reportiori.ge - ვალერი გელბახიანი: ღარიბაშვილს ეძლევა შანსი, რომ თვითონ შექმნას მთავრობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:42
პრეს-დაიჯესტი
ვალერი გელბახიანი: ღარიბაშვილს ეძლევა შანსი, რომ თვითონ შექმნას მთავრობა
ავტორი:
23 აპრილი, 2015. 10:51


 

ვინ დატოვებს თანამდებობებს შავლიაშვილის შემდეგ?


„როდესაც მინისტრების ერთი მესამედი იცვლება, ბუნებრივია, ახალი კაბინეტი უნდა შედგეს და მთავრობის თავმჯდომარე მიმართავს პარლამენტს ხელახლა ნდობის ლგოტუმის მისაღებად, ღარიბაშვილს ეძლევა შანსი, რომ თვითონ შექმნას მთავრობა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ღარიბაშვილმა ახალი მთავრობა შექმნას, ის ერთ ან ორ ცვლილებას განახორციელებს"


მეხუთე ცვლილება მინისტრთა კაბინეტში, ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი გადადგა. 2014 წლის დეკემბერში „ალია" წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ „რაზბორკას" და პრემიერის ახლო გარემოცვის თანამდებობებიდან წასვლას, აუცილებლად მოჰყვებოდა შავლიაშვილის გადადგომა, რომელიც ზვიად ჯანყარაშვილის კადრად მოიაზრებოდა. ვინ იქნება შემდეგი?


ვიდრე ამ კითხვას ჩვენი რესპონდენტი, იურისტი ვალერი გელბახიანი უპასუხებს, შეგახსენებთ, შავლიაშვილის მინისტრობიდან წასვლა გადაფარა ათონელის 28-მილიონიანმა რეზიდენციამ. რა ბედი ელის ათონელის რეზიდენციას, ეს საკითხი ახალი დაპირისპირების საგანი ხდება. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ სახელმწიფოს თამაშის წესებს დაემორჩილოს:


„...პრეზიდენტმა უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია. სახელმწიფოს 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართი ტყუილად არ უნდა ცდებოდეს. ჩვენ საკმაოდ გაჭირვებული სახელმწიფო გვაქვს".


ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად, პრეზიდენტი რეზიდენციაში რჩება!  გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს:


„სამწუხაროდ, ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირება. ბუნებრივია, ამ საკითხში, მე როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე, ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი, ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას. რითიც, ფაქტობრივად, ჩემი აზრით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის და მათ შორის, ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალ არჩევანს ვიცავ..."


მოუწევს თუ არა პრეზიდენტს იძულებით დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია? ამ კითხვაზე მხარეებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ამ საკითხებზე მანიპულირება უკვე გულის ამრევია...


დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის რემონტი პრეზიდენტის მოთხოვნების მიხედვით მოხდა,  იდა ინტერიერი მასთან შეთანხმებით მოეწყო, ის პირადად იყო ჩართული ათონელის რეზიდენციის მოწყობაში, თუმცა პრეზიდენტმა თავისი სიტყვა, არ შეასრულა და ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ის სიტყვას ტეხს.


შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა, პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში პრეზიდენტი გადასულიყო. არჩევნების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის სურვილით და ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააგრძელა შენობის რემონტი და მას მიენიჭა პრეზიდენტის რეზიდენციის სტატუსი.


ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის შენახვა მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის დროს ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, პრეზიდენტის შენახვა დღეში 140 000 გვიჯდებაო, მართალია ამას სააკაშვილის მისამართით ამბობდა, მაგრამ არანაკლები ჯდება მარგველაშვილისა და მისი აპარატის შენახვა.


კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ რის უფლებები აქვს პრეზიდენტს, რამდენად საჭიროა პრეზიდენტისთვის პომპეზური შენობა? 2013 წლიდან შეიზღუდა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები: პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და, შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი; პრეზიდენტი აღარ წარმართავს და ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას; პრეზიდენტის უფლებამოსილებები საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სიმბოლურია.


საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს ჩამოშორდა კონსტიტუციური უფლებამოსილებების უდიდესი ნაწილი, ამის მიუხედავად მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ერთეული (183-ის ნაცვლად 150 საშტატო ერთეულია).


დაუშვებელია, 100 ათასობით ლარი ზედმეტად იხარჯებოდეს ერთი ადამიანის პირადი ამბიციების დაკმაყოფილებისთვის. არადა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი თავადაც საუბრობდა რეზიდენციის შეუსაბამობაზე მის სტატუსსა და უფლებამოსილებებთან:


„მე არ ვარ მომხრე, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს ასეთი დიდი  მოცულობის და ვფიქრობ, რომ თანხა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა, ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. პოლიტსაბჭოზე წამოვაყენე წინადადება, რომ იქ განთავსდეს უნივერსიტეტი".


