გუშინ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან" დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებიდან გარკვევით ჩანს, რომ მერია „სითი პარკს" თბილისიდან ვერ აძევებს და კაცმა არ იცის, თბილისელთა სულთამხუთავი ეს კომპანია, როდის მოშორდება ქალაქს.
„...რაც შეეხება კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტას, ამ შემთხვევაში, დედაქალაქის მერიას კოლოსალური ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც ხელშეკრულების შესწავლის შემდეგ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ _ „Ernst & Young"-მაც დაადასტურა. ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, თბილისის მერიას „სითი პარკისთვის" არანაკლებ 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრება, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს".
- ნათქვამია მერიის განცხადებაში. თუმცა, მერია „სითი პარკთან" მოლაპარაკებას იწყებს, რათა იმ პრობლემების ნაწილი მაინც დაარეგულიროს, რომლებიც თბილისელ ავტომფლობელებსა და თავად მერიას აწუხებთ. „თბილისის მერია „სითი პარკთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს იწყებს. მოლაპარაკებებზე მერია ხელშეკრულებაში 4 ძირითადი ცვლილების შეტანის საკითხს დააყენებს: 1. შეეზღუდოს „სითი პარკს" ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არასწორად გაჩერებული მანქანა მოძრაობას ხელს არ უშლის. კომპანიას ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ის მოძრაობას შეაფერხებს; 2. შეიცვალოს შემოსავლების უთანასწორო განაწილების წესი, რომელიც წლების განმავლობაში დედაქალაქს შემოსავალს აკარგვინებდა. აღნიშნული ცვლილება თბილისის ბიუჯეტს დამატებით თანხებს გაუჩენს, რითაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდება; 3. შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება, რაც ქვეითად მოსიარულეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, თბილისის მერია აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთათვის დედაქალაქში პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით; 4. გაუქმდეს ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც წლების განმავლობაში „სითი პარკს" პარკირების მოწყობისა და ადმინისტრირების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. აღნიშნული ცვლილება ბაზარზე სხვა კომპანიების გაჩენის შესაძლებლობას შექმნის, კონკურენტული გარემო კი აღნიშნულ სფეროში სერვისს გააუმჯობესებს", - ეს ამონარიდიც მერიის განცხადებიდან გახლავთ.
თუ ზემოჩამოთვლილ პრობლემებს მოაგვარებს დავით ნარმანია, ამას რა ჯობია, მაგრამ ხალხს არ სჯერა, რომ ეს ასე იქნება.
ყველა იმას ეჭვობს, რომ ნარმანიამ ეს განცხადება მხოლოდ იმის გამო გააკეთა, რომ ზედიზედ ორი დღე, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეთა ორგანიზებით, მერიისა და „სითი პარკის" ოფისებთან აქციები გაიმართა „სითი პარკის" თბილისიდან დაუყოვნებლივ გაგდების მოთხოვნით. ჰოდა, მერიამ ანკესი გადმოაგდო: ხალხს ეუბნება, მართალია, „სითი პარკს" ამ ეტაპზე ვერ ვერევით, ვერ ვუშვებთ თბილისიდან, მაგრამ მას შევავიწროებთ და ჩვენი მოქალაქეების უფლებებს ფეხქვეშ აღარ გავათელვინებთო. რეალურად კი, არც არაფრის გამკეთებელია დავით ნარმანია და მისი გუნდი - აი, ასეთია საზოგადოების განწყობა მერიის ამ განცხადების მიმართ. ამის დასტურად სოცქსელში გავრცელებული უამრავი პოსტი და კომენტარი გამოდგება, მერიის ეს განცხადება ხალხს მორიგ აფიორად მიაჩნია.
თუმცა, თბილისის მერიის ამ განცხადებამ კიდევ რამდენიმე კითხვა გააჩინა და ამ კითხვებით „ალიამ" თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს, ზაზა ვეკუას მიმართა:
- ბატონო ზაზა, დავიჯერო დავით ნარმანიამ რეალურად გამოუცხადა ომი „სითი პარკს"?
- არა, რის ომი, რა ომი... მერიის განცხადებას მეც გავეცანი და ეგ განცხადება ორ მიზანს ემსახურება. ერთი, რომ დავით ნარმანია ცდილობს, უკვე ძალიან აღშფოთებული ხალხი გააჩეროს. ხომ ხედავთ, ორი დღეა, ზედიზედ ამ „სითი პარკის", ამ ხორცმეტი კომპანიის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს. მეორეც, ამ განცხადებით დავით ნარმანია დროის გაყვანას ცდილობს.
- რისთვის სჭირდება მერიას დროის გაყვანა?
- ხალხის დასაშოშმინებლად. გავა დრო და ერთ მშვენიერ დღეს დავით ნარმანია გამოვა, ხელებს გაშლის და იტყვის, - რა ვქნა, მოლაპარაკებებს კი ვაწარმოებდით, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ ამ „სითი პარკთანო", მე ცდა არ დამიკლია, რომ პრობლემები მომეგვარებინაო.
- ანუ იმ ოთხი პუნქტიდან, რომლის თაობაზეც მერია „სითი პარკთან" მოლაპარაკებას აწარმოებს, არც ერთი არ შესრულდება?
