reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: „ნაციონალების“ მიზანია, ყველა რაიონში შექმნან არეულობის კერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:49
პრეს-დაიჯესტი
სანდრო ბრეგაძე: „ნაციონალების“ მიზანია, ყველა რაიონში შექმნან არეულობის კერა
ავტორი:
23 აპრილი, 2015. 13:35


 

გასაგებია, რომ „ნაციონალები" არიან მკვლელები, ასეთები, ისეთები, მაგრამ ახლა რომ გურჯაანში ნეპოტიზმზე და ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამბობენ, ხომ არიან მართლები?


რას ნიშნავს ხელისუფლების „გუმბარიზაცია"? ვის დაემუქრნენ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ბოლო სასამართლო პროცესზე?


„ალიას" ესაუბრება სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროინტეგრაციის საკითხებში, სანდრო ბრეგაძე:


- ეს არის დიდი პროვოკაციული მოძრაობის დასაწყისი. „ნაციონალური მოძრაობის" გეგმაში შედის, მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ დონეზე გაიშალოს მსგავსი ტიპის ფრონტი. 21 მარტის აქციის შემდეგ „ნაცმოძრაობამ" დაინახა, რომ მისი მხარდამჭერების რიცხვი კატასტროფულადაა დაკლებული და მასობრივი აქციებით არაფერი გამოვა. მიხვდნენ რა, თბილისში უპერსპექტივობას, გადაინაცვლეს რეგიონებში. ჩემი ინფორმაციით, გურჯაანის შემდეგ მსგავსი პროვოკაციების მოწყობას აპირებენ ვანში, ხონსა და ასპინძაში. ასევე, ემზადებიან აჭარაში ჩასასვლელად. გათვლა მარტივია, თუ ვინმე ნაწყენია, ან განაწყენდება ადგილობრივ ხელისუფლებაზე, როგორც კი ვინმე არ დაკმაყოფილდება, ეგრევე მიჰყავთ „ნაციონალებს" თავიანთ შტაბში და მიდის გადაბირება, ჰპირდებიან, რომ ისინი მოუგვარებენ პრობლემებს. სინამდვილეში „ნაციონალების" მიზანია, ყველა რაიონში შექმნან არეულობის კერა და ტერორის რეჟიმში ამყოფონ ადგილობრივი თვითმმართველობები. ეს არის მარტივი, მაგრამ, მათი აზრით, ეფექტური გეგმა დიდი პროვოკაციების დასაწყებად. ჩვენ ვნახეთ, რომ გურჯაანში, ფაქტობრივად, ადგილი ჰქონდა ძალადობას. ეს ტენდენცია, თუ ძირშივე არ აღმოიფხვრა, მაშინ მეტასტაზებად მოედება მთელ საქართველოს.


- მე მახსოვს, ცოტა ხნის წინ შენ მეუბნებოდი, რომ ნაციონალები" აპირებენ ადგილობრივი თვითმმართველობების ბლოკირებას. ესე იგი, ანტიკორუფციული კომისიების შექმნა მხოლოდ საბაბია?


- გეგმა ასეთია: ვინც გურჯაანში ჩავიდა და ე.წ. კომისია დააფუძნა, ისინი დარჩებიან ადგილზე, შემდეგ სხვა ჯგუფები მიდიან სხვა რაიონებში და აკეთებენ იგივეს. ეს არის მუდმივმოქმედი ჯგუფები. დღეს „ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ აწერს ხელს იმაზე, რომ ის არ არის არანაირი ოპოზიციური ძალა. თუ ამათ რამდენიმე რაიონში გაუვიდათ, მერე უფრო აგრესიულები გახდებიან და გამგებლების კაბინეტებში შევარდნით აღარ დაკმაყოფილდებიან, მერე გადავლენ სამინისტროებსა და პარლამენტზე. მე გამიკვირდა, რომ გურჯაანში დამნაშავეები არ დაისაჯნენ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რომის პაპზე მეტი კათოლიკეები და დემოკრატები, ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი.


- სანდრო, გასაგებია, რომნაციონალები" არიან მკვლელები, ასეთები, ისეთები, მაგრამ ახლა რომ გურჯაანში ნეპოტიზმზე და ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამბობენ, ხომ არიან მართლები?

