reportiori.ge - „პანორამა თბილისი“- ყველაზე მასშტაბური და საინტერესო პროექტი კავკასიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:31
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„პანორამა თბილისი“- ყველაზე მასშტაბური და საინტერესო პროექტი კავკასიაში
ავტორი:
12 მაისი, 2015. 12:57



როგორია რეალობა „პანორამა თბილისის“ შესახებ?

 

რატომ იქცა „პანორამა თბილისი“ კრიტიკის საგანი? რატომ არიან ცალკეული ჯგუფები ამ პროექტის განხორციელების წინააღმდეგი? მიზეზები პოლიტიკურია თუ არსებობს სიახლის მიმართ გარკვეული შიშიც? შეიძლება ორივე ერთად.

 

ნუ, პოლიტიკური ნიშნით რაიმეს წინააღმდეგ გალაშქრებას მიჩვეულები ვართ. ისტორიულადაც შეიძლება ბევრი მაგალითის მოყვანა. თუმცა, მხოლოდ ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ალბათ, გახსოვთ, როგორ იდგა პოლიტიკოსი გურამ შარაძე შოთა რუსთაველის ძეგლთან, რუსთაველის მეტროსთან და იქ „მაკდონალდსის“ მშენებლობას აპროტესტებდა. მას სხვებიც უბამდნენ მხარს, რა თქმა უნდა, ოპოზიციიდან. შარაძე და მისი პოლიტიკური მომხრეები ირწმუნებოდნენ, რომ „მაკდონალდსი“ წაგვართმევს ქართველობას, შეურაცხყოფს ჩვენს უკვდავ მწერალ კლასიკოსს რუსთაველს და ბოლოს მოგვწამლავს გენეტიკურად.

 

დაახლოებით ასეთივე ფრაზები გვესმის ახლაც ოპოზიციისგან. მართალია, ოპოზიცია უკვე სხვაა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით დიდი არაფერი შეცვლილა. შეიძლება ითქვას, ოპოზიცია ყველა ხელისუფლებას ფეხს უდებდა ყველა წამოწყებაში.

 

თუმცა არსებობს შიშის ფაქტორიც. სიახლე ზოგიერთებში დაბნეულობას იწვევს. სხვათა შორის, ეიფელის მშენებლობასაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა პარიზში. პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწეები მაშინაც ცდილობდნენ, ყველანაირად შეეშალათ ხელი მშენებლობისთვის. ცნობილია, რომ მწერალი ალფონს დოდე განსაკუთრებული ფობიით გამოირჩეოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეიფელი ჩამოინგრეოდა და მთელ ქალაქს ქვეშ მოიყოლებდა. როცა ეიფელის მშენებლობა დაიწყო, ის იმ ადგილს ახლოსაც არ ეკარებოდა ხოლმე.

 

ხშირად პოლიტიკური თუ სხვა პირადი ინტერესების გამო ცალკეული ჯგუფები ცდილობენ, ხალხში პანიკა და შიში დათესონ. ახლაც პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გაუგებარი ფრაზები ისმის, მაგალითად: „ჩვენ ვკარგავთ ისტორიულ ქალაქს„, „ეს კატასტროფა იქნება„, „ეს პროექტი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის შენდება“ და ასე შემდეგ. მითები და ლეგენდები ძალიან მალე იქმნება ხოლმე. ჩვენ მიერ ზემომოყვანილი მაგალითები, „მაკდონალდისა“ თუ ეიფელის შესახებ, ამის კლასიკური მაგალითია.

 

მაგრამ როგორია რეალობა „პანორამა თბილისის“ შესახებ? ასეთი მასშტაბური პროექტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. ეს არა მხოლოდ მასშტაბური პროექტია, არამედ თანამედროვე არქიტექურული ტენდენციებითაც გამორჩეულია. აქ პროექტში ერთმანეთს ნამდვილად ერწყმის ტრადიციული თბილისისა და თანამედროვე ევროპული სტილი.

 

სხვათა შორის, როცა ეიფელის მშენებლობა დაიწყეს, მას რკინის საფრთხობელას ეძახდნენ და მაშინ ძალიან ცოტა თუ გრძნობდა, რა ფუნქციას და დატვირთვას შეიძენდა ის საბოლოოდ. ახლა ეიფელის კოშკი ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ღირსშესანიშნაობაა, ის ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

 

„პანორამა თბილისიც“, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანისთვის, ტურისტებისა და საქმიანი ადამიანებისთვის უჩვეულო ადგილი იქნება.

 

ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი სერიოზული არგუმენტი, რატომ არ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი. ძირითადი პრეტენზიები პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც კამპანიას პოლიტიკურ ელფერს სძენს. ოპონენტები გვაჯერებენ, რომ პროექტი სარგებელს მხოლოდ ერთ ადამიანს მოუტანს.

 

როგორია რეალობა: პროექის განხორციელებისთვის ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება, თანხებს ბიუჯეტი არ გამოყოფს, პროექტს თანაინვესტირების ფონდი დააფინანსებს, ანუ ეს კერძო ინვესტიციაა, რომელსაც ივანიშვილის მიერ დაარსებული ფონდი გაიღებს. პროექი 6 ათას ადამიანს დაასაქმებს.

