reportiori.ge - ბიზნესმენ თემურ ყორშიას საქმე – ალესილი ნაჯახი როლანდ ახალაიასა და მამუკა ხაზარაძის თავზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:50
პრეს-დაიჯესტი
ბიზნესმენ თემურ ყორშიას საქმე – ალესილი ნაჯახი როლანდ ახალაიასა და მამუკა ხაზარაძის თავზე!
ავტორი:
29 აპრილი, 2015. 16:24


როგორ გადაუფორმა მამუკა ხაზარაძემ ნაცისტების მიერ დევნილი ბიზნესმენის ქონება როლანდ ახალაიას დისშვილს


2011 წლის 25 მარტს, გათავისუფლებამდე სამი დღით ადრე, მოსკოვის საპყრობილეში საეჭვო ვითარებაში დაღუპული ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დევნილი თემურ ყორშიას მეუღლე, ქალბატონი ლალი ჯინჭარაძე, რომელმაც სამართალი ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში იპოვა, ხელს მამუკა ხაზარაძისკენ იშვერს და აცხადებს, რომ ქონება, რომელიც აწგანსვენებულ თემურ ყორშიას წაგლიჯეს, როლანდ ახალაიასა და ნაცისტური სექტის სხვა წევრებს სწორედ „თიბისი ბანკმა" „გაუპრავა"?


ლალი ჯინჭარაძე, პედაგოგი, გარდაცვლილი ბიზნესმენის თემურ ყორშიას მეუღლე: - ჩემი მეუღლე, ბიზნესმენი თემურ ყორშია თემურ ჭყონიას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა" და მამუკა ხაზარაძის „ბორჯომის" სადისტრიბუციო ქსელს ხელმძღვანელობდა სამეგრელოში. იყო ძალიან ღვთისმოსავი და მორწმუნე პიროვნება; გარკვეული პერიოდის განმავლობაში პატრიარქის სტიქაროსანიც გახლდათ. მთელმა ზუგდიდმა იცის, რომ ჩვენმა ოჯახმა ორი უპატრონო ბავშვი აიყვანა, რომლებიც მერე ჩემმა მეუღლემ დაასახლა... ქველმოქმედი იყო ჩემი ქმარი. თემურის ბიზნესი ფართოვდებოდა, ზუგდიდში, რაიკომის შენობის უკან მან შეიძინა კერძო ნაკვეთი, სადაც ააშენა „ბორჯომის" საფირმო მაღაზია, რომელიც ჩვენი საკუთრება იყო; ზუგდიდის ცენტრში ასევე ააშენა უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი, კაფე-რესტორანი, რომლის გახსნასაც აღარაფერი აკლდა და შარტავას ქუჩაზე შეიძინა პოლიციის ძველი შენობა, სადაც დღეს „თიბისი ბანკია" განთავსებული; მეუღლეს ასევე 25-პროცენტიანი წილი ჰქონდა პურის საცხობში. 2006 წლიდან დაიწყო საშინელი ზეწოლები...


- ვინ იდგა ამ ზეწოლის უკან?

 

- ყველაფრის უკან იდგა როლანდ ახალაია! ნაციონალები იმდენ რაღაცას სთხოვდნენ, ცხონებულმა ჩემმა მეუღლემ ერთხელ მითხრა - უკვე თავს გავიდნენ, ისეთ რამეებს მავალებენო! ერთხელ როლანდ ახალაიამ დაურეკა და უთხრა, ჩემი დისშვილი ბესო ცხადაია შენთან დამისაქმეო! უარის თქმა შეიძლებოდა?! ცხადია, დანიშნა მთავარ ბუღალტრად, ანუ ახალაიამ თავისი კაცი ჩაუსვა თემურს და ნაცებმა თავიდან ბოლომდე იცოდნენ ყველაფერი მისი ფინანსური შესაძლებლობების შესახებ. გარდა ამისა, ჩემი მეუღლისგან ვიცი, რომ როლანდ ახალაიამ მას სთხოვა - თბილისში, წერეთელზე ბინა მიყიდე, ეს ბინა მჭირდება და მისი არსებობის შესახებ არ მინდა, ვინმემ იცოდესო! თემურმა როლანდ ახალაიას მართლაც შეუძინა ბინა, თუ არ ვცდები, 50 ათასი დოლარი გადაიხადა და ბინაში გააკეთა რემონტიც. ბინა გაფორმდა როლანდ ახალაიას დისშვილის ბესო ცხადაიას სახელზე...


