reportiori.ge - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის კრიტიკის მიუხედავად, საქართველოში სამხედრო წვრთნები დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:34
პრეს-დაიჯესტი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის კრიტიკის მიუხედავად, საქართველოში სამხედრო წვრთნები დაიწყო
ავტორი:
12 მაისი, 2015. 11:22


ენდრიუ როტმეი


(შემოკლებით)



„ვაზიანის სამხედრო ბაზა საქართველოში. ასეულობით ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურე იდგა მწყობრში ამ ყოფილ საბჭოთა აეროდრომზე ორშაბათს, ორი ქვეყნის მიერ ერთობლივი სამხედრო სწავლების დაწყებისას, რომელიც საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ითვალისწინებს", - ასე იწყება აშშ-ის წამყვან გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული სტატია (ავტორი - ენდრიუ როტმეი).



„ორკვირიან სამხედრო წვრთნებში კოდური სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი"  დაახლოებით 300 ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს, აქვეა 14 საბრძოლო ტანკი „ბრედლიც", რომლებიც საქართველოში რუმინეთიდან შავი ზღვის გავლით ჩაიტანეს.



რადგან ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დროს რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს მის საზღვრებთან ახლოს გამართულ სამხედრო წვრთნებს, ამის გათვალისწინებით, ქართველი და ამერიკელი დიპლომატები ცდილობენ, თავიდან აიცილონ რუსული პროვოკაციული პრეტენზიები: „ეს წვრთნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ და არ წარმოადგენს არავის პირდაპირ მუქარას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასამდე უცხოელი დიპლომატისა და ოფიცრის წინაშე.



აშშ-ის არმიის წარმომადგენლის, მაიორ ვინსენტ მიუქერის თქმით, ეს სამხედრო მანევრები დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიამდე, რომელიც რუსეთმა გასული წლის მარტში განახორციელა. „ეს ჩვეულებრივი საქმეა, ჩვეულებრივი მოვლენაა  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის", - თქვა მან.



მართალია, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთთან დამოკიდებულება გააუმჯობესოს, მაგრამ მოსკოვთან ურთიერთობა კვლავ დაძაბული რჩება, სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო 2008 წელს მომხდარ ომში საქართველოს მტკივნეული  დამარცხების გამო.



„რუსეთი რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, ის არ შეშფოთდებოდა 300 ჯარისკაცისა და რამდენიმე „ბრედლის" გამო", - განაცხადა დავით ბაქრაძემ, საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა და ამჟამად ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომელიც წვრთნების გახსნის ცერემონიას დაესწრო, - „მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსებს საქართველო თავიანთი გავლენის სფეროდ მიაჩნიათ".



საქართველოში დაწყებული სამხედრო მანევრები ერთ-ერთია იმ წვრთნების სერიიდან, რომლებიც გაზაფხულზე ჩატარდა სკანდინავიის, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყნებში, ახლა კი კავკასიაშიც. ყველა ამ წვრთნებს საერთო ერთი რამ აქვთ: ისინი რუსეთთან ახლოს ტარდება.



მართალია, ვლადიმირ პუტინი დიდი ხანია შეშფოთებულია „NATO-ს სამხედრო ბაზების მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით რუსეთთან ახლოს განლაგების გამო", როგორც ეს მან განაცხადა გასული წლის ნოემბერში გერმანული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში, მაგრამ ამის მიუხედავად, ყირიმის მოვლენების გამო NATO და დასავლეთი ისე გააქტიურდნენ რეგიონში, როგორც არასდროს. ასეთი აქტიურობა არავის ახსოვს.



აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტთან დაკავშირებით ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა, აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული შეიარაღებული ძალების ჩათვლით, ჩვენს საზღვრებს უახლოვდება".



როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანმა, ავღანეთში სამხედრო სამსახურგავლილმა კაპიტანმა დავით გაბედავამ განაცხადა, ამ სამხედრო წვრთნებში დასახულ სხვა ამოცანებთან ერთად, 300 ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობას მიიღებს სასწავლო პოლიგონზე „პატარა მიტოვებული სოფლის დაკავებისა და მისი შენარჩუნების ოპერაციაში".



