reportiori.ge - საქართველოს საქაჯეთს უწოდებს და ბედნიერია, რომ შვილები სამშობლოდან შორს წაიყვანა, დღეს კი ამ საქაჯეთში თავდაცვის მინისტრი ხდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:21
პრეს-დაიჯესტი
საქართველოს საქაჯეთს უწოდებს და ბედნიერია, რომ შვილები სამშობლოდან შორს წაიყვანა, დღეს კი ამ საქაჯეთში თავდაცვის მინისტრი ხდება
ავტორი:
04 მაისი, 2015. 15:08


კოალიცია „ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ გვიბრმავებს თვალს და გვეუბნება, რომ... ის, რაც არ შეიძლებოდა ძმებ კუბლაშვილების შემთხვევაში, როცა პავლე არჩეული დეპუტატი იყო და მისი ძმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ეს იყო ინტერესთა კონფლიქტი, ხოლო ხიდაშელ-უსუფაშვილის შემთხვევაში - „სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი" აქტი


საქართველოს საქაჯეთს უწოდებს და ბედნიერია იმით, რომ შვილები სამშობლოდან შორს წაიყვანა, დღეს ამ საქაჯეთში თავდაცვის მინისტრი ხდება. „სანდრო უსუფაშვილო და გიგა უსუფაშვილო, აი, ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, აი, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით. ღმერთო ჩემო, რა საქაჯეთია..."


ეს სიტყვები ხიდაშელმა 2014 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა საკუთარი „ფეისბუკის" გვერდზე, ამ ფრაზების მიზეზი კი გახლდათ ის, რომ სოციალურ ქსელში პრეზიდენტ მარგველაშვილის ქალიშვილის პიკანტური ფოტოები გამოქვეყნდა. მაშინ თინამ პრეზიდენტის ქალიშვილი ქაჯებისგან დაიცვა, მაგრამ სულით ხორცამდე პოლიტიკოსს დაავიწყდა პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ეთიკა, თმენის ვალდებულება და სრულიად საქართველოსა და ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა და ერთი სიტყვით - საქაჯეთი გვიწოდა. შესაძლოა, ვიღაცისთვის ხიდაშელიც ქაჯი იყოს და ის ხელისუფლებაც, სადაც ის თავდაცვის მინისტრად ინიშნება - საქაჯეთი, მაგრამ, თუკი პოლიტიკოსისგან არ იქნება დაცული ეთიკა, მაშინ ვერ მოსთხოვ სხვას იყოს ეთიკური. ხიდაშელმა დაიცვა პრეზიდენტის ქალიშვილი თავდასხმებისგან, მაგრამ მან ვერ მოახერხა, დაეცვა თავად პრეზიდენტი, სწორედ ის გახლავთ ერთ-ერთი პირველი, ვინც პრეზიდენტთან მუდამ კონფლიქტშია, ვერც მაშინ მოახერხეს ქალბატონმა თინამ და მისმა მეუღლემ, დაეცვათ პოლიტიკური ეთიკა, როცა მისი კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ქვეყნის მთავარსარდლისთვის გასაიდუმლოებული დატოვეს და კონსულტაცია პრეზიდენტთან ამ საკითხზე არავის გაუვლია. უბრალოდ, ის საქმის კურსში ჩააყენეს, მეორე დღეს, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დასახელდებოდა.


ქალბატონმა თინამ ვერ მოახერხა, დამორჩილებოდა საქართველოს კონსტიტუციას და მან თავი მინისტრად გამოაცხადა მაშინ, როცა საქართველოს დეპუტატის მანდატი ჯიბეში ედო და მისთვის უფლებამოსილება ჯერ კიდევ არავის მოუხსნია. არ მჭირდება პარლამენტის კენჭისყრაო, ქალბატონი თინასთვის ყველაფერი შეიძლება, რადგან ის იუპიტერია, ამიტომაც არავინ დაობს დღეს იმაზე, არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც მისი მეუღლე პარლამენტის თავმჯდომარეა, ხოლო თავად - თავდაცვის მინისტრი. თუმცა გვახსოვს,  რომ ეს ტანდემი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდა ნინო ბურჯანაძეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ხოლო მისი მეუღლე გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ. კოალიცია „ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ გვიბრმავებს თვალს და გვეუბნება, რომ ორჯერ ორი ოთხი არ არის. მაგალითად, ის, რაც არ შეიძლებოდა ძმებ კუბლაშვილების შემთხვევაში, როცა პავლე არჩეული დეპუტატი იყო და მისი ძმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ეს იყო ინტერესთა კონფლიქტი, ხოლო ხიდაშელ-უსუფაშვილის შემთხვევაში - „სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი" აქტი.