- ქალბატონო ლალი, თბილისში ჰქონდა თქვენს მეუღლეს რამე ბიზნესი ან ქონება?

 

- არავითარი... ერთადერთი ჩემი ბინა - „ხრუშჩოვკა" დავაგირავე ახლა, რომელიც ძლივძლივობით, ომით გამოვიხსენი ბანკიდან და იმიტომ დამაგვიანდა თქვენთან მოსვლა... (ტირის). ჩემმა მეუღლემ ქველმოქმედებასა და გაჭირვებულის დახმარებაში საზღვარი არ იცოდა და დღეს რა დღეში ჩავვარდით?! ჩვენ მორწმუნე და ქრისტიანი ოჯახი ვიყავით, ახლაც ასე ვართ, მაგრამ, მაპატიოს უფალმა და, რა მივიღეთ? რაც ვაზაგაშვილი ააფეთქეს, იმის შემდეგ საინფორმაციო გამოშვებებს აღარ ვუყურებ. მე რისი იმედი უნდა მქონდეს, ვის ვედავო, რა ვედავო, როცა ამათთვის ადამიანს ძაღლის ფასიც აღარ აქვს?


ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ქართველობით, ჩემს მოწაფეებსაც იმას ვასწავლი, რომ თითოეული ქართული ბგერა სწორად უნდა წარმოვთქვათ და სწორად უნდა ვიმეტყველოთ, მაგრამ ეს ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ჩალის ფასიც არ არის ამ ქვეყანაში! მე იმედი მქონდა, მაგრამ არ ვიცი, რა ლიბრი აქვს ჩემს ქვეყანას გადაკრული! იქნებ ჩემი მეუღლე ტყუოდა, სასამართლო გამართა ვინმემ? ვინმემ რამე გამოიძია? რისთვის გააქციეს ჩემი მეუღლე ქვეყნიდან და რისთვის მოკლეს? მე რა უნდა ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს და რომელ სამოქალაქო განათლებაზე უნდა ველაპარაკო, როცა მინდა აქედან გადავიკარგო, სადმე ჭურჭელი გავრეცხო და ღირსება არ დავკარგო, რათა ამათ არ ვემათხოვრო! აღარ მინდა აქ ცხოვრება... ჩემს მოხუც მშობლებს რა ვუყო?! წავედი ახლა და აი, ამ დილით, ოჯახის მეშვიდე წევრად მათთან შევბარგდი... სად შევყარე ჩანთები, თავადაც აღარ ვიცი... (ტირის). ვისი ან რისი იმედი უნდა მქონდეს, აი, ამ სასამართლოსი, ახალაია რომ გაამართლა? კაცი, თურმე, მართალი ყოფილა!.. მეუბნებიან, - ქალბატონო, პირდაპირი დამამტკიცებელი საბუთები არ გვაქვსო!.. რა საბუთები გინდა, მამაცხონებულო, როცა ორ-სამ წელიწადში ბესო ცხადაიამ მთელი ჩემი ქონება თავის თავზე გადაიფორმა? კაცი წვრილმანებით ვაჭრობდა და დაინტერესდი, რა გზით იშოვა ამდენი ქონება! ჩემმა მეუღლემ მითხრა - ლალი, ტყვიას დავიჭერ ხელით, ციხის არ მეშინია, მაგრამ მე ამათ ციხეში ცოცხალი თავით არ შევალო! ალბათ, ანახეს ის საშინელი კადრები, რასაც ციხეებში აკეთებდნენ ეს ნაძირლები და იმიტომაც იყო კაცი გაგიჟებული, თორემ ჩემი მეუღლე მშიშარა კაცი არ ყოფილა, ციხის შეეშინებოდა? ან კი რა ჰქონდა საციხე?!


- ქალბატონო ლალი, თქვენმა მეუღლემ როდის და რის გამო დატოვა საქართველო?