მივა თუ არა დავა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის საკონსტიტუციო სასამართლომდე? შეიცვლის თუ არა „ავლაბრელი" პრეზიდენტი მისამართს და გახდება თუ არა „ათონელი"? ვის მოხსნიან შავლიაშვილის შემდეგ? გამოუცხადებს თუ არა ნდობას ახალ მთავრობას პარლამენტი?


ამ და სხვა კითხვებზე იურისტი ვალერი გელბახიანი „ალიას" კითხვებს პასუხობს:


- ჯერ კიდევ არ იყო ნოდარ ჯავახიშვილი პირველ მოადგილედ დანიშნული, თქვენთან ინტერვიუში პროგნოზს ვაკეთებდი, რომ შავლიაშვილი დაწერდა განცხადებას და გადადგებოდა. ეს უკავშირდებოდა ნეპოტიზმს, კორუფციულ ფაქტებს, არასწორ ტენდერებსა და განსაკუთრებით იმ წრეს, რომელიც თავს იყრიდა ჯანყარაშვილის წრეში, ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა.


ცხადია, ეს საკითხი ვერ დარჩებოდა რეაგირების გარეშე, მოუწევდა დასკვნების გაკეთება. ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნას პოზიტიურად ვაფასებ, ის არის კომპეტენტური, მჯერა, რომ ჯავახიშვილი ამ სამინისტროს წამოწევს. ყველასთვის ცნობილია, რომ ის არ არის კორუმპირებული, სუფთაა ფულთან და კო კორუფციასთან არასოდეს არ იყო ასოცირებული, ეს ცვლილება ძალიან დროულია. რეგიონალურ პოლიტიკაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, გზების კეთება არაა მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმე, სოფლები, რაიონები მიტოვებულია. მთავარია რეგიონების განვითარება დაიწყოს, ამიტომ ბატონ ჯავახიშვილს თავიდან აქვს გასაკეთებელი საქმე და მჯერა, რომ ამას თავს გაართმევს.


- შავლიაშვილის ჯანმრთელობის საკითხი იყო თუ არა ყურადღების გადამისამართება და ზედმეტი კითხვების თავიდან აცილების ფორმა? და კიდევ, თუკი მას დაავადების მძიმე ფორმა ჰქონდა, მინისტრად რატომ დანიშნეს?


- ეს იყო ფორმალური ნაწილი, სინამდვილეში მისი გადადგომა ავადმყოფობასთან არ იყო დაკავშირებული, ეს არის იმ სკანდალური თემის გაგრძელება, რაც უკავშირდება ჯანყარაშვილის. რა თქმა უნდა, ლოგიკას მოკლებულია შავლიაშვილის მისამართით გავრცელებული განცხადება, რომ მას თანდაყოლილი ავადმყოფობა აღმოაჩნდა, მაშინ რატომ იყო დანიშნული?


ეს არის პოლიტიკური და წმინდა სამართლებრივი ხასიათის საკითხი. უფრო მეტიც, ამ წრიდან დარჩენილი მინისტრებიც კითხვის ნიშნის ქვეშ არიან და მათაც მოუწევთ თანამდებობიდან გადადგომა!


- ვინ არის ამ წრიდან დარჩენილი მინისტრი?

 

- გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილია ჯანყარაშვილის წრიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ მასაც მალე მოუწევს განცხადების დაწერა.


- შავლიაშვილი მეხუთე მინისტრია, მეშვიდე მინისტრის მოხსნის შემთხვევაში მთავრობის ნდობის საკითხი დგება. თუკი გარემოს დაცვის მინისტრს, სპორტის მინისტრს ლევან ყიფიანს დავუმატებთ, რომლის გადადგომასაც ასე ძალიან ითხოვენ უმრავლესობის წევრები, რა მოხდება მერე, მთავრობის ხელახალი დამტკიცებისას, შესაძლოა, მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდეს ნდობის გამოცხადება პრემიერ-მინისტრისთვის?


