reportiori.ge - ტარიელ ხეჩიკაშვილის მინისტრად დანიშვნას ირაკლი ღარიბაშვილი მწარედ ინანებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:55
პრეს-დაიჯესტი
ტარიელ ხეჩიკაშვილის მინისტრად დანიშვნას ირაკლი ღარიბაშვილი მწარედ ინანებს!
ავტორი:
05 მაისი, 2015. 12:54


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეარჩია და დიდი შეცდომაც დაუშვა, ამ არჩევანით მწარედ ინანებს.


ტარიელ ხეჩიკაშვილმა ბიზნესი გოჩა ენუქიძესთან ერთად დაიწყო. ორმა „ნახალოვკელმა" ბიჭმა შეძლო და ავტომობილების იმპორტიორი კომპანია „იბერკომპანი" უდიდეს ჰოლდინგად აქცია - დღეს მათი „იბერია ბიზნეს ჯგუფი" საქართველოში უმსხვილესი ავტოიმპორტიორი კომპანიაა. ერთდროულად რამდენიმე საავტომობილო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში - „ფოლკსვაგენი„, „აუდი", „შკოდა", „კია მოტორსი", „რენო", „მიცუბიში" და „პეჟო". გარდა ამისა, კომპანია სათადარიგო ავტონაწილებისა და საპოხი მასალების მწარმოებელი ბრენდების, ასევე, ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში („ბოში", „პირელი", „მობილი", „ბანერი", „კონტინენტალი", „ფები", „ელფი" და სხვა მრავალი).


ასევე, აქვს ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრები თბილისსა და ბათუმში. მოკლედ, შეიძლება ითქვას, „იბერია ბიზნეს ჯგუფი" ყველაზე ძლიერი საავტომობილო ჰოლდინგია. ეს გასაგებია, მაგრამ რის ფასად მიაღწიეს ამას ტარიელ ხეჩიკაშვილმა და გოჩა ენუქიძემ, ეს არის მთავარი!


შევარდნაძის ეპოქა როგორ გამოიარეს, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ „ნაცმოძრაობის" მმართველობისას მფარველი და პატრონი არ მოჰკლებიათ. ირაკლი ოქრუაშვილის შს მინისტრობისას,  „იბერია ბიზნეს ჯგუფში" შემავალმა ფირმებმა, არაერთ სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვეს, სწორედ მათ შემოიყვანეს „ფოლკსვაგენის" ავტომობილები საპატრულო პოლიციისთვის. ამბობენ, რომ ეს ირაკლი ოქრუაშვილის მფარველობით მოხდა. ასევე, მოარული ხმების თანახმად, ბიზნესმენებმა ოქრუაშვილს იმ დროისთვის ბოლო მოდელის „ფოლკსვაგენი" აჩუქეს და სხვა მხრივაც ანებივრებდნენ.


ბიზნესმენთა შემდეგი „კრიშაც" შს მინისტრი იყო - არც ვანო მერაბიშვილის დროს ყოფილან გულნაკლულნი ხეჩიკაშვილი და ენუქიძე. მასთანაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ და ტენდერს ტენდერზე იგებდნენ ლამის ყველა სამინისტროში. შეიძლება ითქვას, „ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდი, ნამდვილად ზეობის ხანა იყო მათთვის, სახელმწიფო უწყებებს ძალიან ბევრი ავტომობილი, სათადარიგო ნაწილები მიჰყიდეს და ძალიან ბლომად ფულიც იშოვეს ბიუჯეტიდან.


„იბერია ბიზნეს ჯგუფში" შემავალი ფირმები „ნაციონალთა" დამფინანსებლებიც იყვნენ და არაერთხელ გადაურიცხავთ თანხა მის ანგარიშზე. ეს კიდევ არაფერი. ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი, გოჩა ენუქიძე 2008 წელს „ნაცმოძრაობის" დეპუტატი გახდა, ამბროლაურში იყარა კენჭი „ნახალოვკელმა" კაცმა და როგორც ამბობენ, გაყალბებით მოიგო არჩევნები.


2012 წელს, როცა ხალხმა „ნაცმოძრაობის" დატოვება დაიწყო და ბევრმა ზურგი შეაქცია, ენუქიძე დარჩა პარტიაში და ხელმეორედ გახდა მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დეპუტატი, ისევ ამბროლაურის მაჟორიტარი. შემდეგ კი, როცა „ნაცებმა" ხელისუფლება დაკარგეს. ენუქიძემ დატოვა პარტია და ყოფილ „ნაცებთან" ერთად პარლამენტში ახალი ფრაქცია ჩამოაყალიბა - „დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისთვის". ენუქიძე თავად გახდა ამ ფრაქციის თავმჯდომარე. მოგეხსენებათ, შემდეგ ფრაქციის ექვსივე წევრი „ქართულ ოცნებაში" გადაპორტირდა.


