მმართველმა გუნდმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მინისტთა კაბინეტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა 38 პარლამენტის წევრმა მისცა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრია - თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. ყველა სხვა მინისტრი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება. უცვლელია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი.
ანუ დიდი ვნებათაღელვა დასრულდა. ახლა უფლებადამცველები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები და ა.შ. გავლილ კვირას და მიღებულ შედეგებს აფასებენ.
„რეპორტიორს" „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა:
-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა, გავამახვილო ყურადღება. კოალიცია „ქართული ოცნება", რომლის რიგებიც დატოვა „თავისუფალმა დემოკრატებმა", ჩანს, რომ „რესპუბლიკელებისთვის" ვაჭრობის კარგ ნიადაგად გადაიცა. მას მერე, რაც მეშვიდე მინისტრი შეიცვალა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პირობები შეიქმნა. თინა ხიდაშელის თავდაცვის მისნიტრის პოსტზე წარდგენა მოხდა იმ ფონზე, როცა მინდია ჯანელიძის მუშაობას მიეცა უმაღლესი შეფასება როგორც ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან. გაჩნდა რეალური კითხვა - რა ფასად მოხდა თინა ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის მინისტრებად წარდგენა? დღეს ყველა მიმართულებით მყარად არიან მოკიდებული „რესპუბლიკელები" - პარლამენტშიც, მთავრობაშიც, მერიაშიც, სასამართლო სისტემაშიც.... ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ პლაცდარმი შეემზადებინათ ნეოლიბერალური პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც გაერთიანდებიან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ან არჩევნებამდე.
- ვის მოიაზრებთ ასეთებად?
- ესენი იქნებიან - ალასანიას პარტია, უსუფაშვილის პარტია, რომელთა იდეოლოგია ერთნაირია.
- ქვეყანაში დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე რა გამოდის? - ქვეყანას „რესპუბლიკელები" მართავენ?
- ნამდვილად. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკური პარტია მართავს ქვეყანას. ამ პარტიას აქვს ყველაზე დიდი გავლენა მიმდინარე პროცესებში.
- ვისი დამსახურებაა ეს?
- ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. მან კარგად იცოდა, რომ 3%-იანი პარტიის მთავრობაში მოყვანის შანსი საერთოდ არ არსებობდა, რომ არა მისი ავტორიტეტი. ივანიშვილმა მოახერხა იმდენი, რომ ყველა შტოში - საკანონმდებლო, სამთავრობო თუ ადგილობრივ თვითმმართველობებში „რესპუბლიკელები" მომხვდარიყვნენ.
- ექს-პრემიერისგან მივეჩვიეთ, რომ ის ჯერ იღებს გადაწყვეტილებას, შემდეგ კი ამას საჯაროდ ნანობს. როგორ გგონიათ, „რესპუბლიკელებიც" ხომ არ გაუხდება სანანებელი?
- ივანიშვილს არ გაუხდება სანანებლად „რესპუბლიკელების" მოყვანა. სწორედაც, რომ „რესპუბლიკელების" გამო მიიღო გარკვეული გარატნიები ექს-პრემიერმა დასავლელი პარტნიორებისგან. გაიხსენეთ აშშ-ის ელჩის სტუმრობა ივანიშვილთან. აქ ჩამოყალიბდა ის სამთავრობო კონფიგურაცია, რომელიც ღარიბაშვილმა ფორმალურად განახორციელა.
- ღარიბაშვილის მიერ ხიდაშელის წარდგენა თქვენთვის მოსალოდნელი იყო?
- დარწმუნებული ვარ, ეს არ უნდოდა ღარიბაშვილს, მაგრამ პოლიტიკური კონფიგურაციდან გამომდინარე, იძულებული გახდა. ეტყობოდა აშკარად ღარიბაშვილს, რომ ის გადაწყვეტილებას იღებდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ.
საინტერესო სურათი გვაქვს, ერთი მეუღლე პარლამენტის თავმჯდომარეა, მეორე კი მინისტრი. შესაძლოა, ეს ამბავი ბევრს გამორჩა, მაგრამ მე შევახსენებ. გოგლა ჟვანია გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს მას მერე დაემშვიდობა, რაც მისი მეუღლე, ქალბატონი ნინო შარაშიძე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მაშინ მათ საქციელი მოუწონეს, მაგრამ ახლა დუმან.
- „რუსთავი 2"-მა გასულ კვირაში ხმაურიანი გადაცემა შემოგვთავაზა. გადაცემას აშკარად დაჰკრავდა პოლიტიკური ელფერი. როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ხელისუფლებამ, რა უნდა დაუპირისპიროს ასეთ პროპაგანდას?
- როცა ამ გადაცემას ვუყურე, დამებადა კითხვა - რატომ არ არის მოწოდების სიმაღლეზე „საზოგადოებრივი მაუწყებელი", თვითონ ხელისუფლება, მისი პიარსამსახურები, რომლებიც ვალდებულები არიან, რომ როცა რამე კეთდება, სათანადოდ გაშუქდეს, რომ ისედაც არსებული უიმედობის განცდა არ გამძაფრდეს. სწორედ ამ უიმედობის განცდით ისარგებლა „რუსთავი 2"-მა და პრაქტიკულად, დივერსია გაახორციელა. მართალია, კადრებში ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორებს და აქტივისტებს, თუმცა, ის გაჭირვება, რაზეც ხალხი საუბრობდა, არ იყო მოგონილი, ესეც უნდა აღვნიშნოთ. მე, უბრალოდ, გული მწყდება, რომ ხელისუფლება არ საუბრობს იმაზე, რასაც აკეთებენ და საზოგადოებამდე არ მიაქვთ.
- „ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელ მდგომარეობას როგორ აფასებთ? იზდება თუ არა მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი?
- „ნაციონალური მოძრაობის" უკან, ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ნულის ტოლია. სანამ ამ ქვეყანაში ის თაობა არსებობს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა მათი მმართველობის სისხლიანი პერიოდი, რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებს და თუკი ვინმეს სჯერა, რომ დღეს „ნაციონალების"დაბრუნების შანსი არსებობს, გამოდის, რომ მას სჯერა - საზოგადოება არ არსებობს.