- არა, არც ერთი პუნქტი არ შესრულდება. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ. თბილისის მერია ან უუნაროა, გააძევოს „სითი პარკი" თბილისიდან, ანდა ის კორუფციული სქემა, რომელიც გიგი უგულავას დროს მუშაობდა, ახლაც მუშაობს და მერიის კონკრეტულ ჩინოვნიკებს არ უნდათ ამ კომპანიის თბილისიდან გაშვება.
- მერიის განცხადებაში გარკვევით წერია და აუდიტის დასკვნამაც დაადასტურა, რომ მერია კომპანიასთან თუ შეწყვეტს ცალმხრივად კონტრაქტს, 25 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრება.
- გასაგებია, ეგ უკვე ვიცი დიდი ხანია, მაგრამ გაასაჯაროონ, კაცო, ის ხელშეკრულება. რიბენტროპ-მოლოტოვის საიდუმლო პაქტი გასაჯაროვდა და მერიასა და „სითი პარკს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება რომ გამოაქვეყნონ, რა გახდა ასეთი? გასაგებია, კონკრეტულმა, თუნდაც უცხოურმა აუდიტორულმა კომპანიამ ვერ აღმოაჩინა ამ ხელშეკრულებაში ისეთი დეტალები, რაც მერიას კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას მისცემდა და თან, 25 მილიონს არ გადაიხდიდა, მაგრამ იქნებ სხვამ აღმოაჩინოს ასეთი დეტალები? ამ ხელშეკრულების გასაიდუმლოება უფრო მიმყარებს ეჭვს, რომ რაღაც კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე და ამიტომ მალავენ კონტრაქტს.
- ბატონო ზაზა, იქნებ პირიქითაც არის, აუდიტორულმა კომპანიამ რაღაცას ჩაავლო მერიის სასარგებლოდ ამ ხელშეკრულებაში, რაღაც ისეთს, რაც მერიას „სითი პარკთან" კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტაში დაეხმარება და ამით გათამამებული დავით ნარმანია აწვება ახლა „სითი პარკს" და ეს განცხადებაც ამიტომ გააკეთა?
- ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს, მაგრამ მაგ ვარაუდის არ მჯერა. აუდიტს მერიის სასარგებლოდ რაიმე რომ ეპოვა, მაშინ დავით ნარმანია ახლა ჩუმად არ იქნებოდა, აუცილებლად იტყოდა, რომ „სითი პარკთან" კონტრაქტის გაწყვეტის საფუძველი არსებობს. შეიძლება, ეს საფუძველი არ დაეკონკრეტებინა, მაგრამ ამას მაინც იტყოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხალხმა ლამის ცოცხლად შეჭამოს აქეთ ნარმანია და იქით - „სითი პარკის" მესვეურნი და ამის თქმის საფუძველი რომ ჰქონოდა, არ იტყოდა არ გაანეიტრალებდა მის მიმართ მოზღვავებულ ამ აგრესიას?
- მერია გავრცელებულ განცხადებაში პოლიტიკოსებს მოგიწოდებთ, „სითი პარკთან" დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები შეწყვიტეთ და მოსახლეობა შეცდომაში ნუ შეგყავთო.
- ჩვენ, პოლიტიკოსებს, რომ არ გვეაქტიურა მედიის მეშვეობით, „სითი პარკის" თემას საერთოდ მიაძინებდა მერია. ჩვენ არც სპეკულაციას ვეწევით, არც ხალხი შეგვყავს შეცდომაში. დავით ნარმანია და მისი გუნდი არაკომპეტენტური, არაპროფესიონალები არიან, მაგას ვამბობ და მუდამ ვიტყვი. სწორედ ამათმა უუნარობამ გაათავხედა „სითი პარკი" და თბილისელთა მყვლეფავ კომპანიად აქცია. გვიჩვენოს მერმა „სითი პარკთან" მიმართებაში გადადგმული ერთი ეფექტური ნაბიჯი მაინც, დაგვარწმუნოს, რომ ამ ბარბაროსების თბილისიდან გასაგდებად მართლა რაღაცას აკეთებს და ჩვენ, პოლიტიკოსები, გავჩუმდებით, მაგრამ 8 თვე გავიდა და ბუზი ვერ აუფრინეს ამ კომპანიას. გავჩუმდებით კი არა, უფრო მეტ აქტიურობას ვაპირებთ და ვიდრე არ დავიფრენთ „სითი პარკს" თბილისიდან, არ გავჩერდებით.
- ოთხი პოლიტიკური ორგანიზაცია გაერთიანდა „სითი პარკის" წინააღმდეგ, პერმანენტულ აქციებს გეგმავენ და მობილურ ჯგუფებს ქმნიან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.თქვენც ხომ არ აპირებთ, შეუერთდეთ მათ?
- არა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლიტიკურ პარტიებთან შეერთებას. არ მინდა ახლა მიზეზებზე ლაპარაკი, ჯერ გასარკვევია, ვის უნდა მართლა „სითი პარკის" თბილისიდან გაშვება და ვინ პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენებს ამ თემას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპროტესტო აქციებს არ გავუმართავთ „სითი პარკს" და ხალხს არ გამოვიყვანთ ქუჩაში, თუ ამას საჭიროდ ჩავთვლით.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „ალია"