reportiori.ge - მზადდება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, ეს იქნება კომპრომატების ომი!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:11
პრეს-დაიჯესტი
მზადდება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, ეს იქნება კომპრომატების ომი!!!
ავტორი:
04 მაისი, 2015. 13:05


ვიცი, რომ სკანდალური ჩანაწერები არსებობს კულტურის მინისტრზე, ფინანსთა მინისტრზე, სპორტის მინისტრობის კანდიდატზე. ასე რომ, ამ კვირაში ელოდეთ სკანდალებს"


საინტერესოა, რას ფიქრობს არასაპარლამენტო ოპოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც ელვისებური სისწრაფით ვითარდება და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იქნება ფინალი. „მემარცხენე ალიანსის" ლიდერი სოსო შატბერაშვილი „კვირის ქრონიკის" კითხვებს პასუხობს.

 

- რამდენად ადეკვატურია ის პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს ხდება სახელისუფლებო ელიტაში?


- ეს არის „რესპუბლიკელების" ულტიმატუმის შედეგი, იმდენად დასუსტდა კოალიცია მას შემდეგ, რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს უმრავლესობა, რომ კოალიცია იძულებული გახდა, მათი ადგილები „ნაციონალი" მაჟორიტარების  ხარჯზე შეევსოთ. ფაქტობრივად, ისინი დარჩნენ „რესპუბლიკელების" ამარა, მათ „ოცნების" გუნდს წაუყენეს ულტიმატუმი, თუ არ დაუნიშნავდნენ წამყვან თანამდებობებზე მინისტრებს, მაშინ ისინი პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებდნენ.


„რესპუბლიკელებმა" თავი წამოყვეს და არ არის გამორიცხული, მალე პრემიერ-მინისტრიც „რესპუბლიკელი" გახდეს. გადახედეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ისინი კარგად არიან წარმოდგენილნი, ასევე ჰყავთ პარლამენტში ძლიერი ფრაქცია და სრულიად შესაძლებელია, რომ მათ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მომავალში „რესპუბლიკელის" კანდიდატურა წარმოადგინონ.


_ სხვათა შორის ლევან ბერძენიშვილმა არ გამორიცხა მომავალში პრემიერ-მინისტრის პოსტზე დავით უსუფაშვილის კანდიდატურა.


- არც იმას გამოვრიცხავ, რომ ძმები ბერძენიშვილისგან ერთ-ერთს გაუჩნდეს პრემიერმინისტრობის სურვილი, დავით უსუფაშვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ.


მართალია, „რესპუბლიკური პარტია" არარეიტინგულია, მათ არასოდეს გადაულახავთ 5%-იანი ბარიერიც კი, მაგრამ ოკეანის გადაღმა ჰყავთ ძლიერი მფარველები, ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის ფრთა ამ გადაწყვეტილებით საკმაოდ დასუსტდა, პრემიერ-მინისტრს ისღა დარჩენია, განაცხადოს, პოსტიდან მივდივარო.


დღეს ისეთი სიტუაციაა შექმნილი, როცა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდეს.


- არ დავბრუნდებიო, ამბობს.

 

- ქართველმა ხალხმა 2012 წელს სწორედ ის აირჩია და მისი ავტორიტეტის გამო მისცა ხმა კოალიცია „ქართულ ოცნებას", მან უნდა განაგრძოს თავის დაპირების შესრულება, მოვიდეს პოსტზე და არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ლაპარაკს შეეშვას!


- ბიძინა ივანიშვილი ვერ ხედავს პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზს. ასე რომ, ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია.

 

- ის კი აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზს ვერ ხედავს, მაგრამ მას შევახსენებდი, რომ დიდი ნდობა გასცა ხალხმა და ამიტომ ვალდებულია, უკან დაბრუნდეს. მით უმეტეს შეხედეთ რა ხდება, არასტაბილური მთავრობაა, ეს რომ იყოს ერთ გუნდად შეკრული კოალიცია, ამას არ ვიტყოდი.