- 2008 წლის 29 აგვისტოს მეუღლე უკრაინაში წავიდა... როგორც კი ის საშინელება დამთავრდა, რასაც აგვისტოს ომი ერქვა, მეუღლის კუთვნილ უკლებლივ ყველა ობიექტზე შევიდა საგადასახადო სამსახური და ობიექტები დალუქეს. გვედავებოდნენ გადასახადების დამალვას, რაც იყო აბსურდი. 2008 წლის ნოემბრის ბოლოს საგადასახადომ დადო „დასკვნა", რომლის თანახმადაც, ჩემს მეუღლეს დააკისრეს 300 ათასი ლარის გადახდა. მაშინვე შევიტანეთ ეკონომიკის სამინისტროში საჩივარი, მაგრამ ვერაფერს გავხდით. მერე ვიჩივლეთ პირველი ინსტანციის სასამართლოში... ამასობაში ეს დალუქული ობიექტები გაიხსნა, წავიდა გაცხოველებული ვაჭრობა, ახალაიებისა და ბესო ცხადაიას ხალხი ხელმძღვანელობდა უკლებლივ ყველა ობიექტს და ჩვენს ოჯახს - არცერთი კაპიკი შემოსავალი, არცერთი!


- ე.ი. „ბორჯომის" საფირმო მაღაზია, კაფე-რესტორანი, სავაჭრო ცენტრი, სუყველაფერი ახალაიამ წაიღო?

 

- დიახ, წაიღეს და ახლაც მაგათია ყველაფერი!

 

- თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს ეს ქონებები არ გაუყიდიათ არც ძალით და არც ნებით?

 

- არა, ჩემი მეუღლე ისე მოკლეს, არაფერი გაუყიდია და არაფერი დაუთმია! როლანდ ახალაიას ჩემი მეუღლის ქონება ხელში ჩაუგდო და „გაუპრავა" მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკმა!"


- ქალბატონო ლალი, მაინც რა სქემით მოხდა ამ ქონებების ხელში ჩაგდება?

 

- თემურ ჭყონია გამოვიდა ახლახან და თქვა - ბიზნესზე ზეწოლა ხდებაო! ჭყონია ახლა თუ განიცდის ზეწოლას, მაშინ ისიც თქვას, 2008 წლის ივნისში ვინ დაურეკა და ვინ უბრძანა, რომ ჩემი მეუღლისთვის წაერთმიათ „კოკა-კოლას" დისტრიბუცია და იგი ფრიდონ თოდუას დის ქმარზე გადაეფორმებინათ? შემდეგ დისტრიბუციის ხელმძღვანელად დანიშნეს კიკალეიშვილი, რომელსაც მოგვიანებით „ბორჯომის" დისტრიბუციაც შეუერთეს... ბევრჯერ ვცადე მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრა, მაგრამ ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ, შევხვდი ბიძას - თემურ ხაზარაძეს, რომელიც მთელი „ბორჯომის" დისტრიბუციას ხელმძღვანელობდა. თემურ ხაზარაძე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და ჩემი მეუღლის დავალებით მივედი მასთან. თემურ ხაზარაძე დამპირდა, რომ ჩვენს მდგომარეობაში შევიდოდა მაგრამ რა ვიცოდი, თუ ესენი ერთიანი გეგმით მოქმედებდნენ და „თიბისი ბანკი" სააკაშვილის ხელისუფლების ხელში იყო ინსტრუმენტი ბიზნესმენების დასაყაჩაღებლად.


- მაინც რა სქემაზე საუბრობთ?

 

