როგორც ექსპერტმა კახი კახიშვილი აცხადებს, მალე მერიასთან დაკავშირებით სერიოზული გამოძიება დაიწყება. მისი აზრით, განსაკუთრებით საინტერესოა თბილისის მიკროავტობუსებსა და „სითი პარკთან" დაკავშირებული ტენდერები და მერიის გადაწყვეტილებები. მაგალითად, „სითი პარკში" გააფორმეს პირი, რომელსაც თვეში 80 ათასი ლარი დაუნიშნეს ხელფასად და ის სამსახურში ერთხელაც კი არ მისულა.
ექსპერტის თქმით, მისი ვინაობა არავინ იცის. მათ შორის, არც „სითი პარკის" თანამშრომლებმა იციან, რადგან არასოდეს უნახავთ.
„ესეც კორუფციული სქემის ერთ-ერთი ნაწილია, ისევე როგორც დენის გადასახადის ნაგავზე მიბმა, მიწების გაფორმება თუ თაბუკაშვილის ქუჩიდან მობინადრეების გამოყრა. ამ კორუფციული სქემის სათავეში კი გიგი უგულავა იდგა. თუმცა „ნაციონალებმა" ისეთი კანონმდებლობა შექმნეს, რომ ვერც თბილისის მერს გადააყენებ და ვერც რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავ. უგულავა ხვალვე რომ გადადგეს, 2014 წლის არჩევნებამდე მერის უფლებამოსილებებს მისი მოადგილე შეასრულებს. პარლამენტს მოუწევს დაფიქრება კანონმდებლობის შესაცვლელად",-განაცხადა კახიშვილმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.