2008 წელს, როცა საქართველო რუსეთს ებრძოდა, კაპიტანი დავით გაბედავა სამშობლოში არ იმყოფებოდა. „ეს ჩემთვის ძალზე სამწუხარო იყო", - თქვა მან.



შეკითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების გამოყენება საქართველოში რუსული საფრთხეების წინააღმდეგ, დავით გაბედავამ თქვა, რომ სანამ საქმე NATO-ს ძალების გამოყენებამდე მივა, მას იმედი აქვს, რომ „პოლიტიკოსები საკითხებს დიპლომატიურად მოაგვარებენ". „მაგრამ მე ჩემი სამშობლოს დამცველი ვარ და თუ სამშობლო მომიხმობს, რა თქმა უნდა, მე მის დამცველთა რიგებში ჩავდგები".





http://www.nytimes.com/2015/05/12/world/europe/us-and-georgia-start-military-exercise-criticized-by-russia.html?_r=0





 

 

 



«Республика Армения»: სომხეთის თავდაცვის ექს-მინისტრი: თურქეთს და აზერბაიჯანს სურთ, რომ საქართველო სომხეთის წინააღმდეგ გამოიყენონ, თბილისი  კი ბალანსის დაცვას ცდილობს

 

 

 

 

სომხური გაზეთი „რესპუბლიკა არმენია"  ანკარაში ამ რამდენიმე დღის წინ გამართულ თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს შეირაღებული ძალების ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგებს ეხმაურება და ინტერვიუს აქვეყნებს სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, გენერალ-ლეიტენანტ ვაგარშაკ არუთინიანთან.




როგორც ცნობილია, ანკარის შეხვედრაზე ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა ერთმანეთთან თანამშრომლობის რეგულირების მიზნით საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს, რომლის ფუნქციები იქნება ერთობლივი სამხედრო მანევრების ჩატარება, სასწავლო კურსებისა და ტრენინგების მომზადება-განხორციელება, აგრეთვე მედიცინისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის კოორდინირება, გამოცდილების გაზიარება და ა.შ. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ოქმს, რომელშიც ზემოხსენებული საკითხები იქნა ასახული.



„ანკარა უკვე დიდი ხანია ცდილობს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამხედრო ღერძის ჩამოყალიბებას და ამ მიზნით თბილისთან და ბაქოსთან ურთიერთობას აღრმავებს. გასული წლების განმავლობაში თურქეთმა შეძლო, გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მოეპოვებინა საქართველოზე, კერძოდ, მსხვილი ენერგეტიკული და კომუნიკაციური პროექტების წყალობით, აგრეთვე იმ კომპანიების მეშვეობით, რომლებიც თურქული და აზერბაიჯანული კაპიტალით არიან დაფუძნებულნი და საქართველოში საქმიანობენ", - წერს სტატიის ავტორი, ჟურნალისტი გაიანე მოვსესიანი და სომეხ გენერალს შეკითხვით მიმართავს:



- რა ეტაპზეა ამჟამად სამხედრო ბლოკის შექმნის პროცესი?

 

 

- ამ კითხვაზე რომ პასუხი ვიპოვოთ, თუ რა მიზნით კეთდება ეს ყველაფერი, რეგიონული დონიდან უფრო გლობალურზე უნდა გადავინაცვლოთ... საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები ცდილობდნენ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ისეთი ინტეგრაცია მოეხდინათ, რომ მათი რუსეთთან დაახლოება შეუძლებელი გამხდარიყო. დასავლეთის მიზნებში შედიოდა რუსეთის განვითარების დამუხრუჭება და მის ირგვლივ არამეგობრული ქვეყნების სარტყელის შექმნა... დასავლეთის ამოცანებში იყო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიის გამოყენება  ანტირუსული მოქმედების პლაცდარმად. ამ მიზნით ჯერ შექმნეს ორგანიზაცია „სუამი" (მოგვიანებით მრავალჯერ სახეშეცვლილი), შემდეგ შეიმუშავეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროექტი... რეგიონულ დონეზე თურქეთი იმავე ამოცანებს წყვეტდა, რასაც ეს ორგანიზაციები, თუმცა ანკარას საკუთარი მიზნებიც ჰქონდა - რეგიონში ლიდერობის მიღწევა. თურქეთმა აზერბაიჯანთან აქტიური სამხედრო თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, გაჩნდა ლოზუნგი - „ერთი ხალხი - ორი სახელმწიფო". მოგვიანებით თურქულ-აზერბაიჯანულ ინტეგრაციაში საქართველოც ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ თბილის-ანკარა-ბაქოს სამხედრო ურთიერთობა განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გააქტიურდა.



