reportiori.ge - ირაკლი კობახიძე: არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ დროს ჩატარდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:00
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი კობახიძე: არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ დროს ჩატარდება!
ავტორი:
29 აპრილი, 2015. 05:25

 


პარტია ,,ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივნის პოლიტიკური შეფასებები

 


პარტია ,,ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ,,ვერსიასთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში ყველა აქტუალურ თემას ეხება და ივლისის შუა რიცხვებისთვის ,,ოცნების'' სტრუქტურების სრულად ამოქმედებას, ზაფხულამდე კი ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრას აანონსებს; ამასთან, ექსპერტთა იმ კასტაზე საუბრობს, ვინც ,,მამალი ძროხის'' შექმნითაა დაკავებული, პრეზიდენტს კი სახელმწიფოებრივი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.

 

_ კონსტიტუციაში არ წერია, რომ პრეზიდენტს არჩევანის უფლება აქვს, სად იცხოვროს _ ამ ფრაზის ავტორი თქვენ ხართ. რატომ დავობთ ამ თემაზე და, საერთოდ, საზოგადოებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად იჯდება პრეზიდენტი?

 

_ პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები 2013 წლამდე განსხვავებულად იყო მოწესრიგებული, 2013 წლის შემდეგ კი ვითარება თვისობრივად შეიცვალა, თუმცა ხალხს დღემდე არ აქვს ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სახით და რა მასშტაბით შეიცვალა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ეს იმ მიზანმიმართული კამპანიის შედეგია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად აწარმოებენ. შეიქმნა დამახინჯებული სურათი, სადაც პრეზიდენტი მმართველი ძალისგან ჩაგრულ სუბიექტადაა გამოყვანილი. ეს ხალხის განწყობაზე თამაშია, რადგან ადამიანი, ბუნებრივად, ჩაგრულის მხარეს გადადის. სინამდვილეში, ვერავინ დამისახელებს შემთხვევას, როცა პრეზიდენტს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება რაიმე ფორმით შეეზღუდა. ამ კამპანიის მიზანი ,,ოცნების'' იმიჯზე ნეგატიური გავლენა და პრეზიდენტის რეიტინგის ხელოვნურად ზრდაა, რაც სხვა ეჭვებსაც აჩენს.

 

_ ამ ეჭვებში თქვენც პრეზიდენტის, ნაციონალების, თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ე.წ. ბანაკს გულისხმობთ?

 

_ ეს ვერსია ზედმეტად შორს მიდის... ნაციონალურ მოძრაობას იმის რესურსი არ აქვს, რაიმე მასშტაბური და კონსოლიდირებული პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს, რომელიც კონკურენციას გაგვიწევს.

 

_ გვახსოვს დავები, ვინ წავა ეკონომიკურ ფორუმზე, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას და ასე შემდეგ... ანუ პრეზიდენტმაც არ იცის, რა უფლებები აქვს თუ მისი განცხადებებიც ამ კამპანიის ნაწილია?

 

_ მაქვს საფუძველი, ვივარაუდო, რომ პრეზიდენტს ჰყავს გუნდი ადმინისტრაციაში, რომელიც არასწორი მიმართულებით წარმართავს მოვლენებს. ეს შეგნებულად კეთდება თუ კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო, სხვა საკითხია. არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტიც არაა სათანადოდ ინფორმირებული იმ ახალი რეალობის შესახებ, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით შეიქმნა. ძალიან უხეშად თუ დავთვლით, პრეზიდენტს ძველი უფლებამოსილებები, დაახლოებით, 95%-ით შეეზღუდა. ხშირად მანიპულირება იმით ხდება, რომ პრეზიდენტის კომპეტენციების ჩამონათვალი კონსტიტუციის ტექსტში დიდად არ შემოკლებულა, თუმცა შეიცვალა მთავარი ჩანაწერი, რომლის მიხედვით პრეზიდენტი აღარ წარმართავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამით საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავედით. ისიც მიზანმიმართული კამპანიის შედეგია, რომ ნებისმიერ სადავო, სამსჯელო საკითხზე ყოველთვის ჩნდება ე.წ. ექსპერტი, რომელიც სრულიად საპირისპირო განცხადებას გააკეთებს. ყველამ ვიცით, ძროხა მხოლოდ დედალი შეიძლება იყოს და სხვა ალტერნატივა არ არსებობს, მაგრამ გამოჩნდება ექსპერტი, რომელიც იტყვის, რომ ძროხა მამალია. ასე იყო ასოცირების ხელშეკრულების საკითხის განხილვის დროსაც _ არსებობდა ერთი სიმართლე, მაგრამ გამოვიდნენ ექსპერტები, რომლებმაც თქვეს, რომ ,,ძროხა მამალია'' ანუ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა პრეზიდენტის უპირატესი კომპეტენციაა. ყველაფერ ამის ერთერთი მიზეზი ხარისხის კონტროლის სისტემის არარსებობაა. მედია ხშირად ისე არქმევს ადამიანებს ექსპერტებს, რომ მათ ბიოგრაფიასაც კი არ იცნობს. ხშირად კონსტიტუციას, ექსპერტის რანგში, ისეთი ადამიანი განმარტავს, ვისაც აკადემიური ხარისხიც არ აქვს. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ხარისხის კონტროლის სისტემა არ არსებობს.

