reportiori.ge - „რისთვის ავირჩიეთ დავით ნარმანია თბილისის მერად? ერთხელ, შარშან სექტემბერში თითი დაუქნია „სითი პარკს“ და ამის მერე, არაფერი გაუკეთებია“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:06
პრეს-დაიჯესტი
„რისთვის ავირჩიეთ დავით ნარმანია თბილისის მერად? ერთხელ, შარშან სექტემბერში თითი დაუქნია „სითი პარკს“ და ამის მერე, არაფერი გაუკეთებია“
ავტორი:
28 აპრილი, 2015. 15:50



„სითი პარკის" წიანააღმდეგ საპროტესტო აქციები იწყება


„სითი პარკის" ცენტრალურ ოფისთან, კანდელაკის ქუჩაზე, რამდენიმე პარტიის წარმომადგენელთა მონაწილეობით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში „თავისუფალი საქართველოს", „რეფორმატორების", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა" და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერები მონაწილეობდნენ. კერძოდ, კახა კუკავა, ალეკო შალამბერიძე, ბეჟან გუნავა, ირაკლი ღლონტი, გოჩა ჯოჯუა და სხვები. აქციის მონაწილეები „სითი პარკის" ოფისთან დროშებით მოვიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც კომპანია „სითი პარკთან" დაკავშირებით გასცა და რაც ამ კომპანიის თბილისიდან უპირობო გაძევებას გულისხმობდა. „თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულმა ოცნებამ" ჩაანაცვლა. მან ხელისუფლებას „სითი პარკთან" დაკავშირებული დაპირება შეახსენა და ამ კომპანიის ადმინისტრირებიდან გაყვანა მოითხოვა.


აქციის ორგანიზატორებმა შექმნეს მობილური ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეების მიერ დატოვებულ შეტყობინებებზე რეაგირებას მოახდენენ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაუკავშირდება მათ პარტიულ ოფისებს და შეატყობინებს `სითი პარკის~ მიერ მანქანის საჯარიმოდ გადაყვანის შესახებ, აღნიშნული პარტიების მიერ შექმნილი მობილური ჯგუფი რეაგირებას მოახდენს.


აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანიის ჯარიმები უკანონოა და „სითი პარკს" ქალაქში არანაირი ინვესტიცია არ განუხორციელებია.


პოლიტიკოსები გაჩერებას არ აპირებენ და „სითი პარკის" წინააღმდეგ დიდი საპროტესტო ტალღის აგორებას გეგმავენ. რას და როგორ აპირებენ, ამის შესახებ „ალიას" გოჩა ჯოჯუა ესაუბრა:


- ჩვენ ადრე გვქონდა „სითი პარკის" ოფისთან აქცია, მაშინ სამი პოლიტიკური პარტია ვიყავით, მაგრამ ის ერთჯერადი აქცია იყო. ახლა აღარ გავჩერდებით. ამოვიდა მართლა ყველში ცალკე „სითი პარკის" თავგასულობა, ცალკე თბილისის მერიის უუნარობა თუ ამ კომპანიასთან მერიის თავკაცთა სავარაუდო კორუფციული გარიგება. რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, ვინ ვის გაურიგდა, იმედია, ესეც გაირკვევა, მაგრამ მანამდე ამ კომპანიამ თბილისელებს სული ამოხადა ამ უკანონო ჯარიმებით. ამ უმსგავსობას ბოლოს მოვუღებთ. ამის გარდა, სხვა კანონდარღვევები მრავლად არის „სითი პარკის" ქმედებებში. ამიტომაც, ჩვენ შევქმენით მობილური ჯგუფები, ვისაც „სითი პარკის" წარმომადგენლებთან პრობლემები შეექმნება, უნდა დაგვიკავშირდნენ და ჯგუფის წევრები იქვე გაჩნდებიან, სამართლებრივად ადგილზე დაუმტკიცებენ მათ, რომ არაკანონიერად მოქმედებდნენ და ბევრის ავტომანქანას გადავარჩენთ, რომ საჯარიმო ავტოსადგომზე არ გადაყვანონ მისი ავტომობილი და საერთოდ, ტყუილად, ანუ უკანონოდ არ დააჯარიმონ. მალე გამოვაქვეყნებთ ცხელი ხაზის ნომერს, ის ყველა ავტომფლობელს უნდა ჰქონდეს და როცა „სითი პარკის" წარმომადგენლები დაყაჩაღებას დაუპირებენ, დაგვირეკონ.


- თქვენი მობილური ჯგუფის წევრებსა და „სითი პარკის" თანამშრომლებს შორის შესაძლოა, კონფლიქტები წარმოიშვას და მზად ხართ ამისთვის? ამაზე გიფიქრიათ?