 

პროექტის აღწერილობა: „პანორამა“ სოლოლაკში უნდა აშენდეს. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი ორ ობიექტს აერთიანებს – სოლოლაკის ფერდობსა და სოლოლაკის მაღლობს.  ტერასული განაშენიანებით ფერდობზე ერთ და ორსართულიანი სასტუმრო აპარტამენტები განთავსდება. აქ იქნება კავკასიაში საუკეთესოდ აღჭურვილი ათასკაციანი საკონფერენციო დარბაზი, მაღალი კლასის სასტუმრო ნომრები, მიწისქვეშა ავტოსადგომები, სავაჭრო ფართობები, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის დარბაზები, ღია და დახურული აუზები, კაფე-ბარები და რესტორნები, საგანმანათლებლო და ტურისტული ინტერესის ადგილები, პლანეტარიუმი, აკვარიუმი და სხვა დანიშნულებისა თუ ფუნქციებით დატვირთული ობიექტები. პროექტი 4 ნაწილისგან შედგება – სოლოლაკის ბაღები, სოლოლაკის მთები, ერეკლეს მოედანი და თავისუფლების მოედანი. ცეკავშირის შენობის ადგილას 241-ადგილიანი, 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება,რომელიც საბაგირო გზით დაუკავშირდება სოლოლაკის მთებს.

 

ირაკლი ქარსელძე, პროექტის დირექტორი: „სტუმრები ქალაქის ცენტრიდან საბაგირო გზით, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, სამ წუთზე ნაკლებ დროში შეიძლება ხელუხლებელ ბუნებაში აღმოჩნდნენ. ჩვენი კონცეფცია მიზნად ისახავს იმას, რომ მოეწყოს ადგილი, რომელიც ბევრმა თბილისელმა შესაძლოა არც კი იცის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება, რომ თბილისელები, დედაქალაქის სტუმრები, ოჯახებთან ერთად, სასეირნოდ, სარბენად, ველოსიპედითა და სხვა რეკრეაციული დანიშნულებით ამოვიდნენ აქ და დრო გაატარონ“.

 

ყველა უცხოელი ექსპერტი, რომელიც ამ პროექტს იცნობს, მას მაღალ შეფასებას აძლევს და ასკვნის, რომ ის ბუნებრივად ერწყმის გარემოს ლანდშაფტს.

 

თუმცა, საქართველოში, სავარაუდოდ, უფრო პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფები დარწმუნებულები არიან, რომ „პანორამა თბილისი“ მთლიანად ამოვარდნილია ლანდშაფტიდან და ის ანგრევს პარკებს და ჩეხს ბუნებას. პარკებსა და ბუნებას კი არ ანგრევს, არამედ ამწვანებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 30 ათასი ხის დარგვა.

 

კიდევ ერთხელ გავიხსენებ „მაკდონალდსის“ ისტორიას, ისიც ამოვარდნილი იყო ყველაფრიდან და მთლიანად ანგრევდა ყველაფერ ქართულს, ტრადიციულს, წმინდას და ასე შემდეგ.

 

საქართველოში ოპონენტები ირწმუნებოდნენ, რომ პროექტი არღვევს ყველა კანონს, თუმცა, იგივე ელისაშვილმა ვერც ჟურნალისტთან საუბარში დაასახელა, კონკრეტულად რომელ კანონს არვევს „პანორამა“. მან აქცენტი მხოლოდ იმაზე გააკეკთა, რომ პროექტის ფართო განხილვა უნდა მოხდეს. რეალურად, „პანორამა თბილისის“ პროექტის განხილვა მხოლოდ 10 თვის განმავლობაში ასჯერ მაინც შედგა.

 

პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ხარჯავს ფინანსებს, არ აშენებს არაფერს, არ ქმნის სამუშაო ადგილებს და არაფერს აკეთებს ვითარების გასაუმჯობესებლად, მეორე მხრივ კი, ყველაფერს აკეთებენ, რომ დაუპირისპირდნენ და ჩააგდონ პროექტი, რომელიც 6 ათასს ადამიანს დაასაქმებს, ტურისტებს მოიზიდავს და ბიუჯეტს სერიოზულად შეავსებს.

 

„პანორამა თბილისი“ უჩვეულო და ორიგინალური პროექტია, რომელიც კეთდება იქ, სადაც ახლა ძველი შენობების ნანგრევები და ნაგავია. სოლოლაკში არაჩვეულებრივი ადგილებია, რომელიც ტურისტებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვისაც მართლაც არაჩვეულებრივი დასვენების ადგილად შეიძლება იქცეს. ეს მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური კომპლექსია და მართლაც გაუგებარია, თუნდაც პოლიტიკური ან რაიმე სახის შიშით, მისი დაბლოკვა.

 

ქეთი ხატიაშვილი

 

გაზეთი „პრაიმტაიმი“


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016