reportiori.ge - სტალინი მალინოვსკის: „ამბობ, რომ სატანკო დივიზია არ გაქვს? აბა, ტანკები რომ ჰქონოდა, პაპაჩემიც კი იომებდა! გაინძერი, დროა უკვე!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:44
პრეს-დაიჯესტი
სტალინი მალინოვსკის: „ამბობ, რომ სატანკო დივიზია არ გაქვს? აბა, ტანკები რომ ჰქონოდა, პაპაჩემიც კი იომებდა! გაინძერი, დროა უკვე!“
ავტორი:
12 მაისი, 2015. 17:04


 

მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით რუსულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს ამერიკულ პრესაში 1953 წლის მარტში დაბეჭდილი სტატიები, რომლებშიც იოსებ სტალინის საქმიანობა და მისი ხასიათია ასახული. გთავაზობთ ჟურნალ «Time»-ში 1953 წლის 16 მარტს დაბეჭდილი სტატიის  შემოკლებულ ვარიანტს:


 


„იოსებ სტალინს მასობრივმა რეპრესიებმა რაღაც-რაღაცეები ასწავლა: მან გააცნობიერა, თუ რა ძალაუფლება და გავლენა აქვს ხალხზე იდეოლოგიას. ვლადიმირ ლენინის სიკვდილის შემდეგ იგი მუდმივად, გულისრევამდეც იმეორებდა ძველ ლენინურ ლოზუნგებს, მოგვიანებით კი იოსებ სტალინმა შექმნა მითები მარქსისტულ-ლენინური მოძღვრების შეუმცდარობის შესახებ. ყოველ საბჭოთა მწერალს, პოეტს, მუსიკოსს და მხატვარს ამ მითის ქვეშ უნდა ემუშავა, ისინი ვალდებულები იყვნენ, ერთი და იგივე დოგმები ემეორებინათ. იოსებ სტალინის სახელი ეწოდა საბჭოთა კავშირის ყველაზე მაღალ მთას, მინიმუმ 15 ქალაქს, უამრავ ქარხანას და ქუჩას. მისი თხზულებათა კრებულები მრავალმილიონიანი ტირაჟებით გამოდიოდა. მეცნიერების მიერ შექმნილ შენადნობს „სტალინიტი" დაარქვეს, მის პატივსაცემად უწოდეს სახელი ახალი ჯიშის ორქიდეას. ყოველ დილით სკოლის მოწაფეები, მერხთან მდგარნი, ერთად ამბობდნენ: „მადლობა ამხანაგ სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისათვის".



1939 წლისათვის, როცა ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის პაქტი ფორმდებოდა (მხედველობაშია სსრკ-გერმანიას შორის 1939 წლის 23 აგვისტოს ხელმოწერილი მთავრობათაშორისო ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, შემდგომში „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტად" წოდებული დოკუმენტი - ს.კ.), სტალინური შეუმცდარობის მითი უკვე კონდიციამდე იყო მიყვანილი - მოსახლეობის რწმენა ამ ცინიკურმა დოკუმენტმაც კი ვერ შეარყია. თუმცა ორიოდე წლის შემდეგ „ბელადის უცოდველობამ" ხელი ვერ შეუშალა გერმანიის ჯარებს რუსეთის დასავლეთი ნაწილის თითქმის მთლიანად დაპყრობაში - ოთხი თვის მანძილზე ვერმახტმა ლენინგრადამდე და მოსკოვამდე მიაღწია. ასეთი უკანდახევა იმითაც იყო გამოწვეული, რომ მტრის მხარეს ასობით რუსი გენერალი გადავიდა, რომლებთაც უმაღლესი მთავარსარდალი სძულდათ, მილიონობით შინელჩაცმული რუსი გლეხი ჩაბარდა გერმანელებს, რომლებთაც ბელადი ეზიზღებოდათ... მაგრამ ასევე მილიონობით რუსი ჯარისკაცი მედგრად იდგა მტრის წინააღმდეგ. იღბალმა იოსებ სტალინი არ გაწირა: განმეორდა „გენერალ ყინვის" შეტევა, რომელმაც 130 წლით ადრე ნაპოლეონ ბონაპარტს მოსკოვიდან უკან დაახევინა.



