reportiori.ge - exclusivenews.ge: ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქართველი ხალხისა და ეროვნული ვალუტის წინაშე დანაშაული ჩაიდინა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:41
პრეს-დაიჯესტი
exclusivenews.ge: ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქართველი ხალხისა და ეროვნული ვალუტის წინაშე დანაშაული ჩაიდინა!
ავტორი:
07 მაისი, 2015. 16:53


მიმდინარე წლის 23 თებერვალს „ექსკლუზივ ნიუსმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „რატომ არ ათავისუფლებს ხელისუფლება თანამდებობიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც მრავალ დანაშაულშია ეჭვმიტანილი?" სტატიაში საუბარი იყო ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებზე და იმაზე, თუ ვინ არის ეროვნული ვალუტის ინფლაციაზე პასუხისმგებელი...


სტატია, რომელიც „ექსკლუზივ ნიუსმა" გასული წლის 15 იანვარს გამოაქვეყნა, ამა წლის 23 თებერვალს კვლავ დაიბეჭდა, რადგანაც სტატიაში ნახსენები ფაქტებით, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის არასწორ პოლიტიკას ეხებოდა და რომელიც სამომავლოდ ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო გაუფასურების საშიშროებას შეუქმნიდა, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სამართალდამცავებს. ვსაუბრობდით აგრეთვე იმაზე, თუ როგორ მონაწილეობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, „ლიბერთი ბანკის" წილების გასხვისება-წართმევის პროცესში იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად და როგორ აშანტაჟებდა ბანკის მეპატრონეს ირინა ჯინჭარაძეს და აიძულებდა, ბანკის წილები დაეთმო.

ქადაგიძე-მერაბიშვილის ტანდემმა ჯინჭარაძე დანაშაულებრივი გზით აიძულა და ბანკის წილი დაათმობინეს. ამ და სხვა ფაქტებზეც „ექსკლუზივ ნიუსმა" საჯაროდ მიმართა გენერალურ პროკურორს, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიება გაეტარებინა და უამრავ დანაშაულში ეჭვმიტანილის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის საქმიანობით დაინტერესებულიყო.


დიახ, ამას ჯერ კიდევ 2014 წლის 15 იანვარს ვწერდი. შემდგომშიც გავიმეორე იგივე, რათა გენერალურ პროკურატურას დროული რეაგირება მოეხდინა და ეროვნული ვალუტის კატასტროფული ვარდნა და ინფლაცია თავიდან აგვეცილებინა, რომლის სათავეშიც უშუალოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დგას და ვისი ხელმძღვანელობითა და არასწორი პოლიტიკითაც, ქვეყანა ფინანსური კრიზისის წინაშე დგას. მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა ხსენებული ფაქტები, უკაცრავად პასუხია, მაგრამ „ფეხებზე დაიკიდა" და თავისი უმოქმედობით კიდევ უფრო მეტად წაახალისა ქადაგიძის დანაშაულებრივი საქმიანობა. ლარმა კი გაუფასურება წარმატებულად განაგრძო. ქადაგიძემ ქვეყანაში ისეთი პროცესები განავითარა, რომელმაც გააუფასურა ეროვნული ვალუტა და ქვეყანაში პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. მოსახლეობა ე.წ. „გაკუპონების" შიშმა მოიცვა. ამ მოვლენებმა მთელი რიგი უარყოფითი პროცესები გამოიწვია, რაც საწვავისა და სურსათის ფასების მომატებაზე აისახა.


უკვე მოგახსენეთ, რომ ლარის გაუფასურების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვწერდი, მაგრამ დაწერილი დაწერილად დარჩა და ყური არავის შეუბერტყია. როცა მეორედ, მიმდინარე წლის 23 თებერვალს კვლავ გამოვაქვეყნე სტატია, ვთქვი, რომ ეს იქნება უკანასკნელი მასალა ამ თემის შესახებ-თქო, მაშინ მთავარრ პროკურორს გიორგი ბადაშვილს მივმართავდი რეაგირებისთვის. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


„ხსენებულ სტატიაში მოყვანილი ფაქტები ნამდვილად იმსახურებს გადამოწმებას და სამართალდამცველთა ყურადღებას. ქართველი ერი არ იმსახურებს კრიმინალური და საეჭვო წარსულის მქონე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ეს, უბრალოდ, სირცხვილია. რატომ არის შეუცვლელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი? დავიჯერო, ამ ქვეყანაში მისი შემცვლელი არ მოიძებნება? ამ კითხვაზე პასუხს, მრავალ ადამიანთან ერთად, მეც ველოდები".

