აზერბაიჯანის ყოველკვირეულ გაზეთ «Каспiй»-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებულია სტატია „ჩვეულებრივი გენიოსი", რომელიც ჰეიდარ ალიევის დაბადების მორიგ წლისთავს ეძღვნება (ავტორი - ელმირა ახუნდოვა).
გთავაზობთ ამონარიდს:
„ჰეიდარ ალიევი ძალიან მიწიერი ადამიანი იყო, უყვარდა იუმორი, მოხდენილი ხუმრობები მოსწონდა და აფასებდა. ამ თვალსაზრისით იგი ხშირად თავისი რანგის მქონე ადამიანებსაც არ ერიდებოდა ხოლმე. ერთხელ, მაგალითად, „გაკვეთილი ჩაუტარა" ედუარდ შევარდნაძეს. ამ ნამდვილად სასაცილო ისტორიას აზერბაიჯანის ექს-პრემიერ-მინისტრი ფუად გულიევი მომიყვა:
„ჩავედით საქართველოში. მასპინძლებმა იოსებ სტალინის ყოფილ აგარაკზე დაგვაბინავეს, საღამო ხანს კი სუფრა გაგვიშალეს. ედუარდ შევარდნაძე ზედიზედ გვთავაზობს სადღეგრძელოებს, ჰეიდარ ალიევიჩი ეთანხმება. საათის ისრები უკვე შუაღამის 12-ს მიუახლოვდა. ალიევი ამბობს: „მოდი, დავამთავროთ, ცოტა დასვენებაც გვჭირდება, ხვალ ბევრი სამუშაო გველოდება". ედუარდ ამბროსოვიჩი არ ისვენებს, სუფთა ქართული სტილით ისეთ სადღეგრძელოებს ამბობს, რომ უხერხულია, არ დაეთანხმო. იგი თითქოს გვაჩვენებს - „აი, შეხედეთ, როგორები ვართ ქართველები, ქეიფი და მოლხენა როგორი ვიცითო".
მომდევნო დღეს თბილისში ვართ, ვხვდებით ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს ოპერის თეატრში, შემდეგ კიდევ ვიღაცას, შემდეგ კიდევ... და ასე გაუთავებლად. ბოლოს სადილზე მიგვიწვიეს.
ედუარდ შევარდნაძე, როგორც ჩანს, დილით თავს შეუძლოდ გრძნობდა, ჰეიდარ ალიევიჩი კი ჩიტივით იყო. მან შეამჩნია, რომ ამბროსიევიჩი წუხანდელი ქეიფის შედეგად იყო ასეთ მდგომარეობაში... დავსხედით მაგიდასთან. ჰეიდარ ალიევი სასმელებს კარგად იტანდა: თუ უნდოდა, დალევდა კიდეც, მაგრამ თუ ხასიათზე არ იყო, არც დალევდა. მაგიდაზე პატარა სასმისები დევს, აი, თითქმის სათითეს მსგავსი. ჰეიდარ ალიევი ეკითხება: „ედუარდ ამბროსევიჩ, ვინ გაშალა მაგიდა?" საქართველოს პრეზიდენტი ჯერ ვერ ხვდება, საით უმიზნებს მისი კოლეგა და პასუხობს: „ჩვენმა ბიჭებმა გაშალეს... რა იყო, რაიმე შენიშვნა გაქვთ?" „არაფერი... ისე, უბრალოდ დავინტერესდი". მოვიდა თანამშრომელი, ვინც სუფრის სერვირებას ხელმძღვანელობდა. ალიევი ეუბნება: „შენ დაალაგებინე ასეთი პატარა სასმისები?" შევარდნაძე უცებ ყველაფერს მიხვდა - როგორც ჩანს, სასმისები სწორედ მისი მითითებით დაალაგეს: „ჰეიდარ ალიევიჩ, მოიცა, მოგვიანებით ყველაფერი იქნება...". „მოგვიანებით მართლაც ყველაფერი იქნება, მაგრამ ახლაც ყველაფერი უნდა იყოს... გამომიცვალე სასმისები". ედუარდ ამბროსევიჩმა, სავარაუდოდ, თვალი ჩაუკრა სუფრის განმგებელს და იმანაც სათითეზე ცოტა დიდი სასმისები მოიტანა. „აჰაა, როგორც ვხედავ, შენ ჩემი ნათქვამი არ გესმის. მომიტანეთ ნორმალური სასმისები". მოიტანეს უფრო დიდები. ოფიციანტი სასმელს ასხამს. „მიდი, მიდი, ბოლომდე გაავსე", - ეუბნება ალიევი. შევარდნაძე ისევ ეუბნება: „ჰეიდარ ალიევიჩ, იქნებ მოგვიანებით დაგველია?". ჰოდა, ალიევმა ისეთი სადღეგრძელოების თქმა დაიწყო, რომ ვერსად წაუხვალ. „ედუარდ ამბროსევიჩ, დალიე, დალიე, ნუ იპარავ...".
ჩვენ ყველას გვესმის, რომ ჰეიდარ ალიევი ედუარდ შევარდნაძეს წუხანდელი ქეიფის გამო სამაგიეროს უხდის და თამაშში ვებმებით... ჰეიდარ ალიევიჩი კი სადღეგრძელოებს აგრძელებს...
ჩვენ მიჩვეულნი ვიყავით სერიოზულ ჰეიდარ ალიევს, მაგრამ როცა იგი სიცილს დაიწყებდა, ბავშვივით გულღიად იცინოდა ხოლმე. არ მახსოვს მისგან ანეკდოტების მოყოლა, მაგრამ აი, ასეთ გათამაშებებს აწყობდა ხოლმე..."
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
(მოამზადა სიმონ კილაძემ, „რეპორტიორის" ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა)