reportiori.ge - სკანდალი განათლების სამინისტროში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:55
პრეს-დაიჯესტი
სკანდალი განათლების სამინისტროში
ავტორი:
04 მაისი, 2015. 13:10

 

 

 

ინტერნეტში გავრცელდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბუბა კუდავას თანამდებობიდან განთავისუფლებასთან და პოსტის ვაკანტურად გამოცხადებასთან დაკავშირებული შემდეგი სახის ინფორმაცია:


„ბუბა კუდავას ღვაწლს რომ ასე ერთი ხელის მოსმით წყალში გადაყრი და უმნიშვნელოვანესი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე უწყების მიმართ, ასეთი უდიერი დამოკიდებულება გექნება, სულ მცირე, უსინდისობაა! უგუნურებასა და უმადურობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ! ამ კაცმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გააცოცხლა და მუზეუმების მუშაობის თანამედროვე სტანდარტები დაამკვიდრა ქვეყანაში. მისი მენეჯმენტის წყალობით განხორციელდა არაერთი უნიკალური და ფასდაუდებელი პროექტი. მისი და მის მიერ შეკრებილი ენთუზიასტი ახალგაზრდების ძალისხმევით გადარჩა არაერთი უნიკალური ხელნაწერი.


იმის მაგივრად, რომ უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონოდათ და მეტი რესურსების მობილიზება მომხდარიყო ხელნაწერთა ცენტრის დასახმარებლად, გაუგებარ მიზეზებს ვისმენ ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსიის გამოცხადების  შესახებ! - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.


რა დარღვევები გამოავლინა განათლების სამინისტროს აუდიტმა ცენტრში და რას შეეწირა ცენტრის დირექტორი?


ჩვენ ხელნაწერთა ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს ვეესაუბრეთ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა:


- ხელნაწერთა ინსტიტუტში ბუბა ნაციონალებმა მოიყვანეს 2006 წელს, მანამდე ისტორიულ ჟურნალს გამოსცემდა და არ არის არც ცუდი პიროვნება და არც ცუდი მეცნიერი. იმ დროს დაინიშნა, როცა ლომაია იყო მინისტრი და ისინი შემთხვევით არავის ნიშნავდნენ. რაც ნაციონალები წავიდნენ, მთელი ეს პერიოდი ჩუმად იყო თავისთვის, ახლა ზონდერი ნამდვილად არ ყოფილა არასოდეს. ეს არის ნიკა ვაჩეიშვილის ტიპის ადამიანი, ოღონდ ვაჩეიშვილი უფრო ჩანდა, რადგანაც დაანგრია კულტურული მემკვიდრეობა, ამას ხელნაწერთა ინსტიტუტი ნამდვილად არ დაუნგრევია. მაგრამ, როგორც ამბობენ, ბუბა ალასანიასთან და ბოკერიასთან მეგობრობდაო. თავიდან ახალგაზრდა გოგოები მოიყვანა მეცნიერ-თანამშრომლებად, რომლებსაც ინგლისური და კომპიუტერი მთავარი ეგონათ, მაგრამ მერე რომ მიმოიხედა, ალღო აუღო აქაურობას და ხელი მოჰკიდა საქმეს, რემონტი გააკეთა, მიშას ფასადური რემონტი (ეცინება). რაც შეეხება სანიკიძესთან დაპირისპირებას, ეს მან და სანიკიძემ იციან, რა მოხდა, ამაში თანამშრომლები არავინ ჩაგვახედა. ჩვენ გვითხრა, რომ ჩემი და სამინისტროს ამ დაპირისპირებას სხვა მიზეზები აქვსო, ერთი ის, რომ ლაილაშის ბიბლიის გადაცემას ითხოვს ებრაელთა მუზეუმიო. ეს ბიბლია ჩვენთან არის ცენტრში და ებრაელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი კოლექციისთვის კი ნამდვილი მარგალიტია. ცხადია, აზრები გაიყო.