მაშ, სად გადის სიმართლესა და სიცრუეს შორის ზღვარი და რატომ ვეთანხმებით ბრმად ორმაგი სტანდარტის დაწესებას. თავისთავად, თინა ხიდაშელის კანდიდატურის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დასახელება ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველი გადაწყვეტილებაა.


საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელად ინიშნება ქალი მინისტრი. ის შევა ევროპის თავდაცვის ქალი მინისტრების ხუთეულში: ალბანეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ნორვეგია, იტალია და მათ დაემატება საქართველო - თინა ხიდაშელი. თუმცა იმ ხუთეულსა და თინას შორის ერთი დიდი სხვაობაა, იმ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ნატოს ქოლგა იცავს, თინა ხიდაშელი, ქართული ჯარი და საქართველო კი მუდმივი საფრთხის წინაშეა ჩრდილოელი მეზობლისგან. თინა ხიდაშელთან ოპოზიციას სერიოზული პრეტენზიები აქვს, ყველას ახსოვს მისი საბედისწერო ფრაზა - „აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ..." თინა ხიდაშელი, ალბათ, კიდევ ერთხელ ახსნის, რა კონტექსტში მოიხსენია ეს ფრაზა, თუმცა ერთი რამ თვალსაჩინოა, „რესპუბლიკური პარტია" ხავერდოვანი გადატრიალების გზით ხელში იგდებს ხელისუფლებას. ისინი დღეს ისეთი ძლიერები არიან, ამას ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, პოლიტიკურ ორბიტაზე მათი ოცნებების მთავარი ამსრულებელი ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ კრიზისი მინისტრთა კაბინეტში ხელოვნურად შეიქმნა, ეს რომ ბუნებრივი პროცესი ყოფილიყო, ჩვენ ვიხილავდით არა სპორტის მინისტრისა და გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომას, არამედ დარტყმა წავიდოდა ფინანსურ და ეკონომიკურ გუნდზე, რომლებმაც ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური კრიზისის განმუხტვა ვერ შეძლეს. არადა, ჩვენ ხომ მთავრობებს იმისთვის ვირჩევთ, რომ მათ ეს კრიზისები განმუხტონ. სხვა შემთხვევაში, რა საჭიროა ხელისუფლება, თუკი ის უუნაროა კრიზისების მართვაში, რისთვის ვუხდით ამხელა გადასახადებს და რისთვის ვქირაობთ, თუკი ისინი პრობლემებთან პირისპირ გვტოვებენ. იგრძნობა, რომ მინისტრთა გადადგომის ეს სცენარი სადღაც დაიწერა. ტყუილად არ გაისარჯა აშშ-ს ელჩი, მისულიყო ბიძინა ივანიშვილთან.


ამ შეხვედრას მოჰყვა ის, რომ ყველასთვის მოულოდნელად, მაშინ, როცა ამას არც თავად პრემიერ-მინისტრი გეგმავდა და აცხადებდა, რომ მხოლოდ ორი მინისტრი შეიცვლებოდა, თავდაცვის მინისტრიც გადადგა.