ტარიელ ხეჩიკაშვილზე ვწერ და ამდენი ყურადღება გოჩა ენუქიძეს დავუთმე. ეს იმიტომ, რომ ხეჩიკაშვილი და ენუქიძე არა მხოლოდ მეგობრები და ბიზნესპარტნიორები არიან, უბრალოდ, განუყრელნი და განუყოფელნი გახლავან. ენუქიძის პოლიტიკური გადაწყვეტილება, „ნაცმოძრაობის" მაჟორიტარი გამხდარიყო, ხეჩიკაშვილის არჩევანიც იყო. ტარიელ ხეჩიკაშვილი მის არჩევანს რომ არ დასთანხმებოდა, ცხადია, მათი გზები გაიყოფოდა. მეტიც, ერთხანს იმაზეც კი იყო ლაპარაკი, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილს „ნაცების" სახელით ეყარა კენჭი, მაგრამ მეგობრებმა გადაწყვიტეს, ენუქიძე პოლიტიკაში წასულიყო და ხეჩიკაშვილს საერთო ბიზნესისთვის მიეხედა. მოკლედ, ტარიელ ხეჩიკაშვილიც ისეთივე აქტიური მომხრე და მხარდამჭერი იყო „ნაცმოძრაობისა", როგორც გოჩა ენუქიძე.


თავში მოგახსენეთ, ტარიელ ხეჩიკაშვილის მინისტრად დანიშვნას ირაკლი ღარიბაშვილი ინანებს-მეთქი. მეტიც, პრემიერმა მაგარ შარში გაყო თავი და ეტყობა, ჯერ აზრზე არ არის. მისი გამინისტრებით, „ქართული ოცნების" ძალიან ბევრ მხარდამჭერს მოიმდურებს, რადგან ხეჩიკაშვილი „ნაციონალთა" კარის ბიზნესმენი იყო. „იბერია ბიზნეს ჯგუფი" ტენდერების გზით უზარმაზარ თანხებს ხაპავდა ბიუჯეტიდან, სანაცვლოდ კი, „ნაცმოძრაობას" სოლიდურად სწირავდა.


სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო - ამხელა ბიზნესს კონტროლისა და რეკეტის გარეშე არ გაუშვებდნენ. მოკლედ, ხეჩიკაშვილი ფინანსურად აძლიერებდა სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმს, სწორედ მისთანა ბიზნესმენებს ეყრდნობოდნენ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა". მაშინ, როცა ქვეყანაში ბიზნესს აწიოკებდნენ, არაერთი ბიზნესმენი გააკოტრეს, ქვეყნიდან გააქციეს, დაიჭირეს და ათასი უბედურება დამართეს, ხეჩიკაშვილს მსგავსი არაფერი შეხებია. პირიქით, მისმა კომპანიამ იმ დროს, როცა სხვებს აწიოკებდნენ, ფრთები ლაღად გაშალა და სწორედ მაშინ იშოვა ყველაზე დიდი ფული.


სიტყვა რაა, სიტყვა არ დასცდენია დატერორებული ბიზნესმენების დასაცავად, ხმა არ ამოუღია, კრინტი არ დაუძრავს იმ ვანდალიზმის საწინააღმდეგოდ, რასაც სააკაშვილი და მისი ხროვა სჩადიოდნენ. პირიქით, ამ ბარბაროსებს უზრუნველად რომ ეცხოვრათ, არჩევნები რომ ეყალბებინათ და რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, აი, ამაზე ზრუნავდა ტარიელ ხეჩიკაშვილი და  ფულს არ აკლებდა სააკაშვილის ბანდიტებს. ეს ყველაფერი, ცხადია, ჩინებულად იციან „ქართული ოცნების" მომხრეებმა და ვინც არ იცის, „ქრონიკის" მეშვეობით ახლა გაიგებს. ეს ხალხი ხომ სწორედ ტარიელ ხეჩიკაშვილისა და მისთანა ბიზნესმენებისგან გაზულუქებულ ქვეყნის მტარვალებს, „ნაციონალებს" ებრძოდნენ და ახლა როგორი საქმეა, სააკაშვილის კარის ბიზნესმენი მინისტრად რომ დაუსვეს? რას იზამს ეს ხალხი? არ გააპროტესტებს პრემიერ-მინისტრის ამ არჩევანს? არ დაუპირისპირდება ეს ხალხი „ქართულ ოცნებასა" და ირაკლი ღარიბაშვილს? ცხადია, დაუპირისპირდება და ვერც გაამტყუნებ.


ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ ტარიელ ხეჩიკაშვილის გამინისტრებას. კი, „ნაციონალთა" ბიზნესმენი იყო და დღეს „ქართული ოცნების" მინისტრია. ხეჩიკაშვილი ფორმალურად მთელ თავის ბიზნესს ოჯახის წევრებსა და სხვა სანდო პირებს გადაუფორმებს, მაგრამ „იბერია ბიზნეს ჯგუფი" და მასში შემავალი ფირმები ხომ ისევ მისი იქნება? რას იზამს ირაკლი ღარიბაშვილი? აუკრძალავს „იბერია ბიზნეს ჯგუფის" კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას? ცხადია, ვერ აუკრძალავს, მონაწილეობასაც მიიღებენ და მოიგებენ კიდეც.


ყველაფერს თავი დავანებოთ, საავტომობილო სფეროში არის სეგმენტები, რომლებშიც ეს ჰოლდინგი მართლა უკონკურენტოა (ამას კომპანიამ „ნაციონალთა" მფარველობით მიაღწია). დავუშვათ კი არა და ასეც იქნება, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიამ მოიგო სახელმწიფო ტენდერი, მერე რა მოხდება? რა და გადმოდგება ირმა ნადირაშვილი და ბოლო ხმაზე დაიწყებს კივილს, რომ „ქართული ოცნების" მინისტრი თავის კომპანიას ტენდერებს აგებინებს. ცხადია, იმასაც იტყვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წილშია ხეჩიკაშვილის ბიზნესში და ღარიბაშვილ-ხეჩიკაშვილის ბიზნესკლანიც გამოცხვება. ახლა, მიდი და შეედავე რამეში „ნაციონალებს".


რამდენიც არ უნდა ამტკიცოს მერე იქით ხეჩიკაშვილმა და აქეთ - ღარიბაშვილმა, რომ „იბერია ბიზნეს ჯგუფის" შვილობილი კომპანიები ტენდერებს კანონის სრული დაცვითა და ჩაწყობის გარეშე იგებენ, ამაში ვერავის დაარწმუნებენ. სპორტის ახალი მინისტრი თავის ბიზნესკომპანიებით სკანდალის მუდმივი წყარო იქნება. ოლიგარქიული მმართველობა რომ არ ვარგა და არც ერთ ქვეყანას დღემდე სასიკეთოდ არ წადგომია, ეს აპრიორია. მიხეილ სააკაშვილმა გოჩა ენუქიძე  ააოლიგარქა, ირაკლი ღარიბაშვილმა - ტარიელ ხეჩიკაშვილი, უზარმაზარი ბიზნესის პატრონი სახელმწიფო სამსახურში ჩააბა და თანაც მინისტრად დანიშნა. ახლა ამ კუთხით, მათ შორის რა განსხვავებაა? გაუშვი რა, ბიზნესმენია და მიხედოს თავის საქმეს, დაილია სამინისტრო ხალხი ქვეყანაში?


ტარიელ ხეჩიკაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" მფლობელია. კი, მისი ძალისხმევით ამ გუნდმა უმაღლეს ლიგაში თამაშის ლიცენზია მოიპოვა, სიმართლეს გაუმარჯოს და სპორტში მეცენატობს კიდეც, ბევრ ფულს ხარჯავს, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად არ შეიძლება, რომ ქართულ სპორტში იმდენად გამორჩეული ფიგურაა, რომ ეგრევე უნდა გაექანებინათ და მინისტრად დაენიშნათ. წარმატებული მენეჯერია, მაგრამ ბიზნეს-მენეჯერია და არა სახელმწიფო სამსახურისა. ამასთანავე, წარმატებული ბიზნეს-მენეჯერები ბლომად გვყავს საქართველოში და ისეთებიც, სპორტთან უფრო ახლო შეხება რომ აქვთ, ვიდრე ხეჩიკაშვილს და თან არც „ნაციონალები" უფინანსებია და არც ბიზნეს-პარტნიორი ჰყოლია მათი დეპუტატი.


ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რაღა მასზე შეაჩერა არჩევანი პრემიერმა! სირცხვილია, მართლა სირცხვილია!

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016