საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 10 წლის შვილთან, ნიკოლაი ლუკაშენკოსთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს , უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.
საქართველოს პატრიარქმა შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა:
"თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას. ჩვენ კარგად ვიცნობთ ბელორუსიას, თქვენი ქვეყნის ისტორიას და იმ მიღწევებს, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. ჩვენ ღრმად ვაცნობიერებთ თქვენი ვიზიტის მნიშვნელობას და იმედია, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გამყარებას, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში და ჩვენმა მართლმადიდებელმა ხალხმა უნდა შეინარჩუნოს თავიანთი კულტურა, რწმენა და ტრადიციები და მომავალ თაობებს გადასცეს ეს ყველაფერი.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, აფხაზეთი და ცხინვალი ეს გახსნილი იარებია საქართველოს სხეულზე და საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის გულზე. ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, რადგან შეუძლეებლია ამის გარეშე იყოს ნორმალური ურთიერთობები ხალხსა და სახელმწიფოს, ჩვენსა და რუსეთს შორის. მე ვფიქრობ თქვენი ვიზიტი არის მშვიდობის მომასწავებელი, რომელიც მოგვიტანს დადებით შედეგებს. ვისურვებდი, რომ ეს ვიზიტი იყოს ჩვენი ხალხების მჭიდრო ურთიერთობებისა და მეგობრობის საწინდარი", - განაცხადა ილია მეორემ.
ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოში თავის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი და ბელარუსი ხალხი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან.
"ჩვენი ერები ყოველთვის ახლოს იყვნენ და ის ტკვილი, რომელიც თქვენ ახსენეთ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ჩვენთანაც ახლოს არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა მალე გადაფურცლოს თანამედროვე ისტორიის ეს სამწუხარო ფურცლები. ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვართ და მომავალისკენ უნდა ვიყურებოდეთ", - განაცხდა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)