როგორი უნდა იყოს ქართული ჟურნალისტიკა? რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს თუ არა ექიმი, ვინც დიაგნოზს დასვამს? „მთავარი.ინფოს" დღევანდელი რესპონდენტი ექიმი არ არის, მას ჟურნალისტიკასთან ირიბი შეხება აქვს და ალბათ მავანნი იტყვიან, რომ ის რაკი ექსპერტი არაა, ამიტომ ჟურნალისტიკაზე არ უნდა საუბრობდეს. არადა, სწორედ რომ ჟურნალისტიკაზე ტელეეთერის მაყურებელმა (გაზეთის მკითხველმა) უნდა ისაუბროს და არა, ვთქვათ, ჩვენში ასე მომრავლებულმა ექსპერტებმა, რომელთაც ხშირად „იციან, მაგრამ არ იციან".
დათო გოგიშვილი:
_ მიუხედავად იმისა, არაერთ ტელევიზიაში მიმუშავია, არასდროს მქონია შეხება ე.წ. პოლიტიკურ ჟურნალისტიკასთან, არ ვარ ამ დარგის პროფესიონალი და ყოველი ჩემი შეხედულება არ ატარებს მტკიცებულებით ხასიათს და მე ამ სფეროს, როგორც რიგითი მოქალაქე და მაყურებელი, ისე ვაფასებ. მედია ვერასდროს იქნება ობიექტური, თუ ის მაქსიმალურად არაა სუვენერული და როდესაც მედიას აფინანსებს ესა თუ ის სუბიექტური მხარე, ეს მედიის ობიექტურობაზე ახდენს გავლენას. დამოუკიდებელი ქართული მედია განვითარდა ფინანსურად არადამოუკიდებელ საწყისებზე, რაც მის მუშაობაზე ცალსახად აისახა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდა ნაციონალური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ამ დროს მედიის მოღვაწეობა ორ - 2007 წლამდე და 2007 წლის შემდეგ - პერიოდებად უნდა გავყოთ. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ მე მხოლოდ ელექტრონულ მედიაზე, ტელევიზიებზე ვსაუბრობ, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მყისიერად დაიწყო მედიის მოთვინიერება, დაარბიეს ტელეკომპანია „იბერია", დახურეს „202", დახურეს გაზეთები, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ სააკაშვილი მედიის წინააღმდეგ სერიოზულ „ლაშქრობას" გეგმავდა. თუმცა 2007 წლამდე სარეკლამო ბაზარი იმდენად გაჯერებული იყო, რომ ტელევიზიები კონკურენტუნარიან გარემოში ობიექტურობას შეძლებისდაგვარად ინარჩუნებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილის, ქიბარ ხალვაშის და კიდევ ბევრი ბიზნესმენის, რომელთაც ქონება გაუნადგურეს, ფაქტორი მოკვდა, ტელევიზიის მუშაობაზე ეს ცალსახად აისახა. დოტაციებზე გადასული ტელევიზიების ხაზინადარი კი იყო დავით კეზერაშვილი, რომელიც განაგებდა როგორც მთელ ბუღალტერიას, ასევე იმას, თუ რამდენი რეკლამა უნდა წაეღოთ ამა თუ იმ ტელევიზიაში. მე არ მქონია შეხება, ამიტომ მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ როგორც ვიცი, არა მხოლოდ საინფორმაციო მხარის დაფინანსებაზე ზრუნავდა „მედია-ბუღალტერი".
სააკაშვილისათვის კატეგორიულად რომ შეეხსენებიათ და მწვანე შუქი არ აენთოთ, მერწმუნეთ, დიდი ალბათობა არსებობდა იმისა, რომ არ მომხდარიყო „იმედის" ტრაგედია.
- მინდა შეგახსენო, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს „რუსთავი-2"-ში უშიშროება შევიდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არც მაშინ იყო და დღეს მითუმეტეს არაა დაფარული, რომ „რუსთავი-2"-ის შენობის უკანა მხრიდან არხის მესვეურებს კონტრაბანდული ტექნიკა გაჰქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ უშიშროება უსაფუძვლოდ არ შესულა ტელევიზიაში, თუმცა ტელეკომპანიის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა ეს გადაფარა და საბოლოოდ ყველაფერი თავისუფალი სიტყვის დევნად შეფასდა.
