მთავარი პროკურატურის გამოძიების შედეგებით, სოფლის მეურნეობის სამინტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანაიძეზე გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ დასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში საგანგებო განცხადება გაკეთდა.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2013 წლის 11 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პრეს-კონფერენციაზე, "მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომელთა მიერ მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის წინაშეც პირველ ეტაპზე დაისვა ორი ძირითადი საგამოძიებო ამოცანა, სახელდობრ:
წარმოადგენდა თუ არა ივანიაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ცრუ ჩვენებას და, მეორე, დარღვეული იყო თუ არა მისი მოპოვებისას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესები.
გამოძიების შედეგად ამომწურავად გაეცა პასუხი ორივე კითხვას, კერძოდ, უდავოდ დადასტურებულია, რომ ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე ივანიაძის მიერ გამოძიებისათვის ჩვენება მიცემულია საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, დამოუკიდებლად, უშუალოდ მისი სურვილით, ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ზეგავლენის გარეშე და, მასში ასახული ყველა ფაქტობრივი გარემოება შეესაბამება სიმართლეს. მათი ნამდვილობა და უტყუარობა კი, ამ ჩვენებისაგან დამოუკიდებლად დადგენილია ათეულობით მოწმის ჩვენებებით, ამოღებული დოკუმენტებით, ნივთიერი, მათ შორის ვიდეო და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ივანიაძის ჩვენება თავისი შინაარსით აღიარებითი და მამხილებელია და, დანაშაულის საბოლოო გახსნა, ცალსახად განპირობებული იყო სწორედ მისი თანამშრომლობით. ჩვენებაში დაფიქსირებული მონაცემები არსებითად ახალი და განსხვავებულია იმ მომენტისათვის არსებული საგამოძიებო ვერსიისაგან, რითაც ეჭვგარეშე დასტურდება, რომ ამ ინფორმაციის მატარებელი იყო პირადად ივანიაძე და არა გამომძიებელი ან პროკურორი.
წარმოგიდგენთ ვიდეომასალას, რომლიდანაც ნათლად სჩანს, რომ ივანიაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების საპირისპიროდ:
პირველი - ადვოკატების აცილება მოხდა ივანიაძის დაჟინებული თხოვნით და არა ვინმეს მხრიდან იძულების შედეგად. ივანიაძის აზრით, ადვოკატები მისი კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ;
მეორე - ივანიაძემ გამოძიებას მიაწოდა მანამდე უცნობი ინფორმაცია შესყიდვის კომისიის კონკრეტულ წევრთა მხრიდან კომპანია "ზეტორის" გამარჯვებაში ანგარებითი დაინტერესების თაობაზე, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების იმ კორუფციული სქემებისა და ჩანაფიქრების შესახებ, რომელთა განხორციელება აღიკვეთა მხოლოდ მათი დაკავების გამო;
მესამე - ივანიაძემ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი არამარტო ღია თანამშრომლობაზე, არამედ მანვე საკუთარი ინიციატივით გამოხატა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო დამნაშავე პირთა მხილებისათვის წარმოებულ ფარულ ოპერატიულ ღონისძიებებში;
გამოძიებით აგრეთვე მთლიანად გამოირიცხა, რომ ივანიაძის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე, ინტენსიურად ტარდება სათანადო საგამოძიებო და ოპერატიულიღონისძიებები და Mმამუკა ივანიაძის მხრიდან ცრუ დასმენის ჩადენის დადასტურების შემთხვევაშიმიღებულ იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რის თაობაზე საზოგადოებას დამატებით მივაწვდითინფორმაციას"- ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე, პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა.