reportiori.ge - ლევან მამალაძე მაისში სახელმწიფო გადატრიალებას პროგნოზირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:58
პრეს-დაიჯესტი
ლევან მამალაძე მაისში სახელმწიფო გადატრიალებას პროგნოზირებს
ავტორი:
05 მაისი, 2015. 10:20


ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, საკუთარი საქმის გადახედვის მოთხოვნით პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს. ლევან მამალაძე აცხადებს, რომ ეს იქნება ტესტი დღევანდელი პროკურატურისთვის იმის დასადგენად, რჩება თუ არა ეს უწყება სააკაშვილის გავლენის ქვეშ. რა მოლოდინი აქვს შევარდნაძის ხელისუფლების მექრთამეობის ბრალდებით ძებნილ მაღალჩინოსანს და რა ინფორმაციას ფლობს ის მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ? ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი" ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს მოსკოვში დაუკავშირდა. მასთან ინტერვიუს ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ლევან მამალაძე ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე 1994 წელს ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით დაინიშნა. მთელი ამ წლების განმავლობაში მის მიმართ ყოველთვის კორუფციული ქარბუქი ტრიალებდა, თუმცა „ვარდების რევოლუციამდე" მას საგამოძიებო ორგანოებთან პრობლემები არასდროს შეჰქმნია. მის მიმართ დადგენილი საბრალდებო დასკვნის დიდი ნაწილი იმ თანხების ჩამონათვალს ეთმობოდა, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, მამალაძეს ქრთამის სახით ჰქონდა აღებული. ბრალდების დეტალებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მკითხველს მხოლოდ ერთ ეპიზოდს გავახსენებთ, რომელშიც ყოფილი გუბერნატორი ამხილეს.


მამალაძის გუბერნატორობის ცალკეულ პერიოდში საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ინგლისის მოქალაქე ჯაინარიან დუნპანდატი, რომელიც უცხოურ კომპანიებს წარმოადგენდა: „სარასენ ქეიმაკლს", „ეფიშენტ რესურს" და „ჯლმ ვორდ ტრეიდს". უცხოელი მეწარმე რუსეთის ფედერაციიდან და აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან კაუსტიკური სოდის იმპორტს ახორციელებდა და შემდგომში სს „აზოტში" ციანიდის მარილებად გადამუშავებით მის რეალიზაციას ახდენდა. პროკურატურის ცნობით, ჯერ კიდევ 1997 წლის ზაფხულში ლევან მამალაძე უცხოელ ბიზნესმენ დაუკავშირდა და „აზოტთან" სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებაში ხელის არშეშლის სანაცვლოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამი მოსთხოვა. თანამდებობის გამოყენებით, ლევან მამალაძემ ბიზნესმენი აიძულა, მისთვის ეყიდა ახალთახალი, 35 ათას დოლარად ღირებული „შევროლე ბლეიზერი", რომელიც მოგვიანებით მამალაძის ფინანსურ დეკლარაციაში აისახა, როგორც მისი მეუღლის, მარინა ქავთარაძის საკუთრება. აღსანიშნავია, რომ ლევან მამალაძისა და მისი ოჯახის წლიური შემოსავალი იმ დროისთვის მხოლოდ 2 500 ლარს შეადგენდა.


თბილისის იმდროინდელი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი „პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ მამალაძის საქმე წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი საუკეთესოდ გამოძიებული საქმეა და მისი ბრალეულობის არაერთი მტკიცებულება დევს პროკრატურაში.


ვალერი გრიგალაშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი:


- ლევან მამალაძის განცხადებები ნამდვილად არაადეკვატურია. სასამართლოს განაჩენით დადგენილია მისი ბრალეულობა. მან ქრთამის სახით აღებული 700 ათასი ლარი მთლიანად გახარჯა ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობის დროს. რაც შეეხება პროკურორებსა და გამომძიებლებს, რომლებმაც ამ საქმის გამოძიებისას იშრომეს, მათ საზოგადოებისგან მადლობის მეტი არაფერი ეთქმით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მან ბევრჯერ მიმართა შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც, მაგრამ უარი ეთქვა, ვინაიდან ძებნილის მიმართ შეწყალებას არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ასევე, მიმართა პროკურატურას, ვითომდა ახალი გარემოებების გამო საქმის გადახედვას ითხოვდა, მაგრამ მაშინაც უარი ეთქვა. შეუძლია, დღეში 100-ჯერ მიმართოს პროკურატურას. მაგრამ რეალობა არის ერთი - ეს საქმე მაღალპროფესიონალურ დონეზეა გამოძიებული და სასამართლოს განაჩენი არავითარ ეჭვს არ იწვევს.