- მე ამ დროს უნივერსიტეტში ვსწავლობდი და დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ იმ ეტაპზე „მოქალაქეთა კავშირის" ე.წ. რეფორმატორთა გუნდის (ჟვანია-სააკაშვილის სახით, რომლებიც იღებდნენ სტარტს პოლიტიკაში) მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ ისინი არ იყვნენ შევარდნაძის გამანადგურებელი პოლიტიკის მონაწილენი, უშიშროებამ ჟვანიას და სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშავა. მე ვთვლი, რომ როცა ტელეკომპანიის შემოწმების სურვილი გაქვს, გაცილებით პროფესიონალურად უნდა იმუშაო და არა ისე, როგორც მაშინ „რუსთავი-2"-ის შემთხვევაში მოხდა. მითუმეტეს, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ შანსს არავინ გაუშვებდა ხელიდან, აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადასახედიდან მექმნება შთაბეჭდილება, რომ მაშინდელმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთეს, რათა ჟვანია-სააკაშვილის გუნდისათვის კიდევ მეტად დაედგათ დიადემა. ანუ მათ ხელი შეუწყვეს მათთვის წამებულის მანტიის მოსხმას, როგორც რეფორმატორთა გუნდის, ისე „რუსთავი-2"-ისთვის.
- მაგრამ ტელევიზიაში შესვლამდე დამფუძნებლები გაფრთხილებულები იყვნენ, დოკუმენტაცია წარედგინათ საგამოძიებო ორგანოსთვის, მათ ამის ნაცვლად ტელევიზიის შენობის უკანა მხრიდან დაიწყეს კონტრაბანდული ტექნიკის გატანა. მე ვფიქრობ, უშიშროება იძულებული გახდა, შესულიყო ტელევიზიაში.
- მე კიდევ ვფიქრობ, რომ მათ ჟვანია-სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშავეს.
- კარგი, ვკითხულობ შენს სტატუსებს, რაც ჟურნალისტიკის დღევანდელ მდგომარეობას ეხება. დღეს უახლესი წარსულისაგან განსხვავებით, არც ერთი მედიასაშუალება ხელისუფლებაზე არ მუშაობს. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჟურნალისტები ყოფილი ხელისუფლების გუნდრუკმკმეველებად არიან გადაქცეულები.
- მოდით, განვსაზღვროთ, რა არის მედიის თავისუფლების ცნება, ვიღაცას ჰგონია, რომ მედიის თავისუფლებაა ის, რაც მოუნდებათ, დაწერონ და მათ იციან, რომ ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს. მედიის თავისუფლების არსი ეს არ არის. თავისუფლებაა ის, როცა ჟურნალისტი წარმოადგენს მტკიცებულებებით გაჯერებულ მასალას. არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მახსოვს, რომელიც ფაქტებითა და დოკუმენტებით იყო გაჯერებული...
- თუმცა...
- დიახ, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს ქართულ მედიას აქვს ძალიან ცუდი გზა არჩეული - მე ვიტყვი და თუ სურვილი აქვს, თავი იმართლოს! ეს ძალიან ცუდია! სამწუხაროა, რომ ამაზე რეაგირება არ ხდება. ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი შეცდომაა ის, რომ მედიასაშუალებების კანონიერი მფოლობელები არ არის გარკვეული, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ვიღაც სპეცრაზმით შევიდეს ტელეკომპანიაში და გამოყარონ იქიდან ისინი, ვინც მოკალათებულნი არიან ტელევიზიებში. საკმარისი იურიდიული საფუძვლები არსებობს იმისა, რომ გაირკვეს კანონიერი მფლობელი და რომელიმე ტელეკომპანიამ არ დაადგინოს ექსკლუზიურად თამაშის წესები, არ უკარნახოს სრულიად საქართველოს ცხოვრების წესი და არ იყოს პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე. სამწუხაროა, რომ „რუპორობა" ხშირად ცალსახა, ანტისახელმწიფოებრივ და დესტრუქციულ ხასიათს იღებს.
- ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ცუდი კეთდება ქვეყანაში, მაგრამ რაკი დღეს „ტრიბუნას არ დგამენ სხვენში", ის მცირედი, რაც კეთდება, პრაქტიკულად დაკარგულია, ძალიან ცოტა ჟურნალისტი თუ ინტერესდება გაკეთებულით. ვინ არის „ექიმი" და რაშია გამოსავალი?
