reportiori.ge - ვახტანგ ხომიზურაშვილი: ნორმალურ სახელმწიფოში გიორგი ქადაგიძისნაირ ადამიანს მომენტალურად ხსნიან თანამდებობიდან და პასუხს სთხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:25
პრეს-დაიჯესტი
ვახტანგ ხომიზურაშვილი: ნორმალურ სახელმწიფოში გიორგი ქადაგიძისნაირ ადამიანს მომენტალურად ხსნიან თანამდებობიდან და პასუხს სთხოვენ
ავტორი:
13 მაისი, 2015. 14:29


გვესაუბრება „თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის" ვიცე-პრეზიდენტი (1994-2006წ.წ.), ფასიანი ქაღალდების ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი:

 

- ბატონო ვახტანგ, ქვეყანაში სერიოზული სავალუტო, შესაბამისად, საფინანსო კრიზისია. ლარი კვლავ გაგვექცა, რაშიც მხოლოდ ერთი დამნაშავის ძებნა, ალბათ, მართებული არ იქნება. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

 

- რეალურად, ლარის კურსი გარბის, უფასურდება, ვერც ვერაფერს შველიან და ყველაფერს ერთმანეთს აბრალებენ. ეროვნული ბანკიც და მთავრობაც, ორივე დამნაშავეა, ეს ერთიანი გუნდია მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას ატარებს.მოდით, განვიხილოთ, რამ განაპირობა ლარის ასეთი დასუსტება? მცდარია აზრი, თითქოს, ეს ბოლო ორი წლის მანძილზე მოხდა. ლარი მანამდეც დაავადებული იყო. 9 წლის მანძილზე სააკაშვილის მთავრობა ისეთ პოლიტიკას ატარებდა, რომელიც ფულადი მასის შეზღუდვისკენ იყომიმართული.ანუ, ზედმეტ ფულად მასას მიმოქცევაშიარ უშვებდნენ, არც საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბებაზე ზრუნავდნენ. ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების შემოდინებას მართვა სჭირდება, რისი კომპეტენციაც არ ჰყოფნიდათ. ეს „ნაცმოძრაობის" თავის ტკივილი იყო. ამიტომ, მათ, მარტივი პოლიტიკა არჩიეს - შეზღუდული ფულადი მასა და უმუშევრობა. ამიტომაც არ უზრუნიათ დიდად უმუშევრობის დაძლევაზე, რადგან ამ დროს სავალუტო კურსის დაჭერა და რეგულირება მარტივია. ახალი მთავრობის დროს დაიწყო სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში", რაშიც დიდი თანხები ჩაიდო, რომელიც ჯერ დასაქონლებული არაა. ანუ, პროექტებმა მომგებიან წერტილზე გასვლავერ მოასწრო, რამაც აღნიშნულ პროცესზე იმოქმედა. ზოგი, ლარის გაუფასურებას გარეფაქტორებს აბრალებს. გარკვეულწილად, ასეცაა - საქართველოდან, სხვადასხვა მიზეზების გამო, ვალუტის გადინების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღევანდელი მთავრობის სისუსტე ისაა, რომ ვერ შექმნა წინაპირობა, რათა საინვესტიციო კაპიტალი მოზიდულიყო, ანუ, გრძელვადიანი, იაფი კაპიტალის მოზიდვის და დაბანდების ხელსაყრელი პირობები.

 

- თუმცა, საინვესტიციო კლიმატის არშექმნა მხოლოდ მთავრობის ბრალი ვერ იქნება.


- დიახ, გეთანხმებით. 9 წლის მანძილზე „ეროვნულ ბანკს" თითი თითზე არ დაუკარებია იმისათვის, რომ საინვესტიციო კუთხით სტიმულირება მომხდარიყო. ვგულისხმობ, შემდეგს: საქმე ისაა, რომ ამ წლების განმავლობაში სწორედ „ეროვნული ბანკის" პრეროგატივა იყო ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება.მან, არათუ სტიმულირებაზე თქვა უარი, არამედ, საერთოდ, გახედვაც არ უნდოდა იმ კომპანიებისკენ, რომლებიც საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის საკითხებში, ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, აქტივობას იჩენდნენ. რა ხდება დღეს? - საფონდო ბირჟა, ფაქტობრივად, მკვდარია, ზომბირებულ სიტუაციაშია.


- როგორ ხდება დღეს კურსის ფორმირება?

 

- ეს ძალიან საინტერესო მომენტია. დღეს არსებული სავალუტო კურსის ფორმირების მექანიზმი, აბსოლუტურად, გაუმჭირვალეა. არავინ იცის რა მოთხოვნაა, რა მიწოდებაა, როგორი ტენდენციებია და ა.შ. ვეცდები, დეტალურად ავხსნა, რა არის კურსის ფორმირების დღევანდელი სისტემა - ესაა ბლუმბერგი, ჩვეულებრივი საინფორმაციო სისტემა, სადაცოფიციალური კურსი ე.წ. მცურავი კურსის პრინციპზე ყალიბდება. თუმცა მცოცავი კურსი, განვითარებული ქვეყნების პრეროგატივაა, რაც ჩვენისთანა განვითარებადი ქვეყნისთვის მიზანშეწონილი არაა. სამწუხაროდ, საქართველოში, ლარის კურსს ორი ბანკი აყალიბებს, რომელთაც შეუძლიათ ძალიან ბევრი რაღაც იყიდონ და გაყიდონ და ეს „ეროვნულ ბანკს" ნორმალურად მიაჩნია.


- რატომ აღარ ხდება კურსის ფორმირება საბირჟო პრინციპითდა რამ განაპირობა გაუმჭირვალე ბლუმბერგის სისტემის დამკვიდრება, ვის აწყობდა ეს?


- ალბათ, გახსოვთ,ამ საკითხზე, კახა ბენდუქიძის ცნობილი მიდგომა, რომელსაც უნდოდა ლარი საერთოდ, სუროგატად ექცია, რომელიღაც ვალუტაზე მიება, ლარის, როგორც ეროვნული ვალუტის მნიშვნელობა დაკარგულიყო და მერე დამდგარიყო საკითხი - საჭიროა თუ არა ლარი და საბოლოოდ, საერთოდ, ამოეღოთ მიმოქცევიდან. ამის განხორციელება პირდაპირ დავალებული ჰქონდა „ეროვნული ბანკის" მაშინდელ პრეზიდენტს რომან გოცირიძეს. რომან გოცირიძის ხელით, ფაქტობრივად, სავალუტო ბირჟა მოსპეს, სადაც პარალელურ რეჟიმში, შემუშავებული და აპრობირებული იყო სხვა პროექტი - სავალუტო კურსის დაზღვევის მექანიზმი. ჩვენ სხვადასხვა ბირჟებთან - ფრანკფურტის, სტოკჰოლმის, ციურიხის - უკვე წინასწარ დადებული გვქონდა ხელშეკრულებები. აღარაფერს ვამბობ კიევის და სტამბოლის ბირჟებთან დადებულ ხელშეკრულებებზე. სავალუტო ბირჟა მოსპეს და ბლუმბერგის სისტემაზე გადავიდნენ. აბსოლუტურად მესმის იმ ხალხის, კომპანიების ხელმძღვანელების, პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაც უბედურება გველოდება. რატომაა ასეთი მოლოდინი? - იმიტომ, რომ კურსის ფორმირების მექანიზმის ჩამოყალიბება, გაუმჭირვალეა, არავინ იცის რა, როგორ ხდება - ერთი ბანკი აყალიბებს თუ ორი ბანკი აბურთავებს ამ კურსს. არეგისტრირებენ გარიგებებს, რომელიც კურსზე მოქმედებს და მერე ამ გარიგებებს აღარ ასრულებენ, დაზუსტებით, არავინ არაფერი იცის.


არ მესმის, მაშინ როდესაც სავალუტო კურსისპრობლემაა რატომ იძლევა „ეროვნული ბანკი", პირდაპირ ვიტყვი, აბსოლუტურად, უპრაგონოდ, დაუსაბუთებლად რეფინანსირების სესხებს, ანუ ბანკებს აძლევს სესხებს. მერე აცხადებს, იცით, ეს სესხები რეზერვების ფორმირებაზე მიდის, ეს არ ხვდება სავალუტო ბაზარზეო, რაც მარაზმია, ტყუილია. პირველკურსელმა სტუდენტებმაც იციან, რომ შეუძლებელია ასეთი რამ მოხდეს იმიტომ, რომ როდესაც ბანკი ბანკთაშორის სესხს იღებს, ეს იმდენად მოკლევადიანია, რომ პირდაპირ სავალუტო ბაზარს მიმართავს, რათა დოლარი ან ევროშეიძინოს. ეს ბანკის პოზიციიდან გამომდინარე, ნორმალურია. ამიტომ, „ეროვნული ბანკის" ასეთი მიდგომა, აბსოლუტურად, საწინააღმდეგოა საღი აზრის. არ შეიძლება ლარის ფულადი მასა გაზარდო, როდესაც ლარი ისედაც ცუდ მდგომარეობაშია. ეს მომენტები საინტერესოა. დღევანდელი სიტუაცია ძალიან სახიფათოა.