- საუბარი იმაზე, რომ თავის დროზე მოწმეებზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

 

- ეს საქმე არის ის იშვიათთაგანი, რომელსაც მოწმეც კი არ სჭირდებოდა, რადგანაც დოკუენტებით იყო ყველაფერი გამყარებული. მაგალითად, არსებობს დოკუმენტები, როგორ ურიცხავდა საგადასახადო სამსახურის უფროსი ყოველთვიურად მის ახლობლებს გარკვეული რაოდენობის თანხებს საბანკო ანგარიშებზე. ამ თანხამ 700 ათას ლარს რომ მიაღწია, ლევან მამალაძემ მთლიანად მოხსნა და გახარჯა ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობისას. დოკუმენტები იმდენად ამხელს მას, რომ მოწმეების დაკითხვაც კი არ იყო საჭირო. ახლა მას თავის გამართლება უნდა და ათას სიბინძურეს ავრცელებს.


ახლა კი ვნახოთ, რას აცხადებს თავად ლევან მამალაძე, რომელიც ირწმუნება, რომ აქვს ინფორმაცია სააკაშვილის გეგების შესახებ უკრაინასა და საქართველოში.


ლევან მამალაძე, ქვემო ქართლის ექსრწმუნებული:


- ჩემზე საქმე სააკაშვილის დავალებით შეკერა მაშინდელმა პროკურატურამ. მიშამ საკმაოდ დიდი თანხები დახარჯა და ათასი ჭორი გამივრცელა. ეს ჩემი ჩამოშორების მიზნით გააკეთა, რომ საზოგადოებაში უარყოფითი აზრი ჩამოეყალიბებინა, რადგანაც ჯერ კიდევ 2002 წელს,როცა სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, საჯაროდ ვამხილე ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაში, კორუფციულ გარიგებებსა და სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებში. გემახსოვრებათ, სააკაშვილმა ხელისუფლება ხელში რომ ჩაიგდო, ყველა ტრიბუნიდან მამალაძის დაჭერისკენ მოუწოდებდა. პროკურატურამ ყველაფერი გადაქექა და როცა ამ ჭორებიდან ვერაფერი იპოვა, ჩემი ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია გამოაცხადა უკანონოდ. სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე შეეწირა და 12 წელია, დევნილობაში ვარ. 2012 წლის დეკემბერში, კბილაშვილის პროკრატურამ ეს საქმე თაროზე შემოდო, რადგანაც მიშას ზონდერების ზეგავლენის ქვეშ მოექცა. ამიტომ ჩვენ თვითონ გამოვიძიეთ ყველაფერი, დადგენილი არიან პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებმაც მოახდინეს საქმის ფალსიფიცირება, მოწმეებზე ზეწოლა, მუქარა, ცემა და ძალადობა. დადგენილია ის მოქმედი პირები, რომელთა ქმედებას ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაფერი ამჟამინდელ განახლებულ პროკურატურაში შევიდა. მათ მოუწევთ ყოფილი და დღეს მოქმედ თანამშრომლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრონ და სააკაშვილის დანაშაული დაადასტურონ. რამდენად განთავისუფლდა პროკურატურა სააკაშვილის ზონდერებისგან, ახლა გამოჩნდება.


- ხშირად საუბრობენ თქვენს ინტერესებზე სხვადასხვა ბიზნესში... ამბობდნენ იმასაც, რომ თავის დროზე ლევან მამალაძემ ქვეყნიდან დიდი ფული და ოქროს ზოდები გაიტანა... აღარაფერს ვამბობ ნიანგებზე ნადირობის ყბადაღებულ თემაზე... რეალურად, რა ფული იშოვა ლევან მამალაძემ გუბერნატორობის დროს?


- ეს იგივე ჭორებია, რასაც მიშას დაფინანსებული ჟურნალისტები ავრცელებდნენ. მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, მთელ ქვეყანას მოსდებდნენ, აი, მამალაძის ბიზნესი, ოქროებიო და საქმეს მაგაზე აღძრავდნენ. ხომ გითხარით, ყველაფერი გადაქექეს, ჩემი შორეული ნათესავებიც კი დაკითხეს. რაც გამაჩნდა, ყველაფერი ოფიციალურ დეკლარაციაში მიწერია, პროკურატურამ ვერაფერი რომ ვერ ნახა, ეს გამოაცხადა უკანონოდ. სააკაშვილი ამას იმიტომ მივრცელებდა, რომ ყველა დაეჯერებინა და ჩემს განადგურებაზე ხალხს ტაში დაეკრა. ხომ ხედავთ, რა პიარი იყო, 12 წელი გავიდა და იგივე კითხვა დაგებადათ.


- ამჟამად რას საქმიანობთ რუსეთში?.. გაქვთ თუ არა პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობა და, კერძოდ, ვისთან?