ამერიკელებმა უკვე ღიად დაიწყეს თამაში და „ნაციონალების" შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის" გაძლიერების სცენარი აამუშავეს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, გადის თუ არა პოლიტიკური თამაშიდან ბიძინა ივანიშვილი თავისი „ქართული ოცნებითურთ"? მისია შესრულებულია, „ნაციონალური მოძრაობა" - ხელისუფლებიდან ჩამოცილებული, თუმცა იგივე ორიენტაციის პარტია ძლიერდება ხელისუფლებაში, რაც ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, კონკრეტული გვარ-სახელების გარდა, არაფერი შეცვლილა. „რესპუბლიკელები" არიან ქვეყნის წამყვან პოზიციებზე - პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავდაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შერიგების სამინისტრო, დარჩა მხოლოდ ერთი და მთავარი პოსტი, ეს არის პრემიერმინისტრობა და არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ვიხილოთ ქალი კანდიდატი და ეს იყოს - თინა ხიდაშელი.


ამ სახელისუფლებო ორომტრიალში ერთი სკანდალური ფიგურა გამოჩნდა, სპორტის მინისტრობის კანდიდატი ხეჩიკაშვილი. გარდა იმისა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდა და მისი ბიზნესჯგუფი სოდ-ისგან „ახეული" მანქანების გადაფორმებას ახორციელებდა, „იბერია ბიზნეს ჯგუფის" სახელზე, აღმოჩნდა, რომ ბატონი ხეჩიკაშვილი, რომელიც წარმოშობით გორის რაიონიდან არის, ქურდული ავტორიტეტის შვილი ყოფილა. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხეჩიკაშვილის მამა ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსის მატარებელი იყო. ალბათ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სოდ-ის მიერ „ახეულ" მანქანებს „კანონიერი ქურდის" შვილი, ტარიელ ხეჩიკაშვილი „აპრავებდა".


ამის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტები სააგენტოებში უკვე გამოქვეყნდა, მაგრამ, რაც შეეხება ტარიელ ხეჩიკაშვილის მამის „კანონიერ ქურდობას", ჩვენ ამას მტკიცებით ფორმაში არ ვწერთ, თუმცა კომპეტენტურ ადამიანებთან გადამოწმების შემდეგ მივიღეთ დასტური. ახლა კი, კეთილი უნდა ინებოს სპორტის მინისტრობის კანდიდატმა და განგვიმარტოს, ვინ არის, რა ბიოგრაფიის მქონე და რატომ იყო შეკრული „ნაცმოძრაობასთან", ეს იყო იძულება, თუ თანამშრომლობა?.. ერთი რამ კი ფაქტია, ეს კვირა იქნება ძალიან საინტერესო და სკანდალებით დახუნძლული. როგორც წყაროები გვატყობინებენ, ძალიან ბევრ მინისტრზე გამოქვეყნდება სკანდალური ჩანაწერები, რითაც რამდენიმე მინისტრის დანაშაული დადასტურდება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.


აკადემიკოსი, „სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი - ელიზბარ ჯაველიძე, „ქრონიკასთან" ინტერვიუში შექმნილ სიტუაციას უწოდებს სრულ ქაოსს, განუკითხაობას, გაუგებრობას და მიიჩნევს, რომ მთავრობაში ამ თამაშის წესებს გარე ძალები წარმართავენ. ელიზბარ ჯაველიძე გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთა ინტერესი საქართველოს მიმართ უფრო და უფრო ძლიერდება და ისინი უკვე ღიად ერთვებიან ქვეყნის შიგნით მიმდინარე საკადრო პოლიტიკაში.


ელიზბარ ჯაველიძე აცხადებს, რომ კოალიციის შიგნით არსებული ძალები აშკარაა, რომ არსებულ ხელისუფლებას უპირისპირდებიან, რომლებიც ძალიან მჭიდრო კავშირში არიან იმ გარე ძალებთან, ვინც ქვეყნის შიდა პოლიტიკას წარმართავს, ხოლო „ოცნების" ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ მათ არ ამოძირკვეს „ნაციონალების" კუდები.