- 2007 წელს როლანდ ახალაიამ დაიბარა ჩემი მეუღლე და უთხრა - თემურ, ზუგდიდის პოლიციის ძველი შენობა აუქციონზე გააქვთ, ძალიან მინდა ეს ტერიტორია, მაგრამ მე ვერ გამოვჩნდები, მოდი, „თიბისი ბანკში" ჩავდოთ შენი ქონებები, გამოვიტანოთ კრედიტი, იყიდე შენობა, არჩევნების შემდეგ ფული შემომივა, ყველაფერს გაგისწორებ, ხოლო შენობას მე დავიტოვებო! ახალაიებს, აბა, უარს ვინ გაუბედავდა?! რამდენიმე დიდი ობიექტი, მიწები, მათ შორის კაფე-რესტორანი, რომელიც თითქმის დამთავრებული იყო, ჩემმა მეუღლემ „თიბისი ბანკში" ჩადო და ბანკმა მას მისცა 2-მილიონიანი ტრანში 20 წლის ვადით და ასევე კრედიტი,   ასევე მილიონის ოდენობით. ბოლო მომენტში, როცა თემურმა პოლიციის ძველი შენობა აუქციონზე იყიდა, როლანდ ახალაიამ შენობაზე უარი თქვა, რადგან იქ ვანო მერაბიშვილის ინტერესები გამოიკვეთა და შეშინდა. სხვათაშორის, „თიბისი ბანკში" ჩემი მეუღლის ქონებებთან ერთად დათა ახალაიას მძღოლის სახლიც იყო ჩადებული, რომელიც როლანდ ახალაიამ ორ თვეში გამოიხსნა. როცა ჩემს მეუღლეს დაჭერა დაუპირეს, „თიბისი ბანკი" თითქოს ამას უცდიდაო, დაიწყო პრობლემები... „თიბისი ბანკმა" ჩემი მეუღლის კაფე-რესტორანი, რომლის გახსნასაც მხოლოდ ლენტის გაჭრა აკლდა, 18 ათას ლარად მიჰყიდა როლანდ ახალაიას დისშვილს - ბესო ცხადაიას, ხოლო „ბორჯომის" საფირმო მაღაზია, მას პირდაპირ გადაუფორმეს! 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ 10 ყვითელი ავტობუსი ლიზინგით შეაძენინეს ჩემს მეუღლეს ისევ „თიბისი ბანკის" საშუალებით და, როგორც კი კაცი საქართველოდან გააქციეს, ავტობუსები მიზერულ ფასად მიჰყიდეს ზაზა გოროზიასა და ალიკა ქობალიას!


- თქვენი მეუღლე ამ დროს ისევ უკრაინაში იყო?

 

- 9 თვე იყო უკრაინაში, მერე ნერვიულობის გამო დაემართა თვალის კატარა-კონუსი, დაემუქრა საფრთხე, რომ სრულიად დაბრმავდებოდა, თუ მოსკოვში, ფიოდოროვის კლინიკაში სასწრაფოდ არ გაიკეთებდა ოპერაციას და უკრაინიდან გადავიდა მოსკოვში. იქაც დასდევდნენ და არ ასვენებდნენ, ხოლო აქ საშინელებებს გეგმავდნენ მის წინააღმდეგ. ასე, მაგალითად, 2008 წლის სექტემბერში, ზუგდიდის ცენტრში ყვითელი ავტობუსის მძღოლი, თუ არ ვცდები, გვარად კიტია, თეთრ „ჯიპში" მსხდომმა სრულიად უცნობმა პირებმა გააჩერეს, მანქანიდან გადმოსვეს და უთხრეს - აი, ამ „ჯიპს" მოგცემთ, ზემოდან კიდევ 10 ათას დოლარს დავამატებთ და თქვი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თემურ ყორშიამ რუსის ჯარს პურმარილი გაუგზავნაო! წარმოგიდგენიათ? სამშობლოს ღალატს აბრალებდნენ ეს ნაძირლები! ღმერთმა აცხონოს ის კაცი, მან თემური არ გაყიდა და იმ „ჯიპში" მსხდომებს უთხრა - „თქვენ მისამართი შეგეშალათ, მე მაგას არ ვიტყვიო!" ამის შემდეგ, ჩემს მეუღლეს დაურეკა იმ ცხონებულმა და გააფრთხილა - თემურ, ფრთხილად იყავი, ესენი რაღაცას გიწყობენო! ამ ამბიდან ორ თვეში ის ცხონებული კიტია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა - გული გაუსკდა!

 

- ქალბატონო ლალი, ქონებებზე, რომლებიც „თიბისი ბანკმა" როლანდ ახალაიას ნათესავებს გადაუფორმა, პრეტენზია დღესაც გაქვთ?

 

- რა თქმა უნდა, მაქვს! თქვენ წარმოიდგინეთ, „ბორჯომის" საფირმო მაღაზიაში, რომელიც „თიბის ბანკმა" როლანდ ახალაიას დისშვილს ბესო ცხადაიას გადაუფორმა, 40 ათასი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა და პროდუქტი იდო! რად უნდა იმას დიდი ფილოსოფია, რომ ეს იყო გარიგება!


- სააკაშვილის დროს სამართალს სად იპოვიდით, მაგრამ ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, პროკურატურაში ხელახლა არ შეიტანეთ განცხადება?