- „ქართული ოცნება", მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კარგი გააკეთა, არ ზრუნავს შიდა მენეჯმენტზე. იცით რა? არსებობს ბევრი პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც უმუშევარი სახლში ზის და საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, განსაკუთრებით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში მუშაობენ ნაციონალური ბექგრაუნდის მქონე ადამიანები, რომლებიც, გამორიცხული არაა, მიზანმიმართულად არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, ან თუ ასრულებენ, ძალიან ცუდი კუთხით. მე, რიგითმა მოქალაქემ, რატომ უნდა გავიგო ლამის ლელა კაკულიასაგან, რომ სადღაც კარგი საქმე კეთდება?
- სააკაშვილის დროს ეს საკითხი ძალიან მარტივად იყო მოგვარებული.
- კი, თუ არ ვცდები, დონალდ ტრამპი რომ ჩამოიყვანა, ბევრი მილიონი გადაუხადა ლოგოში და ინვესტიცია მოსაძიებელი რომ იყო, ეს არც არავის უთქვამს და ვერც ვერავინ გაიგო. ასეც არ შეიძლება, მაგრამ მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ მედიასთან ურთიერთობის კუთხით საქმე გვაქვს ერთგვარ საბოტაჟთან პიარსამსახურების მხრიდან! თუ არა და, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთონ განმარტება, რა მოსაზრებით არ ხდება აქტიური პიარი უკვე გაკეთებულის და არა გასაკეთებელის, როგორც ამას მიშა აკეთებდა. თუ არ სჭირდებათ პრესსამსახურები, გააუქმონ და ხალხს ნუ აფინანსებინებენ ამ სამსახურებს. ასევე საინტერესოა, რატომ არავინ ინტერესდება, „საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელსაც უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს, რატომაა ურეიტინგო? რატომ? მოკლედ, ბევრი კითხვაა, რომელზედაც პასუხი საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს.
- დღეს და არა მხოლოდ დღეს, ბევრი ადამიანი საუბრობს საბოტაჟზე... როგორ ფიქრობ, „ზემოთ" ვერ ხედავენ, როგორ მუშაობენ „ქვემოთ"?
- შეიძლება, ხედავენ კიდეც და თუკი ხედავენ და რეაგირება არ არის... საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ დონეზე ვაწყდებით ერთ პრობლემას, ჩინოვნიკს რომ დანიშნავენ ამა თუ იმ ადგილზე, ამ ჩინოვნიკის მუშაობის მონიტორინგი არ ხდება.
- ასე შორს წავალთ...
_ ადამიანს რომ დანიშნავ და მან იცის, რომ არავინ მოჰკითხავს, რას აკეთებს, როგორ ფიქრობთ, ის საქმეს გააკეთებს? თქვენ ხომ იცით, რომ ძალიან ბევრი ცდილობს, ნაკლები იმუშაოს? ხომ იცით ეს?
- ვიცი, მაგრამ რამდენი შემმოწმებელი უნდა დანიშნონ, საქმე რომ გაკეთდეს? ჩვენ მოცემულობას ნუ გავექცევით, მომკითხველის მომკითხველი და იმის მომკითხველიც საჭირო გახდება ასე თუ ვიმსჯელებთ.
- მე უშუალოდ არა მაქვს შეხება უწყებებთან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მიუღებელია ის, რაც რეალობაა და არ შეიძლება, ყველაფერს კრიტიკის გარეშე შევხედოთ. სამწუხაროდ, დღეს ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმ სფეროში, სადაც ნაკლებ პროდუქტიულები არიან, ეს იმ დროს, როცა თავის პროფესიაში ბადალი არ ჰყავთ. სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ზემდგომი ქვემდგომს მხოლოდ იმიტომ არ აწინაურებს, ვაითუ დავიჩრდილოო... ასე მივდივართ სოციალურ ამაზრზენ მდგომარეობამდე, რამაც შეიწირა სააკაშვილის ხელისუფლება. ქვეყანას შარდენის გადმოსახედიდან არ უნდა უყურებდე და შარდენიდან არ უნდა მართავდე!
(წყარო: mtavari.info, მაია ბიძინაშვილი)