კითხვაზე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებაზე, - თურმე განსაცვიფრებელი და განსაკუთრებული არაფერი ხდება, როცა მინისტრები ტოვებენ თანამდებობებს, ელიზბარ ჯაველიძე ივანიშვილს პასუხობს:


- მინისტრები შეიძლება შეიცვალონ, მაგრამ მთავარი ისაა, შენ ვის გვინიშნავ? როდესაც ივანიშვილი ამ საკითხს წყვეტს, თუ ფიქრობს ამ საკითხზე? როდესაც მე მას ვუწერდი, არ შეიძლება მარგველაშვილის გაპრეზიდენტება, იმ კაცისა, რომელმაც ქართველი ერი „ავადმყოფ ერად" მონათლა, რომელიც აცხადებდა, `პლასტელინი ვარო~, წინდებსა და კაბებს ქსოვდა, იმის ნაცვლად, დაფიქრებულიყო, გვითხრა, _ თუ მარგველაშვილს არ აირჩევთ, მე წავალო. მაშინ მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, დღესაც აქვს, მაგრამ მისი ავტორიტეტი ეცემა. მე ვეკითხები ბიძინა ივანიშვილს, როდესაც თინა ხიდაშელს ნიშნავ თავდაცვის მინისტრად, ქალბატონს, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინათ აცხადებდა, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო,  რომ ეს არის ცალკე ტერიტორია და ამას უნდა შევეგუოთ, აი, ამ ქალბატონს რომ აბარებთ თავდაცვის სამინისტროს, თანაც, ამ საქმის არაპროფესიონალს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება თავდაცვის სფეროში, ფიქრობს, ამით რა ზიანი მოგვადგება? ხიდაშელმა მხოლოდ ის იცის კარგად, რომ ამერიკის დავალება უნდა შეასრულოს. ვერავინ დამაჯერებს, რომ თინა ხიდაშელის კანდიდატურა ღარიბაშვილის მიერ იყო გადაწყვეტილი. ეს საკითხი გადაწყდა რამდენიმე დღის წინათ, როდესაც ჩვენი პარტკომი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ეს ნაძირალა ნორლანდი, რომელიც არის საქართველოს გამოკვეთილი მტერი, მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და მოსთხოვა, თავდაცვის მინისტრი გადაეყენებინა და პროამერიკელი თინა ხიდაშელი დაენიშნა ამ პოსტზე. და იცით, ეს რატომ მოსთხოვა? დღეს საქართველოს მოსახლეობაში არის ანტიამერიკული განწყობა, რაც ისევ თვითონ გააჩინეს და აღარავინ არ არის მომხრე, საქართველო შევიდეს ნატოში და გარდა იმ პარტიული ჯგუფებისა, რომლებიც მიბმული არიან ამერიკასთან. ნატოს ბაზების გაშენების შედეგად, საქართველოს დიდი საშიშროება ემუქრება, როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე ფიზიკურად. ესენი ახლა ფიქრობენ, თინა ხიდაშელი კაბას შემოიხევს და სხვა რამესაც, ოღონდ ის აღასრულოს, რაც ამერიკელებს უნდათ. ახლა მე ვეკითხები ყველა გონიერ კაცს, რა იყო მიხეილ სააკაშვილის დანაშაული? მისი დანაშაული იყო ერთადერთ _ ის განუკითხავად ასრულებდა ამერიკის დავალებებს, ამიტომ დაიწყო ნგრევა ეროვნული ფასეულობების და ამას აკეთებდა იმიტომ, რომ ტახტი გაემაგრებინა. დღეს, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ვეკითხები, ქართველ ხალხზე ფიქრობთ? როცა თინა ხიდაშელს ნიშნავთ თავდაცვის მინისტრად, თქვენ გგონიათ, პუტინი თმებს გაიგლეჯს - არიქა, ქართული ჯარები მოსკოვს აიღებენო.... ამ ქალბატონმა სამი ტანკი რომ დაინახოს, პირველი გაიქცევა თავში ფეხების რტყმევით და უკნიდან ბოლს გაუშვებს...


- ამ მხრივ, თინა ხიდაშელის გულადობის მჯერა, მშიშარა არ არის...


