გია კორკოტაშვილმა მოსახლეობის გამოფხიზლების ორიგინალური ფორმა შეიმუშავა – საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ვერა და ვერ გატოკდა, „მოსაყლეობად“ მოიხსენიებს! თუ რას მიმართავს ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის“ დამფუძნებელი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო გია, თქვენი ერთ-ერთი ბოლო სლოგანით საქართველოს მოსახლეობას „მოსაყლეობა“ უწოდეთ! რატომ? რითი დაიმსახურა ეს ქართველმა ხალხმა?
– ჩემს გამონათქვამზე გული არ უნდა დასწყვეტოდა მას, ვინც ამ სიტყვებს არ იმსახურებს. „მოსაყლეობა“ საზოგადოების ის ნაწილია, ვინც ნაცების დროს და დღესაც ხმას არ იღებს იმ უსამართლობებზე, რაც ხდება. დიახ, ეს სიტყვა თქვენი მისამართით ვთქვი, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ, ქვეყანა რომ დაიქცეს, ხმას არ ამოიღებთ, თითს არ გაანძრევთ! როცა თავებს გვიტეხავენ, მეგობრებს, პატიმრებს, ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას აყენებენ და გარე სამყარო დუმს, სხვა რა უნდა თქვა?! მაინც, რით ვერ აივსო თქვენი მოთმინების ფიალა?! რით ვერ გატოკდით?! ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული! ამ ორი წლის განმავლობაში ყველაფერი ბატონ ბიძინას გადავაბარეთ. მთელი ტვირთი ერთ კაცს ჩამოვკიდეთ. ბიძინა ივანიშვილი კი არა, მაკედონელიც რომ იყოს, ხალხის თანადgომის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, ამხელა სიმძიმეს მხრებით ვერავინ ზიდავს!
ძალიან დიდ პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს, ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ...
– მაგრამ...
– როგორც გულშემატკივარმა მინდა ვუთხრა, რომ ატყუებენ! ბატონი ბიძინას გარემოცვა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ივანიშვილს თვალზე ლიბრი ჰქონდეს გადაკრული. სიმართლეს არ ეუბნებიან! ადვილი სათქმელია, ინფორმაცია ვერ აღწევს ივანიშვილამდეო. ინფორმაცია ადრესატამდე რომ არ მიდის, ეს ვისი ბრალია?! პირველ რიგში, გუნდს მიხედეთ, ბატონო ბიძინა! „ოცნების“ გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანეთ, საზოგადოებას დასცილდა! თავიანთ ჯიპებში გამოიკეტნენ, ჩაბნელებული მინებიდან კი სულ სხვა ფერებში ჩანს ყველაფერი. არადა, ამასობაში ათასობით თანამოქალაქე შიმშილობს, ათასობით ადამიანი დაუსაქმებელია, ათასობით ადამიანი სხვადასხვა უწყებებშია ჩარჩენილი და ქვეყნის კი არა, ნაციონალების საქმეს აკეთებს!
– გვეუბნებიან, რომ საგანგაშო არაფერია, ჯანსაღი პროცესებიაო...
– მერე ჯანსაღი პროცესებიც უნდა გაშუქდეს ხალხისთვის გასაგებ ენაზე! ხელისუფლება გაკეთებულ საქმეებსაც ვერ აპიარებს! ტელეეკრანიდან ივანიშვილის გინება, მის გაუნათლებლობასა და სოფლელობაზე საუბარი გულზე მხვდება. ეს ჩემი, ჩვენი, ყველას შეურაცხყოფაა! ამასწინათ თვითონაც გულისტკივილით აღნიშნა – ერთი კაცი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც სიტყვას შემაწევდა და ჩემს მხარეს დაიჭერდაო. ეს ვისი ან რისი ბრალია? ერთადერთი, ხმამაღლა შემიძლია, ვთქვა, რომ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გომელაურს ვგულშემატკივრობ! სასაცილო არ არის, ნაციონალები დღევანდელ ციხეზე რომ ქილიკობენ?! ჩვენს გუნდზე რომ გაგეკეთებინათ „სტავკა“, გარწმუნებთ, ნაციონალები ამდენს ვერ იწკავწკავებდნენ! ზედემოკრატიულობით თავის გაგიჟებაც არ არის კარგი! კი განაცხადეთ, სიკეთის კეთება უხმაუროდ მსურსო, მაგრამ ეს რეალური ცხოვრებაა, ბატონო ბიძინა! იქ, სადაც „რუსთავი-2“-ია და თქვენს წინააღმდეგ სერიოზული მანქანა მუშაობს, გაკეთებული საქმეები მაინც უნდა მიიტანოთ ხალხამდე, თორემ, ხომ ხედავთ, „რუსთავი-2“ უკვე აპოკალიფსის შესახებ იუწყება. ყველაფერს იკადრებენ! 21 მარტის აქციაზე გამოვიდა ნაციონალების ერთ-ერთი „გენიოსა“ და საზოგადოებას მიმართა – აქ მყოფნი ღირსეული ადამიანები ხართ, არ იკადრებთ, რუსეთს „ჩუნგა-ჩანგა“ უმღეროთო. მეც გადმომწვდა.
