გუბაზ სანიკიძეს საკუთარმა ამომრჩეველმა ოფისის კარი მაინც აუჭედა პროტესტის ნიშნად. ვალერი გელაშვილის ამომრჩეველმა დიდხანს იფიქრა, საკუთარი პროტესტი როგორ გამოეხატა და დეპუტატის კაბინეტის კარის აჭედვა აზრადაც არ მოსვლია. ან რა აზრი აქვს, გელაშვილი ხაშურში ამომრჩევლებთან შესახვედრ ოთახში 2012 წლის შემდეგ არც კი შესულა.
ზვიად ზუბაშვილი, ხაშურის მაცხოვრებელი: „დეპუტატი, რომელიც ხაშურის მოსახლეობამ აირჩია, შეიძლება მხოლოდ კვირაში ერთხელ ჩამოვიდეს ხაშურში, ხალხს არ ხვდება, სახეზეც კი ვერ ცნობს ბევრი. ვალერი გელაშვილი ხალხმა აირჩია იმიტომ, რომ ხაშურისთვის ყურადღება მიექცია. ახლა კი რა ხდება? ქალაქი იცლება მოსახლეობისგან, ახალგაზრდობა გარბის ხაშურიდან, სამუშაო ადგილები არ არის. სამწუხაროდ, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს არაფერი ანაღვლებს, რადგან უკვე პარლამენტშია. ხაშურის რაიონი მიტოვებულია. სოფლებში შესასვლელი გზები არ არის, რომელ ქარხნებზეა ლაპარაკი, როდესაც ერთი ქუჩაც კი ვერ გაუკეთებიათ და წყლის პრობლემა ვერ მოუგვარებიათ. ერთადერთი ქუჩა, რომელიც გელაშვილმა ხაშურში გააკეთა, ეს თავის სახლამდე მისასვლელი გზაა, სადაც სულ 5 მოსახლე ცხოვრობს. მოსახლეობას სურს დეპუტატთან შეხვედრა, მაგრამ არჩევნების შემდეგ ვალერი გელაშვილი ხაშურში არავის უნახავს! ამომრჩეველს მას შემდეგ არ შეხვედრია".
სამაგიეროდ ვალერი გელაშვილი კმაყოფილია საკუთარი მუშაობით და შენიშვნებს არ იღებს. პირიქით, კითხვის დასმისთანავე გაღიზიანდა და საკუთარ ამომრჩეველს არაადეკვატური უწოდა:
- ჩადით ხაშურში, მიბრძანდით ბიუროში და მოიკითხეთ, რასაც ვაკეთებ.
- მაგრამ ამომრჩეველი უკმაყოფილოა, რასაც დაგვპირდა, არაფერი შეუსრულებიაო...
- რა არ შევასრულე? ხალხს ვხვდები ხოლმე ხაშურში და მეტი რა უნდა გავაკეთო?
- დასაქმება, ყოფითი პრობლემების მოგვარება...
- მე უნდა მოვაგვარო წყლის პრობლემა ხაშურში? მე უნდა დავაგო გზები? უმისამართოდ ლაპარაკობენ ის ადამიანებიც და უმისამართოდ სვამთ კითხვებს თქვენც...
ხათუნა მგალობლიშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"