- მშიშარა სხვა რამეში არ არის, თორემ... სამწუხაროდ, ჩვენს თვალწინ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, პარლამენტის თავმჯდომარე გვყავს იუსუპოვი, რეზო ამაშუკელს დავესესხები და ვიტყვი, - პიონერთა ბანაკიდან გამოგდებულს ჰგავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გვყავს „რესპუბლიკელი", მისი მსჯელობით და მეტყველების კულტურით სავსებით გაოგნებული ვარ, მაგიჟებს მისი რბილი „ლ", ყველა არასამთავრობო არის „რესპუბლიკური პარტიის", გარემოს დაცვის მინისტრი „რესპუბლიკელია", რომელიც მზად იყო, გაეყიდა საქართველოს მიწები და კანონს ამზადებდა. რომ არ აგვეტეხა ერთი ამბავი, ქართულ მიწებს ყიდდნენ და ეს საკითხი კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აი, ეს ძალები მოექცნენ ქვეყნის სათავეში. გაგახსენებთ იუსუპოვის განცხადებას, - სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი „ნაციონალების" გადარჩენააო, ეს ხომ მე არ მითქვამს?!. გაგახსენებთ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას: „ახლა დემოკრატიის მეორე კლასში ვართ, სააკაშვილის არდაჭერა გადაგვახტუნებს მეოთხეში, ხოლო მიხეილ სააკაშვილის დაჭერით, ჩვენ ისევ აღმოვჩნდებით ნულ ჯგუფში, - თუ მიხეილ სააკაშვილს დავაპატიმრებთ, დემოკრატიის „ნულ ჯგუფში"... ასევე, შეგახსენებთ, როგორ მიულოცა იუსუპოვმა ახალი წელი პარლამენტის სახელით ძებნილ მიხეილ სააკაშვილს. „რესპუბლიკური პარტია" და მისი ლიდერები, ძმები ბერძენიშვილები დღე და ღამე ლანძღავენ და დასცინიან ბიძინა ივანიშვილს და მას ჩამორჩენილ, სოფლელ კაცს ეძახიან. ეს ის ლევან ბერძენიშვილია, რომელმაც „კაგებეს" თავისი ყველა თანაპარტიელი დააჭერინა, მათ შორის, საცოლეც კი, ხელიდან კალამს ვერ აგდებინებდნენ ციხეში, ყველა ჩაუშვა... ეს კაცი გამოდის და მე ზნეობას მიკითხავს. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. ერთი სიტყვით, სრული გაუგებრობაა და აშკარაა, რისთვისაც მოხდა ეს სამთავრობო ცვლილებები. გამაგებინეთ, რა საჭირო იყო სპორტის მინისტრის მოხსნა. მე მოვისმინე ამ კაცის გამოსვლა და თურმე ამ ორ წელიწადნახევარში ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია, მას ჰქონია სურვილი, უფრო ადრე წასულიყო, მაგრამ ღარიბაშვილს ლევან ყიფიანის წასვლასთან დაკავშირებით განცხადებაზე ხელი არ მოუწერია, დღეს კი შეუჩნდნენ და გააშვებინეს, იმიტომ, რომ 7 მინისტრის შეცვლის შემდეგ აუცილებელი გამხდარიყო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. ევაჭრნენ ირაკლი ღარიბაშვილს, თუ „რესპუბლიკელებს" არ გადაიყვანდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაშინ მინისტრთა კაბინეტს ჩაუგდებდნენ და ეს ყველაფერი დავალებით მოხდა, შემთხვევითი ეს ცვლილება არ არის, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა თინა ხიდაშელის გამინისტრებას. თინათინი - ეს არის ქართველების თავლაფის დასხმა, თუ თავმოყვარე ხალხი ვართ, ხმა უნდა ამოვიღოთ. შეიძლება ვიშიმშილოთ, გავიჭირვოთ, არც წამლის ფული გვქონდეს, ასეთი შემთხვევები ხშირია, მაგრამ ვერავის ვაპატიებ ანტიეროვნული ნაბიჯების გადადგმას, ამ ნაბიჯმა კი პირადად მე, შეურაცხყოფა მომაყენა, რამდენიმე დღეა, უკვე აღარ მეღიმება, აღარაფერი მიხარია. მე, ერთი კაცი, ელიზბარ ჯაველიძე, შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დასახელდა. ისტორიულად სულ ბრძოლაში ვიყავით, ბრწყინვალე მთავარსარდლები გვყავდნენ და დღეს ამ სფეროს მინისტრად გვინიშნავენ თინა ხიდაშელს. მინდა ამ ქალბატონს ვკითხო, - უკაცრავად და, ახლა როგორ იქნება, სამხედროები ფეხზე მდგომი მოშარდავენ, თუ დაჯდომით?.. მარტო თავდაცვა არა, ყველა სფეროში გაუგებრობაა და მიმდინარეობს ნგრევა ქართული ცნობიერების, ახლა, ფიზიკური და სულიერი გენოციდი მიმდინარეობს ამერიკელების მხრიდან, ის, რაც რუსეთმა დაგვაკლო, ამერიკელები გვინაზღაურებენ.