 

_ კვალიფიკაციის ნაკლებობა ხელისუფლებაშიც დიდი დოზითაა... პრემიერი ამბობს, რომ პრეზიდენტს ძალით არ გადაიყვანს... პრეზიდენტი კი ავლაბრიდან ათონელზე გადასვლას არ გეგმავს. სადაა გამოსავალი?

 

_ საკითხი აქტუალობას იქამდე ვერ დაკარგავს, ვიდრე პრეზიდენტის რეზიდენცია კონსტიტუციური მოდელის შესაბამისი არ იქნება. დღევანდელი რეზიდენცია ევროპული ტიპის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტისთვის ზედმეტად გრანდიოზულია.

 

_ იგივე წარმატებით შეგვიძლია ვისაუბროთ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის გრანდიოზულობაზეც.

 

_ ადამიანის კერძო საკუთრება სხვა თემაა. პრეზიდენტისთვის გრანდიოზული სასახლის არსებობა დიქტატორული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა. ასეთი რეზიდენციის მიზანია, პრეზიდენტმა სხვა ინსტიტუტებს თავისი უპირატესობა აჩვენოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რეზიდენცია კონსტიტუციურ მოდელს შეესაბამებოდეს. გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილის რეზიდენციაში მარტივად, ერთ დღეში გადავიდა და ასევე მარტივად შეუძლია, გადავიდეს ათონელის რეზიდენციაშიც. ამ საკითხზე პრემიერ- მინისტრმა სახელმწიფოებრივი მიდგომა გამოავლინა, როცა ცალსახად თქვა, რომ არავითარი იძულება არ იქნება. ახლა ჯერი პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციაზეა. ზოგადად კი, უნდა აღინიშნოს, რომ ინსტიტუტის დისკრედიტებას რეზიდენციის ზომა კი არა, კონსტიტუციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს.

 

_ ახლა ,,ოცნებაში'' არსებულ ვითარებაზე ვისაუბროთ _ როგორ დასრულდა ბოლო ორი სკანდალი ზვიად ჯანყარაშვილსა და არმაზ ახვლედიანთან და ამ ორ ადამიანს დღეს პარტიასთან რა აკავშირებს?

 

_ არმაზ ახვლედიანი პარტიის წევრია. პარტია ერთი დიდი ოჯახია, წევრთა შორის გუნდური დამოკიდებულება გვაქვს და ამ საკითხსაც გუნდურად გადავწყვეტთ, შედეგი კი შიდასაუბრებსა და თავად ახვლედიანის პოზიციაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილს, დღეს იგი პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებული არაა.

 

_ ,,ოცნების'' რაიონული ორგანიზაციები სუსტია. ადგილობრივი ოფისების გაძლიერების რა სტრატეგია გაქვთ?

 

_ რაიონული ორგანიზაციების სისუსტეს თავისი ობიექტური ახსნა აქვს _ სამი არჩევნები მიყოლებით გამოვიარეთ და პარტიას ორგანიზაციული გაძლიერების დრო არც ჰქონდა. მომავალ არჩევნებამდე წელიწადნახევარია და საკმაო დრო გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პარტია, როგორც ორგანიზაცია, არსებითად უფუნქციო იყო. ეს ეხება როგორც ცენტრალურ, ისე რაიონულ ოფისებს. მდგომარეობა თითქმის ყველგან იდენტურია, თუმცა გვაქვს დასახული კონკრეტული გეგმა, რომლის საფუძველზე ზაფხულიდან ყველა პარტიული ორგანიზაცია სრული მასშტაბით ამოქმედდება. ყველა რაიონში შეიკვრება ბირთვი, რომელიც პარტიის ყოველდღიურ საქმიანობას გაუძღვება. ამჟამად, ყველაზე აქტიურად სწორედ პარტიის რეორგანიზაციაზე ვმუშაობთ. პასიურობის მიუხედავად, ყველა რაიონში წამყვანი პოლიტიკური ძალა ვართ და სხვა პარტიებთან შედარებით, დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ.