- თურქეთი ხომ არამარტო აზერბაიჯანს, არამედ საქართველოსაც კურირებს NATO-ს პროგრამების მეშვეობით...

 

 

- დიახ, მართალი ბრძანდებით. სხვათაშორის, NATO-ს ყველა ოფიცერი, რომელიც ჩვენს რეგიონში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის საკითხებს აგვარებს, თურქი ოფიცრების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ასეთია NATO-ს გეოგრაფიული სტრუქტურა, კავკასიაში ლიდერის სახით ამ სამხედრო ბლოკს თურქეთი ჰყავს. შესაბამისად, თურქეთის ამოცანები ნათელია: შექმნას ისეთი სამხედრო კავშირი, რომელიც რეგიონში რუსეთის შემკავებელი და თურქეთის ლიდერობის განმამტკიცებელი იქნება.



თურქეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ, რომ საქართველო სომხეთის წინააღმდეგ გამოიყენონ, თბილისი  თავიანთ ზრახვებში ჩაითრიონ, ერევანზე ზეწოლის მოსახდენად. თავის მხრივ, საქართველოც ბალანსის დაცვას ცდილობს, არ დგამს აშკარად სომხეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს, მაგრამ იმავდროულად თავს არიდებს სომხეთთან რაიმე სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას. ბაქოსა და ანკარას ამოცანაც სწორედ ეს არის: ნელ-ნელა დაგვაშოროს საქართველო, ხელი შეუწყოს ქართულ-სომხური კონფლიქტის დაწყებას. ამ მიზნით თურქეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევით საქართველოში ანტისომხური განწყობა ღვივდება, ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, რომ თითქოსდა სომხეთი ჯავახეთის დამოუკიდებლობას ესწრაფვის... აი, ამ ყველაფრის შედეგად ჩნდება ფობიები, რაც აძლიერებს საქართველოს მიერ ანტისომხური პოლიტიკის ალბათობას.



მაგრამ მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო ასეთ ნაბიჯებზე არ მიდის და სომხეთის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას არ ახორციელებს. თბილისში აცნობიერებენ, რომ საქართველო და სომხეთი ბუნებრივი და ისტორიული მოკავშირეები არიან. გარდა ამისა, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კორექტივები შეიტანა თავის პოლიტიკაში და ახლა ისეთი ანტირუსული აღარ არის, როგორი ადრე იყო. ამიტომაც დღეს იმაზე საუბარი, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის მიერ რაღაც სამხედრო ბლოკი იქმნება საქართველოს მონაწილეობითო, ნაადრევად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული არც რუსეთთან და არც სომხეთთან კონფლიქტის წარმოქმნაში.



აღსანიშნავია ერთი ტენდენციაც: აზერბაიჯანმა, რომელიც ადრე პროთურქულ პოლიტიკას ატარებდა (თავისი არმია მთლიანად თურქული მოდელით აქვს მოწყობილი), მიხვდა რა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემას რუსეთის გარეშე ვერ გადაჭრის, ბოლო ხანს მოსკოვთან დაახლოების პროცესი გააქტიურა. ბაქო რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. ამიტომაც თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამხედრო ბლოკი გინდაც რომ ჩამოყალიბდეს, პირველ ეტაპზე მას ნეიტრალური ხასიათი ექნება. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არც საქართველოს და არც თურქეთ-აზერბაიჯანს აშკარა ანტირუსული მიმართულება არ აქვთ, არცერთი მათგანი მოსკოვთან კონფრონტაციით დაინტერესებული არ არის. ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: თურქეთი და აზერბაიჯანი კვლავაც შეეცდებიან საქართველოს გამოყენებას სომხეთის წინააღმდეგ, ისინი ისევ გაარძელებენ მუშაობას ქართულ-სომხური ურთიერთობის გასაუარესებლად.





http://www.ra.am/archives/4359

 


 

 

(მოამზადა სიმონ კილაძემ, „რეპორტიორის" ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016