ომის დროს პროპაგანდის მიმართულება შეიცვლა: ადრინდელი მარქსისტული ლოზუნგები უკანა პლანზე გადავიდა, აქცენტი ახლა პატრიოტიზმზე კეთდებოდა: „დაე, შთაგაგონებდეთ ჩვენი დიდი წინაპრების - ალექსანდრე ნეველის, დიმიტრი დონელის, კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის, ალექსანდრე სუვოროვის და მიხეილ კუტუზოვის ვაჟკაცური სახეები!" - ამბობდა იოსებ სტალინი. პირველი ხუთწლედების დროს ხისტად და მკაცრად განხორციელებულმა ინდუსტრიალიზაციამ ომის დროს თავისი ნაყოფი გამოიღო: 1941 წლის ხანგრძლივი ზამთრის განმავლობაში ურალის გიგანტურმა ქარხნებმა ათასობით თვითმფრინავის, ტანკის, ქვემეხის გამოშვება დაიწყეს, რომელსაც მოგვიანებით ამერიკული და ბრიტანული შეიარაღებაც დაემატა.



როცა ერთ-ერთი ამერიკელი დიპლომატი ცდილობდა, აეხსნა სტალინისათვის, რომ აშშ-ში სამხედრო წარმოების ზრდას ხელს გაფიცვები უშლისო, საბჭოთა ბელადმა ჰკითხა: „თქვენთან რა, პოლიცია არ არსებობს?".



1941 წლის ზამთარში სტალინმა ფაქტობრივად ახალი არმია ჩამოაყალიბა, მობილიზება გაუკეთა ყველა ჯანმრთელ მამაკაცს და ქალს, იგი პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო მოქმედებებს ისე, რომ კრემლიდან იშვიათად გადიოდა. მისი სახელობის ქალაქის - სტალინგრადის მიმართულებით წარმოებული მძიმე ბრძოლების დროს, როცა გენერლები მას დახმარებას სთხოვდნენ, მან გენერალური შტაბის უფროსს ალექსანდრ ვასილევსკის ასე უთხრა: „რამდენიც სურთ, იმდენი იკვნესონ და იზლუქუნონ, ყურადღებას ნუ მიაქცევ. მოსკოვის ფრონტიდან არცერთი ბატალიონი არ მოიხსნება". ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა იუგოსლავიის ლიდერი იოსიპ ბროზ-ტიტო მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა, მან სტალინის სატელეფონო საუბარი მოისმინა მარშალ როდიონ მალინოვსკისთან, რომლის არმია გერმანელებმა კონტრშეტევით შეაჩერეს: „თქვენ რა, მანდ გძინავთ თუ რა არის? ვხედავ, რომ მართლაც გძინავთ! ამბობ, რომ სატანკო დივიზია არ გაქვს? აბა, ტანკები რომ ჰქონოდა, პაპაჩემიც კი იომებდა! გაინძერით, დროა უკვე! ხომ გაიგე, რაც გითხარი?"



სტალინურმა არმიამ ბერლინისკენ გზა გაჭრა... მილიონობით ჯარისკაცის მსხვერპლის ფასად, მაგრამ სამაგიეროდ, თითქმის ყველა ის ტერიტორია, რომელიც მისმა არმიამ დაიკავა, დღეს (1953 წელს - ს.კ.) რუსეთს შენარჩუნებული აქვს.



1943 წელს, როცა გერმანიის ჯარები ჯერ კიდევ რუსეთის მიწაზე იყვნენ, იოსებ სტალინმა გადაწყვიტა, რომ მოვიდა დრო, მოკავშირეებთან პრინციპულად ელაპარაკა.  „ვფიქრობ, მე სტალინთან პირად საუბარს თავს გავართმევ", - წერდა ფრანკლინ რუზველტი უინსტონ ჩერჩილს. თეირანის სამიტის დროს სტალინმა დაარწმუნა ამერიკის პრეზიდენტი, რუსეთის საელჩოში დაბინავებულიყო. როცა უინსტონ ჩერჩილმა პოლონეთში არჩევნების ჩატარების გაკონტროლების საკითხი დააყენა, სტალინმა მოკლედ მოჭრა: „ამის გაკეთება არ შეიძლება. პოლონელები დამოუკიდებელი ხალხია და ისინი ვერ მოითმენენ, რომ არჩევნებს ვინმე ზედამხედველობას უწევდეს". როცა ბრიტანელმა პრემიერ-მინისტრმა ვატიკანის მიმხრობა ახსენა, სტალინმა ჰკითხა: „რამდენი დივიზია ჰყავს რომის პაპს?" მოგვიანებით უინსტონ ჩერჩილი იხსენებდა: „სტალინი ამბობდა, რომ „რუსეთს უცხო ქვეყნების მიწები არ უნდოდა, მაგრამ შეიძლება, გერმანიას ცოტა მოვაკბიჩოთო".



