reportiori.ge - ალექსანდრე ჩივაძე- 60 წელი სტრესით და დადებითი მუხტით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:31
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ალექსანდრე ჩივაძე- 60 წელი სტრესით და დადებითი მუხტით
ავტორი:
01 მაისი, 2015. 20:53



წლევანდელი აპრილი ჩვენი სახელოვანი ვეტერანებისთვის საიუბილეო გამოდგა: რევაზ ძოძუაშვილს 70 წელი შეუსრულდა, ალექსანდრე ჩივაძეს კი - 60. ჩივაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ. ფეხბურთელობის შემდეგ ის სულ ფეხბურთშია და სხვანარად ვერც იქნებოდა, - ის ხომ საშა ჩივაძეა!


ჩივაძე თბილისის „დინამოში", ჯერ კიდევ, მიხეილ იაკუშინის მწვრთნელობის დროს თამაშობდა, დიდი წარმატებების ჯერი კი მერე დადგა, როცა „დინამო" ნოდარ ახალკაცმა ჩაიბარა. ჩივაძე ჯერ ნახევარმცველი გახლდათ, ახალკაცმა კი ცენტრალურ მცველად, ლიბეროდ გადასწია.


„ბატტიტორე ლიბერო" - იტალიური გამოთქმაა და საფეხბურთო ტერმინი ლიბეროც აქედან მოდის. ლიბერო თავისუფალი კაცია დაცვაში, რომელმაც უნდა გამოასწოროს პარტნიორთა შეცდომები - დაახლოებით ასე ითარგმნება ეს სიტყვა.


ჩივაძე კი „დინამოში" ლიბეროზე მეტი გახლდათ, გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი ფლაგმანის სახე. ის არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით ან სისწრაფით, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებაც არ იყო მისი საქმე, ჩივაძე ზედმიწევნით შემოქმედი ფეხბურთელი გახლდათ, რომელსაც უნდა წაეკითხა მეტოქის სვლები, დაეწყო საკუთარი გუნდის შეტევა, ალღოთი უნდა გადაეწყვიტა, თუ როდის ჩაერთვებოდა შეტევაში.


ჩივაძეს დიდებული გოლები აქვს გატანილი ინგლისში. ჯერ სახელოვან „ლივერპულს" შეუგდო გოლი, მერე „ვესტ ჰემს".


„როგორ გგონიათ, ახალკაცმა მითხრა, ახლა უნდა წახვიდე შეტევაშიო? რა თქმა უნდა, არა, ასეთი გადაწყვეტილება მცველმა თვითონ უნდა მიიღოს", - გვითხრა ჩივაძემ და როცა ის მწვრთნელი გახდა, მერე უკვე თავისი ფეხბურთელებისგან ელოდა ასეთივე ალღოს, თამაშის წაკითხვის უნარს, საფეხბურთო ინტელექტს...


1980 წელს ჩივაძე საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნად აირჩიეს, მურთაზ ხურცილავას შემდეგ ის მეორე ქართველი გამოდგა, ასეთი დიდი ნდობა რომ გამოუცხადეს. ქართველი საბჭოთა ნაკრების კაპიტნად! არ იყო პატარა ამბავი.


1982 წლის მსოფლიო თასზე ესპანეთში საბჭოთა ნაკრებს ტრიუმვირატი წვრთნიდა: კონსტანტინე ბესკოვი, ვალერი ლობანოვსკი და ნოდარ ახალკაცი. მთავარი მაინც ბესკოვი იყო მაშინ ნაკრებში, მოსკოვის „სპარტაკის" თავკაცი დახვეწილი საფეხბურთო გემოვნებით. ბესკოვი „სპარტაკს" ტიკი-ტაკას ათამაშებდა, ეს ის საფეხბურთო სტილია, თანამედროვე „ბარსელონამ" რომ დახვეწა, მერე კი სხვა გუნდებმაც გადაიღეს, ოღონდაც სხვანაირი შესრულებით.


1982 წლის მუნდიალი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ესთეტიკურ საფეხბურთო ტურნირად სახელდება, მაშინ ვარსკვლავური ფეხბურთის ერა იყო, ნებისმიერ დიდ ნაკრებს ჰყავდა ერთი, ან რამდენიმე ვარსკვლავი და ყველაფერი მათ ოსტატობაზეიყო დამოკიდებული, ისინი ალამაზებდნენ ამ გუნდებს და საერთოდ ფეხბურთს.


მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრებში არაერთი ჩინებული ფეხბურთელი თამაშობდა: რინატ დასაევი, ოლეგ ბლოხინი, იური გავრილოვი, ხორენ ოგანესიანი და, რა თქმა უნდა, ჩვენებიც: ჩივაძე, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია და თენგიზ სულაქველიძე.


საბჭოთა ნაკრებმა გადალახა ტურნირის პირველი ეტაპი, საუკეთესო ოთხ გუნდში კი ვერ მოხვდა.  „იმის გამოცდილება გვაკლდა, თუ როგორ უნდა მოვმზადებულიყავით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის და ამიტომაც ცუდ კონდიციაში შევხვდით ესპანეთში გამართულ მსოფლიო თასს, თორემ გამომდინარე ფეხბურთელთა კონტინგენტიდან, მეტისთვის უნდა მიგვეღწია", - ამბობს ჩივაძე.


საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი, ევროის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი (1980 წ.) - ასეთი ტიტულები მოინაგრა ჩივაძემ და 1987 წელს დაასრულა ფეხბურთელის კარიერა. მაშინ ასე იყო, 32 წლისა უკვე მობერებულად ითვლებოდა დიდი სპორტისთვის, ახლა ამ ასაკში ზოგი კარიერის პიკს აღწევს.


1986 წელს, როცა „დინამოდან" ხელმეორედ დაითხოვეს ნოდარ ახალკაცი, გუნდისთვის კარგი მწვრთნელის შერჩევა ვერ გამოდგა იოლი. სწორედ იმ პერიოდში დიღმის ბაზას ესტუმრა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი , ჯუმბერ პატიაშვილი.


„კრება გაიმართა და პატიაშვილმა მითხრა, ამიერიდან შენ უნდა მიხედო „დინამოს" და თუ საქმეს თავს ვერ გაართმევ, ჩემი პირადი მტერი იქნებიო. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ იყო ნათქვამი, მაგრამ რესპუბლიკის პირველი პირი ასეთ რამეს ტყუილუბრალოდ არ იტყოდა. „დინამოს" კაპიტანი ვიყავი და არა მწვრთნელი, თუმცა იძულებული  გავხდი, მწვრთნელის გარკვეული ფუნქციებიც შემესრულებინა და, შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელობას უკვე იქიდან შევუდექი", - გვითხრა ჩივაძემ.


ახალკაცის გარდა ჩივაძეს ხომ ლიბანოვსკისა და ბესკოვის ხელქვეითადაც ჰქონდა ნათამაშები - დიდი მწვრთნელებისგან მიღებულ გამოცდილებას ყოველთვის მოაქვს სარგებელი. მოვლენებიც ასე განვითარდა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა პრეზიდენტმა, ნოდარ ახალკაცმა, ჩივაძეს ეროვნული ნაკრები ჩააბარა, სწორედ ჩივაძის ხელმძღვანელობით ითამაშა ჩვენმა უპირველესმა გუნდმა პირველად საერთაშორისო დონეზე - ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.


კარგი სიტუაცია გუნდში, მოზომილი და მოხდენილი იუმორი, დადებითი აურა - მწვრთნელმა ჩივაძემ ამის გარდა იმითაც დაგვამახსოვრა თავი, რომ მისმა გაწვრთნილმა ეროვნულმა ნაკრება დაამარცხა ხრისტო სტოიჩკოვის ბულგარეთი, უელსი და ალბანეთი შინ და გარეთ. მაშინ ამაზე მეტს ითხოვდნენ საქართველოს ნაკრებისგან, მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავდა და იმის გათვალისწინება არავის უნდოდა, რომ გუნდი პირველად თამაშობდა საერთაშორისო სარბიელზე.


ჩივაძე მწვრთნელობას აგრძელებს და მისი გაწვრთნილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევს 3 ივნისს იწყებს სან-მარიონსთან მატჩით, მერე კი გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს შეხლა: ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია და ესტონეთი.


„21-წლამდელთა ნაკრებში ფეხბურთელებს მეტი პროფესიონალიზმი და საკუთარ თავზე მეტი მუშაობა მოეთხოვებათ. 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშის შემდეგ ისინი ვეღარ გაჩერდებიან საფეხბურთო სკოლებში, პროფესიულ კლუბებში და საკუთარ თავთან უკვე მარტო რჩებიან. ამ ყველაფერს ბევრი ვერ უძლებს და იკარგება. ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებში რომ მოვა, უკვე ყველანაირად მომზადებული უნდა იყოს - 2 ან 3 დღე გვექნება ტაქტიკური ასპექტებისთვის", - ამბობს ჩივაძე.


და რამდენად შესაძლებელია, რომ ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდეს? ფაქტია, რომ ჩივაძეს საკმაოდ ნიჭიერ თაობასთან მოუწევს მუშაობა.


„სამუშაოდ მხოლოდ ისეთ გუნდში მივდივარ, რომელსაც ამბიციები აქვს, სადაც კი მწვრთნელი გახლდით, ყველგან შემოქმედებით ფეხბურთელებს ვანიჭებდი უპირატესობას, საქართველოს პირველ ნაკრებში ასეთ მოთამაშეებთან ვმუშაობდი. ამ ახალგაზრდული ნაკრების ფინალურ ეტპაზე გასვლის შანსი ნამდვილად არსებობს, რადგან ამ ნაკრებში შემოქმედებითი უნარების მქონე ფეხბურთელები მოიყრიან თავს. თუ ისინი თავიანთ კლუბებში კარგად მოემზადებიან, წარმატება შორს არ იქნება. სწორედ ფეხბურთელების შემქმედებითობის გამო ველი კარგ შედეგს", - ასეთია ჩივაძის სიტყვა, რომელიც უკვე 60 წლის გახლავთ და ისევ ქართული ფეხბურთის სამსახურშია, ისევ სტრესული ხელობა აქვს არჩეული.

 

დავით თავართქილაძე

გაზეთი „ქრონიკა+"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016