 

- მესმის, მაგრამ არის ადამიანთა კატეგორია, ვისაც არ აქვს ასეთ საკითხებზე საუბრის უფლება. ეს ჰგავს იმას, ჯიბის ქურდმა ილაპარაკოს სოციალურ საკითხებზე და პატიოსნებაზე. მე არ მინდა, ყველაფრის იდეალიზაცია მოვახდინო, მაგრამ მასობრივი კორუფცია რომ არ არსებობს, ეს ხომ კარგად ვიცით?


- სამაგიეროდ, არსებობს ნეპოტიზმი, ხელისუფლებაში ვისაც კი შანსი მიეცა, ყველამ ძმები, დები და ნათესავები დაასაქმა.

 

- თუ ნეპოტიზმის ფაქტები არსებობს, ეს ამოსაძირკვია, ამას ვაღიარებ, ორი აზრი არ არსებობს. თქვენ გაქვთ უფლება, ხელისუფლება გააკრიტიკოთ, მაგრამ კორუფციასა თუ ნეპოტიზმში ყელამდე ჩაფლულ „ნაციონალებს" ამის უფლება არ აქვთ. მოდი, ერთიც ვთქვათ, საქართველოში ნუ ავკრძალავთ ნათესავების ყოფნას პოლიტიკასა თუ თანამდებობებზე, თუ ვინმე უღირსია სადმე დანიშნული, ეს სხვა საკითხია და ამაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, ვხედავ კიდევ ერთ ტენდენციას, „ნაციონალები" აქეთ „აწვებიან" „ქართული ოცნების" მომხრეებს, ფაქტები დადეთ, ვინ მოვკალით და ვინ გავაუპატიურეთო. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მეორე მხარე ჩუმდება და მიმაჩნია, რომ აქ საქმე გვაქვს ინტელექტის პრობლემასთან. მე თუ დამისვამენ ასეთ შეკითხვას, უამრავ ფაქტს დავდებ, თუნდაც 26 მაისს მაღაზიის თავზე შემოდებული გვამების ფაქტს. 120 ჩაცხრილული ახალგაზრდაც გავიხსენო? გაუპატიურებებზე ვილაპარაკო? მე ვიჯექი ციხეში, თუ ვინმეს ეს საკითხი აინტერესებს, მე მკითხოს. „ნაცმოძრაობის" ლიდერებს შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი, თორემ ყველაფერი რომ იდეალურად არ არის ქვეყანაში, ამას მეც ვხედავ.


- სხვათა შორის, ეს დამნაშავეები, რომელთაც არ აქვთ უფლება, ილაპარაკონ კორუფციასა თუ ნეპოტიზმზე, მთავარ ოპოზიციურ, ანუ მოლაპარაკე ძალად ისევ ამ ხელისუფლებამ აქცია. რაც ამათ გურჯაანში გააკეთეს, სხვა პარტიებს რომ გაეკეთებინათ, ხელისუფლების მხრიდან რეაქცია საერთოდ არ იქნებოდა.


- გეთანხმები, სხვა პარტიების წარმომადგენლებს უფრო მეტი მორალური უფლება აქვთ, ილაპარაკონ ამ თემებზე. დაიდოს ფაქტები და მე პირველი ვიქნები, ვინც ამ დარღვევების წინააღმდეგ გაილაშქრებს. რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ ძალას, ეს არის ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის შედეგი, რომელიც  თავს მოგვახვიეს დასავლეთიდან. „ნაცმოძრაობის" ხსენება მთავარ კი არა, საერთოდ, ოპოზიციურ ძალად ხსენება ჩემთვის მიუღებელია.


- ხელისუფლებას ხალხი დაავიწყდა. ადამიანი, რომელიც მოატყუეს, მას ძალიან იოლად გადაიბირებენ ნაციონალები", ამაზე ფიქრობს ვინმე?

 

- მესმის, ბევრი გილნატკენი ადამიანია და მათ გამოყენებას შეეცდებიან „ნაციონალები". ახლა შიგნით „ნაციონალურ მოძრაობაში" მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა მოახდინონ ხელისუფლების „გუმბარიზაცია". ჩვენ კარგად გვახსოვს გივი გუმბარიძის მმართველობის პერიოდი მას შემდეგ, რაც ჯუმბერ პატიაშვილი გადადგა. გუმბარიძის მმართველობა, ფაქტობრივად, აღარ იყო მმართველობა, მით უმეტეს, ადგილობრივ დონეზე, როცა აღმასკომის საბჭოს თავმჯდომარეები ვეღარაფერს ვეღარ წყვეტდნენ. ვიღაც წვერებიანი არაფორმალები კაბინეტებში უვარდებოდნენ და კარსაც უჭედავდნენ. აი, აქეთ მიჰყავთ „ნაციონალებს" საქმე.