 

_ ,,ოცნების'' რეგიონული დასაყრდენი ბევრგან ნაციონალების ყოფილი სტაფია, ის მაჟორიტარები კი, ვინც არჩევნები წააგო, დღეს ,,ოცნების'' მაჟორიტართა შტაბებში წამყვანი ფიგურები არიან. რაიონებში ამდენი ჩხუბი და დავიდარაბა ამიტომაცაა. ვითარების შეცვლას არ აპირებთ?

 

_ ვადასტურებ, ასეთი შემთხვევები არის და აქცენტები სწორად დასვით, მაგრამ ყველა რაიონში ასე ნამდვილად არაა. ახლა ვადგენთ მკაფიოდ გაწერილ სამუშაო გეგმას ოფისებისთვის, ვსახავთ კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს. ჩვენი გეგმა ყველა იმ პრობლემას აღმოფხვრის, რაც რაიონებშია.

 

_ ამ გეგმის შესრულებაზე პასუხს ვინ აგებს, თქვენ?

 

_ მეც, რა თქმა უნდა, როგორც ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი. პარტიას ჰყავს თავმჯდომარე, პრემიერ- მინისტრი, რომელიც პარტიაში წამყვანი ფიგურაა, საერთო ხელმძღვანელობას უწევს ჩვენს საქმიანობას და ყველაფრის საქმის კურსშია. პრემიერ- მინისტრი პარტიული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში აქტიურადაა ჩართული.

 

_ საინტერესოა, ამ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი რამე როლს თუ ასრულებს ან რჩევებს გაძლევთ?

 

_ პარტიულ საქმიანობაში ჩართული უშუალოდ არაა, მაგრამ ჩვენი პარტიის დამფუძნებელია, ბუნებრივია, ჩვენს შორის კავშირი სრულად ვერ გაწყდება და არც უნდა გაწყდეს. ჩვენ ყველა მისი რჩევისთვის ღია ვართ.

 

_ არჩევნებზეც ვისაუბროთ, 2 წელია ,,ოცნება'' ინტერპარტიულ ჯგუფს არ ხვდება. რატომ? ოპოზიციის თქმით, საარჩევნო კოდექსის შეცვლაც არ გსურთ...

 

_ ცალკეულ პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო სექტორთან პირველადი კონსულტაციები უკვე დავიწყეთ. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება საკონსტიტუციო ცვლილებას უკავშირდება. 2013 წელს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი უნდა მოამზადოს. ამ კომისიას აქვს მანდატი, კონსტიტუცია ფუნდამენტურად და კომპლექსურად გადასინჯოს.

 

_ იმ კომისიაზე მელაპარაკებით, რომელმაც უფლებამოსილების ვადა ორჯერ გაიგრძელა, მაგრამ ერთ ძირითად საკითხზეც ვერ შეთანხმდა და ცოტა ხანში გვეტყვის, ცვლილებები 2016 წლამდე არ ესწრებაო?

 

_ მუშაობასა და ჩართულობას ამ კუთხითაც გავააქტიურებთ. საქმე ისაა, რომ კონსტიტუცია ერთიანად, ფუნდამენტურად უნდა გადაისინჯოს და რომელიმე კონკრეტულ საკითხს, მათ შორის, საარჩევნო სისტემას, ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმისგან იზოლირებულად ვერ განვიხილავთ. თუ პროცესი სწორად დაიგეგმება, არის რესურსი, 2016 წლამდე ყველაფერი მოესწროს.

 

_ საკონსტიტუციო ცვლილება არჩევნების მაჟორიტარული წესის გაუქმებას სჭირდება, მაგრამ მეორეა საარჩევნო კოდექსი, რომელშიც ცვლილებების შეტანა კონსტიტუციის შეცვლის გარეშეც შეიძლება. ამ კუთხით რას აპირებთ?

 

_ ზუსტად ამიტომ გავმიჯნე კოდექსი და კომისიის მუშაობა... დღეს გვაქვს მაჟორიტარული სისტემა, სადაც მანდატები არათანაბრადაა განაწილებული სხვადახვა ზომის ოლქებს შორის _ მარტივი მაგალითია ყაზბეგი, დაახლოებით 6 და ქუთაისი 150 000-ზე მეტი ამომრჩევლით. საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციაა, ოლქებს შორის მანდატები ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით გათანაბრდეს.   არის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც საშუალებას იძლევა, ამომრჩევლების ხმათა წონა გავათანაბროთ. შესაძლოა, ვიფიქროთ მრავალმანდატიანი ოლქების შექმნაზეც. თუ ვიანგარიშებთ, რომ 1 მანდატი 50 000 ხმას უდრის, მაშინ ქუთაისს სამი მანდატი ერგება, ყაზბეგი კი, შესაძლოა, სხვა ოლქთან გაერთიანდეს. ვარიანტების მოფიქრება შესაძლებელია. არსებული სისტემა არც ჩვენი დამკვიდრებულია და არც მოსაწონი.