პასუხი დღემდე არც მე და არც საზოგადოებას არ მიგვიღია. სამწუხაროდ, რაც მივიღეთ, ეს არის დღევანდელი რეალობა. უახლოეს პერიოდში შეუძლებელი გახდება ეროვნული ვალუტის ინფლაციის შეჩერება, რაც, თავისთავად, ხალხში პანიკას და სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს, რომელიც წამალივით სჭირდება და აწყობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთგულ დასაყრდენს გიორგი ქადაგიძეს. ასევე ოპოზიციად მონათლულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის წევრები წარმოადგენენ.

რადგან ქვეყანაში მდგომარეობა რთულდება და გამოსწორების ნიშანწყალიც არ არსებობს, მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, შევეცადე, შემესწავლა და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მომეპოვებინა ის მტკიცებულებანი, სადაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე ბანკთან ერთად, გამიზნულად მოახდინა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ინფლაცია, რის ხარჯზეც ქართველი ხალხის გაღატაკებით უზარმაზარი თანხა იშოვეს. მათ ამ დანაშაულებრივი სქემის განხორციელებაში, მსოფლიო ბანკმა და ცნობილმა ქართველმა ექსპერტებმა არათუ ხელი შეუშალეს, არამედ საბანკო პოლიტიკის ხელმძღვანელის საქმიანობა დადებითად შეაფასეს და ქვეყანაში გატარებული პოლიტიკა მოუწონეს. მათ ასევე გამორიცხეს ლარის გაუფასურებასა და ინფლაციის პროცესებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქარდაგიძის მონაწილეობა.


„ექსკლუზივ ნიუსმა" მოიძია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დანაშაულებრივი ქმედებები განახორციელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეროვნული ვალუტის წინააღმდეგ, რის გაკეთება შეეძლო და რატომ არ გააკეთა. ან კიდევ, რაც გააკეთა და რა გადაწყვეტილებებიც მიიღო, რის საფუძველზე  მოხდა ამ გადაწყვეტილებების მიღება. იყო თუ არა ის შეჯერებული და გაანალიზებული კომპეტენტურ პირებთან, თუნდაც ხელისუფლების ფინანსურ გუნდთან, რამდენად იყო მის მიერ გადადგმული პრივატული და კონსპირაციული ნაბიჯები კანონიერი და სამართლიანი. აგრეთვე, რას ავალდებულებდა ქადაგიძეს კანონი და არის თუ არა პირნათელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქვეყნისა და ხალხის წინაშე?


ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციებზე, იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღო გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ვალუტის გასაუფასურებლად, იმედია,  საღათას ძილით ჩაძინებული მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი გაიღვიძებს და თავადვე, თავისი უმოქმედობით, ამ დანაშაულებრივი სქემის უნებლიე თანამონაწილე არ გახდება და რაიმე ქმედით ღონისძიებებს მიმართავს.

მაპატიეთ, ბატონო მთავარო პროკურორო, მაგრამ იძულებული ვარ, შეგაჯანჯღაროთ და გამოგაფხიზლოთ. მინდა გითხრათ, რომ რაც ეროვნულმა ბანკმა, რამდენიმე კომერციულ ბანკთან ერთად განახორციელა, ყველა ლოგიკის დაცვით თუ ვიმსჯელებთ და თქვენც ტენდენციური არ იქნებით, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მინიმუმ მოკვლევა მაინც უნდა დაიწყოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შესახებ.

ამ აქტუალური თემის მიმართ არსებობს უამრავი შეკითხვა, მაგრამ მე პირადად, მაქვს რამდენიმე გამოკვეთილი, კონკრეტულად კი, ოთხი შეკითხვა.

1) ცნობილია, რომ მსოფლიოში ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასის დაცემამ და სხვა საგარეო ფაქტორებმა, კონკრეტულად, რუსეთ-უკრაინის ომმა, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში დოლარის გამყარება გამოიწვია. ევროპის ქვეყნებმა უსწრაფესად განახორციელეს მთელი რიგი ღონისძიებები და მხოლოდ უმნიშვნელოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გამოასწორეს მდგომარეობა, ისე მყისიერად, რომ მოსახლეობამ ვალუტის გაუფასურებაზე გაფიქრებაც ვერ მოასწრო, ყველა ქვეყნის ეროვნულ ბანკებს პრობლემა უკვე მოგვარებული ჰქონდა. ეროვნულმა ბანკებმა ხელისუფლებასთან ერთად, ერთობლივად, შეთანხმებულად მოაგვარეს პრობლემა და ინფლაციის გაგრძელების შანსებიც დროულად აღმოიფხვრა. რა მოხდა საქართველოში და რა გააკეთა ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პრობლემის გადასაჭრელად?