მეეჭვება ამ შემადგენლობით „ქართულმა ოცნებამ" მომდევნო არჩევნებში გაიმარჯვოს, მაგრამ 2012 წლის შემადგენლობით მოსულ მთავრობაზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი.


- ოპოზიცია მუდმივად აპელირებდა, რომ რესპუბლიკური პარტია" 3%-იანია, ისინი ვერასოდეს მოვლენ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ხავერდოვნად გადაიბარეს ხელისუფლება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რესპუბლიკური პარტიის" წევრი იყო, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი... ოპოზიციის კულუარებში შეთქმულების თეორიაზე ალაპარაკდნენ, რომ შესაძლოა, თინა ხიდაშელი რამდენიმე თვეში მინისტრის პორტფელის გარეშე აღმოჩნდეს და რესპუბლიკელების" დასუსტება დაიწყონო. გჯერათ ამისი?


- არ მგონია, რომელიმე „რესპუბლიკელი" განწირული იყოს ხელისუფლებიდან წასასვლელად, დღეს ისინი ისე არიან გაძლიერებული, როგორც არასდროს. მიუხედავად მათი 2-3 პროცენტისა, ჩვენ იმის მაგალითებიც გვახსოვს, როდესაც უზარმაზარი რეიტინგის მატარებელმა ზვიად გამსახურდიამ ხელისუფლება ვერ შეინარჩუნა, მაგრამ ახლა ვხედავთ, როგორ მოვიდა  ხელისუფლებაში ისეთი არარეიტინგული პარტია, როგორიც არის „რესპუბლიკური პარტია", და ისე გაძლიერდა, რომ ქვეყნის პირველი პირი შესაძლოა, „რესპუბლიკელი" გახდეს.


არმიის თინა ხიდაშელისთვის ჩაბარება არ ნიშნავს, რომ რამდენიმე ხანში მას პოსტს ჩამოაცილებენ, პირიქით, მე მათ გაძლიერებას და მათგან ხელისუფლების ბოლომდე ხელში აღებას ველოდები. ამავდროულად, თინა ხიდაშელი გახლავთ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს გარიჟრაჟზე აფიქსირებდა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, რომ აფხაზებსა და ქართველებს, ორივეს აქვთ უფლება, შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო. აი, ასეთი იდეოლოგიის პარტია ძლიერდება ნელ-ნელა, რაც ძალიან საშიშია. კოალიციაში „რესპუბლიკელების" შეყვანა - ეს იყო ბიძინა ივანიშვილის შეცდომა თავის დროზე, ამას არა მარტო მე, არამედ უამრავი ექსპერტიც აღიარებდა და შედეგსაც ვიმკით. ჩემთვის მეორე კითხვა ჩნდება, - რატომ გადააბარა ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე არარეიტინგულ პარტიას ხელისუფლება, როცა თავად ასეთი რეიტინგული იყო? ამ სვლებს ხომ არ კარნახობს ვინმე? ეს ყველაფერი ვიღაცის მიერ დაწერილი სცენარის შესრულებას ჰგავს, საქართველოში ძალიან საშიში თამაში იწყება, ნუ დაგავიწყდებათ მიხეილ სააკაშვილისა და თინა ხიდაშელის ფარული ჩანაწერი, როგორ ალაგებენ გეგმებს. ასე რომ, შესაძლებელია, „რესპუბლიკელების" გაძლიერებას საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება მოჰყვეს.


- თქვენ გჯერათ იმ ფარული ჩანაწერის, რომელიც თითქოს უკრაინაში შედგა მიხეილ სააკაშვილს, დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელს შორის, სადაც საუბარია ხელისუფლების ხავერდოვანი გზით გადატრიალებაზე და ისინი იმედოვნებენ, რომ მარგველაშვილი მათ მხარს დაიჭერს


- მე საერთოდ ფარული ჩანაწერების მოწინააღმდეგე ვიყავი, პირველად ეს დანერგა ასლან აბაშიძემ, ყველას გვახსოვს მიხეილ სააკაშვილზე როგორ გაავრცელა მან ის ფარული ჩანაწერები პიკანტურ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო ამბავია, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილს ისე მოეწონა ასლან აბაშიძის გატაცება, თავად უკვე სერიალებს გვიჩვენებდა.


არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რამ რეალობა იყო, რადგან „ნაცმოძრაობის" შემქმნელები და ჩამომყალიბებლები ძმები ბერძენიშვილები და „რესპუბლიკელები" არიან, ისინი ვარდების რევოლუციის შემდეგ კოალიციიდან გამოვიდნენ, თუმცა მათი მეგობრობა არ წაშლილა. შესაძლოა, 2012 წელს ამჯობინეს, რომ ხელისუფლებაში ამ გზით მოსულიყვნენ „რესპუბლიკელები", მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ 2016 წელს „რესპუბლიკელებმა" სააკაშვილთან შეკრან კოალიცია, ხაზს ვუსვამ, - სააკაშვილთან და არა, „ნაცმოძრაობასთან", ეს სრულიად განსხვავებული რამ არის. ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობაში" დიდი განხეთქილებაა, ამ პოლიტიკური ძალის სახეები ხალხისთვის საძულველია, სააკაშვილი ამას ხვდება და მათთან დისტანცირებას ცდილობს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში მიხეილ სააკაშვილი ახალი სახეებით „რესპუბლიკელებთან" კოალიციაში ვიხილოთ.


- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ,ნაციონალების" განხეთქილების შესახებ? ამდენი ხანია გვესმის, რომ მათ შორის ნაპრალია და რით ვერ მოხერხდა ამ მონოლითური ძალის რღვევა?


- ჩვენც გვყავს სანდო წყარო, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის და ჩვენი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობაში" ორი კლანი ებრძვის ერთმანეთს, გოკა გაბაშვილი, გოგა ხაჩიძე, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, უნდა წავიდნენ „ნაციონალებიდან", ასე თვლის ამ პოლიტიკური ძალის მეორე ჯგუფი, რომელსაც დავით ბაქრაძე და ნიკა მელია ხელმძღვანელობენ.


ისინი ლობირებენ ახალი სახეების წამოწევას, მე ნამდვილად არ მანაღვლებს „ნაციონალების" რეიტინგი, მაგრამ, თუკი ოდიოზური ფიგურები ამ პარტიიდან წავლენ და „ნაცმოძრაობა" ახალი სახეებით დაკომპლექტდება, მათ კიდევ აქვთ რაღაც მომავალი.


- როგორ აფასებთ მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ დაუკმაყოფილა პრემიერს თხოვნა სამთავრობო სიაზე ხელი მოეწერა და პარლამენტს ერთკვირიანი ვადა მისცა კანდიდატების განსახილველად. ელოდებით რომელიმე კანდიდატის ჩავარდნას? მაგალითად, სპორტის მინისტრის კანდიდატს უკვე კომპრომატები დაუდეს, ის მხილებულიანაციონალურ მოძრაობასთან" კანონსაწინააღმდეგო ქმედებასა და რეკეტში.

 

- ფიქრობ, ასე ადვილად მინისტრების დამტკიცება არ მოხდება, სიურპრიზებს ველოდები. სერიოზული კომპრომატები დაიდება მინისტრების წინააღმდეგ. თქვენ უკვე ნახეთ, რომ ნოდარ ხადური ნეპოტიზმში ამხილეს, ასევე, მთავარი პროკურორი. რაც შეეხება სპორტის მინისტრის, ხეჩიკაშვილის კანდიდატურას, საკრებულოს წევრი ვიყავი, როდესაც მასზე არაერთი მომჩივანი ბიზნესმენი დოკუმენტებით მოდიოდა და მეუბნებოდა, რომ „ნაციონალების" მიერ „ახეული" მანქანები „იბერია ჯგუფზე" ფორმდებოდა, რომლის ხელმძღვანელიც ხეჩიკაშვილია. ჩამონათვალი მქონდა, ვინ დადიოდა „ახეული" მანქანებით, ასეთი კომპრომატები სხვა მინისტრებზეც იქნება. რა გიკვირთ, თურმე ყოფილი მთავარი პროკურორი, ფარცხალაძე ნასამართლევი გვყოლია და ხელისუფლებამ დანიშვნამდე ეს ვერ გაარკვია. ველოდები, რომ პარლამენტის სხდომაზე „ოცნების" დეპუტატთა რაღაც ჯგუფი სკანდალურ დოკუმენტებს გაასაჯაროებს, არც „ნაცები" დააკლებენ მათზე კომპრომატების ფრიალს. პრეზიდენტის მიერ ერთკვირიანი ვადის აღება სწორედ მაგას უნდა ნიშნავდეს. პრეზიდენტს ინფორმაცია აქვს და მისცა ვადა, კარგად მოემზადონ. ვფიქრობ, სამივე მინისტრის ჩაგდებას შეეცდებიან, მაგრამ არ მგონია, რომ ხიდაშელის ჩაგდება შეძლონ, რასაც ვერ ვიტყვი სპორტის მინისტრობის კანდიდატზე.