 

- რა თქმა უნდა, შევიტანე და ორი თვის შემდეგ რა მიპასუხეს, არ გაინტერესებთ? - თქვენი განცხადება ზუგდიდის სამხარეოში გადავაგზავნეთო! ზუგდიდის სამხარეო პროკურატურაში მხოლოდ უფროსი და მოადგილეა შეცვლილი, თორემ სულ როლანდ ახალაიას კადრებით არის სავსე იქაურობა და, როგორ ფიქრობთ, ვინმე რამეს გამოიძიებს?! გამორიცხულია... ეს არის დაცინვა და ადამიანების მასხრად აგდება.


- თქვენი მეუღლე, ბიზნესმენი თემურ ყორშია როგორ გარდაიცვალა?

 

- ერთხელ მოსკოვში ჩავაკითხე და მითხრა - ლალი, აქაც დამდევენო!.. გვისმენდნენ, სკაიპიც „გაგვიტეხეს"... კაცი გერმანიაში უნდა გამეყვანა და დააჩქარეს მისი დაჭერა, რადგან ეშინოდათ, რომ იქიდან ყველაფერს იტყოდა და არ გაჩუმდებოდა. ინტერპოლის წითელ ცირკულარზე ვერ დასვეს და ერთადერთი ის მოახერხეს, რომ 2011 წლის 27 იანვარს საემიგრაციო სამსახურში, სადაც საბუთის მისაღებად იყო მისული, ზუგდიდიდან გაგზავნილი ტელეფონოგრამის საფუძველზე დაიჭირეს. ამასაც დიდი გამოკვლევა სჭირდება, თუ ვინ გასცა ჩემი მეუღლის დაპატიმრების ბრძანება? მისცეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, რომლის ვადაც 28 მარტს იწურებოდა და 2011 წლის 25 მარტს კაცი მოკლეს. კაცსთავშესაფარს აძლევდნენ, იქაური მონასტრის წინამძღვრისა და ბერების სამადლობელი წერილიც კი შევიდა პროკურატურაში, რომ ჩემი მეუღლე იყო უწესიერესი კაცი, მაგრამ... ვიდრე მოკლავდნენ, მანამდე ორჯერ დაყარეს სპეცსამსახურებმა ზუგდიდში ხმები - თემურ ყორშიამ მოსკოვის ციხეში ვენები გადაიჭრაო!.. რისთვის უნდა მოეკლა ჩემს მეუღლეს თავი?.. ისეთი მორწმუნეები და ისეთი ოჯახების პატრონები, როგორიც ჩემი მეუღლე იყო, თავს არ იკლავენ!.. საშინლად არ მესიამოვნა ეს ხმები... 25 მარტს ჩემი მამამთილის ორმოცი იყო და, დახეთ, ამათ ცინიზმს - სწორედ იმ დღეს მომიკლეს ქმარი! მესამე დღეს შეგვატყობინეს ძველი, საბჭოთა დეპეშების ბლანკით ეს საშინელი ამბავი... ამბობდნენ, თავი ჩამოიხრჩოო! კაცს ყელი ჰქონდა ბროლივით, არანაირი კვალი მას არ ემჩნეოდა, სამაგიეროდ, ყვრიმალი ჰქონდა ჩამსხვრეული, ხელები - დაჩეჩქვილი და წელს ქვემოთაც საშინლად იყო ნაცემი და დასიებული.


- თქვენი აზრით, რა მოხდა, ქალბატონო ლალი?

 

- მკვლელი შეუგზავნეს! ჯერ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, ანუ მოაშორეს იმ საკანს, სადაც ბევრი მისი ნაცნობი იჯდა და მერე, სავარაუდოდ, მიუგზავნეს მკვლელი!


- ბოლოს რას იტყვით?

 

- მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკი" სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოიყენა ჩვენი ოჯახისთვის წართმეული ქონების „გასაპრავებლად" და ეს იყო აპრობირებული სქემა, რომლითაც უამრავ მეწარმესა და ბიზნესმენს აყაჩაღებდნენ. სააკაშვილი რომ ტრაბახობდა, ყაჩაღობა და ქურდობა აღარ არისო, რად უნდა ქურდსა და ყაჩაღს ავტომატით ქუჩაში სირბილი, როცა მამუკა ხაზარაძის ბანკი და სხვა ბანკები ქვეყანაში გვყავს? ყველაფერი გააკეთა ამ ხალხმა, რომ ჩვენ ეკონომიკურად დავკნინებულიყავით.... ერთადერთი ღმერთის იმედი მაქვს და სულ იმას ვევედრები გამჩენს, რომ ამათ სამაგიერო გადაუხადოს!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016