თეირანის კონფერენციიდან ერთი წლის შემდეგ, იალტის სამიტის დროს იოსებ სტალინმა იმის სამაგიეროდ, რომ რუსეთი იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაებმებოდა, საბჭოთა კავშირისათვის პორტ-არტურის, დაირენისა და კურილის კუნძულების გადაცემა მოითხოვა: „მე მინდა, რუსეთს მხოლოდ ის დავუბრუნო, რაც მას იაპონელებმა წაართვეს". „გეთანხმებით, თქვენი წინადადება მე გონივრულად მეჩვენება", - შენიშნა ფრანკლინ რუზველტმა.



სხვათაშორის, კომუნისტური ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკების დროსაც იოსებ სტალინი იმავე ლოგიკით მოქმედებდა და მათ გონივრული მიდგომებისაკენ მოუწოდებდა. მაგალითად, მან იოსიპ ბროზ-ტიტოს უთხრა, რომ იგი დათანხმდა იუგოსლავიის საბჭოთა კავშირისა და ბრიტანეთის ერთობლივი გავლენის ქვეშ ყოფნას და სთხოვა, რომ იუგოსლავიის სამეფო ტახტზე პეტრე მეორე ყარაგიორგევიჩი დაებრუნებინა. „მე არ გეუბნებით, რომ ეს სამუდამოდ იყოს, - შენიშნა სტალინმა, - დროებით დააბრუნეთ, შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მოიშოროთ". სტალინს მოახსენეს, რომ იუგოსლაველ პარტიზანებს „პილოტკებზე" წითელი ვარსკვლავი აქვთ მიმაგრებული: „რად გინდათ ვარსკვლავები? - შეეკითხა სტალინი ტიტოს, - ამით ხომ ინგლისელებს აშინებთ. ფორმა მთავარი არ არის".



იოსებ სტალინი ხანდახან ლიბერალი და მომთმენი იყო, თუმცა ზოგჯერ მას ეურჩებოდნენ ხოლმე. მაგალითად, იგი მაო ძედუნს ეუბნებოდა, რომ მოლაპარაკებოდა ჩან კაიშის, დაეშალა თავისი არმია და თავი დაენებებინა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობებისათვის, მაგრამ მაო ძედუნმა თავისი არ დაიშალა, ჩან კაიში კონტინენტური ჩინეთიდან ტაივანზე გააძევა და 1949 წელს ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. ჩინელმა ლიდერმა მოქმედება ტრადიციული სქემით დაიწყო: „წმენდა - ხელისუფლების განმტკიცება - ახალი წმენდა". საბოლოო ჯამში, ორასმილიონიან რუსეთს ოთხასმილიონიანი ჩინეთი მიემატა. ეს ფაქტი დედამიწაზე კომუნიზმის დიდების აპოგეა გახდა. სტალინის იმპერიას უკვე ხმელეთის მეოთხედი ნაწილი ეკავა, ამ ტერიტორიაზე პლანეტის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობდა. სტალინამდე ვერცერთმა ადამიანმა ვერ შეძლო ასეთი გიგანტური იმპერიის შექმნა. ასეთ უზარმაზარ წარმონაქმნად რჩება ის მისი სიკვდილის შემდეგაც... მაგრამ იოსებ სტალინი უკვე გარდაიცვალა - ადამიანი, რომელიც უდიდეს ბოროტებას სჩადიოდა და პარალელურად მაინც საოცარ წარმატებებს აღწევდა.





წყარო: http://inosmi.ru/russia/20150512/227939209.html

 

 

 

 

(მოამზადა სიმონ კილაძემ, „რეპორტიორის" ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა)





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016