E ჯგუფი
დღეს ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე, ოთხ ჯგუფში, მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება. „შალკე" „ჩელსის" უმასპინძლებს. გერმანელებს ორივე თამაში მოგებული აქვთ. ინგლისურ კლუბს კი მესამედ ხვდება. ერთი შეხვედრა ლონდონელებმა 2:0 მოიგეს, მეორედ უგოლო ფრე დაფიქსირდა. გელზენკირხენელები ეცდებიან ნავსი გატეხონ და „ჩელსის" კარში გოლი გაიტანონ, თუმცა ორი მთავარი ფორვარდი კლაას იან ჰუნტელაარი და ჯეფერსონ ფარფანი არ ეყოლებათ, შესაძლოა ვერც ბოატენგმა ითამაშოს. საერთოდაც ტოტალიზატორის მოყვარულების გასაგონად ვიტყვი, რომ ძალიან არაპროგნოზირებადი თამაშია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ამავე ქვეჯგუფეში „სტიაუა" „ბაზელს" მასპინძლობს. რუმინელებს ორივე შეხვედრა წაგებული აქვთ. „ბაზელმა" ლონდონში სენსაციურ გამარჯვებას შინაური მარცხი მოაყოლა. ბუქარესტში, სავარაუდოდ დიდი ბრძოლა გაიმართება. მოგების შემთხვევაში შვეიცარიელები ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლას გააგრძელებენ, ხოლო თუ დამარცხდნენ „ჩელსისა" და „შალკეს" წისქვილზე დაასხამენ წყალს.
F ჯგუფი
სიკდვილის ჯგუფად მონათლული გუნდებისთვის დღევანდელი თამაშები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „არსენალი" „დორტმუნდს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლაში ალბათ აღარაფერი შეუშლის ხელს. სავარაუდოდ სხვა გეგმები აქვთ გერმანელებს და არა მგონია ლონდონელებს რამე დაუთმონ.
არსენ ვენგერს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი დააკლდება: უოლკოტი, სანოგო, პოდოლსკი, ჩემბერლენი, აბუ დიაბი და ფლამინი ნამდვილად არ იქნებიან, თუმცა ფრანგ მწვრთნელს, როგორც ყოველთვის, მათი სრულფასოვანი შემცვლელები ჰყავს.
იურგენ კლოპი „ემირითს სტედიუმზე" ვერ დაიხმარს სებასტიან კელს, ილქაი გიუნდოგანს და სავარაუდოდ პიშჩეკს, მაგრამ მოკლე სკამის პრობლემა არც გერმანელებს აქვთ.
თუ „მარსელს" ჩემპიონთა ლიგაზე რაიმე ამბიცია გააჩნია, დღეს უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩენა თითქმის გარანტირებული ექნება, რადგან ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ასეთ „ვეშაპებთან" წარმატების შანსი ნულის ტოლია.
რაფაელ ბენიტესის „ნაპოლი" ფრანგულ საპორტო ქალაქს ცუდ განწყობაზე ესტუმრება. ფეხბურთელებმა რომში განცდილი მარცხი უნდა დაივიწყონ და აუცილებლად მოგებაზე ითამაშონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მომავალიც მუქ ფერებში მოსჩანს.
G ჯგუფი
მადრიდის „ატლეტიკოს" ორივე შეხვედრა მოგებული აქვს, თუ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში განცდილმა მარცხმა გუნება არ გაუფუჭათ, ვენაში „აუსტრიასთან" გამარჯვება უნდა მოახერხონ. ამ შემთხვევაში დიეგო სიმეონეს შეეძლება ისევ ჩემპიონატზე გადაერთოს და მშვიდად დაელოდოს ჯგუფში მოვლენების შემდგომ განვითარებას.
აქ მეორე ადგილისთვის „ზენიტმა" და „პორტომ" უნდა იბრძოლონ. რუსებმა დაუგეგმავი ქულები დაკარგეს ავსტრიელებთან და ახლა უშუალო კონკურენტთან მოუწევთ დაპირისპირება. „პორტო", როგორც ყოველთვის, სტაბილურად აგროვებს ქულებს და არც სანკტ-პეტერბურგელ სტუმრებს დაუთმობს რამეს იოლად .
H ჯგუფი
ამ ჯგუფში ორი გამოკვეთილი ლიდერი მილანში ითამაშებს. მასიმილიანო ალეგრის თითქმის ნახევარი გუნდი ლაზარეთში ჰყავს: ბონერა, პაცინი, ბალოტელი, ელ შაარავი და აბიატი მკურნალობენ. ნიანგი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არის. უკეთესი მდგომარეობაა ესპანეთის ჩემპიონის რიგებში, გუნდს დაუბრუნდნენ კარლეს პუიოლი, ხავიერ მასკერანო და რაც მთავარია ლიონელ მესი. არ იქნებიან აფელაი და ალბა, მაგრამ ამას მარტინო როგორმე გადაიტანს. შარშან ამ გუნდების გზები 1/8 ფინალში გადაიკვეთა. შინ იტალიელებმა 2:0 იმარჯვეს, თუმცა ბარსელონაში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს.
ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლი „სელტიკი" და „აიაქსი" გლაზგოში ითამაშებენ. შოტლანდიელებს კაპიტანი სკოტ ბრაუნი ჰყავთ დისკვალიფიცირებული, ჰოლანდიელები ბოიან კრკიჩსა და დუარტეს ვერ დაიხმარენ. ცოტა მეტი შანსი აქვთ გლაზგოელებს, სავარაუდოდ შინაურმა კედლებმა და ჩრდილოელთა ცნობილმა ბრძოლისუნარიანობამ, ნიდერლანდთა არც თუ სახარბიელო სათამაშო ფორმის გათვალისწინებით შეხვედრის ბედი მათ სასარგებლოდ უნდა გადაწყვიტოს.