 

_ თუ კომისიამ ვერ იმუშავა და გლობალური საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მოესწრო, შეგიძლიათ, გარანტია მოგვცეთ, რომ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში მაინც შევა?

 

_ გარანტიას ერთი კაცი ვერაფერზე მოგცემთ, მაგრამ პოლიტიკური ნება არსებობს და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება ზაფხულამდეც გადაიდგას. მანამდე აუცილებლად გავმართავთ შეხვედრას ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალ პარტიებთან, სავარაუდოდ, ზაფხულამდე.

 

_ მოკლედ, თქვენი მთელი სტრატეგია ისეა გათვლილი, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, არა?

 

_ ამ ეტაპზე პერსპექტივას ვერ ვხედავ. კონსტიტუცია ამას არ გამორიცხავს, მაგრამ თუ პოლიტიკურ ვითარებას გავითვალისწინებთ, ალბათ, არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ დროს ჩატარდება, თუმცა დღესაც რომ ჩატარდეს, ,,ქართული ოცნება'' დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

 

_ დღეს ,,ოცნების'' მთავარი კონკურენტი ვინაა?

 

_ ზოგადად, მთელი ოპოზიციური სპექტრი საჭიროებს გაჯანსაღებას. ნაციონალები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანაში ძლიერი პარტიული და პოლიტიკური სისტემა არ ჩამოყალიბებულიყო. დღეს ამის შედეგებს ვიმკით. რეალურად, მთელ ოპოზიციურ სპექტრში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მხოლოდ ნაციონალებთანაა კონცენტრირებული, თუმცა 9-წლიანი მძიმე წარსული მათ რაიმე სერიოზული საარჩევნო შედეგის მიღწევის შესაძლებლობას არ აძლევს.

 

_ როგორ ფიქრობთ, ხალხს 9-წლიან რეჟიმზე საუბარი არ მობეზრდა?

 

_ რაც შეეხება გასულ 9 წელს, თუ გვინდა, წინ სწორი მიმართულებით ვიაროთ, აუცილებლად უკანაც უნდა მოვიხედოთ და მუდმივად გვახსოვდეს ეს უმძიმესი რეჟიმი. თუ საზოგადოებას ეს რეჟიმი დაავიწყდება, ყოველთვის იარსებებს რისკი, ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ ასეთივე მძიმე ვითარებაში დაგვაბრუნოს. 9-წლიანი რეჟიმის გარდა, ჩვენ აწმყოსა და მომავალზეც ხშირად ვსაუბრობთ. სამწუხაროა, რომ მედიასივრცეში მხოლოდ ნეგატივი ჩანს და დღის წესრიგი ნეგატიური ინფორმაციით განისაზღვრება.

 

_ მედია კერძოა და თუ ივანიშვილის შუშის სასახლეს არ ეხებით, დღის წესრიგს ვერც მედიას განუსაზღვრავთ.

 

_ იმაზე ვსაუბრობ, თუ რა განწყობას ქმნის მედიასივრცე. მოგეხსენებათ, მედიარესურსის მნიშვნელოვან ნაწილს დღემდე ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, თუმცა ამ რესურსის მიუხედავად, იგი სრულიად უპერსპექტივო პარტიაა, რაც 21 მარტის ფიასკომ დაადასტურა _ ,,გრანდიოზულ'' აქციაზე 12 000 კაცზე მეტი ვერ გამოიყვანა. გურჯაანში განვითარებული მოვლენები კი იმის დამადასტურებელია, რომ ნაციონალებს რაიონებშიც ძალიან უჭირთ. წარუმატებელი პროვოკაცია დაგეგმეს და კიდევ ერთხელ შერცხვნენ.

 

_ რადგან აქციებზე ხალხის თვლა ისევ აქტუალურია, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ქუჩაში რამდენ კაცს გამოიყვანთ?

 

_ ძალიან ბევრს... ყველაფერს თავად იხილავთ, როცა დრო მოვა.

 

_ ბოლოს, პარტიაში, ერთ-ერთ მაღალ პოსტზე დიდი ხმაურისა და იმედიანი განცხადებების ფონზე მოხვედით. ამ იმედს ამართლებთ და ,,ოცნებას'' თქვენი ხელი როდის უნდა დაეტყოს?

 

_ ჩემი მუშაობა მოგვიანებით შეფასდება, როცა პარტიულ შედეგს დავდებთ. შუალედური შედეგები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩნდება, მთავარი პრიორიტეტი კი მაინც საპარლამენტო არჩევნებია და შეგვიძლია, შეფასების მთავარ კრიტერიუმად 2016 წლის არჩევნების შედეგები განვიხილოთ. 



http://www.versia.ge/index.php



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016