reportiori.ge - თამაზ წივწივაძე: ამათ, მოფერებით თუ დაუძახებ მთავრობას, თორემ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს „მახნოს ბანდაა“ შეკრებილი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:48
პრეს-დაიჯესტი
თამაზ წივწივაძე: ამათ, მოფერებით თუ დაუძახებ მთავრობას, თორემ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს „მახნოს ბანდაა“ შეკრებილი!
ავტორი:
11 მაისი, 2015. 14:14



ცნობილი ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე ქალბატონი თინა ხიდაშელის „გათავდაცვისმინისტრებასადა ქვეყნის ხელისუფლებაში დატრიალებულ კარუსელს, რომელსაც დიდი ილია „წაჯექ-უკუჯექობას“ ეძახდა, ჩვეული სარკაზმით ეხმურება და აცხადებს, რომ საქართველოს გაუმართლა, – თავდაცვის მინისტრი ქალი ჰყავს, ხოლო უმაღლესი მთავარსარდალი – ქალის წინდების მქსოველი!

 

“თინიკო ვარ, გლეხის ქალი,

დათიკოა ჩემი ქმარი!“

 

– ბატონო თამაზ, ჯერ ხეირიანად საუბარიც არ დაგვიწყია და უკვე ათასი შეცდომა მაინც გვაქვს დაშვებული! ასე, მაგალითად, იმ გლეხის ქალს თინიკო კი არა, დარიკო ერქვა, ხოლო დარიკოს ქმარს, ცნობილი კინოფილმის მიხედვით, დათიკო კი არ ერქვა, არამედ – სიმონა!

 

– მართალი ხარ, დიტო, დარიკო თინიკო არ ყოფილა და დარიკოს ქმარს დათიკო არ ერქვა, – მისი სახელი და გვარი იყო სიმონა ძალაძე, მაგრამ მე ხომ ძველი დროის გმირში, დარიკოში, დღევანდელი ქართველი ჯარის ამომავალი ვარსკვლავი თინა ხიდაშელი ვიგულისხმე?! ამიტომაც ვათქმევინე ჩვენს აწ უკვე გასამხედროებულ ქალბატონს:

 

თინიკო ვარ, გლეხის ქალი,

დათიკოა ჩემი ქმარი!

 

რაკი ეს ავხსენი, ახლა ყველაფერი თავის ადგილას დადგა: თინა ხიდაშელი გლეხის ქალი დარიკო გახდა, ბატონი სიმონა კი – დათიკო უსუფაშვილი!

 

– თინა ხიდაშელი დღევანდელი სოციალური მდგომარეობით გლეხის ქალი რომ არაა და ის უკვე პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეა, ამაზე რას იტყვით?

 

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, დიტო, გლეხური წარმომავლობისანი იყვნენ ქალბატონი თამარ ვაშლოვნელი, გმირი თინა წავკისელი და ჩვენი მაია წყნეთელი, მაგრამ ქვეყნისა და სამშობლოს სიყვარულში ლეო ქიაჩელის ნოველის პერსონაჟს „თავადის ქალს მაიასაც“ ტოლს არ უდებდნენ! თანაც, სინამდვილეში, არც თინა ხიდაშელია სამართლისთვის მებრძოლი გლეხის ქალი დარიკო და არც მისი ქმარია სიმონა ძალაძე, მაგრამ, ამის მიუხედავათდ, სამსახურებრივი ძალმოსილება არცერთს არ აკლია – ცოლი თავდაცვის მინისტრი გახლავთ, ქმარი კიდევ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე! არადა, თუ ამ პოსტზე მაინცდამაინც ქალი უნდა აგვერჩია, თავდაცვის მინისტრობას პარლამენტის მგალობელი ჩიტი ჩიორა თაქთაქიშვილი უფრო იმსახურებდა! თუნდაც იმიტომ, რომ ჩიტი ჩიორა გმირი თინა წავკისელის მამის ნათესავია დედის მხრიდან! უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, როგორც ჯანყარაშვილი არის ღარიბაშვილის ახლობელი, ისევე ახლო ნათესავია ჩიორა თაქთაქიშვილი თინა წავკისელის!

 

– რატომ, ბატონო თამაზ?! თინა ხიდაშელი და თინა წავკისელი უფრო ახლობლები არ გამოდიან ერთმანეთისა? სხვა თუ არაფერი, ორივეს თინა ჰქვია!

 

– მარტო სახელებში არაა, დიტო, საქმე – გვარები არ ემთხვევა: ერთი წავკისელია, მეორე – ხიდაშელი! ამიტომ, რა კი ქალბატონი ვაშლოვნელი, გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი ერთმანეთთან ვერ დავაკავშირეთ, იქნებ, „მოხევის ქალო თინაო“-სან ვცადოთ ბედი?

 

– ტყუილად ვწვალობთ, ბატონო თამაზ, აქედანაც არაფერ გამოვა! მე როგორც მახსოვს, ამ მოხევის ქალს, თინას, იმას კი არ ეკითხებიან – „შენი ტოლები ჯარშია, შენ რაღას უცდი შინაო! არამედ, ამას: „შენი ტოლები გათხოვდნენ, შენ რაღას უცდი შინაო!“ ქალის ჯარში წასვლა სხვაა, ბატონო თამაზ, და გათხოვება - სხვა!

 

– ჯარში არც თინა ხიდაშელი წასულა, დიტო! – ის თავდაცვის მინისტრად დანიშნეს იმის მიუხედავად, რომ ჯარში ნამყოფიც არაა! კიდევ უფრო უარესი! ჯარში ნამყოფი, მგონი, არც გიორგი მარგველაშვილია – საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი! მაგრამ ის ახლა ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალია! და, რაც მთავარია – საბრძოლო ხელოვნებაზე უკეთ, ქსოვა, კერვა, ქარგვა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქალის წინდაზე გაქცეული თვალის ამოყვანა უფრო ეხერხება! არადა, საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში ომის ცეცხლია გაჩაღებული! ჩვენ კიდევ, ქართველები, ასეთ შემთხვევაშიც კი, ოლიმპიურ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და, სწორადაც ვიქცევით, რადგან ასე გვგონია – საქართველოს სრულ უსაფრთხოებას ორი ისეთი უმაღლესი სამხედრო პირი იცავს – თვალებიდან ცეცხლს რომ აკვესებენ! აქედან ერთი, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილია! მეორე კიდევ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი! სხვებს აღარ ჩამოვთვლი! – ქართული ჯარის საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, ამ ორი პიროვნების დასახელებაც საკმარისი იქნება!

 

– ბატონო თამაზ, კარგია, სამხედრო საქმეში ჩვენი ქვეყნის მიღწევებს საკმაო ადგილი რომ დავუთმეთ, ნეტა, იმითაც თუ დაინტერესებულხართ, შრომის ფრონტზე რა მდგომარეობაა? ივანიშვილის შექებული ლარი ისევ ლაღად და ჯანმრთელად გრძნობს თავს თუ სააკაშვილის ხელისუფლებასავით ჩამოიშალა? ანდა, ორჯერ ნდობადაკარგულმა და ორჯერვე ნდობააღდგენილმა მთავრობამ ხომ არ შეგვარცხვინა?

 

– შეჩერდი, დიტო! შენი ეს ჯვარედინი კითხვები ისე მომაყარე და დამცხრილე, რომ ახლა მხოლოდ საკონტროლო გასროლა დაგრჩა! ნება მომეცი, ცალ-ცალკე გიპასუხო! შრომის ფრონტზე დღეს რა მდგომარეობაა, ნამდვილად არ ვიცი! თუმცა, ირგვლივ ისეთი სიმშვიდეა, ვეჭვობ, ვინმე მუშაობდეს!