- ეს არის კონსტიტუციური მექანიზმის ამოქმედება, როდესაც მინისტრების ერთი მესამედი იცვლება, ბუნებრივია, ახალი კაბინეტი უნდა შედგეს და მთავრობის თავმჯდომარე მიმართავს პარლამენტს ხელახლა ნდობის ლგოტუმის მისაღებად, ღარიბაშვილს ეძლევა შანსი, რომ თვითონ შექმნას მთავრობა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ღარიბაშვილმა ახალი მთავრობა შექმნას, ის ერთ ან ორ ცვლილებას განახორციელებს. ივანიშვილის გარეშე მთავარი ცვლილება არ მოხდება, ეს ცხადზე ცხადია! არჩევნებამდე დარჩენილია ერთი წელი, ვფიქრობ, ასეთი დიდი ცვლილება შემოდგომისთვის იქნება დაგეგმილი და არა ახლა. მე როცა ვამბობ, რომ შავლიაშვილს მიჰყვება გარემოს დაცვის მინისტრი, აუცილებლად მოხდება ახლა თუ არა შემოდგომაზე, გამოსაცვლელია ბევრი მინისტრი, მათ შორის სპორტის მინისტრი. როგორც ვიცი, ბატონ ივანიშვილს მასთან მისული დეპუტატებისთვის უთქვამს, მე არ ვერევი საკადრო პოლიტიკაში და თქვენ თვითონ მიხედეთო, პრობლემა არსებობს, მინისტრ ყიფიანს გამოცდილება არ აქვს არც პოლიტიკური, არც პროფესიული, მას გაექცევა ხოლმე სიტყვა, ყიფიანს რომ არ ეთქვა, პარლამენტი აფათურებს ხელს სპორტის სამინისტროშიო, შეიძლება მის მიმართ ასეთი არ აგრესია ყოფილიყო, პარლამენტი მაკონტროლებელი ორგანოა და აბა, ვინ უნდა აფათუროს სამინისტროში ხელები, თუ არა პარალმენტმა?!


ახალა, შეტევების ქვეშ არის, მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს შეეწირება სპორტის მინისტრი ყიფიანიც.


- თქვენი აზრით, პრეზიდენტს იძულებით გამოაძევებენ ავლაბრის რეზიდენციიდან?

 

- მე შეიძლება დავეთანხმო ივანიშვილს ამ ნაწილში, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია ის უფლებამოსილება რაც წინა პრეზიდენტს, ძლევამოსილი უფლებებით აღჭურვილი პირი არაა, რომელსაც დიდი ადმინისტრაცია უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ მეორე მხრივ მიმაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის. იმიტომ რომ სახელმწიფოში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიმბოლიკას, არ შეიძლება პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს მიყუჟულ ადგილზე. პრეზიდენტის სასახლე, ეს არის სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. ამერიკის საელჩომ დაგვიწუნა ათონელის შენობა, საელჩოსთვის არ ვარგაო და საპრეზიდენტო რეზიდენციისთვის გამოდგება?!  ათონელზე შევიდეს კულტურის სამინისტროო ან სხვა რომელიმე სამინისტრო, რა პრობლემაა? როცა ამბობენ, პრეზიდენტი უნდა გამოვასახლოთო, ეს მე სამარცხვინო მგონია, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ვერ მოისაზრებს ასეთ რამეს მთავრობა, რომ პრეზიდენტი გამოსახლოს რეზიდენციიდან, ან მთავრობამ პრეზიდენტი რეზიდენციიდან რატომ უნდა გამოასახლოს, პრეზიდენტმა კანონი დაარღვია? შევიდა ავლაბრის რეზიდენციაში და დარჩა, ათონელზე კი თქვა, რომ ეს შენობა საპრეზიდენტო რეზიდენციისთვის არ გამოდგებაო, პრეზიდენტთან ანგარიშსწორება არ იქნება კარგი ჩვენი ქვეყნისთვის.


ცნობილი ამბავია, რომ უკმაყოფილებაა ყველა მიმართულებით გუნდის შიგნით, ყველა ყველას უპირისპირდება, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, 80 პროცენტს მოქმედი პარლამენტიდან არ დავტოვებო და „შავი სია" უკვე ამოქმედდა, ყველა თავისთვის იბრძვის, ზურგსუკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ბიძინა ივანიშვილს არ უნდა უკვირდეს, როცა მას თავისი თანაგუნდელები აღარ იცავენ და აღარ ესარჩლებიან, ბიძინა ივანიშვილი ნაწყენია, რომ მისმა თანაგუნდელებმა არ დაიცვეს, როცა ირაკლი ალასანიამ განცხადება გააკეთაო... სხვა ინტერესები გაჩნდა, ბიძინა ივანიშვილი არ იცავს თანაგუნდელების ინტერესებს და მათი გაწირვა შეუძლია, როცა იტყვი ასეთ რამეს, რომ დეპუტატების 80 პროცენტი უნდა წავიდეს, ის 80 პროცენტი შენკენ აღარ იყურება. იმ თანამებრძოლებისთვის შესაძლოა, უკვე სხვა ინტერესები გაჩნდა, თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისინი გაწირა.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016