- ოცნებამ" ვერ გაამართლა ქართველი ხალხის მოლოდინი და იქნებ,რესპუბლიკელებმა" გაამართლონ?

 

- „რესპუბლიკელები" გაამართლებენ კი არა, დაგვღუპავენ, „ქართულმა ოცნებამ" ვერ გაამართლა იმის გამო, რომ ბოლომდე არ ასრულებს გარე ძალების მოთხოვნებს, რაც შეასრულეს კოჰაბიტაცია დასავლეთის მოთხოვნით, ვნახეთ, რომ ამან საქართველოს დედა უტირა!.. ახლა კი ბოლოს მოგვიღებენ „რესპუბლიკელები". დაიმახსოვრეთ, „რესპუბლიკელები" „ნაციონალებზე" და მიხეილ სააკაშვილებზე უარესი არიან, სააკაშვილი გახსნილი მაინც იყო და რასაც ფიქრობდა, იმას ლაპარაკობდა. ესენი ჩუმად, მალულად, დემოკრატიის ნიღბით და იმის ძახილით, რომ ჩვენ ევროპაში შევალთ, ნატოს წევრები გავხდებით, საქართველოს ნულზე დაიყვანენ. თუ ქართველმა ხალხმა არ ამოძირკვა პარლამენტიდან ანტიეროვნული ძალები, გავნადგურდებით, როგორც ერი... ბიძინა ივანიშვილისთვის არაერთ პოლიტიკოსს უთქვამს, რომ „რესპუბლიკელები" დაღუპავდნენ, თუმცა, როგორც ვხედავთ, მისი დასაყრდენი ძალა მაინც „რესპუბლიკური პარტია" რჩება. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ბიძინა ივანიშვილს, რომ მას ეგ „რესპუბლიკელები" დაღუპავენ. მე აბსოლუტურად მჯერა, რაც გასულ კვირას უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა, ეს იყო ერთიერთზე რასაც იუსუპოვი და მისი დულსინეა თინა ხიდაშელი ფიქრობენ. იქ ლაპარაკია კიევში მიხეილ სააკაშვილთან საიდუმლო შეხვედრაზე და ხელისუფლების ხელში ჩაგდების გზებზე.


„რესპუბლიკელები" აუცილებლად დადგებიან „ნაციონალების" გვერდით, მაგრამ ამით, გაწირავენ არა მხოლოდ ბიძინას, არამედ მთელ საქართველოს. ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ერთადერთი ერთგული კაცი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ეროვნულად აზროვნებს, იბრძვის ქართული ზნეობისა და ეროვნულობის დასაცავად, მაგრამ ესეც გაწირული ჰყავს. თუ ირაკლი ღარიბაშვილს ის ხელისუფლებიდან გაუშვებს, ბიძინა ივანიშვილი იმ ერთადერთ ტოტს მოჭრის, რომელზეც ზის. მიუხედავად იმისა, რომ ის სამოქალაქო სექტორშია გადასული, ყველაფერზე პასუხი ბიძინა ივანიშვილს მოეთხოვება!

 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016