_ ნოდარ ხადური უკვე ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა მთავრობაში, ისნაციონალური მოძრაობის" ყველაზე ცუდ ლიდერებთან ასოცირდება, რომელიც ხალხს დასცინის. რატომ არ დგება მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი?

 

- კოალიცია „ქართულ ოცნებას" საქმის კეთება რომ უნდოდეს, ხადურს შეცვლიდნენ, რომლის ბრალიცაა ლარის ასეთი დაცემა, ეკონომიკის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება. რა თქმა უნდა, მე ველოდი, რომ დაიწყებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება, მაგრამ ეს არ მოხდა. დანარჩენი მინისტრების გადაყენება ფუჭი საქმეა, რადგან უმთავრესი პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.


მეეჭვება, რომ დღევანდელ ხელისუფლებას დასავლეთში მაღალი რეიტინგი ჰქონდეს, მაშინ, როცა ძალოვანი უწყებების მინისტრები ასეთი სიხშირით იცვლებიან, ეს ხაზს უსვამს არასტაბილურ ვითარებას, მთავრობაში განუკითხაობას და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არც ინვესტორი შემოვა და არც ეკონომიკა განვითარდება.


- თქვენ გამორიცხავთ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ისარგებლოს, სამთავრობო სიას ხელი არ მოაწეროს და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები?


- ერთ-ერთი პირველი ვიყავი იმ პოლიტიკოსებიდან, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვდა. ვითარების განმუხტვის საშუალება რიგგარეშე არჩევნები იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, რადგან ეს პერიოდი წამგებიანია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამის აუცილებლობა შემოდგომაზე დადგეს. ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი სწორედ რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება, რომელიც დაასტაბილურებდა პოლიტიკურ სიტუაციას და პარლამენტში მოხვდებოდნენ არა ემოციით, ეიფორიით არჩეული პოლიტიკოსები, არამედ ხალხს მიეცემა გაანალიზების საშუალება, ვინ ცრუ დაპირებებს იძლევა, ვინ რეალურს და მას მოიყვანს ხელისუფლებაში.


- პოლიტიკოსები ბჭობდნენ, ამომრჩევლები იცინოდნენო... თქვენ იცით, რომ შესაძლოა, მომდევნო არჩევნებზე ხალხმა ბოიკოტი გამოაცხადოს და მონაწილეობა არ მიიღოს?

 

- არც ამას გამოვრიცხავ, რეგიონებში დავდივარ და ხალხი მეუბნება, - იმაზე მეტი ნიჰილიზმია, ვიდრე ეს ადგილობრივი არჩევნების დროს იყო.


- ხომ არ ფიქრობთ, რომ ვაშინგტონის სცენარი მოქმედებაში მოდის? ერთ ნავში სხდებიან რესპუბლიკელები", ირაკლი ალასანია და მარგველაშვილი, სადაც პირადად თქვენ არ გამორიცხავთ მიხეილ სააკაშვილს?