- და რა, სამინისტრო მას აძალებდა ამის გადაცემას?

 

- ეტყობა, მთავრობა გააღიზიანა ბუბას პროტესტმა. ამის გარდა, არც ერთი ჩვენი თანამშრომელი ამის მომხრე, ბუნებრივია, არ არის, რადგანაც ამ ლოგიკით, მაშინ რა ხელნაწერებიც გვაქვს ფონდებში, ეს სულ დაიშლება. მეორე მიზეზი არისო შენობაზე დავაო, ასე ამბობს კუდავა, რადგანაც ჩვენი ცენტრი, ანუ ინსტიტუტი სპეციალურად ადგილას არის აშენებული, ამ დროს ჩვენ ალტერნატიულ ფართს გვთავაზობენ სამების ეზოში, რომ ჩვენი სამსახური მთელი ფონდებიან-თანამშრომლებიანად იქ გადავიდეს. ამაზე ასევე წინააღმდეგი იყო ბუბაც და თანამშრომლებიც და ასეთი განსხვავებები რომ არის ასეთ კარდინალურ საკითხებზე სამინისტროსთან, ეს ნათელია.


- და ვინ დაადგა თქვენს შენობას თვალი?

 

- იცით, როგორაა, არავინ არაფერს არ ამბობს, განათლების სამინისტროს მწყობრი არგუმენტი აქვს, რომ იქ უკეთესი იქნება ხელნაწერებისთვის და, რომ იქ უკეთესი საცავები იქნებაო, მაგრამ სინამდვილეში, ეტყობა, შენობის ინტერესიც არის, ასე ამბობენ. ბუბამ ჩაატარა კრება და იქ თქვა, სამინისტროსგან მხარდაჭერას ვერ ვგრძნობო, არაფერში აღარ გვეხმარებიანო. სამინისტრო თვლის, რომ ჩვენ ვართ სსიპ-ი და იერარქიულად უფრო დაბალ საფეხურზე ვართ და ასეთ პრინციპულ საკითხებზე სსიპ-სა და სამინისტროს შორის არ უნდა იყოს განსხვავება. ეს წინააღმდეგობა კი არის და ეტყობა, გადაწყვიტეს, რომ გაუშვან. ხომ ხედავთ, კონკურსიც გამოაცხადეს ამ თანამდებობაზე. ვიმეორებ, შიგნით ორივე მხარეს ექნება სულ სხვა არგუმენტები და მიზეზები, ეს ჩვენ, უმრავლესობამ, კი არ ვიცით.



ვუკავშირდები პროფესორ მიხეილ ქავთარაძეს, რომელიც დიდი ხანია, ხელნაწერთა ცენტრში მუშაობს:


- მე ტელევიზორში რაც მოვისმინე, იქ ბევრი ტყუილი თქვა მინისტრმა.


- რას გულისხმობთ?

 

- რას და ის, რომ დიდი ხელფასი ჰქონდა ბუბა კუდავას, ასე არ არის. ასე რომ, დიდი დაძაბული სიტუაციაა. ჩვენ, თანამშრომლებმა, დავწერეთ უბრალო მიმართვა კი არა, არამედ დავწერეთ საპროტესტო წერილი და გვინდა, ავუხსნათ განათლების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს, რომ არ შეიძლება ასეთი ღონისძიების ჩატარება ისე, რომ არ შეეკითხო და არ გაიგო 200-კაციანი თანამშრომლებიდან არც ერთის განწყობა და დამოკიდებულება. ამ ადამიანის ხელში არანაირი ხელნაწერი არ დაკარგულა, აბსოლუტურად, ფურცელიც არ არის დაკარგული და არც დაიკარგება! მანდ ძალიან გაურკვეველი სიტუაციებია და ვნახოთ, შემდეგი დღეები რას მოგვიტანს.


- და სხვა დღეებში რისი იმედი გაქვთ?

 

- მთავრობას მივწერეთ აზრი და რეაქცია არ ექნებათ? რეაქცია უნდა ჰქონდეთ  და ვნახოთ.