- რა ინფორმაცია გაქვს, ნაციონალები" თბილისშიც იგივეს დაიწყებენ?


- „ნაციონალები" ჯერ ფრთების გაშლას აპირებენ იმ რაიონებში, სადაც თავიანთი მაჟორიტარები ჰყავთ, გურჯაანში - გიორგი ღვინიაშვილი, ვანში - პაატა ლეჟავა, ხონში - აკაკი ბობოხიძე და ასე შემდეგ. ასევე, აპირებენ ასპინძაში, იქ ჰყავთ ლონდარიძე. თან ხატავენ სურათს, რომ ხალხის მიერ არჩეული მაჟორიტარი უპირისპირდება ადგილობრივ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, „ნაციონალების"  ხელში მაჟორიტარი მართლაც არის რაღაც ბერკეტი და ამასაც იყენებენ. მაჟორიტარი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, თუკი კანონს გადააბიჯებს, უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი. მათი გეგმის მიხედვით, რეგიონებში უნდა დაიწყონ გადაღებები, ჩასაფრებები, ჩაწერები, თვალთვალი და შემდეგ საქმეში ჩაერთვება „რუსთავი 2", რომელიც ეთერში გაუშვებს გაყალბებულ მასალებს. არსებობს შავი პიარი, შენ დააბრალე, წავიდეს და მან იმართლოს თავი. სწორედ ამ პრინციპით აპირებენ მოქმედებას. მე ერთი რამისა მეშინია, არ დაიღვაროს სისხლი, თუ გურჯაანში კვერცხების სროლა იყო, სხვა რაიონებში შეიძლება ბევრს ნერვებმა უმტყუნოს. მე დამირეკეს კახეთიდან და მითხრეს, „ნაცმოძრაობის" თარეშს არ დავუშვებთო.


რაც შეეხება თბილისს, რა თქმა უნდა, ბრძოლის ბოლო აკორდი იქნება დედაქალაქი. როგორ გგონია, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ბოლო სასამართლო პროცესზე ვის ემუქრებოდნენ? თავიანთ პოლიტიკურ თანამებრძოლებს. მატროსოვის ციხეში ცოტა სხვანაირი გარჩევები მიდის „ როდესაც ბაჩო ახალაია საქართველოში ჩამოვიდა, მიხეილ სააკაშვილს გარანტია ჰქონდა მიცემული, რომ არ დააპატიმრებდნენ. როდესაც ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა დარჩნენ საქართველოში, მათ ასევე ჰქონდათ გარანტია, რომ არ დააპატიმრებდნენ. შენ მერაბიშვილი მერაბ კოსტავა გგონია, რომელიც იდეის გულისთვის ჩაჯდა ციხეში? არა, სააკაშვილი დაჰპირდა, რომ უცხოეთიდან იქნებოდა არნახული მხარდაჭერა და მათ ვერ შეეხებოდნენ. მერაბიშვილმა თავის ყოფილ თანამებრძოლებს შეუთვალა: ჩემო ძმებო, თქვენ რომ საქართველოს გარეთ უზრუნველად ცხოვრობთ და ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული, გააკეთეთ რამე ჩვენს გასათავისუფლებლად, თორემ ავიღებს კალამს ხელში და ისეთ რაღაცებს დავწერთ, ჩვენ გარეთ გამოვალთ, თქვენ კი ვეღარავინ გიშველითო. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა „ნაცმოძრაობის" ლიდერებისთვის. ამიტომ, ესენი იძულებულნი არიან, ასე იწანწალონ რეგიონებში და შემდეგ ფრონტის ხაზი გადმოიტანონ თბილისში. ეს  არის „ნაციონალების" გრძელვადიანი გეგმა, რომელიც სრულად უნდა განავითარონ 2016 წლის არჩევნებამდე. ხელისუფლება უნდა იყოს ყურადღებით, რათა ამ პროვოკაციებს სისხლისღვრა არ მოჰყვეს.

 



გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016