– ვინ არის ეს „გენიოსი“?
– ზაზა ბიბილაშვილი! ერთ-ერთ რუსულ გადაცემას მოეწონა კლიპი, სადაც მეგობრებთან ერთად „ჩუნგა-ჩანგას“ ვმღეროდი და თავის სასარგებლოდ გამოიყენეს. ამის გამო, ნაციონალმა „ტროლებმა“ რუსეთუმე მიწოდეს. ამ „გენიოსს“ მინდა, ვუთხრა, რას ვიმღერებ მეგობრებთან ერთად, არავის საქმე არ არის! „ასავალ-დასავალის“ საშუალებით მოგმართავთ, ვიგინდარებო – თქვენი დრო წასულია! „ოცნებამ“ რაც არ უნდა სისუსტე გამოიჩინოს, ხალხს არ უყვარხართ, გაიგეთ! ახია დღევანდელ ხელისუფლებაზე, ამ ხნის განმავლობაში, დამნაშავეები, ექს-პრეზიდენტის მეთაურობით, საქართველოში რომ ვერ ჩამოათრია და მოპარული ფულები უკან არ დააბრუნებინა. და კიდევ, ვინც „ოცნებას“ „ჩერეზ“ „რუსთავი-2“-ით აგინებთ, ყველა მეცოდებით!
– რუსეთუმეობაზე გამახსენდა. ორიოდე დღის წინათ, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვეული სიდინჯით განაცხადა – საქართველო იყო ევროპა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თავად ევროპამ არ იცოდა, რომ ევროპა იყოო...
– ევროპა არა, ტოროლა! რა, პირველი ევროპელები ზეზვა და მზია იყვნენ?! რაღაცებს ბლანდავენ. ჰგონიათ, რომ ევროპელობა საქართველოს რეიტინგს აუწევს?! ევროპა არ გვიყურებს თავის თანასწორად, მათთვის ერთი არაცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ, ნუთუ ეს ასეთი ძნელი გასაგებია?! დიდ პატივისცემას გამოვხატავ ევროპელებისადმი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, როცა მათი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეშფოთების მეტს ვერაფერს აკეთებენ. აღშფოთებები და პამპერსები კი თავიანთთვის დაიტოვონ! პარიტეტზე მეგობრობა არავის უნდა, შეიგნეთ! შევეშვათ ილუზიებს და ქვეყანა ავაშენოთ!
თუ ბატონმა ბიძინამ არ მოსვა ყველა თავის ადგილზე, შეიძლება, ამ პროცესებმა ქაოსი გამოიწვიოს! კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – კოჰაბიტანტები და საბოტაჟნიკები ჩამოაცილეთ პროკურატურასა და სამინისტროებს! ისეთ ადამიანებს ჩააბარეთ საკვანძო თანამდებობები, ვინც მიშას დაბრუნებას არ ელოდება! ახლახან ჩემი მეგობარი სამართლიანობის აღდგენის მიზნით პროკურატურაში მივიდა. აღმოჩნდა, რომ პროკურორი, ვისთვისაც უნდა მიემართა, ის ადამიანი იყო, ვინც თავის დროზე უკანონოდ დაიჭრა. ნუთუ, არ უნდა აღვშფოთდეთ ამ ყველაფერზე?
მეფეები გადაცმულები დადიოდნენ ქუჩებსა თუ დუქნებში, საკუთარი თვალით ნახულობდნენ და ეცნობოდნენ პრობლემებს. შეიძლება, სხვა ტანისამოსში გადაცმულმა ბიძინამ დუქნებში არ იაროს, მაგრამ შეუძლია, ერთი დღე იმ ადამიანებისთვის გამოყოს, ვინც სიმართლის პირში თქმას არ მოერიდება. ბატონო ბიძინა, თუ გსურთ სიმართლის მოსმენა, მზად ვარ, შეგხვდეთ და გითხრათ ის, რასაც პრესის ფურცლებიდან ვერ გეტყვით. დიახ, მე ვიქნები ერთ-ერთი იმათგანი, ვინც სიმართლეს გეტყვით! რა უდგას წინ, 20 წუთი დაგვითმოთ და მოგვისმინოთ?! ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც საქართველოსთვის თავს გავწირავთ! გვენდეთ!
აქვე, ახალგაზრდა პრემიერსაც ვეტყოდი – ჩემო ირაკლი, საზოგადოებას დასცილდი! ფსონს ისეთ ადამიანებზე დებ, რომლებიც ამას არ იმსახურებენ! პირდაპირ გეუბნები, თუ გინდა, მოგებული დარჩე, დაათბე ურთიერთობა საზოგადოებასთან, მოუსმინე იმ ადამიანებს, ვისზეც ტვინს გირევენ!
თქვენ კი, ძმებო და დებო, ვისაც ღირსება შეგრჩათ, გატოკდით! ჩვენი მშობელი ავადაა, ნაციონალების გველაძუობის თუ „ოცნების“ სიდედლის გამო, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. სანამ გველეშაპი ჩაგვყლაპავს, დავდგეთ ერთად, რომ ამ მონსტრებს, რუსეთი იქნება თუ ამერიკა, „აპეტიტი“ მაინც გავუფუჭოთ!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი“