reportiori.ge - რა ჩვენება მისცა უკრაინის ციხეში მყოფმა ედუარდ სინდოიანმა ვაზაგაშვილის საქმეზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:27
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა ჩვენება მისცა უკრაინის ციხეში მყოფმა ედუარდ სინდოიანმა ვაზაგაშვილის საქმეზე?
ავტორი:
05 მაისი, 2015. 15:13


საიდუმლო მოწმე, რომლის შესახებაც იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე საუბრობდა, პროკურატურას სკანდალურ ჩვენებას აძლევს... ამ მოწმის შესახებ ინფორმირებული გახლდათ თვით ბიძინა ივანიშვილიც. „იურიმ მითხრა, რომ უკრაინაში გამოჩნდნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ამ ფაქტს დაადასტურებდნენ და ამით ძალიან გახარებული იყო. ძალიან ვინერვიულე, ისეთი დეტალები მითხრა და აქეთ მამშვიდებდა. რამდენიმე დღეში კიდევ უნდა შევხვედროდი..." - განაცხადა მაშინ ივანიშვილმა.


ირკვევა, რომ ეს მოწმე ედუარდ სინდოიანია, რომელიც ამჟამად საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს უკრაინის ციხეში. გამოძიების მაშინდელი ვერსიით: „სინდოიანმა 2 მაისს ჩოგბურთის კორტებთან ლიკვიდირებულ ალექსანდრე ხუბულოვთან, ზურაბ ვაზაგაშვილთან და დაკავებულ ბუბა ფუთურიძესთან ერთად ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმა, რომელიც ვერ განახორციელა".


მაშინ ყველასგან მოულოდნელად სინდოიანმა დანაშაული აღიარა, პროკურატურამ მასთან საპროცესო გარიგება გააფორმა და მინიმალური სასჯელი, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა აკმარეს. სასჯელის მოხდისთანავე სინდოიანმა საქართველო დატოვა და ამ დრომდე მისი სახელი არსად გაჟღერებულა.


რამდენიმე ხნის წინ, ის უკრაინის იზოლატორში კორტების საქმეზე დაკითხეს. „პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა სინდოიანის ჩვენების ერთი ნაწილი, სადაც ის ზეწოლის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ იმ დღეს, ვაზაგაშვილთან ერთად, არა საყაჩაღოდ, არამენ ნარკოტიკების შესაძენად მიდიოდა.


უკრაინაში დაკითხული სინდოიანი გამოძიებას ჩვენებას რუსულ ენაზე აძლევს. დაკითხვას აწარმოებს ქუთაისელი გამომძიებელი, ვინმე სვანიძე, რომელსაც ასევე ესწრებიან თარჯიმანი, საელჩოსა და უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლები.


„საყაჩაღოდ არ მივდიოდით. ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვაზაგაშვილს, ხუბულოვსა და ფუთურიძეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ველოდებოდი", - ასეთ ვერსიას სთავაზობს გამოძიებას ედუარდ სინდოიანი.


ჩვენებაში ის დეტალურად აღწერს, საიდან იცნობდა აღნიშნულ სამ პიროვნებას და სად აპირებდნენ ნარკოტიკების შეძენას. ჩვენების ქართულ თარგმანში საუბარია სინდოიანის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. მისი თქმით, გამომძიებლებმა ძალის გამოყენებით მათთვის სასურველი ჩვენება გამოსტყუეს.


სინდოიანის შესახებ კომენტარი ირაკლი ფირცხალავამ მის დაკავებამდე გააკეთა. მისი თქმით, ეს პიროვნება და მისი ჯგუფი განსაკუთრებით საშიში კრიმინალები იყვნენ.


„ედუარდ სინდოიანი არის რეციდივისტი მრავალჯერ ნასამართლევი, რომელიც უკრაინაში სასჯელს იხდის. მან ყაჩაღობის დროს ქალს თავი მოაჭრა. ასეთი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფის წინააღმდეგ იყო სპეცოპერაცია, რომელსაც სამართალდამცავებმა თავი წარმატებით გაართვეს... ეს ღონისძიება მარტო 2 მაისის სპეცოპერაციით არ შემოფარგლულა. ამ კრიმინალურ ჯგუფზე მანამდეც არსებობდა ოპერატიული ინფორმაციები, ამ ადამიანებზე ხორციელდებოდა ოპერატიული თვალთვალი. საბოლოოდ, ამ კრიმინალური დაჯგუფების კვალი უნდა მისულიყო სინდოიანამდე, რომელიც არის 4-ჯერ თუ 5-ჯერ ნასამართლევი და ამჟამად, როგორც გითხარით, უკრაინაში იხდის სასჯელს, თუ არ ვცდები, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი . ზურა ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები 2006 წლის 2 მაისს მიდიოდნენ სინდოიანთან შესახვედრად ვარკეთილში... წინა დღესაც იმყოფებოდნენ იქ, წინასწარ შეარჩიეს მსხვერპლის სახლი და მეორე დღეს უნდა განეხორციელებინათ ყაჩაღობა. სინდოიანმა მისცა ბიჭებს ეს საქმე. სინდოიანმა აღიარებით ჩვენებაში ყველაფერი „დაფქვა", შემდეგ კი მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.


მოკლედ, მოულოდნელი აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ ყაჩაღური თავდასხმის დაგეგმვაში მხილებულ ედუარდ სინდოიანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, თუმცა დღეს ის აცხადებს, რომ ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ზეწოლაში კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, გიორგი ცააძეს ადანაშაულებს. თავად ცააძე ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.


„ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს აშკარა და ღია პოლიტიკური დევნა. ჩემი დაკავებიდან დღემდე ვარ იზოლირებული, არ მაძლევენ საინფორმაციო საშუალებების გაცნობის შესაძლებლობას. მე ვარ უკანონო პატიმარი და სისხლის სამართლის საქმე, რის გამოც მე და სხვა პოლიციელები დაგვაპატიმრეს, არის პოლიტიკური ნიშნით გამოძიებული. ჩვენ ვეწირებით ვიღაცის ვიწრო პარტიულ ინტერესს", - აცხადებს სინდოიანის მიერ ზეწოლაში მხილებული კრიმპოლის ყოფილი თანამშრომელი.


გამოძიება გიორგი ცააძეს ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ცააძემ განახორციელა ხუბულოვისა და ვაზაგაშვილის მიმართ საკონტროლო გასროლა.

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016