ნაცვლად იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მყისიერად მიეღო გადაწყვეტილება, ხელისუფლებასთან და ფინანსურ გუნდთან, პროფესიონალ კადრებთან ერთად შეემუშავებინა მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმა, პირიქით, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დანაშაული და ღალატია ეროვნული ვალუტის და ქვეყნის წინაშე. უფრო კონკრეტულად - 2004 წლიდან 2014 წლამდე ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხი წელიწადში 300 მილიონ ლარს არ ასცილებია. წელს კი 1 მაისის მდგომარეობით, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების თანხა ბანკებისთვის 1 მილიარდამდე გაზარდა და გასცა. ეროვნულმა ბანკმა 1 მილიარდი თანხა, ლარის სახით მისცა კომერციულ ბანკებს. ბანკებმაც შეისყიდეს უცხოური ვალუტა - დოლარი. ბანკებმა ნაყიდი ვალუტა ბაზარზე არ გამოიტანეს და სეიფებში ჩაკეტეს. ამან გამოიწვია უცხოური ვალუტის გამყარება და ეროვნული ლარის გაუფასურება. ისმის ლოგიკური და სამართლიანი შეკითხვა: თუკი 2004 წლიდან 2014 წლამდე რეფინანსირებული სესხის რაოდენობა ბანკებისთვის ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე მეტი არასდროს გაუცია, რატომ მოხდა ეს წელს? 2015 წელს რატომ გაზარდა 3-ჯერ მეტად, მილიარდი ლარის ოდენობით და რა მიზანი ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას? ბატონო მთავარო პროკურორო, იქნებ ეს კითხვა თქვენც გაგიჩნდეთ!


2) 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დასრულებიდან (მიხეილ სააკაშვილის ფავორიტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომელიც ახლაც ერთგულად ემსახურება ყოფილ პრეზიდენტს და "ნაციონალურ მოძრაობას") 10 დღეში, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 15%-იანი სარეზერვო ფონდი 5%-მდე შეამცირა, რითაც ბანკებს მიეცათ საშუალება, მიმოქცევაში ჭარბი ვალუტა არ მოხვედრილიყო, ამით ბანკებს შესაძლებლობა მიეცათ, ზედმეტი უცხოური ვალუტა არ შეესყიდათ. 2008 წელს თუ მოხდა ეს მყისიერად, ამჯერად რატომ არ განახორციელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეს? რამ შეუშალა ხელი?

მაგრამ მოხდა უცნაური რამ: გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, დაგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ განაცხადა 15 %-იანი სარეზერვო ფონდის 5%-მდე შემცირების შესახებ და ეს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.

ბატონო მთავარო პროკურორო, იქნებ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მაინც გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუკი აგვისტოს ომის შემდეგ, 10 დღეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბანკებისთვის 15%-იანი სარეზერვო ფონდი 5 %-მდე შეამცირა, რატომ არ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება დროულად და მყისიერად რამდენიმე თვის წინ? აგრეთვე, ხომ არ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს ქმედება გამიზნული და სოციალური მღელვარების ასაგორებლად მიმართული?


3) 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე, ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო ფონდიდან გასაყიდად 160 მილიონი დოლარის ბაზარზე გამოტანა მოახდინა. კონკრეტულად კი, ეს თანხა, ნაცვლად იმისა, რომ ეტაპობრივად გამოეტანა, 160 მილიონი ერთობლივად, 40-40 მილიონი დოლარის ოდენობით, ერთჯერადად მხოლოდ ორმა ბანკმა შეისყიდა. ეს ის ცნობილი და ვიპ ბანკებია, რომლებმაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქართველი ერის დაკნინების და გაღატაკების ხარჯზე დიდი თანხა იშოვეს. ამჯერადაც ქადაგიძემ მათ ერთჯერადად მხოლოდ 40 მილიონის ოდენობით აშშ დოლარი მისცა.