- როგორც აღნიშნეთ, გოცირიძემ სავალუტო ბირჟა დაშალა და დღეს ბლუმბერგის სისტემით ვხელმძღვანელობთ. კონკრეტულად, რა საფრთხის მატარებელია ყოველივე?


- აქ იყო მიზანმიმართული შეტევა სავალუტო ბირჟაზე იმიტომ, რომ არ აწყობდათ გამჭირვალობა, სამართლიანი კურსი და ის მექანიზმები, რომელიც სავალუტო კურსის ფორმირების დროს იყო ჩვენთან დანერგილი. როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ვიცე-პრეზიდენტიგავხდი, მაშინ, მახსოვს, ირაკლი მანაგაძესთან ერთად ლიმიტირების მექანიზმები შევიმუშავეთ. ეს აბსოლუტურად, გამჭირვალე, თავისუფალი ბაზარი იყო, არავითარი შეზღუდვები არ არსებობდა. რომან გოცირიძემ, ეს ბირჟა, პრაქტიკულად, დაშალა. არ ვიცი, როგორ შეიძლება შექმნილი, ეფექტიანი სტრუქტურა ადგე და ასე დაშალო. ბირჟის დაშლა მერე, ბლუმბერგის სისტემით გაამართლეს, რომელიც ჩვეულებრივი საინფორმაციო სისტემაა, ისევე როგორც სკაიპი.


- ბატონო ვახტანგ, სავალუტო ფონდის მისია „ეროვნულ ბანკს" ქმედებებს უწონებს. რას იტყვით, ამის თაობაზე?

 

- ერთ რამეს ვიტყვი: როცა სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის და ორი კვირის თავზე ეროვნულ ბანკს რეკომენდაციებს აძლევს, თან ამბობს არც თუ ისე კარგი სიტუაცია გაქვთ, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნეთო, პირდაპირ გეტყვით, ეს ზედაპირული ანალიზის საფუძველზე დადებული დასკვნებია. ამიტომაცაა, რომ მთელს მსოფლიოში სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ასეთმა ზედაპირულმა მიდგომამ არაერთხელ მოიტანა ძალიან ნეგატიური შედეგები. შეუძლებელია შაბლონით, ერთი სტერეოტიპით მიუდგე ყველა ქვეყანას, სადაც არის თავის ნიუანსები იგივე სავალუტო პოლიტიკაზე, მოხმარებაზე, ეკონომიკის რეალური სექტორის ფუნქციონირებაზე და ა.შ. ეს ინდივიდუალურია იმიტომ, რომ გადაწყვეტილებებს ხალხი იღებს. ჩვენთან, ევროპასა და ამერიკაში ხალხი აბსოლუტურად, განსხვავებული მენტალობისაა. აქედან გამომდინარე, ასეთი მიდგომები, პირიქით, ვნებს იმიტომ, რომ ეს დასკვნები ზედაპირულია. ჩვენ, ვნახეთ, რა მოხდა მექსიკაში, რომელიც სავალუტო ფონდის რეკომენდაციების პირველი შემსრულებელი იყო. იგი ზედმიწევნით ასრულებდა სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებს და შედეგად 42 მილიარდიანი კრიზისი მიიღო. იგივე, პირდაპირ განმეორდა არგენტინაში. ანუ, უნდა დავფიქრდეთ, რომ რეკომენდაციების ასე პირდაპირ მიღება იმ სპეციფიკის გაუთვალისწინებლად, რაც ჩვენს ქვეყანაშია, პრაქტიკულად, ძალიან სახიფათოა.


ვერავინ - ვერც სავალუტო ფონდი, ვერც ამერიკა და ვერც სხვა ქვეყანა გვიშველის, თუ ქართველებმა საკუთარ თავს თავად არ უშველეთ. ამ შემთხვევაში, გამოსაყენებელია ის პოტენციალი, რაც არსებობს. ძალიან მიკვირს, საერთოდ არ მიმართავენ იმ ექსპერტებს, ვინც თავის დროზე, კრიზისულ სიტუაციებში, საკმაოდ დიდი გარღვევა გააკეთეს. ავიღოთ, თუნდაც, ირაკლი მანაგაძე, რომელმაც მოქნილი ფულადსაკრედიტო პოლიტიკით სავალუტო კურსის კალაპოტში ჩაყენება შეძლო. ეს ამოლესილი სამინისტროები ციხე-კოშკებს დაემსგავსა, არავითარი კომუნიკაციის არხები არ არსებობს. კომუნიკაცია ვერ შექმნეს იმ პოტენციალთან რომლის გამოყენებაც აუცილებელია. მხოლოდ სიმპტომებს კი არა, იმ ავადმყოფობას უნდა ვებრძოლოთ, რამაც ლარი და ჩვენი ეკონომიკა დააავადა.


- ბატონო ვახტანგ, საქართველოში ლარის კურსს, ძირითადად, ორი ბანკი აყალიბებსო, თქვით. რომელია ეს ბანკები და რა საფრთხეა აქედან მოსალოდნელი?


- დიახ, ეს, ძირითადად ორი ბანკის -„საქართველოს ბანკისა" და „თი-ბი-სის" ხელშია. მთელი საბანკო აქტივების, დაახლოებით, 70% მათ ხელშია. წარმოიდგინეთ, მთელი რესურსები მათ ხელშია კონცენტრირებული. გადავხედოთ, მთელს საქართველოში ვის ხელშია ძირითადი კაპიტალი: პირველი - ესაა ბიზნეს-სტრუქტურები, რომლებიც დაახლოებულნი არიან სამთავრობო სექტორთან, მეორე - საბანკო სისტემა. ავიღოთ, ჯინის ინდექსი, იგი აჩვენებს რამდენად თანაბრადაა ეკონომიკაში რესურსები განაწილებული. ჩვენთან, რესურსების 90% ბიზნეს-სტრუქტურების 5%-შია კონცენტრირებული. წარმოიდგინეთ, როგორი არათანაბრობაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ რევოლუციები ყოველთვის ფულით კეთდებოდა. ვის ხელშიც ფულია, ის მართავს ქვეყანას. ამ შემთხვევაში, ეს მომენტი ნეგატიურია. საბანკო კაპიტალი საინვესტიციო კაპიტალით უნდა იყოს დაბალანსებული. ანუ, ბიზნესს ფული თუ სჭირდება, ბანკშიმიდის. ბანკი ან დათანხმდება ან არა, ანუ, მთლიანად ბანკზეა დამოკიდებული. მთავრობა, 600 მილიონით დაეხმარა ბანკებს, რათა სესხი გაეცათ, მაგრამ ამით, მსხვილი ბიზნესები ვერ ფინანსდება. ამიტომ, ერთი კარგი საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის, შემდეგი გზა რჩება - ბიზნესმა უცხოურ ინვესტიციებს მიმართოს, ანუ ფასიანი ქაღალდების ბაზარზეგავიდეს, იგი, აქციების თუ გრძელვადიანი კორპორატიული ობლიგაციების სახით გამოუშვას, მოიზიდოს  საკმაოდ იაფი და, რაც მთავარია, გრძელვადიანი კაპიტალი, რომელიც ვერ მოდის საბანკო სესხთან, არის ხისტი, შეზღუდული და რომელიც ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან არაკომფორტულია. ამის საშუალება კომპანიებს არ გააჩნიათ იმიტომ, რომ არ არის შექმნილი ის წინაპირობები, რაც მათ თავისუფლად საინვესტიციო პროექტების დაფინანსების გამოყენების შესაძლებლობას მისცემდა. წარმოიდგინეთ, აქ რომ ასეთი წინაპირობები იყოს, უცხოეთში გამოთავისუფლებულ კაპიტალს, მაგალითად, რუსეთში, უკრაინაში, სადაც კრიზისიადა ამის გამო ხურავენ ბიზნესს, ჩვენთან დავაბანდებდით. ასე, ეს კაპიტალი ჩვენთან წამოვიდოდა, მაგრამ ჯიუტად ვიძახით, რომ ეს არ გვაინტერესებს.


- საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ეროვნულ ბანკს რყევების დასარეგულირებლად ბევრი მექანიზმი აქვს, რასაც არ იყენებს. კერძოდ, რა?

 

- ეროვნულ ბანკს საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაედგა იმიტომ, რომ ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობას იგი კურირებდა, მეორე - უნდა შეექმნა ლარის დაზღვევის მექანიზმი და შესაბამისად, გამჭირვალე სავაჭრო სისტემა გაეკეთებინა, რომელიც სავალუტო კურსთან დაკავშირებით, ეჭვებს და შიშებს მოსპობდა. ასევე, საჭირო იყო სწორი ფულადი მასის რეგულირება, ანუ კონტროლი. ეს ყველა ინსტრუმენტი ეროვნული ბანკის ხელშია. პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკთან ერთად მთელ სამთავრობო გუნდზე ნაწილდება. მესმის, რომ მთავრობას უკვე დაავადებული, მოსუსტებული ლარი დახვდა, მაგრამ ეკონომიკური რეფორმების მომზადებათავის დროზე უნდა დაეწყოთ.