- როგორც გითხარით, ძალიან რთული პოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი და მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ეს რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ, მიმდინარეობს კონსულტაცია ყველა პოლიტიკურ ძალას შორის, რომელიც დამოკიდებული არ არის დასავლეთსა და ჩრდილოეთზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა მათთან თანამშრომლობა, მაგრამ გვაქვს სურვილი, რომ ქართული პოლიტიკა საქართველოში წყდებოდეს. ამიტომაც, თითქმის ყველა არასაპარლამენტო ძალასთან ჩვენ ვართ აქტიური მოლაპარაკების რეჟიმში, როგორც კი კონტურები გაირკვევა, გაძლევთ პირობას, რომ ექსკლუზიურად გეტყვით, ვისთან შევქმნით კოალიციას.  ეს იქნება ძალიან დიდი და სერიოზული კოალიცია, რომელიც შეასრულებს ხალხის ნებას. მე შორს ვარ იარლიყების მიკერებისგან, რომ ვიღაცა შპიონია, ვიღაც აგენტი რომელიღაც პარტიიდან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ძალები, ვინც არავისთან არაა შემჩნეული გარიგებებში, უნდა გაერთიანდნენ. 2016 წლისთვის სერიოზული სამზადისი გვაქვს  დაწყებული, რათა მესამე ძალად ჩამოვყალიბდეთ და ჩავანაცვლოთ „ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". თქვენ იცით, რომ დაგეგმილი იყო ორპარტიული პარლამენტი „ოცნების" და „ნაციონალების" სახით, მაგრამ ამ ორი პოლიტიკური ძალის მოსვლით, რაც გამოვიდა, ყველამ დავინახეთ. ახლა მიდის მუშაობა, რომ ჭეშმარიტად მრავალპარტიული იყოს პარლამენტი, თუ მივაღწევთ, რომ შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი, რომელსაც მხარს უჭერს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი, მაშინ საქართველო მიიღებს მრავალპარტიულ პარლამენტს. სადაც წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 4-5 ძლიერი პარტია და იქნება ჯანსაღი კონკურენცია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ორი იმპერიის შეჯახების ადგილი საქართველო არ უნდა იყოს, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ვაქციოთ ამ ორი იმპერიის - დასავლეთისა და რუსეთის თანამშრომლობის ადგილად, რასაც ვერც „ქართული ოცნება" ახერხებს და ვერც „ნაციონალური მოძრაობა". ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ შესაძლოა, ვიღაცამ რუსეთის აგენტის იარლიყი მომაწებოს, მაგრამ, თუ არ იქნება რუსეთის ინტერესი გათვალისწინებული, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ვერც ერთმა ხელისუფლებამ გაყინული წერტილიდან საკითხი ვერ დაძრა, 2010 წელს მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, არჩევნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდებაო და მივიღეთ საპირისპირო რამ, საქართველო სამ ნაწილად დაიშალა.


გავიხსენოთ 2012 წლის „ოცნების" დაპირება, ჩვენი ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დავბრუნდებით აფხაზეთში და დევნილებისთვის ბინების მშენებლობას დავიწყებთო. მოხდა ის, რომ მავთულხლართებმა აქეთ გადმოიწია, ამიტომ უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და შესაძლებელს გახდის, რომ ორმა იმპერიამ - რუსეთმა და დასავლეთმა ჩვენს ტერიტორიაზე ითანამშრომლოს.


- და მაინც, რა შინაარსის კომპრომატები დაიდება მინისტრებზე?

 

- ვიცი, რომ მზადდება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, დაახლოებით იმ შინაარსის, რაც უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა ხიდაშელზე, უსუფაშვილსა და მიხეილ სააკაშვილზე, ველოდები სკანდალებს, ეს იქნება კომპრომატების ომი, სკანდალური დოკუმენტები და ფარული ჩანაწერები დაიდება არა მხოლოდ დასამტკიცებელ მინისტრებზე, არამედ გუნდის სხვა წევრებზე, ვიცი, რომ სკანდალური ჩანაწერები არსებობს კულტურის მინისტრზე, ფინანსთა მინისტრზე, სპორტის მინისტრობის კანდიდატზე. ასე რომ, ამ კვირაში ელოდეთ სკანდალებს.


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016