reportiori.ge - როინ მეტრეველი: სიმართლე კი ასეა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:31
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
როინ მეტრეველი: სიმართლე კი ასეა!
ავტორი:
07 მაისი, 2015. 14:36


დამღუპველი გზა


ორიოდე დღის წინ მედიამ გვაუწყა, რომ ყარაბახში (სტეფანაკერტი) ჩასულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთმა ლიდერმა თანაგრძნობა გამოუცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერს გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით; თანაც დასძინა, რომ გენოციდი ოსებმაც იწვნიეს ქართველებისგანო. ასეა, ამგვარი სიცრუით კვებავენ ძირძველი ქართული კუთხის ოსურ მოსახლეობას. არაფერს დაგიდებენ და საზღ¬ვარგარეთაც ხმამაღლა აცხადებენ თავიანთი ქართველებისაგან ,,გაწამებული" ცხოვრების შესახებ.


სიმართლე? სიმართლე ასეა.


სადავო არ არის, რომ ოსები ჩრდილო კავკასიაში (ახლანდელი ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე) გარკვეული საუკუნეების წინ დასახლდნენ სკვითურ-სარმატულ ტომებთან ერთად (ნიშანდობლივია, რომ ოსური ენა განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ენათა ჩრდილო აღმოსავლურ ჯგუფს). X-XII საუკუნეებში ოსეთის სამეფოს ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთანაც (XI-XII სს-ში ოსეთი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო). თემურ-ლენგის შემოსევებმა ოსების გაერთიანებას ბოლო მოუღო და ისინი გაიფანტნენ სხვადასხვა მხარეს (უნგრეთში, ბალკანეთის ქვეყნებში და სხვ.). ოსების ერთი ნაწილი შეეცადა ქართლში გადმოსვლას  და დამკვიდრებას, მაგრამ ქართველ ფეოდალთა წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოხერხდა და იძულებულნი გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. XVII-XVIII სს-ში ოსები საქართველოს მთისწინა და ბარის ზოლში (ქართლის ჩრდილო განაპირა ტერიტორიაზე) ჩამოდიან და სახლდებიან. მცირე ნაწილი (კუდაროს ოსები) იმერეთის სამეფოში ჩასახლდა.


ქართლში დამკვიდრებული ოსები არაგვისა და ქსნის ერისთავებისა და მაჩაბლების სამფლობელოში მოხვდნენ. ისინი ფეოდალებს ქართველი ყმა-გლეხების მსგავსად ემსახურებოდნენ. ნიშანდობლივია, რომ ოსები ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ მომხდური მტრის წინააღმდეგ. შემონახულია ცნობები, რომ ოს ყმა-გლეხებს ყურადღებით ეკიდებოდა ერეკლე II. იგი საგანგებოდ სწერდა ზაზა მაჩაბელს, რომ მის მსახურებაში მყოფი თორმეტი ოსისათვის დროულად მიეწოდებინა საკვები და კეთილად მოჰკიდებოდა მათ.


გაკვირვება გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩNNNN-ისადმი მიცემულ ინტერვიუში  გამოთქმულმა კატეგორიულმა განცხადებამ, რომ რუსეთის შემადგენლობაში არსებობდა ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი (ერთიანი ოსეთი), რომ ი. სტალინმა ოსეთი გაჰყო და სამხრეთი ოსეთი საქართველოს გადასცა, სადაც ავტონომიური ოლქი შეიქმნა; რომ ი. სტალინისავე ძალისხმევით აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს გადაეცა: აქ შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ჩვენ ვერ მოვთხოვთ ბატონ ვ.პუტინს კავკასიის ისტორიის უზადო ცოდნას, მაგრამ ისინი კი ვინც მას ამგვარი ინფორმაცია მიაწოდა, შორს არიან ჭეშმარიტებისაგან. როცა სახელმწიფოს მეთაური ამგვარ განცხადებებს აკეთებს, მას მეტი დაფიქრება სჭირდება; არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ფაქტებს გადამოწმებაა საჭირო. სამწუხაროდ ბოლო პერიოში რუსეთ-ოსეთის ისტორიის ბევრი ფაქტის გაყალბება ხდება (იხ. ან. თოთაძე, ოსები საქართველოში: მითი და რეალობა, თბ., 2006 წ.).