 

- კი, როგორ არ გვიფიქრია. კონფლიქტი და შეხლა-შემოხლა ნამდვილად არ გვინდა. ჩვენ კუნთმაგარ ბიჭებს კი არ ვაგზავნით საჩხუბრად, ამ მობილურ ჯგუფებში იქნებიან იურისტები, რომლებიც „სითი პარკის" წარმომადგენლებს ადგილზე განუმარტავენ, რომ უკანონობას სჩადიან და აიძულებენ, ეს უკანონობა შეაჩერონ. ჯარიმის ქვითარი გამოწერილიც რომ იყოს, ადგილზევე ვეცდებით მის გაბათილებას. ყველა ავტომფლობელმა არ იცის კანონები, საკუთარი და „სითი პარკის" უფლებები და ვერც ეცოდინება. ამ ხალხს დავეხმარებით, რომ ტყუილად არ დააჯარიმონ. გარდა ამისა, „სითი პარკის" ოფისთან სისტემატურად გავმართავთ აქციებს. ეს კომპანია, რომელიც უკანონოდ ძალადობს თბილისელებზე, უკანონოდ უნდა გამოვაცხადოთ. აღარ უნდა გადავიხადოთ მათ მიერ უკანონოდ გამოწერილი ჯარიმები. ის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც არ აღსრულდება, თავისთავად ბათილდება. ეს ერთი და საერთოდ, იმდენს მივაღწიეთ, რომ უკანონოდ მაინც არ გავატანთ მანქანებს „სითი პარკის" წარმომადგენლებს და მერე, თუ მაინც გამოწერენ ჯარიმებს, რასაც ადგილზე ვერ გავაბათილებთ, თუ კომპანია სასამართლოს მიმართავს, იმ ჯარიმების კანონიერებაზე სასამართლოში იდავებს მოქალაქე.


- მაგრამ მერე „სითი პარკი" სასამართლოს მართლა მიმართავს და ამ გზით ამოიღებს ამ ჯარიმებს მოსახლეობისგან. მერე მოქალაქეს სასამართლოში სირბილი და ჯარიმის გარდა, საურავების გადახდაც მოუწევს. მაინტერესებს, რამდენად ეფექტურია თქვენი გეგმა, რამდენად უნდა გენდოთ მოსახლეობა, რომ ეგ გეგმა გაამართლებს და ხალხს მართლა დაიცავთ „სითი პარკისგან"?


- რაც მოგახსენეთ, ეს ერთი ეტაპია „სითი პარკის" უკანონობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მორალური გარემო, რომ „სითი პარკს" ყველამ უნდობლობა და დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს და ეს უკანონო ჯარიმები არავინ გადაიხადოს. თუ არავინ გადაიხდის, მაშინ უკვე სხვა რეალობა შეიქმნება. საყოველთაო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, თბილისის მერია იძულებული გახდება, დაიცვას თბილისის მოსახლეობა ამ ყაჩაღებისგან. მერია გვერდით უნდა დაუდგეს თბილისელებს. აბა, რისთვის ავირჩიეთ დავით ნარმანია თბილისის მერად? ერთხელ, შარშან სექტემბერში თითი დაუქნია „სითი პარკს" და ამის მერე, არაფერი გაუკეთებია. უნდა გააძევოს მერიამ ეს კომპანია თბილისიდან,  არადა მერიის მაღალჩინოსნებს გააძევებენ თბილისელები. არაფერს ისეთს არ ვითხოვთ დავით ნარმანიასგან, „სითი პარკის" თბილისიდან გაშვება ნარმანიასა და „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, ახლა კეთილი ინებონ და შეასრულონ. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ, რაც უფრო მეტს უთმობენ ამ კომპანიას, მით უფრო თავხედდება.


- თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ თბილისის მერიამ ამდენ ხანს ძვრა ვერ უყო „სითი პარკს"?

 

- ორი ვარიანტია. ან მერიის მაღალჩინოსნებსა და „სითი პარკის" მესვეურთა შორის კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, ან დავით ნარმანია ვიღაცას ვერ ახტება თავზე ხელისუფლებიდან, ვიღაც იცავს „სითი პარკს", ნარმანიაზე გავლენიანი და წონიანი ჩინოსანი ან ჩინოსნები და აიძულებენ ნარმანიას, ხელი არ ახლოს ამ კომპანიას.


- და ის ვიღაც მაღალჩინოსანი, ვინც, დავუშვათ, დავით ნარმანიას აიძულებს, რომ „სითი პარკი" დატოვოს თბილისში, ამ კომპანიის შეფის ლამაზი თვალების გამო აფარებენ ხელს? ლოგიკურია, რომ მათაც აქვთ სარგებელი ნარმანიას გაჩუმების, ანუ „სითი პარკის" მფარველობის სანაცვლოდ.


- ცხადია, ლოგიკურად ასეა. მართლა არ გამოვრიცხავ, რომ „სითი პარკის" საცეცები გასცდა თბილისის მერიას და უფრო ხელისუფლების მაღალ ეშელონებს მისწვდა, ვიღაცას ან ვიღაცებს და მათ უხდიან ფულს. ეს მართლა შესაძლებელია. თუმცა, ეს ყველაფერი ვარაუდია და ახლა მთავარია, მერია ვაიძულოთ, „სითი პარკი" თბილისიდან გაუშვას, ამას მხოლოდ პერმანენტული საპროტესტო აქციებითა და დაუმორჩილებლობით მოვაღწევთ, ჩვენ სხვა გზას ვერ ვხედავთ. ბოლო უნდა მოვუღოთ „სითი პარკის" პარპაშს თბილისში და ჩვენ ამას გავაკეთებთ, ოღონდ მოსახლეობა უნდა დაგვიდგეს გვერდით და მხარი დაგვიჭიროს. თუმცა, იმდენი ხალხი ჰყავს თავისი თავხედობით გამწარებული „სითი პარკს" და ყოველდღიურად იმდენს ამწარებს, მოსახლეობის თანადგომის იმედი ნამდვილად გვაქვს.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016