ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის" რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პრესტიჟული ჯილდოთი პრესის, ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები, ახალგაზრდა მწერლები და პოეტები, კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი ბიზნესმენები, მეცენატები და ის ადამიანები დაჯილდოვდნენ, რომლებიც საინტერესო პროექტებს ქმნიან. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი „ოქროს ფრთა" 14 წელია არსებობს და ერთადერთი საპატიო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს.
წელს „ოქროს ფრთის" მფლობელები გახდნენ:
გადაცემა „კომუნიკატორის" წამყვანი სერგი გვარჯალაძე;
ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე;
ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი;
მომღერალი ნანი ბრეგვაძე;
თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე;
საგამოძიებო ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე;
„რუსთავი 2"-ის გადაცემა „ექიმების" ჯგუფი;
პიანისტი ალექსანდრე კორსანტია;
ტელეკომპანია „GDS"-ის სერიალი „ტიფლისი";
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
ბიზნესმენი გერმანე გოგლიჩიძე;
ცნობილი თოქ-შოუების მთავარი რეჟისორი ზურა ფანქველაშვილი;
სპორტული ჟურნალისტი ელენე ბილიხოძე;
ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა;
ტელერეჟისორი დავით გერსამია;
„პრაიმ ტაიმის" რედაქტორი თამარ გორთამაშვილი;
„პალიტრა მედიის" გამოცემა Georgian Journal -ის მთავარი რედაქტორი ვაჟა თავბერიძე;
„ვეჩერნი ტბილისის" რედაქტორი ვადიმ ანასტასიადი.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი „ოქროს ფრთა" 2003 წლიდან არსებობს.
მისი დამფუძნებელია ცნობილი ჟურნალისტი ეთერ ჯიშკარიანი, 2012 წლიდან ფონდის პრეზიდენტი თამარ ფხაკაძეა.
წლევანდელი ნომინანტები შეარჩია ჟიურის 12-კაციანმა ჯგუფმა, რომელშიც შედიან:
„ოქროს ფრთის" პრეზიდენტი თამარ ფხაკაძე, „ბრავო რეკორდსის" ხელმძღვანელი ზაზა შენგელია, რადიო "პალიტრას" პროგრამების დირექტორი თამარ ცაგარეიშვილი, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, რეჟისორი ნიკუშა შენგელაია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რეჟისორი ნანა ჯანელიძე, ჟურნალისტი ეთერ ჯიშკარიანი, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი აჩიკო გოგელია და რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი.
დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ეროვნულ გალერეაში გაიმართა, ჟურნალისტები ეკა მიშველაძე და გოდერძი შარაშია უძღვებოდნენ. საღამოს მუსიკალურად მერიის „ბიგ ბენდი" აფორმებდა.