ქადაგიძემ 160 მილიონი დოლარის საჯაროდ გამოტანით, ბაზარზე პანიკა და შიში დათესა. ბანკებმა, ოღონდ მასთან დაახლოებულმა ორმა ბანკმა (ბანკებს ამჯერად შეგნებულად არ ვასახელებ, მაგათი დროც დადგება!) შეისყიდა. სააკაშვილის რეჟიმის დროს კი ქადაგიძეს დოზირებულად გამოჰქონდა სარეზერვო ფონდიდან ვალუტა გასაყიდად, 3-5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

ისმის კითხვა, რატომ არ გამოიყენა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სარეზერვო ფონდიდან დოზირებული მეთოდით გამოტანის წესი, რატომ და რა მიზნით მიიღო ხსენებული გადაწყვეტილება და ხომ არ იყო თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკებში პანიკისა და შიშის დათესვის ორგანიზატორი? რა ნიშნის მიხედვით შეარჩია ის ორი ბანკი, რომლებმაც 160 მილიონი დოლარი სრულყოფილად აითვისეს?

ბატონო მთავარო პროკურორო, იქნებ ამ თემითაც დაინტერესდეთ. ამ გადაწყვეტილებაში, ხომ არ იკვეთება ჯგუფური დანაშაულის ნიშნები, ეროვნულ ბანკს+კომერციული ბანკები=ხალხის და ეროვნული ვალუტის ღალატს?!


4) "ექსკლუზივ ნიუსმა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მსოფლიო ბანკის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები ვადაზე ადრე შეასრულა. კონკრეტულად, ის, რომ ვალი, რომელიც ეროვნულ ბანკს მსოფლიო ბანკისთვის 2017 წელს უნდა გადაეხადა, სწორედ ახლა, როცა ქვეყანა ინფლაციასა და კრიზისში იმყოფება, მან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რამდენიმე წლით ადრე გადაიხადა. ჩემი გადმოსახედიდან, ამ გადაწყვეტილებას აქვს მხოლოდ ერთი შეფასება: ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელიც უამრავ დანაშაულშია ეჭვმიტანილი და ყველა თავმოყვარე ხელისუფლება მის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად რომ დააყენებდა, ამით თავი დაიზღვია და მსოფლიო ბანკის სახით ერთი აქტიური და რეიტინგული მხარდამჭერი გაიჩინა. რამდენიმე თვის წინ საქართველოში სტუმრად მყოფმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ საჯაროდ დაადასტურა გიორგი ქადაგიძის შესანიშნავი საბანკო პოლიტიკა საქართველოში და ის ერთ-ერთ წარმატებულ ბანკირად დაასახელა.

მოკლედ, ის, რაც არ მოსწონს სრულიად საქართველოს, რატომღაც მოსწონს მსოფლიო ბანკს. მთავარო პროკურორო, თქვენ რას იტყვით ამ ფაქტზე?

მე მიჩნდება შეკითხვა: რატომ გადაიხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წინმსწრებად ვალი - სოლიდური თანხა, როცა ამის არანაირი ვალდებულება და აუცილებლობა არ იყო? მით უმეტეს, როცა ქვეყანაში ლარის გაუფასურება წარმატებულად მიმდინარეობდა?


ბატონო მთავარო პროკურორო, იქნებ დაინტერესდეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხსენებული ქმედების კანონიერებით და თქვენი პოზიცია გაასაჯაროოთ!


ბატონო მთავარო პროკურორო! აი, ეს გახლავთ „ექსკლუზივ ნიუსის"  მიერ მოპოვებული ინფორმაცია იმ დიდ ღალატსა და შეთქმულებაზე, რომელიც ქართველი ხალხის და ქართული ვალუტის წინააღმდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რამდენიმე პრესტიჟულმა ბანკმა და ასევე გადამცვლელმა სავალუტო პუნქტებმა განახორციელეს.


ბატონო პროკურორო! მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, რის შესახებაც, ეჭვი მაქვს, დიდი ხანია, საქმის კურსში ბრძანდებით. თუკი, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც, კვლავ განაგრძობთ გულხელდაკრეფილ პოზიციაში ყოფნას და შესაბამის რეაგირებას არ მოახდენთ, ჩავთვლი, რომ თქვენ ქართველი ხალხის და ქართული ვალუტის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე და მონაწილე ხართ!




(exclusivenews.ge, დარეჯან ლიპარტელიანი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016