საკმარისია გავეცნოთ ოსი ისტორიკოსის პროფესორ გ. თოგოშვილის გამოკვლევებს, მის სტატიებს ქართულ ენციკლოპედიაში, განსაკუთრებით სპეციალურ ტომში „საქართველოს სსრ". თავი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სამხრეთი ოსეთი" (1981 წ., გვ. 337-339), რომ რეალურად წარმოვიდგინოთ სამხრეთ ოსეთის ისტორია. ამ თვალთახედვით საინტერესოა, ვ.აბაევის, ბ. ფლიევის, ო. თედეევას, ზ. გაგლოითის, პ. დოგუზოვისა და სხვ.ნაშრომები. აი, რას წერს ოსური მეცნიერების პატრიარქი ვასილ აბაევი: „ГлавныйКавказскийхребет - естественная граница между Грузиейи Осетией, а всякая попытка размыть этуграницу повлечет за собой состояние перманентного конфликта между грузинами и осетинами... надо прежде всего покончить с разговорами об отторжении Южной Осетии от Грузии. Ни одно грузинское правительство с этим никогда не согласится и будет право, потому что это будет означать нарушение территориальной целостности Грузии.


Кто хочет мира между южными осетинами и грузинами, должен навсегда отвергнуть идею присоединения Южной Осетиик Северной. Кто хочет мира между Грузиейи Россией, так же должен оставить эту идею. Такова реальность („Независимая газета, 1992 г.,22. I., №13). აი, ჭეშმარიტი ოსი პატრიოტის, დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მოსაზრება. კომენტარი ზედმეტად მიმაჩნია. სამწუხაროა, რომ ამგვარი სიბრძნე არც ოსმა და არც რუსმა ფუნქციონერებმა არ გაითვალისწინეს.


ბოლო პერიოდში რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება აბსურდული მტკიცება - თითქოს 1774 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, რუსეთს შეუერთდა არა ისტორიული ოსეთის ერთი ნაწილი, არამედ მთელი ოსეთი. აქ შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილსაც გულისხმობენ, სადაც შემდგომში სამხრეთ ოსეთის  ავტონომიური ოლქი შეიქმნა. 2004 წლის 10 ივლისს რუსეთის დუმამ უპასუხისმგებლო, შეიძლება ითქვას, აბსურდული განცხადება გააკეთა, თითქოს და 1774 წელს ოსეთი ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთს. აქედან გამომდინარე საჭიროდ ჩაითვალა, რომ რუსეთმა დაიცვას ოსი მოქალაქეების უფლებები. აქ საქმე გვაქვს ისტორიის ელემენტარულ უცოდინარობასთან. აღვნიშნოთ, რომ იმ დროს გეოგრაფიული ცნება „ოსეთი" არ არსებობდა. ცხადია, არც ასეთი სახელმწიფო არსებობდა. თვით ოსებსაც, რომლებიც ქართლის მთიანეთში ცხოვრობდნენ, თავი ხიზნებად მიაჩნდათ. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსი ჩინოვნიკები ცდილობენ დაამკვიდრონ ხელოვნური ტერმინები „ჩრდილოეთი ოსეთი" და „სამხრეთი ოსეთი". XIX საუკუნემდე კი არავითარი საბუთი არ მოიპოვება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ შიდა ქართლის მთიანეთი ოსეთად იწოდებოდა. რეალურად 1774 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ჩრდილო კავკასიის სამი ხეობის - ალაგირის, ქურთათის და თაგაურის ოსური თემები. მეოთხე თემი -  დიგორი ყაბარდოს გამგებლობაში იყო და რუსეთს 1781 წ. შეუერთდა. რაც შეეხება შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილს, სადაც შემდგომში ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა, ჯერ ერთიანი საქართველოს, შემდეგ ქართლისა და  ბოლოს ქართლ-კახეთის სამეფოში შედიოდა განუყოფლად. 1783 წლის  გეორგიევსკის ტრაქტატზე თანდართული მასალები საშუალებას გვაძლევს დაბეჯითებით ვთქვათ, რომ შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი და  მისი უკიდურესი ჩრდილოეთი პროვინცია დვალეთი ქართლ-კახეთის შემადგენლობაში შედიოდა (ერთხანს (XVII საუკუნე) გიორგი სააკაძე იყო დვალეთის მოურავი).  რუსეთის მიერ საქართველოს ანექსირების (1801 წ.) შემდეგ შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი დვალეთითურთ ერთხანს იმერეთის გუბერნიაში შედიოდა, შემდეგ თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1858 წ. კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრე ბარიატინსკის განკარგულებით დვალეთი „კავკასიის ლინიის" ოსეთის ოკრუგს გადასცეს. ამგვარად, ჩრდილოეთ ოსეთს მიურეთეს მხოლოდ დვალეთი და არა შიდა ქართლის ის მიწა, სადაც შემდგომში ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ჩამოყალიბდა.


