ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტით საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელორუსის პრეზიდენტს დახვდნენ ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია. ლუკაშენკოს ახლავს ბელორუსის სამთავრობო და ბიზნესდელეგაციები. ისინი საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. ლუკაშენკოს განრიგი ასეთია: შეხვედრა თავის კოლეგასთან, გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან. დაგეგმილია, ასევე, ჩასვლა აჭარაში, სადაც ხელი მოეწერება ბრესტისა და ბათუმის დაძმობილების ხელშეკრულებას.
და მაინც, ამ ზოგადი და ფორმალური ღონისძიებების მიღმა რა ჩამოიტანა კრემლიდან საქართველოში ლუკაშენკომ, ანუ „ბატკამ"?
„ალიას" პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:
- დღეს ლუკაშენკო არის შუამავალი რუსეთსა და საქართველოს შორის, პუტინი ასე ცდილობს, დაამყაროს მშვიდობიანი ფორმატი ჩვენს ქვეყანასთან. რაც დღეს უკრაინასა და დასავლეთში ხდება, ამ ფონზე მას ჰაერივით სჭირდება მეზობლებთან სტაბილური თანაარსებობა. თუმცა ცოტა მოგვიანებით შედეგის მიხედვით მივხვდებით, დღეს რა საიდუმლო წინადადებები დევს ლუკაშენკოს პორტფელში.
- ბატონო სოსო, რუსული პრესა ლუკაშენკოს „ბატკას" ეძახის და თან არაორდინარულ პრეზიდენტად თვლის: ნახეთ, ის იმდენად დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, არ ჩადის ერევანში, სადაც თურქების მიერ სომეხთა გენოციდის აღნიშვნას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება და ჩამოდის საქართველოში. თურმე ლუკაშენკო არ ემორჩილება რუსეთს. არადა, მგონია, რომ ეს ყველაფერი პუტინთან არის ჩაწყობილი.
- როცა ლუკაშენკო გახდა პრეზიდენტი, ბევრი მას მასხრად იგდებდა. თავიდან მას ჰალსტუხი ეკეთა, რომელზეც ძროხა იყო დახატული. ის თავის დროზე გახლდათ საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. თუმცა 20 წლის განმავლობაში გლეხური ეშმაკობა დახვეწა, გახდა ძალიან ელასტიკური, მოქნილი და თავისი საქმის მცოდნე.
არა, არავითარ შემთხვევაში, ლუკაშენკო ისეთი გიჟი არ არის, რომ პუტინს აუყირავდეს და ბარიკადებზე ავიდეს. ეს გამორიცხულია.
- ანუ პუტინმა უთხრა: მე წავედი სომხეთში, შენ წადი საქართველოშიო?
- დაახლოებით ასეა... ყოველ შემთხვევაში, ლუკაშენკომ იცის საკუთარი თავის ფასი. მან ისიც იცის, რომ პუტინს დღეს მის ადგილზე ალტერნატივა არ გააჩნია. უსეთის პრეზიდენტს არც რამზან კადიროვი ეხატება გულზე და არც ლუკაშენკო, მაგრამ მათი საშუალებით ინარჩუნებს მშვიდობას. რომ არა ლუკაშენკო, ბელორუსშიც დასვამენ ვინმე პროდასავლურს და აირევა სიტუაცია. თუ ის ხანდახან თავისებურად „ცელქობს", პუტინისთვის ასატანია.
- იყო ასეთი ვერსიაც, რომ შეიძლება ლუკაშენკომ ჩვენს ხელისუფლებას შესთავაზოს დსთ-ს ასოცირებული წევრობა.
- არა, ეს არც რუსეთს აძლევს დიდ რამეს და არც ჩვენ. ამაზე ლაპარაკიც კი ჩვენი ხელისუფლებისთვის საშინელი თავის ტკივილი იქნება, ყოველგვარი გამაყუჩებლის გარეშე. ლუკაშენკო ხმამაღლა ვერც ევრაზიულ კავშირზე ილაპარაკებს და ვერც საბაჟო კავშირზე. აქ საუბარი იქნება მხოლოდ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ სიტუაცია რუსეთთან „ნატო, ნატო"-ს ძახილით. თუ ამის გაკეთება გვინდა, მაშინ არ უნდა გაკეთდეს საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი და არ უნდა გაძლიერდეს ვაზიანის ლაბორატორია. ალბათ, ლუკაშენკო ამ საკითხებს წამოსწევს. აქ დიდი დაფიქრებაა საჭირო, რომ ჩვენ ხეირი ვნახოთ.
- გასაგებია, რომ პუტინი ცდილობს, ლუკაშენკოს საშუალებით დაალაგოს საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ხეირის არსი რაში მდგომარეობს?
- პირდაპირ გეტყვი, დღეს ლუკაშენკო ჩვენთვის არის საჩუქარი, სხვა შუამავალი არ არსებობს. აბა, მიმოვიხედოთ, ვის იმედზე უნდა ვიყოთ, სარქისიანის? როგორც კი სომხებთან დაიჭერ საქმეს, აზერბაიჯანი ეგრევე გამწარდება. ახლა იმასაც აცხადებენ, ლუკაშენკოს ჩამოსვლა პრეზიდენტ მარგველაშვილის დამსახურებაა, უკრაინაში რომ იყო, მან დაპატიჟაო. არც ეს უნდა დავიჯეროთ, ეს შეთანხმებული იქნებოდა მთავრობასთან. ჩვენი მთავრობა ზომაზე მეტ ანგარიშს უწევს „ნაციონალების" წივილ-კივილს, თორემ ამ საკითხში უფრო გახსნილი და გაბედული იქნებოდა. არადა, ფონი საჩვენოა, თვითონ დასავლეთი ცდილობს, რუსეთს მოუხსნას სანქციები და დაამყაროს კარგი ურთიერთობა. დღეს არც ამერიკას აწყობს კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. დასავლეთს არც ძალიან დაახლოება აწყობს, არც ძალიან დაშორება, მთავარია, საქართველომ არ შეიცვალოს პოლიტიკური ორიენტაცია. ლუკაშენკოს ჩამოსვლით საქმე წინ იწევს და უფრო უფერულდება აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი. ამ ფორმატმა უკვე ამოწურა თავისი თავი, ახლა ასეთი მაღალი დონის შეხვედრებია საჭირო. ეს არის რუსეთთან სიტუაციის დარეგულირების უკანასკნელი შანსი, სხვა შემთხვევაში ისევ გაგრძელდება რუსეთის მხრიდან პროვოკაციები და მავთულხლართების ამოქმედება. თუ ჩვენი მთავრობა საღ ჭკუაზეა, ლუკაშენკოს საშუალებით კიდევ უფრო უნდა გახსნას რუსეთის ბაზარი, გაზაფხულია, მოდის ხილისა და ბოსტნეულის სეზონი, მერე წამოვა ყურძენი, ღვინო და ასე შემდეგ. თან ისიც არ უნდა გამოგვეპაროს, რომ რუსეთმა მოლდოვასთან საზღვარი გაამკაცრა, იქიდან ღვინო ვეღარ შედის. პრაქტიკულად ჩვენ იქ კონკურენტი არ გვყავს, შეიძლება, რუსეთის ბაზარი მარაგდებოდეს სომხური ღვინით? ვიმეორებ, მთელი ევროპა იბრძვის, სანქციები გავაუქმოთო, რუსეთის ბაზრის დაკარგვა არ უნდა არავის, ახლა ჩვენი დროა, ეს უნდა გამოვიყენოთ, შანსი დიდია. დავაკვირდეთ, თუ ლუკაშენკო საქართველოდან ისე წავიდა, რომ მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ მისი წინადადებები თბილისში არ მიიღეს. ალბათ, ბევრი რამე საიდუმლოდ დარჩება, მაგრამ შედეგის მიხედვით მაინც შეიძლება იმის გაგება, რამდენად ნაყოფიერი იყო ეს ვიზიტი.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"