reportiori.ge - რიჩარდ ნორლანდი სკანდალში ეხვევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:00
პრეს-დაიჯესტი
რიჩარდ ნორლანდი სკანდალში ეხვევა
ავტორი:
24 აპრილი, 2015. 14:30


გუშინ პატარა სკანდალი აგორდა. უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პატიმრების სიის შედგენის პროცესში აშშ-ის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი მონაწილეობდა. მან რამდენიმე მსჯავრდადებულის სიიდან პირადად ამოიღო. კაკაბაძის თქმით, პოლიტპატიმრების სიის შედგენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მთავარი მოთხოვნა იყო, რომ პოლიტპატიმრების სიიდან ე.წ. კოჭოიას საქმეზე ბრალდებული პირები ამოეღოთ.


„როდესაც კომისია იხილავდა კოჭოიას საქმეს, ჩამოსული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ქუთაისის პარლამენტში, ჩამოყვანილი ჰყავდათ ეკა ბესელია, ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ კომისია იძულებული გახდა, სიიდან ამოეღო კოჭოიას საქმეზე ბრალდებული პირები", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


ამერიკის ელჩის პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ ადასტურებს.


„ამერიკის საელჩო არ ჩარეულა ამ პროცესში, სია შედგა კონსენსუსის საფუძველზე, სადაც ყველას ჰქონდა ერთნაირი პოზიცია. ე.წ. კოჭოიას საქმეზე კომიტეტმა იმსჯელა, მაგრამ იყო განსხვავებული მოსაზრება. ჩვენ გადავუგზავნეთ პროკურატურას იმისთვის, რომ ის დარღვევები, რაც ამ საქმეში იყო, შეესწავლათ. ამ პროცესში ამერიკის საელჩო არ ჩარეულა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


კაკაბაძის განცხადებას გამოეხმაურა რიჩარდ ნორლანდიც, არ ვიცი კაკაბაძე რაზე საუბრობსო.


რის საფუძველზე გააკეთა განცხადება ნანა კაკაბაძემ? კიდევ რაზე მიდიოდა „ვაჭრობა" კომისიაში, რომელი საქმის ამოღებას მოითხოვდნენ ამერიკელები?


„ალიას" ნანა კაკაბაძე ესაუბრა:

 

- ქალბატონო ნანა, ინფორმაცია, რომელიც გააჟღერეთ, უარყო ეკა ბესელიამაც და ნორლანდმაც. პრაქტიკულად, გამოვიდა, რომ ტყუილი თქვით. ვინმემ შეცდომაში შეგიყვანათ თუ რაშია საქმე?


- მე თავად ვმონაწილეობდი ამ პროცესში და მე თვითონ ვიცი, რაც ხდებოდა.


- ნორლანდი თავად ესწრებოდა ამ განხილვებს?


- არა, თავად როგორ დაესწრებოდა, ასე საბჭოთა პერიოდშიც არ იქცეოდნენ. ამას აკეთებდა თავისი წარმომადგენლის მეშვეობით. ჩამოდიოდნენ ქუთაისში და მიდიოდა ზეწოლა ორ საქმეზე, „ენვერზე" და „კოჭოიაზე". მერე „ენვერზე" თქვეს, კაი, ჯანდაბას, იყოსო და „კოჭოიაზე" თქვეს პრინციპულად - არაო.


- რატომ იყო ასეთი ინტერესი ამ საქმის მიმართ?


- ესენი ხომ ვითომ ტერაქტებისთვის აიყვანეს? ბოლო პერიოდში ხდებოდა მსგავსი რამეები და ამტკიცებდნენ, რომ სხვა ქვეყნიდან იყო ინსპირირებული. ეს ტალღა აგორდა. გამოძიება ხომ უნდა შემდგარიყო, ვინ იყო ამის სათავეებთან და ერთერთი საელჩოსთან გამოჩნდა, არ აფეთქებულა, მაგრამ მსგავსი იყო. ეს ყველაფერი გააერთიანეს ერთ საქმედ და ამერიკის ინტერესი იმით იყო განპირობებული, რომ მისი საქმეც იყო მიბმული ამასთან.


- „კოჭოიას" საქმეზე რომ ეჭვმიტანილები დააკავეს, მაშინ იყო საუბრები, რომ ეს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაგეგმა, რომ წარმოეჩინა, როგორ ებრძვიან ტერორიზმს. აფეთქება რომ ვინმეს სდომოდა ააფეთქებდა კიდეცო. ნორლანდის კოჭოიას საქმით დაინტერესება რას მივაწეროთ, „ნაციონალები" „გააპრავა"?