- უკვე 12 წელია, ვცხოვრობ უკრაინის აღმოსავლეთში, ჩემი ძირითადი საქმიანობა ანტიკრიზისულ მენეჯმენტს, სოციალურ ფსიქოლოგიას, კონფლიქტოლოგიასა და პოლიტტექნოლოგიას ეხება. ამ მიმართულებით საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და აკადემიების წევრი ვარ. ჩემი შრომები ხშირად მოწონებას იმსახურებს და ვიღებ შესაბამის პრემიებს. რუსეთში მუდმივად არასდროს მიცხოვრია. ახლა დონბასში კომუნიკაციების პრობლემაა და ინგა გრიგოლიას გადაცემაში იქიდან ვერთვები. მე უფრო უკრაინის პოლიტიკურ წრეებს ვიცნობ კარგად.

 

- საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, აპირებთ თუ არა, პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოთ?


- ჩემი საქმიანობა 1987 წლიდან პოლიტიკას ეხება. საქართველო სხვა სახელმწიფოთა ინტერესების უპირობო შემსრულებლად აქცია სააკაშვილმა, ეს პოლიტიკა გრძელდება დღესაც. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს „კოლონიად" ვიქცეთ. მთავარია, ჩვენი სახელმწიფო ინტერესები ვაქციოთ უმთავრესად და ისე ვითანამშრომლოთ ძლიერ ქვეყნებთან. თვითგადარჩენის ინსტინქტი გვკარნახობს, რომ საქართველომ მსოფლიოში არსებული გლობალური დაპირისპირების „ფრონტი" სწრაფად უნდა დატოვოს. ჩვენი ეროვნული ინტერესები და სოციალურ-ეკონომიკური პერსპექტივები, ჩვენვე უნდა განვსაზღვროთ და განვახორციელოთ. ეს რეალური გზაა ქვეყნის გაძლიერებისა, კონფლიქტების მოგვარებისა და საქართველოს გაერთიანებისა. ამ თვალსაზრისით კონკრეტული სტრატეგიული გეგმები გვაქვს შემუშავებული.

 

- საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე რა აზრის ხართ? როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნებს თუ არა არსებული ხელისუფლება საზოგადოების ნდობას?


- ბიძინა ივანიშვილმა საქართველო სააკაშვილის რეჟიმის მარწუხებიდან გაათავისუფლა. შეპირება ბევრი იყო და „ოცნების" გუნდს მეტი გარჯა მართებს. სააკაშვილის დანატოვარი სისტემური კრიზისი დღესაც გრძელდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა სამართლიანობის აღდგენის ნელი ტემპებით, ამას საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში შექმნილი პრობლემებიც დაემატა. მარტო წინა ხელისუფლების კრიტიკით ნდობის შენარჩუნება არ გამოვა. კონკრეტული მოქმედებაა საჭირო.


- თქვენ ბრძანეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ... რა ინფორმაციას ევრდნობით და როგორია გადატრიალების თქვენეული ვერსია?


- გადატრიალებას უპირველესად სააკაშვილი გეგმავს. ამან მის პარტიაში დაპირისპირებაც გამოიწვია. სააკაშვილს საქართველოში რევანშით უნდა სკამის დაბრუნება, მან ეს კიევში ღიად განაცხადა. 21 მარტს 50 ათასი კაცი რომ შეეკრიბათ, მაშინ დაინახავდით, რაც მოხდებოდა. სცენარი მიახლოებით ისეთივეა, როგორც 2003 წელს იყო. უწყებები განუდგებიან მთავრობას. ზოგი მინისტრი, დეპარტამენტების უფროსები, პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლები, რეგიონის  წარმომადგენლები განაცხადებენ და შეუერთდებიან მასობრივ მიტინგს. აქციას მიუერთდებიან მიშასთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები. არმია გამოაცხადებს, რომ ხალხთან არის. მიმდინარე პროცესი აქტიურად გაპიარდება სააკაშვილის ტელევიზიებით, ისეთი ფორმით, რომ ყველაფერს ხალხის სახელი დაერქვას. ეს სახელმწიფო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს. „ხალხის რჩეული" პრეზიდენტი კი ყოველივეს გააფორმებს. „სახალხო ამბოხს" უკრაინაში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტი შეუერთდება და ასე ტრიუმფით აღადგენენ სააკაშვილის „დინასტიას". მარტში 10 ათას კაცზე მეტი ვერ მოაგროვეს და შეთქმულების მონაწილენი დაფრთხნენ. ახალი მცდელობა მაისში იგეგმება. ახლა რომ დადიან რეგიონებში, აგერ კახეთში დაძაბეს ვითარება, მიშა ამას იმიტომ აკეთებს, რომ უკმაყოფილება გააღვივოს ყველგან და მასიური სახალხო პროტესტი თბილისში გადმოიტანოს. პოლიტიკური ანგარიშსწორება და სისხლიანი რეპრესიები - აი, ეს არის სააკაშვილის მობრუნების მთავარი მიზანი. დღესდღეობით მოაზროვნე საზოგადოებას სააკაშვილი არ უნდა, მას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ მისგან სიმართლესაც არ მიიღებენ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ზემოთქმულის გამორიცხვა არ შეიძლება.

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016