ანალიტიკური თოქ-შოუს „კვირის 20/30" წამყვანმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორთან" ინტერვიუში ტელეწამყვანის მოვალეობებზე საუბრობს. ახალბედა ტელეწამყვანის მოსაზრებით, მოდერატორს სრული განცდა უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ის საზოგადოების კუთვნილებაა. მისივე თქმით, ანალიტიკოსისა და წამყვანის ფუნქციები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.
„ყველაზე მთავარი - ტელეწამყვანს უნდა ჰქონდეს სრული განცდა, რომ საკუთარი თავისთვის კი არ მუშაობს, არამედ ის საზოგადოების კუთვნილებაა. აუცილებლად სათქმელი უნდა ჰქონდეს და მთავარ მიზანზე იყოს ორიენტირებული. მაგალითად, კონკრეტულად ჩემი მიზანი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინსვლაში თანამონაწილეობაა. უპირველეს ყოვლისა, გარდა გარკვეული ვიზუალური მხარისა, ამ შემთხვევაში მთავარი ხარ შენ, როგორც საზოგადოებისთვის საჭირო ადამიანი. შენ უნდა აუხსნა და მიაწოდო. ამ მხრივ ანალიტიკოსისა და წამყვანის ფუნქცია ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, უბრალოდ, ფორმები აქვთ განსხვავებული. იქ თუ მოპასუხე ვიყავი, აქ კითხვის დამსმელი ვარ. ტელეწამყვანმა მკვეთრად უნდა იცოდეს, რა უნდა. თუკი შენი გადაცემით საზოგადოებაში რეგრესს ქმნი, ეს სწორი არაა. კონკრეტულად რაზე ხარ ორიენტირებული, ეს უნდა იცოდე. გინდა, მხოლოდ სიმახინჯე აჩვენო, ეს შეგიძლია. გსურს, რეალობა აჩვენო, ეს სხვა ამოცანაა. ცდილობ, ადამიანებს ის უთხრა, რასაც უმალავენ, მაგრამ რეალობის ნაწილია - ეს კიდევ სხვა ამოცანაა. ეს არის ის, რაც წამყვანს უპირველესად სჭირდება, დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია", - აღნიშნა გამზარდიამ.