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის (1918 წ.) შემდეგ (ოქტომბრის რევოლუციამ რუსეთის იმპერიაც დაანგრია) დვალეთი კვლავ საქართველოში შემოვიდა. 1920 წლის 7 მაისის რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა საქართველო-რუსეთის საზღვარი - იგი კავკასიის მთავარ ქედზე გადიოდა. ამდენად სრულიად ცხადია, რომ შიდა ქართლის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი - დვალეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო.


რუსეთს მიზნად ჰქონდა დასახული შიდა ქართლის შეერთება და ყოველგვარად ცდილობდა ოსებსა და ქართველებს შორის კონფლიქტური სიტუაციის შექმნას. საბჭოთა რუსეთმა ოსეთში და შიდა ქართლში შეიარაღებული აჯანყებების ინსპირირება მოახერხა. მათი მიზანი იყო „სამხრეთ ოსეთში" საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, მისი საქართველოსგან ჩამოცილება და რუსეთისთვის მიერთება. შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასაც ჩაიგდებდნენ ხელთ. 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა და ბოლშევიკებმა აჯანყებულ ოსებს ყოველმხრივ შეუწყვეს ხელი ე. წ. სამხრეთ ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებას და ეს ტერიტორია საბჭოთა რუსეთის ნაწილად გამოაცხადეს. ეს აქტი ყველა ნორმის დარღვევით გატარდა: დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იგნორირებულ იქნა ქართველი მოსახლეობის აზრი და ნება. რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კავკასიის სამხარეო კომიტეტის 1920 წლის 23 მარტის დადგენილებაში ვკითხულობთ: „1. Организовать ревком в Южной Осетии... 2. Объявить Советскую власть... 3. Немедленно сформиловать вооруженный отряд. 4. Войтивс в язьс с еверной Осетией... в распоряжении Ревкома отпустить 100 тысяч рублей (сто тысяч рублей). არის ასეთი მიმართვაც: „Москва, ЦКРКП(Б), товарищу Ленину и Чичерину. Согласно приказу Кавказского Краевого комитета от 23 марта,  подтвержденному особыми Курьерами того же Комитета...  8 июняв Южной Осетии провозглашена Советская власть"  არსებობს სხვა მასალები, საიდანაც თვალნათლივ ჩანს, თუ ვისი კარნახით გააჩაღეს ოსებმა ძმათამკვლელი ბრძოლა. ამდენად საქართველოს ე. წ. „ნაციონალ-შოვინისტური" მთავრობის დადანაშაულება ოსი ხალხის „გენოციდში" რბილად რომ  ვთქვათ, უზნეობაა.


ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა საბჭოთა რუსეთისა და ბოლშევიკური პარტიის მზაკვრული გეგმა - 1921 წლის თებერვალში საქართველო გასაბჭოვდა. რაც ფაქტობრივად ანექსიის (უკვე მეორედ) ტოლფასი იყო. ამით საბჭოთა რუსეთმა დაარღვია 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება. ნიშანდობლივია, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთს ბოლშევიკებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური ოლქის სტატუსი მისცეს (1922 წ. აპრილი). რაც შეეხება ოსების ისტორიულ სამშობლოს - ჩრდილოეთ ოსეთს, მას ორი წლის შემდეგ (1924 წლის ივლისი) მისცეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და იგი რუსეთის შემადგენლობაში დარჩა. ე. წ. სამხრეთ ოსეთში შევიდა მეტ-ნაკლებად ოსური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული რაიონები და ხელოვნურად მიმატებული ქართული ქალაქი ცხინვალი (1900 წლის „Кавказскийкалендарь"-ის მიხედვით XX საუკუნის დადგომისას ცხინვალში ცხოვრობდნენ, ქართველები, ქართველი ებრაელები და სომხები) და მის ირგვლივ მყოფი რამდენიმე ქართული სოფელი. ეს გარკვეული ძალადობით მოხდა და ქართველი მოსახლეობის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია (მასალები იხ.წიგნში: „ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან", თბ., 1991, გვ. 56-73). ავტონომიური ოლქის შექმნამ იმ რეგიონის ქართული მოსახლეობა საკუთარ სამშობლოში ეროვნულ უმცირესობად აქცია, რაც თავის მხრივ ადამიანის და ერის უფლებათა და თავისუფლებათა უხეში დარღვევა იყო.


აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ოსებს საქართველოს შემადგენლობაში ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განვითარების  ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი. საბჭოთა კავშირის დაშლის წინ 1990-91 წლებში საქართველოში 100 ზოგადსაგანმანათლებლო ოსური სკოლა იყო, აქედან 90 ე. წ. სამხრეთ ოსეთში იყო. აქ სწავლა ოსურ ენაზე მიმდინარეობდა. დამოუკიდებელ საგნებად გადაიცემოდა ოსური ენა და ოსური ლიტერატურა. ცხინვალში ფუნქციონირებდა პედაგოგიური ინსტიტუტი, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, სამედიცინო, მუსიკალური, სამხატვრო სასწავლებლები; პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები და სხვ. 1979 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ე. წ. სამხრეთი ოსეთი უმაღლესგანათლება მიღებულთა რაოდენობით ყოველ ათას  სულ მოსახლეზე საბჭოთა კავშირში მეორე ადგილზე იყო. 1927 წელს შეიქმნა მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტი, რომელიც შემდგომში გარდაიქმნა სამხრეთ ოსეთის  ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტად (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში). ცხინვალში მომზადდა და გამოიცა ოსეთის ისტორიის (დოკუმენტები და მასალები) მრავალტომეული, „სამხრეთ ოსეთის ისტორიის" ორტომეული, „ოსური ენის განმარტებითი ლექსიკონი" ოთხ ტომად, „ოსური ლიტერატურის ისტორიის" მრავალტომეული, ოსური ზღაპრების სამტომეული, ოსური სიმღერების კრებული (ნოტებითურთ). აქ ფუნქციონირებდა სახელმწიფო ეროვნული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სამხატვრო გალერეია, საჯარო ბიბლიოთეკა; მწერალთა, მხატვართა, კომპოზიტორთა კავშირები, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ეროვნული ანსამბლი. მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა რადიომაუწყებლობა. გამოიცემოდა გაზეთები, ჟურნალები, მხატვრული ლიტერატურა. 1988 წელს ავტონომიურ ოლქში ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან შედარებით ყოველ 10 ათას ოსი ეროვნების მოსახლეზე 5-ჯერ მეტი წიგნი გამოიცა, 3-ჯერ მეტი ტირაჟით. როგორც ვხედავთ, ოსებს საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი ყველანაირ საშუალებას აძლევდა ეროვნულ-კულტურული, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისათვის.


რაც შეეხება რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, იქ ვითარების დასახასიათებლად მოვიტანთ მცირე ამონარიდს ჩრდილო ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ა. გალაზოვის პუბლიკაციიდან: „Мне всегда искренне жаль молодых людей моей национальности, когда, несмотря на знание иностранных языков и мировой цивилизации,  они чувствуют себя неуютно дома в силу незнания элементарных основ осетинской культуры... Национальную молодежь, кпримеру, лишили ее родного языка. До прошлого года в Северной Осетии фактически не было ни одной школы с осетинским языком обучения"  (გაზ. „Правда", 1989, 11-XI). აქ ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია.


სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ოსური მოსახლეობის ქართველებთან შერიგება-დაახლოებას შეეწყოს ხელი, პირიქით ხდება. ეს დამღუპველი გზაა.

 

როინ მეტრეველი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის

 ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი

 

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016