 

საქართველოში ახლა ყველაფერი დუმს! დუმს ქარხანა! დუმს ფაბრიკა – ეს მხოლოდ მდინარეები და დეპუტატებია, რომ რაკრაკებენ! მუშაობს რადიო, არ მუშაობს ხალხი! არადა, ადრე, ვინც მუშაობდა, ის ჭამდა! ახლა პირიქითაა – ვინც არ მუშაობს, ის ჭამს! მაგალითად, მთავრობა არ მუშაობს (ყოველ შემთხვევაში, ხალხის სასიკეთოდ არაფერს აკეთებს), ქვეყანას კი ხელფასებით და პრემიების სახით ჭამს! მაგალითად, პარლამენტი არ მუშაობს, არც ლაპარაკობს და მაინც ჭამს! ხოლო, რასაც დღეს ხალხს აჭმევენ, იმას ადრე მხოლოდ ღორი ჭამდა!

 

– ბატონო თამაზ, ღორი რკოს ჭამს!

 

– ჯერ იმას ჭამს, რისი სახელიც ზემოთ არ ვახსენე, რკოს კი დესერტად აყოლებს! ლარიც არ იქცევა კარგად, დიტო, ისიც „მესკია“ ჩიტივითაა – ნეხვზე რომ დაჯდება და კუდს მაღლა იწევს, არ დამესვაროსო! მაინც სად გარბის, ეს შობელძაღლი! დაეტიოს, აქ, – ერთბაშად მდიდარი ქვეყნების ფულად ერთეულებს – ევროს, სტერლინგს ან დოლარს არ ჩაენაცვლოს! ამ უფულობას რა ვუთხარი, თორემ ახლა ის რომ დღეშია, თავისი თავის პატივისმცემელი კაცი იმას ხელში არ აიღებს!

 

– ჩვენი მთავრობაც ასევე დაჩმორებულად გამოიყურება, თქვენს თვალში, ბატონო თამაზ?!

 

– ამათ მოფერებით თუ დაუძახებ მთავრობას, თორემ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს „მახნოს ბანდაა“ შეკრებილი! ამდენი ავაზაკის გვერდით რომ ვხედავ, ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი მეცოდება, რომელსაც აშკარად ეტყობა, ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ წაკითხვისას, თვალზე ცრემლი ადგება!

 

– ამ ჩვენს ძველ მთავრობას სამი ახალი მინისტრი რომ დაემატოს, როგორ გგონიათ, ესენი ხელისუფლებას სისხლს ვერ გაუკეთილშობილებენ?

 

– როგორ არა, დიტო! მით უმეტეს, რაკი ვიცით, რომ გარემოს მინისტრი სულ გარეთაა, გამოდის, რომ სუფთა „ვოზდუხია“! გამორბენით სიგრძეზე მხტომელთა, ანუ სპორტის მინისტრი კიდევ, ფეხბურთის განვითარების მსახურია საბურთალოს მასშტაბით! ერთადერთი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელია, რომელიც სიტყვას სიტყვაში მაშინ აჯენს, როცა აფხაზეთის დამოუკიდებლობის სტატუსზე ხალისით ლაპარაკობს!

 

– დაბოლოს, მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობაზე“ რას იტყვით, რომელიც ახლაც ქვეყნის ასარევად არის მომართული და ერთი სული აქვს, ამ მთავრობას როდის დაამხობენ?

 

– დიტო! ირაკლი აბაშიძეს აქვს ასეთი სტრიქონი: „დავუბარებ ყველა ქართველს, მისი მტკიცე ვალი არის!..“ მსგავსად ირაკლი აბაშიძისა, მეც მაქვს ერთი ანდერძი ჩემი თანამემამულეებისათვის დასატოვებლად! – „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, ვინც სომეხი სააკაშვილის ნაცში (ნაცმოძრაობაში!) მიძვრება!“ ჩვენი საუბარიც ამჯერად ასე დავამთავრეთ!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016