- ბატონო ვახტანგ, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, როცა კურსმა რყევა დაიწყო, ბაზარზე დოლარის ნაცვლად ლარი გამოყარეს, რამაც ეს კოლაფსი გამოიწვია. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ?

 

- აქ ყველაფერი მარტივადაა. ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებაა, ესაა ბალანსი ლარის მასასადა დოლარის მასას შორის,რაც მიმოქცევაშია. როგორც კი ბალანსი ირღვევა, კურსი, შესაბამისად, იცვლება. ბალანსი დაირღვა და ლარმა გაუფასურება დაიწყო.ამიტომ, ტურიზმზე კი არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ტურიზმი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ბრაზილია და იამაიკა არ აკეთებს ტურიზმზე აქცენტს, საქართველო სამოთხეა, თუ რა ხდება? ამაზე აქცენტის გაკეთება როგორ შეიძლება. ძირითადი აქცენტი, რასაკვირველია, უნდა გაკეთებულიყო საინვესტიციო ნაკადებზე, რომელიც პირდაპირ ეკონომიკის რეალურ სექტორში იქნებოდა მიმართული. დღეს, ყველა ინვესტიციებს გაიძახის. ინვესტიციები არ არის მსოფლიო ბანკის კრედიტი, ინვესტიციებად არ ითვლება არც სავალუტო ფონდის მოცემული გრანტი. ინვესტიციებს სულ რამოდენიმე ფორმა აქვს, ესაა დაბანდება ან კომპანიის აქციებში ან წილობრივ მონაწილეობაში, ან გრძელვადიან ობლიგაციებში ან დადებული ხელშეკრულება კონკრეტული პროექტის განხორციელებაში.


- სავალუტო ფონდმა თავის დროზე მოსახლეობა გააპროლეტარიატა, მაგრამ ჭკუის მასწავლებლად ისევ ამ ორგანიზაციას დავუძახეთ. მცურავი კურსი განვითარებადი ქვეყნებისთვის მიზანშეწონილი არ ყოფილა, არადა სავალუტო ფონდმა ეროვნულ ბანკს სწორედ ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნება ურჩია. რას ნიშნავს ეს?

 

- როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა შეიქმნა, მაშინ სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია ჩამოვიდა, რომელმაც, იმ პერიოდში, სავალუტო ბირჟის შექმნაზე რეკომენდაცია მოგვცა. მას მერე დიდი არაფერი შეცვლილა და ახლა, აბსოლუტურად, საპირისპიროს იძახიან - როგორც გაქვთ მცურავი კურსი ისე შეინარჩუნეთო.


ასეთი რეკომენდაციები, რასაც სავალუტო ფონდი იძლევა, შაბლონურია. ასეთი შაბლონური ეკონომიკური მოდელების პირდაპირ გადმოტანა, კატასტროფამდე მიგვიყვანს.


- ბოლოს, რას გვეტყვით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე?

 

- ეს მარაზმია. იმის ნაცვლად რომ ეკონომიკური რეფორმების რეალური გეგმის მომზადებაზე იფიქრონ, კომისიას ქმნიან. ვის უნდა გადააბრალონ დანაშაული - „ნაცმოძრაობას" თუ ზვიად გამსახურდიას? როგორც ვახსენე, ლარი მანამდეც მძიმე სიტუაციაში იყო. იგი, მანამდე იყო უკვე შოკში. 9 წლის მანძილზე ლარი შოკშია, მეტსაც გეტყვით, 25 წელია ლარი უკვე შოკშია და როგორ უძლებს ეს ეკონომიკა ძალიან მიკვირს. პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს როგორც ქადაგიძეზე, ისე მთავრობაზე.


როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არაკომპეტენტურობას, ტენდენციურობას იჩენს, რაც გამოწვეულია პოლიტიკური ნიადაგით თუ სხვა ინტერესებით, ეს ქვეყნის საზიანოა. უცხოეთში, ასეთ შემთხვევაში, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს მომენტალურად ხსნიან თანამდებობიდან და პასუხს სთხოვენ. ჩვენთან ეროვნული ბანკი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში პროკურატურას დაემსგავსა, არცერთი სპეციალისტი აღარ იყო. რატომ არ გადააყენეს ქადაგიძე აქამდე? - პარლამენტს არ ეცალა შეექმნა კომისია, რომელიც ანალიზს გაუკეთებდარა მოხდა და შესაძლო რისკებს განსაზღვრავდა.

 

თამარ შველიძე

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016