასაძარცვად მიდისო, ასეთი რამ გვჭირს ჩვენ ფეისბუქში და ყველგან - სხედან კლავიატურასთან და გაიძახიან მე თქვენ ამას გიზამთ. როცა ეს პრობლემაა, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ადრე, თემი არსებობდა და ადამიანი ცუდს რომ გააკეთებდა, განკვეთავდნენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, ფეისბუქზე კაცები და ქალები ღიად რომ იგინებიან, ბილწსიტყვაობენ,  ამ უბინძურესად მობილწსიტყვავე ადამიანებისგან პრესა თუ ტელევიზია აქოთდა. მეორე წუთას ვინც იგინებოდნენ, ისეთ რელიგიურ პოსტებს დებენ, ისეთ ღვთაებრივ განცხრომაში არიან, გაგიკვირდება. შეუთავსებელია ერთმანეთთან, როცა ერთ დღეს იგინები და მეორე დღეს თავს მლოცველად აცხადებ. ეს ადამიანის ფსიქიკის დანგრევას იწვევს, მაგრამ თუ იგი ამას ხშირად აკეთებს ადეკვატურობას კარგავს. ასეთებად ვართ გადაქცეული რელიგიური სენტიმენტალიზმის შედეგად. ამან მთელი კულტურები, ცივილიზაციები დაღუპა - რელიგიური სენტიმენტალიზმი ძალიან შეუთავსებელია ნამდვილ რელიგიურობასთან.

 

თამარ შველიძე

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016