ამის შემდეგ უკვე განათლების სამინისტროს ვუკავშირდები და მაინტერესებს მათი აზრი მომხდარის შესახებ. თამარ სანიკიძე:


- ის პრობლემები, რაც ბუბა კუდავას  ხელმძღვანელობის დროს იყო წლების მანძილზე მოუგვარებელი, მისი მოგვარება დაიწყო ჩვენმა სამინისტრომ და ეს ეხებოდა საცავებისა და ხელნაწერების უსაფრთხოებას, რადგანაც ყველაზე დიდი რისკი მე დავინახე აქ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მთლიანად დაუცველი იყო. დავაყენეთ კლიმატკონტროლის აპარატი, ასევე, სხვა სამუშაოები ჩავატარეთ, რადგანაც ვიცით, იქ რა საგანძურიც ინახება. ამ დროს არ იყო წლების მანძილზე დაცული ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები. ასევე, მნიშვნელოვანია, ვნახოთ, როგორ არეგულირებდა კუდავა თანამშრომლების ანაზღაურების საკითხს. მე როცა გავეცანი ამ მონაცემებს, დავრჩი გაოცებული და შეურაცხყოფილი, რადგანაც ხელმძღვანელი ახორციელებდა დისკრიმინაციულ მიდგომას თანამშრომლების მიმართ. ის ნამატი, რაც ჩვენ გავუჩინეთ მას ბიუჯეტში, ამით უნდა დაეწყო სახელფასო ბიუჯეტის მოწესრიგება და არა თავისი გადაწყვეტილებისამებრ კანონდარღვევით დანამატების განაწილება თანამშრომლებზე. რატომ აქვს მის მძღოლსა და ფავორიტ თანამშრომლებს სამი ხელფასის ოდენობის დანამატი, როცა მეცნიერ თანამშრომლებს ან აქვთ ასი ლარი დანამატი და ან საერთოდ არ აქვთ ხშირ შემთხვევაში? ჩვენ მათ გავუორმაგეთ ბიუჯეტი და ეს ნამატი უნდა მიმართულიყო საერთო ხელფასების ზრდაზე. გარდა ამისა, მათ აქვთ საგრანტო შემოსავალი და აქაც მაქვს შეკითხვები. თავად კუდავას ანაზღაურება 450 ლარი კი არ აქვს, როგორც თავად ამბობს, არამედ 3500 ლარამდე საშუალოდ თვეში. მე მაქვს კითხვა, თავად ამდენი თვის მანძილზე კანონის უხეში დარღვევით რომ ახორციელებდა ქმედებას, რატომ ჰყავდა ჩრდილში მთელი რიგი სხვა თანამშრომლები? აუდიტის დასკვნა ჯერ დასრულებული არ არის და მას მოუწ ევს ბევრად სერიოზულ საკითხებზე პასუხის გაცემა, ვიდრე დღეს ვსაუბრობთ.



ახლა კი დროა, გავიგოთ თავად ბუბა კუდავასგან, რომელი მოსაზრებაა მართალი:


- ბოკერიასა და ალასანიას თემიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ ასეთ სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს და ისინი სხვადასხვა პარტიის წევრები არიან, მეტი რა გითხრათ. საქმე ისაა, რომ განათლების სამინისტრო უპირისპირდება ჩემი და ჩვენი თანამშრომლების საკმაოდ პრინციპულ პოზიციებს, ეს გამოიხატება ლაილაშის ბიბლიის საკითხში, რადგანაც გარკვეულ ძალებს სურდათ ამ ხელნაწერის გადაცემა ებრაელთა მუზეუმისთვის, ჩემზე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ზეწოლას ახორციელებდნენ სამინისტროდან. ასევე პრინციპული საკითხია შენობის გადატანასთან დაკავშირებული უთანხმოება.


- რაც შეეხება მინისტრის კომენტარს, რას იტყოდით ამაზე?


- ძალიან მარტივად ვიტყვი: მინისტრი ცრუობს.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016