- მტკიცებულებები არ არსებობს პირდაპირი სახის, მაგრამ ამას ვარაუდის დონეზე კი არ ვამბობ, არის მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, ამაზე საუბრობენ ოჯახის წევრები და ადვოკატები. ეს ადამიანი არის ერთადერთი ჩვენებით გასამართლებული. ეს არის იურისპრუდენციის სრული ნონსენსი და თუ მომხდარი ფაქტი იყო, რატომ არ გამოიძიეს? „კოჭოიას" საქმეში 15 ადამიანი გადიოდა, ერთი-ორი შეიძლება მონაწილეც იყო, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანებისა იყო უდანაშაულო. ამ საქმეში ბევრი ადვოკატი მონაწილეობდა. ახლა ეს საქმე შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში და სხვათა შორის, მიიღო წარმოებაში საქმე. ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე მოხდა მისჯა. საქმე ეხება 25-წლიან სასჯელს, ცოტა ხომ არ არის?

 

- სხვა პატიმრების მიმართ ინტერესი თუ ჰქონდა ნორლანდს, ხომ არ იცით?


- ეს იმდენად შიდა სამზარეულოა, რომ არ ვთვლი ამ ეტაპზე ამაზე საუბარს საჭიროდ. ზოგადად, გეტყვით იმას, რომ მიხეილ მაჭავარიანმა საჯარო კომენტარში დაადასტურა ის, რასაც ახლა მე ვამტკიცებ - ამერიკის მხარის ჩარევით ამოიღეს „კოჭოიას" საქმე სიიდან. „ნაციონალები" თავად ადასტურებენ ამ ფაქტს, არ უარყოფენ და არც მიკვირს ეკა ბესელიას უარყოფა. როცა მკითხეს, როგორ შედგა პატიმრების სიებიო, მე ვუთხარი, რომ 2007 წლიდან ბევრი ორგანიზაციის მიერ იყო ნამუშევარი, ამათი ყველას სიები გადაიგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში. მკითხეს, თქვენი სია იგივე დარჩა, თუ შეცვალეს? ვუპასუხე, არაფერი არ ამოუღიათ, იგივე სია იყო-თქო. როგორ დარჩა სრულყოფილად, როცა „კოჭოიას" საქმე ამოღებული იყო, რა პრინციპით ამოიღეს ადამიანებიო, ამიტომ ვუპასუხე ის, რაც ზემოთ ვთქვი.


- ხშირად უთქვამთ, რომ ფული კეთდებოდა ამ სიებზე. ასეა?


- მაგას ვერანაირად ვერ ვიტყვი, რადგან მე ვიცი, მე რა გავაკეთე და რა ვიმუშავე. პრაქტიკულად, შეუძლებელია, იქ ფული გაკეთებულიყო, რადგან 1 და 2 კაცის გადასაწყვეტი არ იყო ეს საკითხი, კომისიის წევრებს უნდა გადაეწყვიტათ, კომიტეტსა და პარლამენტს. ანუ იმდენი ინსტანცია უნდა გაევლო, რომ ბუნებაში ასეთი კორუფცია არ არსებობს და ვერც იარსებებდა, რომ ამდენი რგოლი გაევლო და ფული გაეკეთებინა ვინმეს. მაშინ, ყველა ადამიანმა უნდა გაინაწილოს ეს თანხა და ისეთ სიგიჟეში გადადის რომ ალოგიკურია.


- ბესელიამ რატომ უარყო ნორლანდის ჩარევა, რატომ ვერ ბედავს სიმართლის თქმას?

 

- ყველამ იცოდა, რომ ასე ხდებოდა იქ, ისიც ყველამ იცოდა, რომ ეს საქმე ამოღებული იყო ამერიკის საელჩოს მიერ და ხელისუფლების ჩარევად რამდენად შეიძლება იყოს აღქმული ამერიკის საელჩოს ჩარევა, ვერ გეტყვით. მე ვთქვი ის, რაც ვიცი. მე ვიცი ზუსტად „კოჭოიას" საქმეზე. ვისი ზეწოლა იყო და ვის მიერ ხდებოდა სიებიდან სხვა ხალხის ამოღება, ეს არ ვიცი, მე ვიცი, ეს საქმე როგორ იქნა ამოღებული.


კაკაბაძესთან საუბრის შემდეგ, ეკა ბესელიასთანაც გვინდოდა გასაუბრება, მაგრამ სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხა. ამიტომ „მესიჯი" მივწერეთ: 1. „ნანა კაკაბაძე ახადებს, რომ რაც ნორლანდთან დაკავშირებით თქვა, ამ პროცესის მონაწილე თავად არის"; 2. „თუკი კაკაბაძე რასაც ამბობს, სიმართლე არ არის, მაშინ რისთვის დასჭირდა ამის თქმა, რა ინტერესი აქვს?".


პასუხი არც ამის შემდეგ მიგვიღია.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016